სიახლეები
სიახლეები

„თავის მოტყუება იქნება, თითქოს დისტანციური სწავლება იდეალურად მიმდინარეობს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ონლაინ გაკვეთილებზე?
27-03-2020
-
+


კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ამ გამოწვევას მასწავლებლები ღირსეულად შეხვდნენ, თუმცამიუხედავად მასწავლებლების მონდომებისა, დისტანციური სწავლების მხრივ, ფაქტობრივად, ერთნაირი პრობლემები და ხარვეზები გამოიკვეთა. დეტალების გასარკვევად etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე:

„ხარვეზების გარეშე დისტანციური სწავლების პროცესი არცერთ სკოლაში არ იქნება. რთულია ხარვეზების ფონზე, მაგრამ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენს სკოლაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან. მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. მე მათემატიკას ვასწავლი. სასწავლო პროცესი ნორმალურად როცა მიმდინარეობს და სამი საათი სჭირდება გაკვეთილს, დისტანციური სწავლების შემთხვევაში, შეიძლება, დაგვჭირდეს 4-5 სთ. მთავარია, გავიაროთ მასალა, გაიგონ ბავშვებმა, გაიაზრონ და ისე არ „გადავაფრინდეთ" მასალას. მსიამოვნებს, რომ ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ერედის საჯარო სკოლის დირექტორი გელა თეზელიშვილი:

„ჩვენთვის პრობლემაა ინტერნეტის ხარვეზი და კომპიუტერების ნაკლებობა. ინტერნეტი არ აქვთ ბავშვებს, მობილურის ინტერნეტით სარგებლობენ და ასე რთულია დაკავშირება. მოსწავლეების 2/3 ჩართულია აქტიურად, დანარჩენებს კი უჭირთ. დაწყებითი კლასები, ფაქტობრივად, სრულიად ჩაერთვნენ. მშობლებიც აქტიურობენ და ასე მარტივია. ბავშვების ნაწილი სოფლებში წავიდა და ისინი, სამწუხაროდ, ვერ ერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში, თუმცა მათ მშობლებს ვუკავშირდებით და ამის საშუალებით რაღაცას მოვახერხებთ. ისეთი შედეგი არ გვაქვს, როგორც სკოლაში სასწავლო პროცესის დროს, მაგრამ ამ სიტუაციაში თავს ვართმევთ, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბახტურიძე:

„ჩვენ ნახევარი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდით სხვა სკოლებთან შედარებით, იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში იყო ჩართული. პედაგოგებს ტრენინგები ჩავუტარეთ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სწავლა შეწყდებოდა. ლეპტოპი აქვს ყველა მასწავლებელს, მაგრამ მოკვლევა გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. ყველა მასწავლებელი უზრუნველყოფილია ტექნიკური მოწყობილობებით, მაგრამ მოსწავლეები - არა. დისტანციური სწავლებისას ვიყენებთ სხვადასხვა პროგრამას, I-IV კლასებში კარგად გამოგვდის, რადგან ბავშვებმა მოასწრეს ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება, სხვებთან უფრო გვიჭირს, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ყველაფერს, შეძლებისდაგვარად. პრობლემები თუ იჩენს თავს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. Facebook-ში კლასების მიხედვით გაკეთებული გვაქვს ჯგუფები, სადაც მასწავლებლებიც არიან. ასე კარგად გამოგვდის მოსწავლეებთან ურთიერთობა, თუმცა შემდეგ დავალებებს ან დავალების პასუხებს პირადად გვწერენ. ვმუშაობთ, ვახერხებთ, მაგრამ სწავლების მიღმა მაინც გვრჩებიან ერთეული მოსწავლეები.

ვნახოთ როგორი იქნება სატელევიზიო გაკვეთილები, რომელიც შემოგვთავაზეს. მერე, სკოლაში როცა დავბრუნდებით, რაიმე ფორმით გავაკეთებთ გამოკითხვას. შეიძლება გამოცდის სახეც მივცეთ, ამაზე სულ ვფიქრობთ.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გელა მაჭარაშვილი:

„ჩვენ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართული სკოლა ვართ და სხვა სკოლებთან შედარებით უკეთესი სასტარტო პირობები გვქონდა, მაგრამ როგორც სხვაგან, ჩვენთანაც გამოიკვეთა ხარვეზები, პირველ რიგში კი ბავშვების ინტერნეტთან წვდომა. მათ არ აქვთ ინტერნეტი და ეს ძალიან გვიშლის ხელს. ინტერნეტის სიჩქარე არ არის იმდენად სრულყოფილი, რომ „თიმსში“ ვიმუშაოთ და სრულფასოვანი იყოს ჩვენი დისტანციური სწავლება. ყოველთვის ვეუბნები პედაგოგებს, რომ როდესაც მოსწავლეებს ტელეფონით უკავშირდებიან, ჯერ მოიკითხონ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის მდგომარეობა, გაიგონ ზოგადად სურათი, რა ხდება და შემდეგ კი ვინც ინტერნეტით ვერ გვერთვება, საკითხავ ლიტერატურასაც ვურჩევთ მათ, რეკომენდაციებს ვაძლევთ. ყველაფერს ვცდილობთ, თუმცა ეს რომ ძალიან შორს არის სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესისგან, თავისთავად ცხადია“.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი  ნანული გვიჩიანი:

„დისტანციური სწავლებისას პრობლემა რაც გამოიკვეთა ისაა, რომ ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს კი - კომპიუტერი. ჩვენთან დაწყებითი კლასები უფრო აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ გაკვეთილებში. ბავშვები დაინტერესებულები არიან. ვისაც ინტერნეტი აძლევს საშუალებას, ყველა ჩართულია. გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერს ვცდილობთ, რისი საშუალებაც გვაქვს, რომ არ დაზარალდნენ მოსწავლეები“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი:

„ჩვენ გვიშველა იმან, რომ მომზადებული შევხვდით ამ სიტუაციას, რადგან „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართულები და შესაბამისად, ჩვენი პედაგოგები და ბავშვები გარკვეულ ეტაპზე იყვნენ გადამზადებულები „თიმსის“ პროგრამის ფარგლებში. იყვნენ ქოუჩები ყველა სფეროში, რომლებიც ეტაპობრივად ყველაფერს ასწავლიდნენ და აპრობაციაც გაიარეს. გარკვეულწილად, ინტერნეტის ხარვეზები არის, მაგრამ ყველა ბავშვს ჰქონდა „​ექაუნთი“ და ასევე მასწავლებლებს, ყველამ ვიცოდით, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. დაწყებითები ამისთვის მომზადებულები იყვნენ. რაც შეეხება კომპიუტერებს, მასწავლებლებს თავიდანვე ჰქონდათ ლეპტოპები და პროგრამაც ჩატვირთული იყო, მოსწავლეებთან კი პრობლემა იმ კუთხით შეიქმნა, რომ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. მათ იციან, როგორ გამოიყენონ პროგრამა, მაგრამ სოფლებში არიან და არ აქვთ ინტერნეტი. ტექნიკური აღჭურვა აქვთ, სურვილიც, შესაძლებლობაც, გადამზადებულებიც არიან, მაგრამ არ აქვთ ინტერნეტი. „ემისმა“ თავიდანვე მოგვცა ფუფუნება, რომ ჩვენ მომზადებულები შევხვდით დისტანციურ სწავლებას. არის ხარვეზები ინტერნეტის მიმართულებით, მაგრამ ეს გამოსწორდება. მადლობის მეტი „ემისის“ და „ახალი სკოლის მოდელის" პროექტის მიმართ არაფერი მეთქმის“.  

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი:

„დისტანციური სწავლება ძალიან შეფერხებით მიმდინარეობს. ხუთი ბავშვიც კი ვერ ერთვება ერთად პროგრამაში. ძალიან უჭირს ინტერნეტს, იმის მიუხედავად, რომ მონდომება არის ბავშვების მხრიდან, ხალისითაც ერთვებიან, მაგრამ ინტერნეტი მუშაობს იმდენად ნელა და შეფერხებით, რომ ძალიან ჭირს. არ მინდა, ბავშვები გადავღალო, მაგრამ დიდი დრო მიდის ამ ხარვეზების გამო. 

თავის მოტყუება იქნება, რომ ვთქვათ, თითქოს დისტანციური სწავლება იდეალურად მიმდინარეობს. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ვარ, ვასწავლი თავად და ძალიან მიჭირს ინტერნეტის გამო. ეს პრობლემა უფრო მეტად მთიან რეგიონებშია. მაღალმთიან რაიონში უამინდობის გამო ელექტროენერგიაც კი ითიშება. ინტერნეტის შეფერხებით მუშაობა მოუხერხებელს და შეუძლებელს ხდის სწავლის პროცესს. პროგრამაში მოსწავლეების ერთობლივი ჩართვა და აზრების გაცვლა ძალიან ჭირს. ბავშვები ამბობენ გაკვეთილები მოგვენატრაო“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება