სიახლეები
ინტერვიუ

„ყველაზე მეტად „ლურჯი“ გოგონა და ჩემი პირველი მასწავლებელი დამამახსოვრდა“- ცნობილი ადამიანების პირველი დღე სკოლაში  
15-09-2019
-
+


ადამიანის ცხოვრებაში არსებობს შთამბეჭდავი დღეები და წლები, რომელიც არ ხუნდება და არც არასდროს გვავიწყდება. ამ ჯადოსნურ მოგონებებს, რაც ძირითადად, სკოლასა და ბავშვობას უკავშირდება, თითოეული ჩვენგანი  ცხოვრების ბოლომდე სიამოვნებით ინახავს და იხსენებს.

ამჯერად ჩვენი რესპონდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები, etaloni.ge-სთან თავიანთი სკოლის პირველ დღეს იხსენებენ:  

სკოლის ფორმა ისე მიიღო, როგორც დაწინაურება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ზურგჩანთა კი, - როგორც უძვირფასესი ნივთი.  სკოლაში მისვლის პირველი დღე, დღემდე ცოცხალი კინოკადრივით ახსოვს. ოთხი ვაჟის დედა, მსახიობი ნინო ლეჟავა თვლის, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები არასდროს გვავიწყდება: 

„ჩვენი 51-ე სკოლა მელიქიშვილის გამზირზე, ზუსტად ჩემი სახლის გვერდით იყო. დღემდე ფოტოგრაფიული მეხსიერებით მახსოვს, როგორი აღტაცებით გავრბოდი, როგორ მიხაროდა და როგორი ზეიმი იყო ჩემთვის პირველი დღე სკოლაში. თან იმ პერიოდში, ფორმა უნდა გვცმოდა აუცილებლად და მაშინდელი მენტალობით, ფორმა ჩემთვის  იყო თითქოს დაწინაურება, ჯილდო, გადასვლა, ბაღის შემდეგ, უფროსი თაობის პირველ ეტაპზე, სკოლის ზურგჩანთას ხომ საერთოდ, უძვირფასეს ნივთად ვთვლიდი. დღემდე მახსოვს, როგორ დავიჭირე ხელში პირველი „დედაენა“, მახსოვს პირველი შეხვედრა ჩემს დამრიგებელთან, ქალბატონ ნათელა ნიშნიანიძესთან და ის, რომ საოცარი კლასი გვყავდა და დღემდე ერთად ვართ, სწორედ ამ ქალბატონის უდიდესი დამსახურებაა. მან გვასწავლა და ჩაგვინერგა სიყვარული, და-ძმობა, მეგობრობა. განა შესაძლებელია, ის და მის გვერდით გატარებული წლები დაივიწყო? სამწუხაროდ, ნათელა მასწავლებელი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მის საფლავზე დღემდე ვიკრიბებით.

ჩვენს დროს, მოსწავლეებს ისე ანაწილებდნენ, რომ გოგონას გვერდით აუცილებლად ბიჭი უნდა მჯდარიყო, ჩემს გვერდით ნიკა ხვედელიძე დასვეს. თუმცა ისიც ნათლად მახსოვს, რომ ჩემს გარდა, ყველა გოგო ერიდებოდა ბიჭთან დაჯდომას, ბიჭები კი აუცილებლად ტიროდნენ, როცა გოგოს გვერდით სვამდნენ. მე არ განვიცდიდი ამას, არც იმაზე ვღელავდი, სად დამსვამდნენ, თუმცა, რასაკვირველია, ძალიან მიხაროდა თუ „წინ“ ვიჯექი, მთლად მასწავლებლის გვერდზე მიდგმულ მერხთან თუ დამსვამდნენ, ეს ხომ უკვე სერიოზული დაწინაურება იყო“.

მომღერალი ზუკა ხუციშვილი 22 წლის წინ, პირველ სასწავლო დღეს, სკოლაში მშობლებმა მიაცილეს, ახსოვს, რომ ძალიან ღელავდა, რადგან აცნობიერებდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო:

„სკოლის პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამ ასაკში ბავშვები ვერ აცნობიერებენ, მათ ცხოვრებაში როგორი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, თუმცა ნამდვილად განიცდიან სიახლეს და ამის გამო ზოგი ნერვიულობს, ზოგი პირიქით, მხიარულობს, ზოგიც ტირის...

მახსოვს, პირველ დღეს სკოლაში დედამ და მამამ მიმაცილა. მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდით და პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში შემიყვანეს. ძალიან ვნერვიულობდი და დაძაბული ვიყავი, მაგრამ მალევე, ჩემმა პირველმა მასწავლებელმა ისეთი გარემო შემიქმნა, მარტივად შევუერთდი მეგობრებს და მღელვარებამაც გადამიარა. წინასწარ, ვიდრე სკოლაში არ მივა ბავშვი, ძნელია, სასკოლოდ განაწყო, ძნელია აუხსნა და განუმარტო მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს უცხო გარემოში და როგორ მიიღოს ახალი ადამიანები. ამ ყველაფერში ბავშვს მასწავლებელი ეხმარება. როცა მესამე კლასში ვიყავი, საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და მშობლებმა 55-ე სკოლაში გადამიყვანეს, ჩემი აქტიური სასკოლო ცხოვრებაც უფრო აქედან დაიწყო“.

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს პირველივე დღეს ძალიან გაუმართლა, რადგან გარდა იმისა, რომ სკოლა სახლიდან ათ ნაბიჯში ჰქონდა, „მთავარი ფიგურის“, „ლურჯი“ გოგოს გვერდით დასვეს. ის დღემდე სექტემბერს ამაღლებული განწყობით ელოდება და უკვირს, რატომ ტიროდნენ მისი თანაკლასელები იმ არაჩვეულებრივ პირველ დღეს სკოლაში:

 „სკოლის პირველი დღე არაჩვეულებრივად  მახსოვს. ჩემი სკოლა, ქალაქ ბათუმში, სახლის მოპირდაპირე მხარეს იყო, 10 ნაბიჯს გადავდგამდი და უკვე სკოლაში ვიყავი. პირველ დღეს ძალიან უცნაურ გარემოში აღმოვჩნდი, - ყველას  თეთრები გვეცვა, ბიჭსაც და გოგონასაც, კარგი ამინდი იყო და პიჯაკების  გარეშე ვიყავით მისული. მახსოვს, ამ სითეთრეში, ერთადერთი გოგონა გამოირჩეოდა ლურჯი სამოსით, რამაც გამაოგნა და ჩავთვალე, რომ ეს გოგო იყო ამ არაჩვეულებრივი დღის მთავარი ფიგურა. ყველაზე მოულოდნელი კი ის აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ „ლურჯი“ გოგოს გვერდით დამსვეს, „მთავარი ფიგურის“ გვერდით და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო! 

ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ის, რომ ე.წ. გაკვეთილის მიმდინარეობისას, პირველ დღეს, ყველა ტიროდა, მე კი ვუყურებდი მათ და ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო სატირალი ასეთ საზეიმო დღეს. მე არ მეტირებოდა, პირიქით, ძალიან მახალისებდა ახალი გარემო, ვიყავი გახარებული, ამაღლებული განწყობით. ეს ამაღლებული განწყობა, სექტემბრის დასაწყისში, დღემდე ყოველ წელიწადს მიახლდება, მაგრამ განათლების სამინისტრომ იზრუნა იმაზე, რომ სწავლის დაწყება მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ დღესთან აღარ ასოცირდებოდეს, რაც ჭვიანურ გადაწყვეტილებად სულაც არ მიმაჩნია და გული მწყდება.

ასევე, არასდროს მესმოდა ბიჭების, რომლებიც ტიროდნენ იმის გამო, რომ გოგოსთან სვამდნენ, არასდროს მეშინოდა გოგონების და მით უმეტეს, მათდამი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოხატვის, რომ ეს თითქოს არავაჟკაცურ საქციელად ჩამეთვლებოდა. თმაც არასდროს მომიწიწკნია მათთვის და როცა ამ ყველაფერს ვხედავდი, სულ მიკვირდა. საბავშვო ბაღში ბევრი მეგობარი გოგონა მყავდა და ალბათ, ამიტომაც, თან ჩვენი სკოლა ყოფილი ქალთა სკოლა იყო და თითქმის ყველა მასწავლებელი ქალი გვყავდა.

სკოლის პირველ დღეს, ყველაზე მეტად, მაინც ის „ლურჯი“ გოგონა და ჩემი პირველი მასწავლებელი ტატიანა ჩიჩუა დამამახსოვრდა“.  
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძეს სკოლის პირველი დღე არ ახსოვს, თუმცა კარგად ახსოვს მასწავლებლებისთვის დაკრეფილი იები და გაყინული ხელებით დამზადებული გუნდა თანაკლასელი ბიჭებისათვის. რაღაც-რაღაცებს ხშირად სკოლის დერეფანში აპროტესტებდა, თუმცა, როგორც კარგ მოსწავლეს, საპატიოდ უთვლიდნენ:

„60 წლის წინანდელ განწყობაზე მეკითხებით? - არა, პირველი დღე სკოლაში ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, სარვამარტოდ როგორ ვაგროვებდით იებს, რომ მასწავლებლებისთვის მიგვერთმია. მახსოვს, ზამთარში, როცა სკოლის ეზოში გამოვდიოდით, გოგონები ვუმზადებდით ბიჭებს გუნდებს, იმიტომ, რომ ბიჭებს ხელებს უსინჯავდნენ მერე სკოლაში მასწავლებლები და თუ გაყინული ხელები ჰქონდათ, სჯიდნენ, გოგონებს კი, არ გვსჯიდნენ.

მამაჩემი მთავარი ინჟინერი იყო ქალაქ ზესტაფონში და მეც პირველ კლასში, ზესტაფონის რკინიგზის სკოლაში შევედი, სადაც მეშვიდე კლასამდე ვწავლობდი. შემდეგ საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედით და შესაბამისად, სკოლაც შევიცვალე. ზესტაფონის მეოთხე საშუალო სკოლა დავამთავრე.

მახსოვს, მთლად სტანდარტული სკოლის ფორმა არ მეცვა. დედაჩემმა ჩემთვის განსაკუთრებული ლურჯი ფერის კაბა შეაკერინა, რომელიც ფორმას ჰგავდა, მაგრამ უფრო მოხდენილი იყო. როგორც კი გაზაფხული დადგებოდა, ვიკეთებდი ამ კაბაზე თეთრ, გახამებულ წინსაფარს და ისე დავდიოდი. მახსოვს ისეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცას ვაპროტესტებდი სკოლის დერეფანში და დირექტორის მოადგილე მეუბნებოდა, დერეფანში არ გინდა ამაზე ლაპარაკი, კლასში შედი, რამე ხლაფორთს არ გადავეკიდოთო. ძალიან კარგად ვსწავლობდი, სკოლას ხშირად წარმოვაჩენდი ხოლმე ოლიმპიადებზე თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამიტომაც მპატიობდნენ.

სასიამოვნოდ მახსენდება უამრავი კლასგარეშე აქტივობა და სპაქტაკლები, რასაც ხშირად, ზესტაფონის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზეც კი ვმართავდით ხოლმე. ვიყავით ჩართული სპორტულ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ აქტივობებში, დავდიოდი მუსიკაზე, გვყავდა ძალიან კარგი ფრენბურთის გუნდი. კლასის მიღმა არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა ბავშვებს, რაშიც მასწავლებლებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული. რაც მთავარია, მათ ძირითად ნაწილს, მიძღვნილი ჰქონდა თავი იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებოდა.

კომედი-შოუს მსახიობ ნიკა არაბიძეს პირველი დღე სკოლაში იმ უბრალო მიზეზის გამო არ ახსოვს, რომ იქ მანამდეც დადიოდა, თან უფროსი ძმის ჩანთა დაჰქონდა და მასწავლებელ დედასაც „ეხმარებოდა.“ როგორც ამბობს, „მასწავლებლის შვილობა’“ მისთვის პრივილეგია კი არა, ტვირთი იყო და გაკვეთილიდანაც პირველად საკუთარმა დედამ გააგდო:

„პირველი დღე სკოლაში განსაკუთრებით არ მახსოვს, იმიტომ, რომ 5 წლისაც არ ვიქნებოდი, როცა სკოლაში სიარული დავიწყე. დედა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი იყო და როცა ჩემი უფროსი ძმა სკოლაში შეიყვანა, მე პროტესტის ნიშნად ბაღში არ შევედი, დავიწყე ძმასთან და დედასთან ერთად სკოლაში სიარული, თან ისეთი მოწადინებული ვიყავი, ჩემი ძმის ჩანთაც მე დამქონდა. ასე რომ, უცხო არ იყო ჩემთვის სკოლა, როცა სწავლა დავიწყე, არც ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა მქონდა და არც მასწავლებლებთან.

როგორც მასწავლებლის შვილს, ძირითადად, პირველ მერხთან ჯდომა მიწევდა და დაფასთანაც ხშირად მიძახებდნენ, თუმცა „მასწავლებლის შვილობა“ ჩემთვის და ჩემი ძმისთვისაც, უფრო ტვირთი იყო, ვიდრე პრივილეგია. მაგალითად, ჩემი ძმა მედალზე ამთავრებდა სკოლას და დაუჯერებელია, მაგრამ დედაჩემმა არ ააღებინა, არავინ თქვას, რომ მასწავლებლის შვილს მისცეს ოქროს მედალიო. იმ დროს, ხომ იცით, მედალი რასაც ნიშნავდა?

თუ რამე მოხდებოდა სკოლაში, დაფას ჩამოვაგდებდით, რუკას გავხევდით თუ მაგიდას გადავაყირავებდით, - აბა, ადექი არაბიძე! ვიყავი თუ არა დამნაშავე, ყველას მაგივრად მაინც მე უნდა ავტუზულიყავი კუთხეში, როგორც „მასწავლებლის შვილი“, არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ ხომ იცით,- მეტი მომეთხოვებოდა და იმიტომ!

გაკვეთილიდანაც პირველად დედაჩემმა გამაგდო. არ ვიყავი გაგდებას მიჩვეული და არც კი ვიცოდი სად წავსულიყავი, როცა გაკვეთილიდან გამოვედი, რა მეკეთებინა... ამ შემთხვევაშიც უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ მაინც დავისაჯე".


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება