სიახლეები
სამასწავლებლო

„თუ ამას გაითვალისწინებს მთავრობა, ეს იქნება ჩვენი ამოსუნთქვა და მხარდაჭერა“ - კერძო სკოლები პრემიერს დახმარებას სთხოვენ
26-03-2020
-
+


საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო არდადეგები გახანგრძლივდა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის შეძლებენ სკოლები სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს სწავლის დაწყების რეკომენდაციით არ მიმართავს. როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება, სასწავლო პროცესი ვერც 21 აპრილს განახლდეს. კერძო სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, თუმცა არაერთგაროვანია მათი პოზიცია, მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ხელფასს, რადგან მათი მოსწავლეების მშობლების ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

რა მდგომარეობაა კერძო სკოლებში, როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, მიიღებენ თუ არა მასწავლებლები ხელფასს და აქვთ თუ არა მოსწავლეებს გადასახადზე შეღავათი? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად etaloni.ge სკოლების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

კერძო სკოლა „ცოდნა“ - დირექტორი ნაზი ნადირაძე:

„ჩვენ იმ დღიდანვე ჩავერთეთ დისტანციურ სწავლებაში, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. კმაყოფილები არიან მშობლები და ბავშვები, ზოგი ვერ ახერხებს ჩართვას, თუმცა ასეთები ერთეულები არიან. სიტუაცია რომ დალაგდება, მზად ვართ, დამატებითი მეცადინეობები ჩავუტაროთ ბავშვებს შაბათის ხარჯზე, არდადეგები შევამციროთ და სწავლა გავახანგრძლივოთ ივნისის ბოლომდე, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ მშობლების წინაშე. რაც შეეხება მასწავლებლების ხელფასებს, ზოგიერთი მშობელი დარჩა უმუშევარი, ზოგს ჰქონდა ყოველდღიური შემოსავალი, ეს კი ჯაჭვური რეაქციაა. ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ და მშობელსაც აქვს ვალდებულება, გადაიხადონ გადასახადი, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვერ ვაიძულებ მათ, რომ შემოიტანონ თანხები სანამ ალტერნატიულ სამუშაოს არ მოძებნიან. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ვისაც საშუალება არ აქვს, მათ ეტაპობრივად ნელ-ნელა გადაიხადონ  გადასახადი. ალბათ, ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ სახელმწიფო სტრუქტურები დაგვიდგებიან გვერდით, ან ახსნა-განმარტებას მაინც გააკეთებენ, რომ გაგებით მოეკიდონ მასწავლებლებიც და მშობლებიც.

მე მირჩევნია მასწავლებელს მივცე ხელფასი, მაგრამ, სასურველია, მთავრობამ გაითვალისწინოს და საშემოსავლო გადასახადზე, იჯარის გადასახადსა და იმ ვალდებულებებზე, რომელიც ყოველთვიურად გვაქვს, გადაგვიწიოს ვადები და ამაზე არ იყოს პრობლემა. თუ მეტყვიან, გინდა თუ არა გადაიხადე გადასახადებიო, იძულებული ვიქნები, ასევე მოვთხოვო მშობელს, ეს კი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუ ამას გაითვალისწინებს მთავრობა, ეს იქნება ჩვენი ამოსუნთქვა, მხარდაჭერა და ბიზნესის გვერდით დგომა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და საზოგადოებრივი ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთი“.  

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ - დირექტორი მამუკა მესხიშვილი:

„ჩვენ თავიდანვე დავიჭირეთ თადარიგი. მაღალ დონეზე მიმდინარეობს დისტანციური სწავლება, შევიძინეთ „ზუმის" პაკეტები. რაც შეეხება ხელფასებს, პრობლემა იქნება, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ იქნება ეს პრობლემაც, რადგან მშობლები ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. თუ არ შემოვა თანხები, ვერც ხელფასებს დავარიგებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სიტუაცია თავიდან ავიცილოთ, ხელფასები დავარიგოთ და მშობლებმაც დაიცვან ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ მეორე პრობლემაც არის, თუ არ შეუძლიათ გადახდა, ხომ არ დავახრჩობთ?! სწავლის მხრივ ბავშვებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია, ჩართულები არიან პროცესში. ჩვენც არ გვეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ იქნებოდა დისტანციური სწავლება ესეთ მოკლე დროში“.

კერძო სკოლა „საუნჯე“ - დირექტორი გულჩინა ჭიკაძე:

„სწავლება მიმდინარეობს დისტანციურად, ჩართულია ყველა, ჯგუფები გვაქვს შექმნილი. სოციალური ქსელების დახმარებით ხდება გაკვეთილების ჩატარებაც და დავალებების მიცემაც. თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია სწავლების პროცესში. ქვეყანაში არსებული პრობლებიდან გამომდინარე, მშობლებს უჭირთ გადახდა, ჩვენთან მარტის თვის თანხაც გადასახდელი აქვთ. არსებული მდგომარეობის გამო, როგორ მოხდება ხელფასების დარიგება და რა უნდა გავაკეთოთ რთული საკითხია... სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამას გარდა, ჩვენ კომუნალურებიც გვაქვს გადასახდელი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ფინანსების თვალსაზრისით. მივმართეთ პრემიერს, რომ  ვაუჩერი მაინც იყოს გათანაბრებული სახელმწიფო სკოლებთან, ასევე პედაგოგებს რომ დანამატები ეძლეოდეთ, დიდი შეღავათი იქნებოდა. რეგიონებზე მაინც რომ გავრცელდეს, ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან“.

კერძო სკოლა „დავითიანი - მარინა გორშკოვა“ - დირექტორი მარინა გორშკოვა:

„ხელფასებთან დაკავშირებით ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ მივმართეთ პრემიერს. იქ ავსახეთ ეს პრობლემები ზუსტად. რა თქმა უნდა, პრობლემები გვექნება ხელფასებით კუთხით. დისტანციური სწავლებისთვის მორიგე ჯგუფი გვყავს შექმნილი, გადავანაწილეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ახალია ეს მეთოდი. 10 კაციანი ჯგუფია, ვინც აპრობირება გაუწია ტესტებს. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს სერიოზული, მართლა სავალალო მდგომარეობაში ვართ ასეთ უსამართლობის გრძნობა გვეუფლება, არის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო სკოლებისთვის, ჩვენთვის კი ყველა ფასიანია, ეს დიდი დისკომფორტია. „ზუმის" გარდა ჩვენთვის ყველა ფასიანია. რთულია იმ კომფორტული პლატფორმების გარეშე მუშაობა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ავუღეთ ალღო და ვმუშაობთ, მშობლებს გაუჭირდათ, მოგვიწია 2 კვირის განმავლობაში მათთან დისტანციური ურთიერთობა. 80%-მა აუღო ალღო, რაც შეეხება დანარჩენს, ზოგი მოსწავლე სოფელშია, ჩვენ კარანტინის ზონაში მოვყევით და ვეღარ მოდიან ბავშვები, დისტანციური სწავლებით რომ ისარგებლონ. თუმცა მაინც ვახერხებთ მათთან ტელეფონით დაკავშირებას და დავალების მიცემას. იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ შემოდის და რაიმე შეფერხება აქვთ ინტერნეტის წვდომაზე, ვიწერთ გაკვეთილებს და შემდეგ ვაწვდით სხვადახხვა სოციალური ქსელით. მათ შეუძლიათ ჩანაწერით ისწავლონ და შეასრულონ დავალებები.

ასევე ჩანაწერები გვაქვს, როგორ მოვამზადოთ პირბადეები, ანტისეპტიკური სითხე, ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. პირბადეებს ვკერავთ და ვურიგებთ, რაც ძალიან საჭიროა დღეს ბოლნისში. ეს საჭირო საქმეა და თუ სხვა სკოლებიც მოგვბაძავენ უანგარო დახმარებაში, კარგი იქნება. არ ვაკეთებთ ჩვენ ამას „გასაპიარებლად", მაგრამ გვინდა, მოგვბაძონ სხვებმაც, რომ პირბადეების დამზადებაში მაინც მოგვეხმარონ“.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა - ადმინისტრატორი ნინო დევნოზაშვილი:

„ჩვენი ხელფასები კითხვის ნიშნის ქვეშ არ იქნება, მაგრამ გარკვეული ნაწილის მიცემა შეგვეძლება. პედაგოგები სულ უხელფასოდ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან. გრანტი განაწილებულია 12 თვეზე, პლიუს ძალიან მცირეა ვაუჩერი, რომელიც არის სამინისტროსგან და ამიტომ ხარვეზი გვაქვს, სამწუხაროდ, გვაკლდება ამ თვეში თანხა, მაგრამ საერთო ჯამში, უხელფასოდ არ იქნებიან. მათ მიეცემათ ხელფასის ნაწილი. ჩვენთან დისტანციური სწავლება ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს - 210 მოსწავლე გვყავს სკოლაში და 201 მოსწავლესთან ყველანაირი ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია. 9 მოსწავლესთან გამოვნახეთ გზა სხვა თანამშრომლობისა. მათ შორის, სატელეფონო საუბარი, წერილების მიმოწერა, წიგნთან მუშაობით და ა.შ. პედაგოგები სხვადასხვა პლატფორმას იყენებენ სასწავლო პროცესისთვის, შედგენილია განრიგი და უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს. სასკოლო გარემო, რა თქმა უნდა, სხვა არის და ყველას გვირჩევნია, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს პროცესი მოგვარებულია. თუმცა გადასახადთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია მშობლებთან, იმიტომ რომ ბოლნისში ისეთი ფონია ამ წუთას, რომ მაგაზე საუბარი არ გვქონია. ჩვენ ოფიციალური გადასახადი არ გვაქვს, შემოწირულობის ხარჯზე ვართ და ამაზეცაა გარკვეულწილად დამოკიდებული ჩვენი სიტუაცია“.

კერძო სკოლა „სხივი'' - დირექტორი დავით ჯიქია:

„ჩვენ ნაწილობრივ გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. ზოგი ვერ ერთვება გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო. ხელფასები, ალბათ, პრობლემა იქნება და ვერ მივიღებთ. ყველა მოსწავლე არაა ჩართული დისტანციურ სწავლებაში და არ ვიცი, თანხის ამბავი როგორ იქნება. ჩვენ მივმართეთ მთვრობას, კერძო სკოლების ასოციაციამ, ვაუჩერის გათანაბრების თაობაზე. თუ შესაძლებლობა იქნება და დაგვეხმარებიან, კარგი იქნება“.  

კერძო სკოლა „გიმნაზია“ - დირექტორი ნანა ალექსანდრია:

„მასწავლებლები სოციალურ ქსელებს იყენებენ და ხმოვანი ფოსტით უკავშირდებიან მოსწავლეებს, ავრცელებენ დავალებებს. რაც შეეხება მათ ხელფასებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ბავშვებზე ვართ დამოკიდებული. სახელმწიფოსგან გვინდოდა, ვაუჩერის თანხა მოემატებინათ ჩვენთვის. პრემიერს მივმართეთ და იმედია, უყურადღებოდ არ დაგვტოვებს“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება