სიახლეები
ინტერვიუ

გივი სიხარულიძის შეჭირვებული ბავშვობა და ახდენილი ოცნება - „კეთილი ხალხით იყო სავსე მაშინ თბილისი“
13-10-2019
-
+


როგორც ყველა ბავშვი, ისიც ცელქი და მხიარული იყო, თუმცა, სულაც არ იქცეოდა ისე - როგორც ყველა. არ ახსოვს, რამდენი სკოლიდან გარიცხეს, ახსოვს ხელმოკლე ცხოვრება და კეთილი ადამიანები და მიაჩნია, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა...

პროფესიით აგრონომი, მწერალი, კინომსახიობი, ყოფილი მოცეკვავე, სახელმწიფო ანსამბლის ბალეტმაისტერი, სპორტსმენი, მთის და წყლის  მოთხილამურე, ჩოგბურთელი... მოჩხუბარი ბიჭი სვანეთის უბნიდან, გივი სიხარულიძე etaloni.ge-სთან ბავშვობის წლებს იხსენებს:  

- როგორც ყველა ბავშვი, თუ ის დოყლაპია არ არის, მეც ცელქი, მხიარული, სიცოცხლით სავსე ვიყავი, ციბრუტივით ვტრიალებდი. ყველა სკოლიდან რომ გამრიცხეს, ბოლოს „ნავთლუღში“, 85-ე სკოლა დავამთავრე. აღარც მახსოვს, რამდენი სკოლიდან გამომაგდეს.

- რატომ გრიცხავდნენ სკოლიდან, რას აშავებდით?

- ჩხუბის გამო მრიცხავდნენ, სულ ვჩუბობდი... მამაჩემი იმ პერიოდში ციმბირში იყო გადასახლებული. მე კი გაჭირვებულად ცხოვრება არ მიყვარს, არც მაშინ მიყვარდა და რა უნდა მექნა?! დედა ვერ მაძლევდა ფულს და სკოლელებს ვართმევდი, ბუფეტთან ვიყავი ჩასაფრებული და ვინც საჭმლის ფულს არ მაძლევდა, ვცემდი. 

- მერე ეს კარგი საქციელი იყო, ბატონო გივი?

- აბა, მშიერი ხომ არ მოვკვდებოდი?! გაჭირვების გარდა, ბავშვობიდან არაფერი მახსოვს, ნახევრად მშიერი, ქუჩაში ვიზრდებოდი. სვანეთის უბანში ვცხოვრობდი, თუმცა მახსოვს ერთი რამ, - კეთილი ხალხით იყო სავსე მაშინ თბილისი. ხალხს თვითონ უჭირდა, მაგრამ რომ იცოდნენ, მამა გადასახლებული მყავდა, ისევ ეს გაჭირვებული ხალხი მეხმარებოდა. 

- ალბათ, არც დამჯერი შვილი იქნებოდით, მშობლები მკაცრად გზრდიდნენ?  

- ჩემზე უკეთესი მამა მსოფლიოში არავის ჰყოლია, ყველაზე მეტად მიყვარდა ქვეყანაზე, ყველაფერს მპატიობდა და რაც უნდა დამეშავებინა, სულ ამბობდა, რომ მართალი ვიყავი. სამაგიეროდ, დედა მყავდა ძალიან მკაცრი. დედა, ეთერ ტალალაევა-სიხარულიძე მასწავლებელი იყო, წარმოშობით - ყუბანელი კაზაკი. მისი ძალიან მეშინოდა. ერთხელ ულამაზესი პალტო მიყიდა, მაგრამ ისე დამიჭრა, რომ ფაქტობრივად, ჩაცმაც ვერ მოვასწარი. სახლში მისვლა დავაგვიანე და როცა დავბრუნდი, ვნახე, რომ ეს ჩემი ახალთახალი პალტო მთლიანად დაჭრილი ეგდო ეზოში. 

- თქვენი მრავალრიცხოვანი სკოლიდან რომელიმე მასწავლებელი განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ? 

- რა თქმა უნდა! ეს იყო ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, ნამდვილი პედაგოგი და ბრწყინვალე ადამიანი, ძალიან ჭკვიანი კაცი ლევან ჩიქვანაია, რომელიც შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილე გახდა. როცა მე მწერალი გავხდი, მან „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდა წერილი, სადაც ჩემზე ლაპარაკობდა. ამბობდა, მთელი ცხოვრება ამ საქმეს შევწირე და მეგონა, პედაგოგიური მუშაობა ვიცოდი, მაგრამ თურმე არ მცოდნია, რადგან გივი სიხარულიძე ერთი ონავარი ბიჭი მეგონა და ვფიქრობდი, რომ მისგან კაცი არ დადგებოდაო. ჩემი ნოველების წაკითხვის შემდეგ კი, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი თავს იდანაშაულებდა და წერდა, რომ ისეთ ბიჭებს, როგორიც გივი სიხარულიძეა, თურმე სპეციალური მიდგომა სჭირდებათ.  სინამდვილეში, ეს ადამიანი ნამდვილი პედაგოგი იყო. 

- ასეთი ცელქსა და ონავარ ბავშვს, ოცნებაც გექნებოდათ, ბატონო გივი, აგიხდათ ბავშვობის ოცნება? 

- მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ჟორა შავგულიძეს დავმსგავსებოდი და ისე ვყვარებოდი ხალხს, როგორც ჟორა უყვარდათ. მგონი ამას მივაღწიე. 

- თქვენი შემდგომი წარმატებები მხოლოდ ნიჭის დამსახურებაა თუ სკოლიდან სკოლაში სიარულში სწავლას მაინც ახერხებდით?

- დერეფანში რომ ვყოფილიყავი გაგდებული და ორიოდე სიტყვა მომესმინა, ესეც საკმარისი იყო ჩემთვის, მაინც ვიცოდი საგანი იმ ბავშვებზე უკეთესად, რომლებიც თვალებში შესციცინებდნენ მასწავლებლებს. კითხვაც მიყვარდა და წერაც. წერა ისე მიყვარდა, რომ ჩემს მეზობელ ბიკენტი ორაგველიძესაც კი ვეხმარებოდი ანონიმური წერილების წერაში.  
ბიკენტი უჩიოდა ყველას, მეზობლებს, ნათესავებს, დირექტორს, თანამშრომლებს, ნაცნობს თუ უცნობს და ათასნაირ სამარცხვინო ხერხს მიმართავდა, რომ მისი თითის ანაბეჭდები ვერ აეღოთ. ბოლოს, „გამოსავალი“ იპოვა და მე მაწერინებდა ხოლმე. სანამ მივხვდებოდი, რას მაწერინებდა, ვეხმარებოდი. როცა მივხვდი რასაც აკეთებდა, აღარ ვუწერდი... 

- მწერალი, მსახიობი, მოცეკვავე და სპორტსმენი კი ხართ, ბატონო გივი, მაგრამ კონკრეტულად რა პროფესია გაქვთ, რა დაამთავრეთ? 

- მამაჩემს უნდოდა, აგრონომი გამოვსულიყავი, მაგრამ მე, გივი სიხარულიძე, რანაირი აგრონომი უნდა ვყოფილიყავი? თუმცა, მამის ხათრით, მაინც შევედი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ჩვენი რექტორი იყო ივანე სარიშვილი, უკეთესი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კი არა, ის უნდა ყოფილიყო თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი იმიტომ, რომ თუ ვინმე კარგი ფეხბურთელი, კარგი მომღერალი ან მოცეკვავე იყო, ყველა თავისთან წაგვიყვანა, მოგვაწყო და დაგვამთავრებინა კიდეც. მის ხსოვნას ვენაცვალე, უკეთესი რექტორი მსოფლიოს არ ჰყოლია! 

ინსტიტუტში ჩარიცხვისთანავე მიმიღო „სუხიშვილებმა“ თავის ანსამბლში და გავხდი სოლისტი, მოვიარე მთელი მსოფლიო... აგრონომიული კი დავამთავრე საბოლოოდ, მაგრამ დღემდე ვაშლის ხეს ატმის ხისგან ვერ ვარჩევ. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„საკვებს აღენიშნებოდა მძაფრი, უსიამოვნო სუნი... გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა“

გილოცავთ ბარბარობას! ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

„თუ სახელმძღვანელო არ იქნება ხარისხიანი, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს!“

„შევიმუშაოთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სქემა და საბოლოოდ ამ ადამიანებს დავარქვათ „პედაგოგები“ - ისინი ამ სტატუსს იმსახურებენ“...

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე

ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება