სიახლეები
ინტერვიუ, სამასწავლებლო

„ჩემი უამრავი მოსწავლე დაიღუპა, სისხლით იყო მორწყული სკოლის კედლები“ - როგორ გადაარჩინა სიკვდილს სოხუმელი მასწავლებელი აფხაზმა კოლეგამ
27-09-2019
-
+


გახსენება უმძიმს, საუბარი, - უფრო მეტად. ახსოვს სისხლით შეღებილი სკოლის კედლები და თვალწინ დახოცილი მოსწავლეები. ახსოვს საზარელი ცნობა, - სოხუმი დაეცა, ხანჯლით აკეპილი ბიბლია და სრული უღმერთობა... სიკვდილს აფხაზმა კოლეგამ გადაარჩინა, სხვებთან ერთად, სოხუმიდან წავიდნენ მისი შვილებიც, თვითონ კი მშობლიური ქალაქის დატოვება ბოლო წუთამდე არ უფიქრია...

ზუსტად 26 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, ოკუპანტებთან ბრძოლაში, სოხუმი დაეცა. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა...

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი რაისა სონგულია იმ დროისათვის მშობლიურ ქალაქ სოხუმში ცხოვრობდა და სოხუმის N1 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო...  ცხოვრება დედაქალაქში თავიდან დაიწყო და უმძიმესი წლების დავიწყებაში ისევ სკოლა და ბავშვები დაიხმარა.

79 წლის პედაგოგი, რომელიც სულ ახლახანს დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოს დათანხმდა, etaloni.ge-სთან საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს დღეებს იხსენებს:

„ერთი დღე არ დამიტოვებია სოხუმი და არც ჩვენს სკოლაში შეწყვეტილა მეცადინეობა ბოლო დღეებამდე. ქალაქი ყოველი მხრიდან იბომბებოდა და ეს პროცესი განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოს გაძლიერდა. მანამდე გამოაცხადეს ე.წ. პერიმერია, ანუ ვითომ შერიგების პროცესი მიმდინარეობდა და ამ მოტივით, სოხუმიდან აბსოლუტურად ყველანაირი შეიარაღება გაიყვანეს, ჯარისკაცები დაითხოვეს, მოსახლეობა კი მოტყუებული და სრულიად დაუცველი დაგვტოვეს.

ამ, ვითომდა, ომის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ერთ დილით ვიღვიძებ, ვემზადები სკოლაში წასასვლელად და ვხედავ, რომ ისმის სროლები, იბომბება ქალაქი... მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელმეორედ შემოგვიტიეს გადამთიელებმა.

სოხუმის იმ ნაწილში ვცხოვრობდი, საიდანაც მტერი პირველად შემოვიდა და 27 სექტემბერს საკუთარი ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ შემოვიდა ქალაქში ტანკი აფხაზეთისა და რუსეთის დროშებით და როგორ გამოაცხადეს, რომ სოხუმი დაეცა! ამ დროს კი, 27-ში, როცა შეტევა განახლდა, გამოვიდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მოგვიწოდა, - ქართველებო, არ დატოვოთ სოხუმი, ყველაფერი რიგზეა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ნუ შეგეშინდებათო, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს იყო ლიტონი სიტყვები.

- ქალბატონო რაისა, რა ეროვნების იყვნენ ის შეიარაღებული დაჯგუფებები, როგორც ამბობთ, გადამთიელები?

- აფხაზებს საერთოდ არ ჰქონდათ შეიარაღება, ესენი იყვნენ ადიღეელები, ჩეჩნები, რუსები და მათ მიერ დაქირავებული „ბოევიკები“... ისეთი შეტევა დაიწყო, რომ ცეცხლი ეკიდებოდა შენობებს, ჩემი კორპუსი მთლიანად დაიბომბა, ჩამოცვივდა კარ-ფანჯრები და ეზოში ისეთი ნაპრალები გაჩნდა, გარეთ გასვლაც შეუძლებელი გახდა. იწვოდა სახლის სახურავები, კვამლი ამოდიოდა ყველა კორპუსიდან...

ბავშვებმა როცა გაიგეს, რომ პირველი სკოლა იბომბებოდა, ჯოხებით, თოხებით, ბარებით და ნაჯახებით შეიარაღებულნი მოვიდნენ მის დასაცავად. ამ დროს ჩემი უამრავი მოსწავლე დაიღუპა, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები, სისხლით იყო მორწყული ჩემი სკოლის კედლები...  სკოლის უკან მანდარინების ბაღი იყო და როდესაც ყველაფერი დამთავრდა,  მშობლები იმ ბაღში ეძებდნენ თავიანთ დახოცილ შვილებს...

ასეთ ენით აუწერელ მდგომარეობაში ჩვენ შევიფარეთ სომეხი ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც თურმე ჩვენთან ინფორმაციის გასატანად იყვნენ შემოგზავნილი და ვინ რას აკეთებდა, სად მიდიოდა, რას ლაპარაკობდა, დეტალურად აწვდიდნენ ინფორმაციას ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს. შემდეგ, როცა უკვე ქუჩებში მარადიორები დადიოდნენ და დარჩენილ ქართველებს ეძებდნენ, სწორედ ეს ჩვენგან შეფარებული სომხები მოუძღვოდნენ მათ წინ და ჩვენს ავტოფარეხებსა და მანქანებზე მიუთითებდნენ. თუ რომელიმე მანქანას ვერ აღებდნენ, სახურავს ხდიდნენ და ისე ძარცვავდენ... ყველა გაიხიზნა, თითქმის აღარავინ დარჩა ქალაქში, ვინც მოასწრო, ცოცხალი გავიდა, მაგრამ ვინც ეს ვერ გავაკეთეთ, საშინელ დღეში ჩავცვივდით...

ბრძანება მივიღეთ, რომ სკოლაში მეცადინეობა უნდა განახლებულიყო, სკოლა მოვასუფთავეთ, წესრიგში მოვიყვანეთ და სტუდენტობა და მოსწავლეებიც მოვიდნენ... მაშინ ჩემმა თვალებმა ნახა, როგორ დაერივნენ გადამთიელები ახალგაზრდა, პატარა გოგონებსა და ქალებს, ქუჩაში თუ კიბეებზე და როგორ აუპატიურებდნენ...  როგორ გვადგნენ თავზე იარაღიანი ბანდიტები და დაგვყვიროდნენ, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით მათი მსახურები, დაგვეგავა მათი ქუჩები და გაგვეხეხა მათი საპირფარეშოები, რადგან ამას ვიმსახურებდით...  იმის აღწერა შეუძლებელია, რაც იქ ხდებოდა.

- ასეთ მდგომარეობაში სოხუმის დატოვებას მაინც არ აპირებდით? ოჯახთან ერთად რატომ არ წამოხვედით?

- ვინც შემომთავაზა წამოდიო, ყველას უარი ვუთხარი, მათ შორის, ჩემს შვილსაც. დედაჩემი ცხოვრობდა ოჩამჩირეში და როდესაც თითქოს შერიგების პროცესები წავიდა, ჩემი მეუღლე მასთან ჩავიდა და იქ იყო დარჩენილი. მე არაფერი ვიცოდი მათ შესახებ. ჩემი ქალიშვილი და სიძე ექიმები არიან და აგუძერასა და რკინიგზის საავადმყოფოებში მუშაობდნენ, ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები. მოვიდა ჩემი სიძე და წავიდეთო, მთხოვა, მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი ქალაქიდან, ჩემი სახლიდან სად უნდა წავიდე-მეთქი, ისინი კი ბავშვებით სოხუმში ვეღარ დარჩებოდნენ, ამიტომ უჩემოდ მოუხდათ წასვლა.   

წავიდნენ აეროპორტისკენ, ზღვის სანაპიროზე, სადაც უკრაინელების გემი იყო ჩამოსული და იქ ხდებოდა საშინელება, ზემოდან ისროდნენ სნაიპერები და ხალხი ცდილობდა, როგორღაც გემზე ასვლა მოესწრო, რომ სოხუმიდან გასულიყო. ჩემები როცა მივიდნენ, უკვე არც ერთი გემი აღარ დახვედრიათ, უმცროსი გოგონა სილაში ჩაფლეს თურმე, რომ სნაიპერების ტყვიებისგან დაეცვათ, ჩემი შვილი კი, ზღვაში შევარდა და შველას ითხოვდა. ბედად, მალევე პატარა ნავი გამოჩენილა და ისინი დაეხმარნენ ჩემს შვილებს ქალაქიდან გამოღწევაში.  

- თქვენ როდის დატოვეთ სოხუმი?

- ჩემს კორპუსში მეორე სართულზე ცხოვრობდა აფხაზი პედაგოგი ქალი, მე-10 აფხაზური სკოლის დაწყებითების მასწავლებელი გული ვათუშბა, რომელმაც სიკვდილს გადამარჩინა. ქალაქი უკვე თითქმის მთლიანად დაცლილი იყო ქართველებისგან და არც მე დამტოვებდა არავინ, ძალიანაც რომ მომენდომებინა. ერთ დღესაც, ჩემთან „ბოევიკი“ მოვიდა და მიბრძანა, შტაბში გავყოლოდი, სადაც თითქოსდა, უნდა დავეკითხეთ. რატომ, რა გავაფუჭე-მეთქი, ვკითხე და სულ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, რაც მქონდა ნათქვამი...

სოხუმში დედათა მიტინგი ჩატარდა, სადაც მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ასეთი ძმათა მკვლელი ომი წამოიწყეს, უნდა გასამართლდნენ, სარდაფში კი, სადაც დაბომბვის დროს ვიმალებოდით ხოლმე, ჯიუტად ვამბობდი, რომ ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი კუთხე, ჩემი მიწა-წყალი და არსადაც წავალ-მეთქი. ზუსტად, სიტყვა-სიტყვით გამიმეორეს ეს ყველაფერი. მოკლედ, ვერაფერი გადამარჩენდა, ის აფხაზი მასწავლებელი რომ არ დამხმარებოდა, საათზე მეტხანს ელაპარაკა „ბოევიკს“ აფხაზურ ენაზე. დღემდე არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ შეთანხმდნენ და შტაბში აღარ წავუყვანივარ. იმ დღეს გულიმ შემიფარა, მაგრამ თან გამაფრთხილა, რომ სოხუმიდან უნდა წავსულიყავი, რადგან ჩემი იქ გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა.

ხმა დაირხა, რომ სოხუმში დარჩენილი ქართველებისთვის ქალაქის საბჭოსთან ავტობუსები იდგა, საიდანაც შეგვეძლო, წავსულიყავით, მაგრამ იქამდე მისვლა არ გინდოდა? ქართველს თუ დაგინახავდნენ, ცოცხალს არ გაგიშვებდნენ. ამ დროს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო ჩემი სიძის სიძე სერგეი ბაღაფში, რომელსაც ჩემი სიძის ბიძაშვილი ჰყავდა ცოლად. მან გამომიგზავნა მანქანა, რომელმაც ქალაქის საბჭოსთან მიმიყვანა. თავზე ყველას რაღაც გვეხურა და სახეს არ ვაჩენდით, ასფალტზე ვისხედით და ავტობუსს ველოდებოდით. მერე თვითონ მთავრობის თავმჯდომარის, ასტამურ კობახიას შვილი მოვიდა და ის დაგვეხმარა. იქვე საბავშვო ბაღში შეგვიყვანა ავტობუსის მოსვლამდე, დედა ქართველი ჰყავდა ამ ბიჭს, ძალიან პატრიოტი ქალი... ბოლო-ბოლო მოვიდა ავტობუსები, ჩაგვსვეს და წამოვედით.

- უბრალო აფხაზი ხალხი, როგორც ჩანს, იმ უმძიმეს დღეებშიც არ იყვნენ ქართველების მიმართ მტრულად განწყობილნი...

- ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. სკოლაში ჩემთან ერთად სწავლობდნენ აფხაზები, გვყავდა აფხაზი პედაგოგები, მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, ბრწყინვალე დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ხალხი არაფერ შუაშია. ამ ყველაფერი დამნაშავე იყო ის დაუნდობელი პოლიტიკა, რომელიც მაშინ ტარდებოდა.  

- ცხოვრების თავიდან დაწყება დედაქალაქში ალბათ ძალიან გაგიჭირდათ, თბილისში ნათესავები გყავდათ?

- თბილისში ნათესავები არ გვყავდა, ჩემი თითქმის ყველა ახლობელი და ნათესავი აფხაზეთში ცხოვრობდა, შეძლებული წრე გვქონდა, მაგრამ ყველა ერთიანად გავღატაკდით. მხოლოდ ხელჩანთის გამოტანა შევძელი სახლიდან, სადაც პირადი თეთრეული და ერთი ძველისძველი ბეჭედი მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ისიც წამართვეს. აბსოლუტურად არაფერი წამომიღია, ერთი ფოტოც არ შემრჩა ჩემი შვილების ბავშვობის, არც ოჯახის... უზარმაზარი ბიბლიოთეკა მქონდა, ბიბლია კი იქვე მედო გამოსაჩენ ადგილზე. როდესაც სახლში ხანჯლებით შემოცვივდნენ შეიარაღებულები, დაეტაკნენ ჩემს ბიბლიას და ხანჯლით აკუწეს... წიგნებს ჭრიდნენ და წვავდნენ თავიდან, მაგრამ მერე მოვიდნენ აზრზე, რომ მათი გაყიდვა ჯობდა და სოჭში გადაჰქონდათ გასაყიდად. ენგურის ხიდზე რომ გავდიოდით, ვისაც კი რამე ეჭირა ხელში, ყუთი თუ ჩანთა, აბსოლუტურად ყველაფერი წაგვართვეს...

თბილისში სწავლობდა და ქირით ცხოვრობდა ჩემი უმცროსი გოგონა, რომელიც ახლა უნივერსიტეტში მეცნიერებათა დოქტორია და მისმა დიასახლისმა შეგვიფარა.

ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე, რომ ადამიანების დანახვაც აღარ შემეძლო. ლიფტში მარტო დღემდე ვერ შევდივარ, დღემდე მაქვს დახურული და პატარა სივრცის შიში... უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი, მეტროში ჩასვლაც არ შემეძლო, როცა ქუჩაში გამოვდიოდი, გაოგნებული დავდიოდი. ერთ დღესაც, ასეთ მდგომარეობაში მყოფს, ჩემი თანაკურსელი შემხვდა, რომელსაც მეათეკლასელი შვილი, ჩემი მოსწავლე, სოხუმში მოუკლეს. მან მითხრა, ხომ იცი ჩემი მდგომარეობა, ხედავ, რომ მაინც ცოცხალი ვარ და შენ  რა დაგმართნია, რა დღეში ხარო! მისმა სიტყვებმა უცებ გამომაფხიზლა და თანდათან მოვედი გონზე...

მერე დავიწყე აფხაზეთის განათლების სამინისტროში ქიმიის მეთოდისტად მუშაობა, შემდეგ კი, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში გადავედი ქიმიის მასწავლებლად. ამ მდგომარეობიდან ისევ სკოლამ და ბავშვებმა გამომიყვანეს. დღემდე ამ სკოლაში ვმუშაობდი, ახლა კი 79 წლის ასაკში, დამსახურებულ პენსიაზე გასვლა ვარჩიე...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება