სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან
07-07-2026
-
+


8 ივლისს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ. საგნის სპეციალისტი, ტრენერი, იოანე მახარაძე გთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციებს მაქსიმალური ქულის მისაღებად:

გეოგრაფიის მასწავლებელთა გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულაა 55 და ტესტი რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დავალებისგან შედგება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2026 წლის გამოცდების პასუხების ფურცლის ნიმუშით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებლობის მსურველებს გამოცდაზე რამდენიმე განსხვავებული ტიპის დავალება დახვდებათ. სტატიისთვის, სადაც თავმოყრილი იქნება ჩემი ძირითადი რეკომენდაციები აპლიკანტების მიმართ, გამოვიყენებ ტესტის პასუხების ფურცლის ნიმუშის სტრუქტურას.

ტესტი დაიწყება 30 დახურული ტიპის შეკითხვით, სადაც 4 ვარიანტიდან მხოლოდ 1-ია სწორი, თითოეული სწორი პასუხი კი 1 ქულით ფასდება. ამ საკითხში თავმოყრილია ქულათა აბსოლუტური უმეტესობა. შეკითხვები შეიძლება შეეხოს გეოგრაფიის შესავალს, როგორიცაა მეცნიერების ჩასახვა ძველ საბერძნეთში, მნიშვნელოვანი ადამიანები, რომელთა მოღვაწეობის შედეგად დროთა განმავლობაში შეგროვდა დიდი გეოგრაფიული ცოდნა, როგორებიცაა: ერატოსთენე, სტრაბონი, ბეჰაიმი, მარკო პოლო, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ძირითადი მოგზაურები, პოლარული მკვლევრები, ჯეიმს კუკი და აბელ ტასმანი. მთამსვლელელბი: ედმუნდ ჰილარი, რენჰოლდ მესნერი, თენცინგ ნორგეი. საკითხები შეიძლება შეეხოს ფიზიკური გეოგრაფიის ძირითად კანონზომიერებებს, კონტინენტების ძირითად გეოგრაფიულ მახასიათებლებს, უმაღლეს და უდაბლეს ადგილებს. ერთქულიან ტესტებში შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ გეოგრაფიული რუკების დასათაურება, რაც განსაკუთრებით ჭარბობდა 2025 წლის მასწავლებელთა ტესტებში. აქ ჩემი მთავარი რეკომენდაცია გამორიცხვის მეთოდის გამოყენებაა, აუცილებელია რუკაზე დავაკვირდეთ რამდენიმე ქვეყნის მაჩვენებლებს და შემდეგ გამორიცხვის მეთოდით მივიდეთ სწორ პასუხამდე. მაგალითად, 2025 წლის ტესტში იყო რუკა, რომელიც გვიჩვენებდა, რომ 2050 წლისთვის მოსალოდნელია გარკვეული კრიზისი მსოფლიოში, კრიზისის ზონაში იყო მოქცეული აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის ქვეყნები, ესპანეთი და საბერძნეთი. ვარიანტებად კი მოცემული იყო: ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კრიზისი, სასმელი წყლის კრიზისი, განათლების კრიზისი. თუკი მხოლოდ აფრიკულ ქვეყნებს დავაკვირდებოდით, თითქოს სიმართლეს ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება შეესაბამებოდეს, მაგრამ ცხადია, რომ ევროპულ ესპანეთსა და საბერძნეთში განათლებისა და ჯანდაცვის კრიზისი მოსალოდნელი არ არის, ეს გვიხსნის გზას ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს წყლის რესურსების მოსალოდნელ კრიზისთან, რომელსაც ამ ქვეყნების ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში მდებარეობა განაპირობებს. შესაბამისად, რუკებიდან ავიღოთ კონკრეტული ქვეყნები, რომელთაც აქვთ უკიდურესი მაჩვენებლები (ძალიან მაღალი, ძალიან დაბალი) და გავაანალიზოთ ისინი, ამ სტრატეგიის სინთეზირება გამორიცხვის მეთოდთან აუცილებლად მიგვიყვანს სწორ პასუხამდე.

ერთქულიანი საკითხები დასრულდება ტოპოგრაფიული რუკის ანალიზით, რომელიც აუცილებლად იქნება მრავალქულიანი მდგენელი ხვალინდელ ტესტში. ტოპოგრაფიულ რუკაზე მუშაობისას, მეტად სავარაუდებელია, რომ მოვა კონკრეტული ადგილების სიმაღლეთა განსაზღვრა, რაც ზოგადად ჰორიზონტალების გამოყენებით ხდება. აუცილებლად იქნება აზიმუტის განსაზღვრა და შესაძლოა ტოპოგრაფიულ რუკაზე დაშვებული შეცდომების გასწორება იყოს საჭირო- ამ შემთხვევაში ყურადღება მივაქციოთ ჰიდროლოგიურ ქსელს, რადგან შეცდომები ძირითადად მდინარეთა მიმართულებაზე და ტბების მდებარეობაზე მოდის ხოლმე. ყველაზე დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე მდინარე ქვედა სიმაღლიდან ზემოთ მიედინებოდეს, ესეიგი მდინარის მიმართულების ისარი არასწორად იყოს დატანილი. თუკი დასვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ რომელი შენაკადია ერთი, პატარა მდინარე მეორე დიდი მდინარისთვის, აუცილებელია ამ უკანასკნელის სათავისა და მიმართულების დადგენა, რომ შეცდომა არ დაუშვათ. მიმართულების დადგენისთვის გამოიყენეთ მდინარის კალაპოტის სიმაღლის ანალიზი (მდინარე მაღალი სიმაღლიდან დაბალი სიმაღლისკენ უნდა ეშვებოდეს), თუკი სიმაღლეთა გამოთვლა შეუძლებელია, მაშინ დააკვირდით კალაპოტის სიგანეს, მდინარე ყოველთვის წვრილია იქ, სადაც იგი სათავეს იღებს და შემდეგ კალაპოტის სიგანე იზრდება წყალშემკრებ აუზში მიმდინარე წყლისმიერი ეროზიის შედეგად.

შემდეგ იწყება ღია კითხვები, რომლებიც შეიძლება შეეხოს თვალსაჩინოებებისა და რუკების ანალიზს, თანამედროვე მოვლენას ან ისეთ გეოგრაფიულ კანონზომიერებებს, როგორებიცაა კლიმატური სარტყლები, ქარის როზეტები, კორიოლისის ძალის მოქმედება, დინებები, კლიმატის გლობალური ცვლილება, ბუნებრივი ზონები და ა.შ. აუცილებელია მრავალქულიან საკითხში წავიკითხოთ ყველა შეკითხვა, ხშირადაა ისეთი მომენტი, როდესაც პირველ და მეორე კითხვაზე პასუხი ცხადი არ არის, მაგრამ მესამე კითხვის წაკითხვის შემდეგ, პასუხები იხსნება საკითხის წინა კითხვებზეც. მაგალითად, ერთ-ერთ წელს მასწავლებელთა გამოცდაზე იყო ტბის დაშრობის პროცესი და მისი რუკა, პირველი კითხვა დასმული იყო იმის შესახებ, თუ რომელ ჰიდროლოგიურ ობიექტზე იყო საუბარი, რაც შეიძლება ზოგიერთი აპლიკანტისთვის ცხადი არ იყოს, თუმცა მეორე კითხვაში აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული კულტურის ირიგაციისთვის რეზერვუარის წყლის არარაციონალურ გამოყენებაზე, სადაც უკვე ცხადი ხდებოდა, რომ საქმე ეხებოდა ბამბის პლანტაციის მორწყვისთვის არალის ზღვის წყლის გამოყენებას, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

აპლიკანტებს ვურჩევ გადაიმეორონ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ როგორ შეიცვლა ევროპაში ენერგიის მიღების გზები, როგორ წარიმართა კონფლიქტი ირანსა და ისრაელ/აშშ-ის კოალიციას შორის. რა გავლენა მოახდინა საქართველოზე, მის საჰაერო სივრცეზე რუსეთის სისხლიანმა შეჭრამ უკრაინაში და ისრაელ-აშშ-ის კოალიციის ომმა ირანში.

წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ გამოცდაზე დიდი ყურადღება არ დაეთმობა საქართველოს გეოგრაფიას, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ქულა შეიძლება იყოს, მაქსიმუმ 7-8. მასწავლებელთა გამოცდაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა იმის დემონსტრირება, რომ გეოგრაფიული ცოდნა გაქვთ, არამედ ამ გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის უნარის ჩვენება. ამიტომ, მასწავლებელთა გამოცდაზე ჭარბადაა რუკები, დიაგრამები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება, რომელთა სწორად ანალიზისთვის აუცილებელია გეოგრაფიული თეორიული ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

ყურადღება უნდა გაამახვილოთ ტურიზმის გეოგრაფიაზე, რომელიც საზოგადოებრივი გეოგრაფიის მეტად მნიშვნელოვანი დარგია, რა გავლენას ახდენს თანამედროვე პოლიტიკური თუ ბუნებრივი მოვლენები მსოფლიო ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, საკითხი მოვიდეს გეოგრაფიულ ხელსაწყოებზე და იზოხაზებზე, რომლებიც ერთნაირი გეოგრაფიული მაჩვენებლების შემაერთებელ ხაზებს წარმოადგენენ.

პროგნოზი იმის შესახებ, თუ გეოგრაფიის რომელი დარგი იქნება ტესტში წარმოდგენილი უფრო ჭარბად არ არის შესაძლებელი, თუმცა წინა წლების გამოცდილებიდან და ზოგადი ტენდენციებიდან გამომდინარე, ვფიქრობ საზოგადოებრივ-გეოგრაფიული მონაცემების სწორად ანალიზი ამ გამოცდაზე ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარი იქნება, რა თქმა უნდა, გეოგრაფიის თეორიულ ცოდნასთან ერთად.

 გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საჭიროა 33+1 (34) ქულა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება