სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან - რატომ ვერ მოხერხდა ეროვნული გამოცდების ონლაინ ან ერთი კომბინირებული გამოცდით ჩატარება
18-06-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება. საგამოცდო განრიგი და დამატებითი რეკომენდაციები უკვე შედგენილია. პანდემიამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც ახალი პროტოკოლი დაუწესა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე etaloni.ge-სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს სიახლეების შესახებ და აბიტურიენტებს რჩევებსაც აძლევს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად დაცული იქნება გამოცდის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში. 

- წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს არაერთი საგამოცდო სიახლეს სთავაზობს. ნაწილის შესახებ აპლიკანტები თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულები, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რაც კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა. კიდევ ერთხელ რომ დავკონკრეტდეთ, რა არის ეს სიახლეები და რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა გამოცდებზე გასვლამდე?

- სიახლეები, რომელიც გამოცდების ფორმატს და მოდელს ეხებოდა იცით, რომ მანამდე იყო დაანონსებული. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, უმეტეს შემთხვევაში აბიტურიენტებს 4 გამოცდის ნაცვლად 3 სავალდებულო გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი. გარდა ამისა, სავალდებულო საგნების ნუსხა შეიცვალა და ახლა სავალდებულო საგნების ჩამონათვალშია ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია ან მათემატიკა. ჯანდაცვის მიმართულებით არის გამონაკლისი, სადაც არის 4 სავალდებულო გამოცდა. ეს აბიტურიენტებმა მანამდე იცოდნენ.

პროგრამა რაც იყო იგივე რჩება, ანუ შინაარსისა და ფორმატის მხრივ არაფერი არ იცვლება. ყველა სიახლე, რომელიც შევიდა თავიდანვე იყო დაანონსებული.

ბოლო სიახლე რაც ცნობილი გახდა, მოგეხსენებათ დაკავშირებულია პანდემიასთან და ეს არის უსაფრთხოების ის ზომები, რაც უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩავატაროთ გამოცდები.

პირველ რიგში, ზომები ეხება დისტანცირებას - ეს დაცული იქნება საგამოცდო ეზოში შემოსვლისთანავე, ასევე რეგისტრაციის პერიოდში და რა თქმა უნდა, საგამოცდო სექტორშიც. იმისთვის, რომ დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო ჩვენ გავზარდეთ საგამოცდო დღეების რაოდენობა და თითო სესიაზე 1/3-ით ნაკლები აბიტურიენტი იქნება წარმოდგენილი. გარდა უსაფრთხო დისტანციისა, მოგეხსენებათ, რომ თითოეული მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭირვალე ბარიერი, როგორც დამატებითი უსაფრთხოების ზომა. უკვე იცით, რომ საგამოცდო ოთახში მხოლოდ ათი გამოსაცდელი იქნება. ამასთან, გვექნება სარეზერვო სექტორები, სადაც განთავსდებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც გარკვეული ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. რეკომენდაციების შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს, ასეთ აბიტურიენტები დავუშვათ სწორედ სარეზერვო სექტორებში.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გვაქვს ბუნებრივი ვინტილაციის რეკომენდაცია, თუმცა შესაძლებლობა გვაქვს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავრთოთ კონდიციონერი და გავაგრილოთ ოთახები. კიდევ ერთი სიახლე რაც არის წელს, ის გახლავთ, რომ უმეტეს შემთხვევაში გვექნება დილის სესია. ორი სესია გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევებში როდესაც ხანმოკლე გამოცდებია. ასეთ დროს შუალედი იქნება გაზრდილი და იმ ორი საათის განმავლობაში ასევე შევეცდებით რომ მაქსიმალურად გავაგრილოთ ოთახები აბიტურიენტთა მეორე ნაკადის შესვლამდე.

- ეროვნულ გამოცდების ჩასატარებლად გაცემული რეკომენდაციებიდან ყველაზე დიდი უკმაყოფილება, პირბადებმა და  კონდიციონერი გათიშვამ გამოიწვია. ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოგვიანებით გამოთქვა მოსაზრება, რომ გამოცდების დაწყებამდე შესაძლებელია კონკრეტული რეკომენდაციები უფრო მეტად დაიხვეწოს და შეიცვალოს. რამდენად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რეკომენდაცია შეიცვალოს და აბიტურიენტებს ან პირბადის გაკეთების ვალდებულება მოეხსნათ ან კონდიცირება იყოს ისე, რომ ამით საფრთხე არ შეექმნათ მათ ჯანმრთელობას?

- როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თუ იქნება შესაბამისი ეპიდსიტუაცია და ეს ადამიანები, რომლებმაც რეკომენდაციები დაგვიწერეს მიზანშეწონილად ჩათვლიან რომ შემსუბუქდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი რეკომენდაციების შესაბამისად ვიხელმძღვანელებთ. თუმცა, ჩვენ ჩვენით ვერანაირად ვერ ვიზამთ იმას, რომ რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა და რომლის შემუშავებაშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, არ დავიცვათ. ეს წარმოუდგენელია, რადგან აქ საქმე აბიტურიენტების ჯანმრთელობას ეხება. თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ცვლილებები საჭირო აღარ არის ჩვენ გავითვალისწინებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვემზადებით იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უკვე გაწერილია და საგამოცდო პროცესსაც ამის მიხედვით ვგეგმავთ.

- როგორც ცნობილი გახდა, თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუფიქსირდება ის გამოცდაზე ვერ გავა. ხომ არ ფიქრობთ, რომ აპლიკანტების ნაწილმა შესაძლოა დამალოს სიმპტომები, რათა გამოცდაზე გავიდნენ. რამდენად არის მზად ცენტრი ასეთ რისკებისთვის და რატომ არ დაიშვა გამონაკლისი ასეთი აბიტურიენტებისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შესძლებოდათ გამოცდის ჩაბარება?

- ჩვენ ყოველთვის გვყავდა მედპერსონალი ჩართული გამოცდების პერიოდში. სასწრაფო დახმარება, ცალკე ექიმი და ექთანი. ახლა ეს მედპერსონალი დამატებით ტრენინგს გაივლის, შესაბამისად, ამ სიმპტომების დამალვა ასეთი მარტივი არ იქნება. მაგრამ თუ მოხდა ასეთი შემთხვევა, მე ვფიქრობ სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების ამდენი ზომა მიღებული, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

- რეკომენდაციების მიხედვით, აბიტურიენტებს, რომლებსაც რეგისტრაციისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ცენტრი 15 წუთში განმეორებით გაუზომავს სიცხეს. ყველა იმ პროცედურის დაცვა გაზრდის თუ არა რეგისტრაციის პერიოდს?

- ზუსტად იმიტომ ვმუშაობთ, რომ ამ პროცესმა არ გამოიწვიოს ქაოსი. ბუნებრივია, როცა რეგისტრაციისას დამატებითი პროცედურაა ჩასატარებელი, გასაკვირი არ არის რეგისტრაციის დროს გადავაჭარბოთ. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ამისთვის გარკვეული ზომები მივიღეთ, მაგალითად, დავამატეთ რეგისტრატორები, პროცედურები ისე გადავანაწილეთ რომ მთლიანობაში უფრო ნაკლები დრო იყოს ამისთვის საჭირო. დამატებითი ფაქტორი არის ისიც, რომ სესიაზე 1/3-ით ნაკლებ აბიტურიენტს ვიღებთ. შესაბამისად, ჩვენი გათვლებით კვლავ ერთ საათში უნდა ჩავეტიოთ.

რეგისტრაციის დროს არ ვზრდით, რადგან ეს დამატებითი პრობლემა იქნებოდა აბიტურიენტებისთვის. ისინი გაცილებით ადრე უნდა მოსულიყვნენ საგამოცდო ცენტრში და ყველაზე ადრე ვინც გამოცხადდებოდა მას ყველაზე დიდხანს მოუწევდა ლოდინი, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ ეს დრო არ გაზრდილიყო.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნულ გამოცდებზე სესიების რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულის გამო საგნის ვარიანტებიც რაოდენობაც თუ გაიზარდა და კონკრეტულად რომელ საგანს დაემატა ვარიანტები?

- დიახ, გარკვეულ საგნებში გამოცდის ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა და ამის მიზეზი სწორედ სესიების რაოდენობის მომატებაა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმის თქმისგან, კონკრეტულად რომელ საგნებზე გაიზარდა ვარიანტები, რადგან არ მინდა რომელიმე საგანი შემეშალოს ან გამომრჩეს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით ზოგ საგანში ერთი ვარიანტით მეტი იქნება, ზოგში - ორი ვარიანტით.

- ცნობილია, რომ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გაიზარდა ეროვნული გამოცდების ბიუჯეტიც. რა ჯდება წელს გამოცდების ჩატარება? 

- ჯობს ეს ინფორმაცია მოგვიანებით გამოითხოვოთ, რადგან შესყიდვების ნაწილი ახლა სრულდება, ამიტომ როცა ფაქტობრივი ინფორმაცია გვექნება შემდგომ უკვე შეგვეძლება ზუსტი ციფრების თქმა, რამდენით გაიზარდა ხარჯი. რა თქმა უნდა, თანხა  იზრდება, რადგან უამრავი დამატებითი პროცედურაა, რომელიც დამატებით ხარჯს საჭიროებს, ამას გიდასტურებთ, თუმცა კონკრეტულ თანხებზე მოგვიანებით შეგვეძლება ინფორმაციის მოწოდება.

 - გასულ წლიდან საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი და აბიტურიენტებმა ერთი კომბინირებული გამოცდა ჩააბარონ. პირველ რიგში გვაინტერესებს, წელს უფრო მარტივი იქნებოდა თუ არა ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარება შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, დაწყებულია თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა?

- თქვენ იცით, რომ გარკვეული ცვლილება უკვე შევიდა გამოცდებში და მაშინვე ითქვა, რომ ეს არის პირველი ეტაპი და შესაძლოა კვლავ გადაიხედოს ცვლილებები. თუმცა, ეს მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია არ არის, ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული განათლების სამინისტრო. ერთი კომბინირებული გამოცდის ჩაბარება მთლიანად ტესტის ფორმატის შეცვლას მოითხოვს, რადგან ახლა რა სისტემაც გვაქვს გულისხმობს იმას, რომ ტესტი არის ერთადერთი კრიტერიუმი უმაღლესში მოსახვედრად. ამ სისტემის პირობებში რამდენიმე ტესტი რომ გავაერთიანოთ და ერთ ტესტად ვაქციოთ ჩარიცხვებს ვერ გავაკეთებთ, რადგან ელემენტარულად შესაძლოა ათასობით ბავშვს ჰქონდეს ერთი და იგივე ქულა. შარშანდელი გამოცდის შედეგებიც რომ ავიღოთ, როცა 4 გამოცდის ჩაბარება იყო აუცილებელი, მაშინაც კი აბიტურიენტებს ჰქონდათ ერთნაირი ქულები, ერთეულ შემთხვევებში შეგვიძლია ამის რეგულაცია, თუმცა თუ ათასობით შემთხვევა იქნება ასეთი, მაშინ ეს ჩარიცხვები ამ სისტემით ვერ განხორციელდება.

ყველაფერზე შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი თვის ამბავი, ამაზე უნდა შეთანხმდეს ბევრი დაინტერესებული მხარე. საგამოცდო სისტემის შეცვლას და შემდეგ დატესტვას, დაახლოებით ერთი წელი მაინც დასჭირდება და ახლა იმის თქმა, რომ პანდემიის გამო უცებ შეგვეცვალა რაღაც და ერთი გამოცდით მომხდარიყო ჩაბარება უბრალოდ არარეალისტურია.

- საუბარი იყო იმაზეც რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდები მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადავიდეს. პანდემიამ და შექმნილმა მდგომარეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ონლაინ მიდგომები მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არ არსებობს ვაქცინა და არ ვიცით როგორი წარიმართება მოვლენები მომავალ წელსაც, შესაძლოა თუ არა რომ სწორედ ონლაინ გამოცდების მიმართულებით განხორციელდეს ცვლილებები?

- შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ელექტრონული ფორმატი მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო გადადის ელექტრონულ სწავლებაზე, ტესტირებაზე. ჩვენ როცა ვგეგმავდით IV-VI კლასებში განმავითარებელი ტესტირების შეფასებას, სწორედ აქ გვინდოდა შეგვეფასებინა, რამდენად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა სრულად ელექტრონული გამოცდა. დისტანციურზე მაშინ არ გვიფიქრია, მაგრამ ამაზეც დავიწყეთ ფიქრი და ვნახეთ სხვადასხვა მოდელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა გვაქვს ამის განხორციელების საშუალება.

ამას ახლა ვერ გავაკეთებდით, რადგან კიდეც რომ აგვეწყო ეს სისტემა ძალიან მოკლე დროში, ჯერ ერთი აქ ბევრი კითხვის ნიშანია, როცა სახლიდან წერს ბავშვი რამდენად ობიექტურია და ა.შ. კი, შეიძლება და არის სისტემები, სადაც ვიდეო თვალი ჩართულია და ხედავ ოთახში რა ხდება, მაგრამ ეს სისტემები არ არის ისე დატესტილი და გამოცდილი, რომ 100%-ით დარწმუნებული იყო რომ არაკეთილსინდისიერებას არ ექნება ადგილი. მეორეს მხრივ, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო იმ მიზეზითაც, რომ ვიცით ტექნიკური შესაძლებლობა და ინტერნეტი ყველა ბავშვს სახლში არ აქვს. მართალია დისტანციური სწავლება შედგა, მაგრამ ჩვეულებრივი სწავლების პერიოდში 2 წუთი რომ გამოირთოს ინტერნეტი, ან ბავშვი გავიდეს zoom-დან და teams-იდან არ არის პრობლემა. მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი გამოცდის დროს ბავშვს რომ ინტერნეტი გაეთიშოს, რამხელა სტრესი იქნება. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთ გამოცდის ჩატარება არარეალისტური იყო. თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ახალ გამოწვევებს მაქსიმალურად გავუმკლავდეთ.

- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილება არ შედის, თუმცა როგორც ბოლო ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა აბიტურიენტებს გამოცდაზე მეორე სემესტრის მასალის ფაქტობრივი ცოდნა არ მოეთხოვებათ....

- ეს არის გამოცდა, რომელიც ამოწმებს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი განათლებისთვის. ეს არ არის სკოლის გამოცდა, რომელიც ამოწმებს იმას თუ რა ისწავლა აბიტურიენტმა 12 წლის მანძილზე. ეს არის შესაძლებლობა გავიგოთ თუ რამდენად მზად არის აბიტურიენტი უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. ყოველ წელს ვცდილობთ, კითხვები და ტესტები მაქსიმალურად ისე იყოს შედგენილი, რომ უფრო სააზროვნო უნარების გამოვლენაზე იყოს ორიენტირებული და არა ფაქტობრივი მასალის ზედმიწევნით ცოდნაზე. შესაბამისად, არც პანდემიამდე და არც პანდემიის შემდგომ დიდი რისკი იმისა, რომ მაინცდამაინც მეორე სემესტრის ფაქტობრივი მასალა შესულიყო ტექსტებში არ იდგა და ამის გამო პროგრამის ცვლილება არ გაგვიკეთებია.

- გამოცდების მოახლოებასთან ერთად აქტიურდება საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის საკითხიც. როდის ექნებათ აბიტურიენტებს აღნიშნული ბარათის ამობეჭდვის შესაძლებლობა?

- მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტები გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე და ამობეჭდონ საგამოცდო ბარათი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ დეტალურად გავაჟღერებთ ინფორმაციას, თუმცა დაახლოებით ათი დღით ადრე უკვე შესაძლებლობა ექნებათ რომ ბარათები ამობეჭდონ.

ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ ყურადღებით გაეცნონ იმას თუ რა წერია ამ საგამოცდო ბარათზე, რადგან მოცემულია მათი სესია, დრო, დღე... თქვენ იცით, რომ წელს დამატებით დღეებზეა გამოცდა გადანაწილებული და ზოგადად თუ იციან რომელ დღეს იწყება მაგალითად ქართულის გამოცდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათაც იმ დღეს უტარდებათ ტესტი, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნონ ინფორმაციას. იმის გამო რომ არასწორად ამოიკითხეს თარიღი ან სესია არ გამოტოვონ ეს გამოცდა.

- რაც შეეხება მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდას, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება მათთვის განკუთვნილი ტესტირება. იქნებ გვითხრათ როდის გახდება აღნიშნული თარიღი ცნობილი?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უახლოეს დღეებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გააკეთებს ამაზე განცხადებას. იმის მიხედვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სამინისტროს მიერ მერე დავიწყებთ თარიღების გადანაწილებას და ვეცდებით, რომ დიდი სხვაობა არ იყოს სხვადასხვა გამოცდებს შორის.

- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებს?

- აბიტურიენტებს ვეტყოდი იმას, რომ გვესმის მათი ემოციური მდგომარეობა. ჩვენც არ გვიხარია ამ პირობებში გამოცდების ადმინისტრირება, მაგრამ ერთი რამ მინდა გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მათი უსაფრთხოება და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ უწევთ წელს განსხვავებულ პირობებში გამოცდების ჩაბარება.

მინდა გავამხნევო და დავამშვიდო ისინი. მართალია შეიძლება ცოტათი ნაკლებად კომფორტული გარემო იყოს წელს მათთვის, მაგრამ ისინი ხომ წინა წლის აბიტურიენტებს არ ეჯიბრებიან?! მინდა ვუთხრა, რომ კონკურსი იქნება სამართლიანი, დაცული იქნება გამოცდის მთავარი პრინციპი, რომ აბიტურიენტები უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში. ყველა აბიტურიენტი ერთნაირ პირობებში დაწერს ტესტს და კონკურსი იქნება ჯანსაღი. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც ღელავენ, მაგრამ დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იქნება. ეს სისტემა უსამართლო არ იქნება კონკრეტული აბიტურიენტის მიმართ, რადგან ის ვინც მისი კონკურენტია ზუსტად იგივე პირობებში იქნება ჩაყენებული როგორშიც თავადაა. ამიტომ, მათ ვთხოვ მაქსიმალურად გააკეთონ მობილიზაცია და დამშვიდდნენ. ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.


იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

ეროვნული გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა

როგორი უნდა იყოს კალამი, რომელიც გამოცდებზე დაიშვება? - ინფორმაცია აპლიკანტებს სწორად შერჩევისთვის


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება