სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში არ არის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები - რა პრობლემები გამოიკვეთა შემოწმების შედეგად
09-09-2020
-
+


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 143 ბაგა-ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები უმთავრესად ეხება სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.

„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ემი კლენსიმ განაცხადა, ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან უსაფრთხო და მასტიმულირებელ გარემოში, რისთვისაც აუცილებელია ადეკვატური ჰიგიენური პირობები, ინფრასტრუქტურა, კვება და ძალადობისგან დაცვა. 2017 წელს ეროვნული სტანდარტების მიღების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. COVID-19 პანდემიის ფონზე, ეს საკითხები კიდევ უფრო პრობლემატურია და შეიძლება დამატებითი ბარიერი გახდეს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისთვის,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ემი კლენსიმ.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები უმთავრესად ეხება სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს; კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.

ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში;

საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას;

საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად;

არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით;

საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით;

სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით;

აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას;

შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი;

პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

სახალხო დამცველი იმედი გამოთქვამს, რომ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მისაღები გამოცდების პირველად შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

სასურველ სკოლაში პირველკლასელის მისაღებად მიმართეთ დირექციას - რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისიდან იწყება

პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ცალ-ცალკე ფასი ექნება - მინისტრი სასკოლო ფორმის დეტალებზე

გაფრთხილება გამოცდასთან დაკავშირებით - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ბავშვებმა ბანაკში ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე - სკოლა „ოცნება“

გამორჩეული შესრულების წყალობით, მოსწავლემ კონკურსზე პირველი ადგილი და საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა

სასწავლო წლის შეჯამებისას დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გიმნაზიის პედაგოგებს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება