სიახლეები
ინტერვიუ

ჩემი კრედო სკოლაში მოსვლის დღიდან არის: „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“ - თბილისის N112 საჯარო სკოლის დირექტორი
16-08-2021
-
+


მაშინ, როცა დირექტორობა გადაწყვიტა, ვერავის წარმოედგინა მუსიკის მასწავლებელს ამ პოზიციაზე, როგორ უნდა ემუშავა. თუმცა, ყველას დაანახა, რომ ეს უბრალოდ სტერეოტიპი იყო და წარმატებული დირექტორი გახდა. საუბარი ნინო თაბაგარზეა, რომელიც თბილისის N112 საჯარო სკოლას უდგას სათავეში. მისი დევიზია: „სკოლა ერთი დიდი ოჯახია“. მან შეძლო და N112 საჯარო სკოლა მართლაც, რომ ერთ დიდ ოჯახად აქცია.

ნინო თაბაგარი: 1992 წლიდან იწყება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა - მუსიკის მასწავლებელი ვიყავი. კონსერვატორია დავამთავრე და მას შემდეგ დავიწყე სკოლაში მუშაობა. 2005 წელს სურვილი გამიჩნდა, დირექტორი გავმხდარიყავი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან დიდი გაკვირვება მოჰყვა -  ვერ ხვდებოდნენ მუსიკის მასწავლებელს რატომ უნდა ჰქონოდა ამ პოზიციაზე მუშაობის სურვილი. ვაღიარებ, ეს დამოკიდებულება ჩემთვის გულსატკენი იყო, მაგრამ მიზნის მიღწევაში ხელი არ შეუშლია. დღემდე ვფიქრობ, მოსწავლისთვის ყველა საგანი მნიშვნელოვანია, როგორც სპორტი და მუსიკა, ასევე მათემატიკა და ქართული ენა. ცოტა ამბიციური განაცხადია, მაგრამ ვინც მიცნობს ყველა აღნიშნავს, რომ წარმატებით ვუძღვები სკოლას. ყველაზე მთავრი რასაც ამ წლების მანძილზე მივაღწიე ისაა, რომ სკოლაში მოსვლა უხარია, როგორც მოსწავლეს, ასევე - მასწავლებელს. შედეგებიც კარგი გვაქვს, ყოველ წელს საუკეთესო ნაკადი მიდის ჩვენგან არამხოლოდ განათლების მხრივ, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. ჩვენთვის პრიორიტეტია 12 წლის შემდეგ განათლებული და კარგი ადამიანები გავუშვათ სკოლიდან.  
ჩემი კრედო სკოლაში მოსვლის დღიდან არის: „ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“, რომელიც ემსახურება ბავშვის განათლებას. ვცდილობთ, მოსწავლეებს შევუქმნათ კეთილგანწყობილი გარემო და მგონი ეს სასკოლო საზოგადოებას კარგად გამოგვდის.

-დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, სასწავლო წელი, როგორი ფორმატით დაიწყება?
-ვიდრე ეს რთული ეპიდვითარება ჩაცხრება, სასურველია, დისტანციურად განახლდეს სწავლა, თუმცა მარტო დისტანციური სწავლის მომხრე არ ვარ. ონლაინ სწავლება ბავშვებზე სასიკეთოდ არ მოქმედებს, განსაკუთრებით ფსიქოემოციურ ფონზე. გარდა იმისა, რომ ეპიდემია საშიშროებას წარმოადგეს, ასევე საყურადღებოა ბავშვებში „სახლში ყოფნის“ სინდრომიც, რადგან იწვევს სტრესს და დეპრესიას. თუ დისტანციურად განახლდება სწავლა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ შეძლოს სკოლაში დაბრუნება და სრულყოფილი განათლების საკლასო ოთახში მიღება.

-მზად არის სკოლა დისტანციური სწავლებისთვის?

-მზად ვართ, რადგან 2 წლის განმავლობაში სათანადო გამოცდლება დაგვიგროვდა. პირველი წელს, დიდი სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი დავძლიეთ. მასწავლებლები, რომლებიც თუნდაც კომპიუტერს ვერ ფლობდნენ სათანადოდ და უჭირდათ ელექტრონული სწავლების მეთოდების შერწყმა საგაკვეთილო პროცესთან, ახლა უკვე ყველაფერში გათვითცნობიერებულები არიან. ეს გუნდურად მუშაობის შედეგია და ამ მხრივ ჩვენს სკოლას საამაყო ტრადიცია აქვს - არ ვუშინდებით სიახლეებს, სირთულეებს და გუნდურად ვუმკლავდებით ყველა პრობლემას.

-მშობლები რამდენად ჩართულები იყვნენ ამ პროცესში?

- ამ ყველაფერში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, დირექცია... თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ვიყავით მონდომებული, რომ სასწავლო პროცესი ხარისხიანად წარმართულიყო. დისტანციურმა სწავლებამ გააძლიერა მშობელთა ჩართულობა და გაკვეთილს არამხოლოდ, ბავშვები ესწრებოდნენ, არამედ ხანდახან ოჯახის წევრებიც. ონლაინ სწავლების დადებითი მხარე იყო ისიც, ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებმა უკეთ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. ვფიქრობ, დისტანციურ სწავლებას გვერდს წელსაც ვერ ავუვლით, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთიანი ძალებით ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს. 

-ტექნიკის პრობლემები გქონდათ დისტანციური სწავლებისას?

- დიახ, ტექნიკის პრობლემები იყო. ჩვენ შევეცადეთ სკოლის რესურსი გამოგვეყენებინა და მოსწავლეებს დროებით მოხმარებაში გადავეცით ტექნიკა. წელსაც შევეცდებით მსგავსი საკითხების მოგვარებას, თუ ამის საჭიროება იქნება. გარდა მოსწავლეებისა, მასწავლებლებსაც ჰქონდათ ამ მხრივ პრობლემა და მათაც ვათხოვეთ კომპიუტერები. ჩვენ ჰიბრიდული სწავლების მოდელით ვსარგებლობდით და კვირაში 6 დღე მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი - 3 დისტანციურ, 3 კონტაქტური.

აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლებმა უსაზღვროდ დიდი შრომა გაწიეს - ჯერ ატარებდნენ პირისპირ გაკვეთილებს, შემდეგ ონლაინ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში. სკოლაში შევქმენით სპეციალური სივრცეები, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ დისტანციურად ჩაეტარებინათ გაკვეთილები - ეს თითქოს უმარტივებდათ სამუშაოს, მაგრამ ის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში პედაგოგებმა შეძლეს, ნამდვილად შეუფასებელია. იყვნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც სპეციალურად მოდიოდნენ სკოლაში და დაფასთან მუშაობდნენ, რადგან მოსწავლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო საკითხი. ბევრს უთქვამს, ღამის 12 საათზე მომივიდა დავალება, 10 საათზე დამირეკა მოსწავლემ... ისინიც დაუზარელად, ინდივიდუალურად უხსნიდნენ ბავშვებს კონკრეტულ საკითხს და ფაქტობრივად 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ. ამ ყველაფრის ფონზე, ნამდვილად გმირები არიან. თამამად ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი პედაგოგებით და სასკოლო გუნდით. მათ მიერ გაწეულ შრომას არანაირი ათასი მადლობა არ ეყოფა. გარდა დირექციის მადლიერებისა, მშობლების დიდი მადლიერებაა. მასწავლებლისთვის კი მთავარი ბავშვის და მშობლის კმაყოფილებაა.

-მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?

-გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ჩავერთეთ, თუმცა მანამდე თავისი სურვილით ესწრებოდნენ მასწავლებელი ტრენინგებს. გულწრფელად გეტყვით, მას შემდეგ რაც სკოლაში ვასწავლი, ყოველთვის ვფიქრობდი მსგავსი ფორმატით გაკვეთილის ჩატარება თუ ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი. საბედნიეროდ, ჩემი სურვილები თანხვედრაშია „ახალი სკოლის მოდელთან“. სკოლაში ძლიერი გუნდი შეიკრა ამ მიმართულებით. ჩვენ პროექტული სწავლებით დავიწყეთ და კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი გვყავს, რომლებითაც მომავალში განათლების სამინისტრო და არა მხოლოდ, ნამდვილად იმაყებს - საოცრად მონდომებულები არიან. „ახალი სკოლის მოდელის “ ფარგლებში ვესწრებოდით გაკვეთილებს და ნამდვილად ზღვა შრომა გასწიეს მასწავლებლებმა. გუნდურობის პრინციპი, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც არ დარღვეულ და მისაბაძი თანამშრომლობის მაგალითი ვაჩვენეთ. მიხარია, რომ მასწავლებლებმა ტრენინგზე მიღებული ცოდნა სწორად გაიაზრეს და სხვადასხვა მიმართულებით განავითარეს საკუთარი შესაძლებლობები.

მესამე თაობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი პროექტის თემად ავიღეთ „ფინანსური წიგნიერება“.  ვეცადეთ, ამ მიმართულებით  გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის. პროექტში ჩავრთეთ ბევრი ორგანიზაცია, რთული პერიოდის მიუხედავად, მოვასწარით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, ვითანამშრომლეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბანკებთან, კოლეჯებთან და მოკლედ, ბავშვებამდე მივიტანეთ ინფორმაცია, როგორ უნდა დაგეგმონ საკუთარი მომავალი, რომ წარმატებულები იყვნენ. პროექტის დასახელებაც მსგავსი შინაარსის იყო - „ მართე შენი ფინანსები და იყავი წარმატებული“.  სექტემბრიდან ისევ გავაგრძელებთ ამ პროექტს, რადგან ზღვა მასალაა და მრავალჯერადად არის შესაძლებელი მისი განხორციელება.

-მასწავლებლებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ტრენინგების მიმართ?


-იმდენად ბუნებრივად ხდება ჩვენთან სიახლეების მიღება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია. მასწავლებლებმა იციან, ეს ყველაფერი მათ საქმეს სარგებელს მოუტანს. ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, მათი ერთგულება, ენთუზიაზმი და მონდომება - მცირე პერიოდში გაართვეს თავი დავალებებს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.

-რამდენად რთულია მასწავლებლისთვის ამ მოდელის მიხედვით მუშაობა?

- არ წარმოადგენს სირთულეს. თვითონ ბავშვებმაც კარგად აუღეს ალღო და ყველაზე დიდი ბედნიერებას მასწავლებლებს ეს ანიჭებთ. პედაგოგების შიში გააქარწყლა ბავშვების ჩართულობამ და შედეგმა. თუ ისე მივუდგებით მას, როგორც საჭიროება მოითხოვს, მართლა არ არის რთული.

-სწავლების ეს მოდელი მასწავლებლის მხრიდან მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს?

-„ახალი სკოლის მოდელი“ იქნება, თუ - ძველი, მასწავლებლის პროფესიონალიზმი ყოველთვის უპირველესია. თუმცა, ეს მოდელი პროფესიონალიზმთან ერთად, პედაგოგის შემოქმედებითობასაც მოითხოვს და თითოეულ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე გასვლას.

-პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ სტატუსის ამაღლების, ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

-ვინც სკოლაში ვმუშაობთ კარგად ვხედავთ ვის რისი შესაძლებლობები აქვს. უბრალოდ, გამოცდის ემოციური ფონი და ნერვიულობა უშლით მათ წარმატებაში ხელს. მყავს პროფესიონალი მასწავლებელი, რომელსაც კიდევ მიეცა შანსი სტატუსის ამაღლების და ძალიან მიხარია. ამ პედაგოგმა არ უნდა დატოვოს სკოლა სტატუსის გამო. ყველას უნდა მიეცეს შანსი სტატუსის ამაღლების შანსი, თუმცა ვფიქრობ, გამოცდა არ განსაზღვრავს მათ კომპეტენციას. 

-სპეცმასწავლებლებს, რომ მხოლოდ 2 წელი მისცეს სტატუსის ასამაღლებლად უსამართლო ხომ არ არის?


-სპეცმასწავლებლებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ ამ გამოცდის და მგონია, რომ შედეგებითაც კმაყოფილები იქნებიან.  მომავლის სურათი დაანახებს განათლების სამინისტროს საჭირო იქნება თუ არა დამატებითი გამოცდების ჩატარება, არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაშიც გააგრძელონ ეს პროცესი. სპეცმასწავლებელი ისეთი პროფესიაა, რომელიც დღეს დეფიციტურია და ნებისმიერ სკოლას ძალიან გვჭირდება.

-წამყვან მასწავლებლებს არ მიეცათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა და გული ხომ არ დასწყდათ?

-რა თქმა უნდა, გული სწყდებათ, რადგან არიან მოტივირებული მასწავლებლები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ გამოცდის ჩაბარების. თავადაც უფროსი მასწავლებელი ვარ და მინდოდა სტატუსის ამაღლება. რაც მალე მოგვეცემა ამის შესაძლებლობა, უკეთესი იქნება. ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს.

-აბიტურიენტების პირველადი შედეგებით რამდენად კმაყოფილები ხართ?

-პირველადი შედეგებით, რაც მოვიძიეთ ინფორმაცია მაღალ ქულიანი სტუდენტები გვყავს. თან კარგი ნაკადი გავუშვით სკოლიდან, არა მარტო ცოდნის მხრივ, არამედ ადამიანური თვალსაზრისით.  6 მედალოსანი გვყავდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლი. გარდა ამისა, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, არაერთ ტრენინგსა და პროექტებში იყვნენ ჩართულები ჩვენი აბიტურიენტები.

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
შედეგად კი, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ნარჩენები ნაგვის პარკებით გაიტანეს და ურნებში მოათავსეს
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება