სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უჩვენოდ...“ - ქვედა სამების საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლის ჩანახატი და ნანატრი გაკვეთილის სევდიანი მოლოდინი
18-05-2020
-
+


უჩვენოდ... - ასე ასათაურებს ქობულეთის მუნიციპალიტატის ქვედა სამების საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ლუკა ნოღაიდელს ჩანახატს, სადაც პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზე წერს და ემოციებს გვიზიარებს. მოსწავლეს სკოლა ძალიან ენატრება და 15 სექტემბერს მოუთმენლად ელის, რომ ნანატრი გაკვეთილი ჩაუტარდეს. თუ როგორი იქნება ნანატრი გაკვეთილი სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ნახეთ მის ნამუშევარში:


                                                                                უ ჩ ვ ე ნ ო დ . ..

უჩვენოდ დადგა გაზაფხული.
 
ჯერ იამ ამოიჭვრიტინა კოდმეებზე, მერე აქა-იქ ბალახი ამოიწვერა მწვანედ,  მერე ტყემალი გადაიპენტა თეთრად, მერე ატამი აფეთქდა ალისფრად... 

და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ, ადამიანების გარეშე ხდება... და ეს იმ ფილმების კადრებს მაგონებს, ეკრანზე რომ უყურებ და ვერასოდეს შეხვალ შიგ. 
 
ეზოს გარეთ ვერ გადავდივარ, მეგობრებს ვერ ვნახულობ, ტელეფონით შეხმიანება რა ნახვაა. მასე ონლაინგაკვეთილებიც გვიტარდება, მაგრამ სკოლის მონატრებას ვერ ანელებს. პირიქით, როცა მასწავლებელი გვემშვიდობება, მექანიკურად სურვილი მიჩნდება, სკამიდან წამოვვარდე, საკლასო ოთახის კარი დგრიალით გავაღო, მეგობრებთან ერთად სკოლის კიბე კისრისტეხით ჩავირბინო და სასპორტო მოედანზე სხვა მოსწავლეებს მივასწრო. ...მაგრამ მახსენდება, რომ სახლში ვარ და არა სკოლაში და სკამზე ვეშვები. ...ასე მხოლოდ მარტამდე ხდებოდა.
 
ახლა სკოლის ეზოში ბალახი ბიბინებს... ხანდახან ვფიქრობ, გამოკეტილი სკოლის ცარიელი დერეფნები ისე სევდიანი სანახავი იქნება, როგორც გვიანი შემოდგომის ფოთლებგაცვენილი ტყე. ისეთივე აუტანელი სიცივე და სიჩუმე იქნება დასადგურებული იქ, სადაც მუდამ სიხალისე და ჟრიამული მეფობდა... 

გაცნობიერებული გაქვს, რომ იძულებული ხარ, დაძლიო და დათრგუნო გაუსაძლისი მონატრება. ეს კი თვითონ შენ გთრგუნავს. ხანდახან ეზოდან ვიპარები, სკოლასთან ჩავდივარ, ჭიშკართან ვდგები, რადგან ეზოში შესვლას ვერ ვბედავ და ჩემში ცოცხლდება იმ დროინდელი მოგონებები, სანამ გამოგვიცხადებდნენ: „დარჩი სახლში!“  როგორი საყვარელი ყოფილა სკოლა...
          - სკოლაში იყავი? - მეკითხება სახლში დაბრუნებულს დედა.
          - არა! - ვიტყუები უსირცხვილოდ.
          - ეზოში არც მე შევსულვარ... - თქვა და გაბრუნდა დედა. იგი მასწავლებელია, ისიც ატარებს ონლაინგაკვეთილებს, მაგრამ, როგორც ჩანს, დედაჩემსაც ენატრება სკოლა.
           - თქვენი სიბრალულით გული მეთუთქება, მაგრამ როგორ დაგეხმაროთ, არ ვიცი. - ვითარების განმუხტვას ცდილობს მამა.

სახელს ვერ ვარქმევ იმ შეგრძნებას (დიახ, შეგრძნებას და არა გრძნობას), რასაც განვიცდი: ეს მონატრებაა, სიყვარულია, თუ მხოლოდ ახლა გავაცნობიერე იმის ფასი, რაც აღარ არის!..

დღეს არის 14 მაისი...  სკოლის დაწყებამდე დარჩა 4 თვე და 2 დღე, ჩაივლის ეს დრო და სამყაროს დაუბრუნდება ძველებური ელფერი, ამუშავდება დედამიწა,  ეჰ...  როდის მოვა 15 სექტემბერი...  წავალ  სკოლაში, გულში ჩავეკვრები ჩემ მასწავლებლებსა და მეგობრებს, ამ დროს გაისმის მონატრებული ზარის ხმა, გავიქცევით და ვინ-ვის მოასწრებს კისრისტეხით მივუჯდებით მერხებს,  ვიხმაურებთ   და როდესაც მასწავლებელი კარს შემოაღებს უცებ დავწყნარდებით; მასწავლებელი მიუჯდება თავის მაგიდას და გვეტყვის - ძალიან მომენატრეთ!-  შემდეგ კი როგორც ყოველთვის გაკვეთილს აგვიხსნის, ამ დროს დაირეკება ზარი - წკრრრ... წკრრრ...  გამოვცვივდებით საკლასო ოთახიდან,  ეზოში იქნება სასკოლო ტრანსპორტი,  მივირბენთ,  დავჯდებით  და ამ დროს გამოვა სკოლის დირექტორი - ქალბატონი ეთერი...   და ვინც არ იცით, ის არაჩვეულებრივი  დირექტორი, მასწავლებელი და თბილი ადამიანია...  გადაგვამოწმებს ყველა ვართ თუ არა, დაიძვრება ტრანსპორტი, დავბრუნდები სახლში, დავისვენებ, დავწერ დავალებებს და არასდროს ვიწუწუნებ იმაზე თუ როგორ ვიღლები ყოველდღიური „საქმიანობებით“.

P.S. დამიჯერეთ რაც გვაქვს არასდროს არ ვაფასებთ და როცა მას ვკარგავთ მივტირით.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება