სიახლეები
საინტერესო

ცნობილი მასწავლებლები და მოსწავლეები ჩვენი და მსოფლიო ისტორიიდან
02-02-2019
-
+


მასწავლებლობა რთული პროფესიაა. ასწავლო და აღზარდო სხვა ადამიანი დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც შემდგომ დაფასება და პატივისცემა სჭირდება. მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრ პედაგოგს აღმოვაჩენთ, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალურები არიან, მათი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა კი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია. 

etaloni.ge ამჯერად ცნობილი პედაგოგებისა და მათი ცნობილი მოსწავლეების შესახებ მოგითხრობთ, რომლებსაც ყველას ერთად მოვუყარეთ თავი. 

სოკრატე  და პლატონი - ბერძენი სატირიკოსის, სოკრატეს შესახებ პირდაპირი ისტორიული წყაროები არ გაგვაჩნია. თუ მას ოდესმე რამე დაუწერია, ჩვენამდე არ მოუღწევია და მასზე ჩვენი წარმოდგენები ძირითადად მეორეულ წყაროებს ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთი წყაროს ავტორი მისი მოსწავლე და თანამოაზრე, ასევე ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონია. „ფილოსოფიური დიალოგების“ ავტორი სოკრატეს მოსწავლე ახალგაზრდობაშივე გახდა. პლატონი თავის წერილებში აღნიშნავს, რომ ის საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს დაესწრო და ამან მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ პლატონს გადააწყვეტინა თავისი ადრეული ნამუშევრები მისთვის მიეძღვნა და მასზე მოგონებების წერას შეუდგა. პლატონის „დიალოგების“ მთავარი პერსონაჟი სოკრატეა, თუმცა ამ ნაშრომში რომელი ნაწილი ეკუთვნის პლატონს და რომელი სოკრატეს, დიდი კამათის საგანია. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ პლატონი მასწავლებლის დიდ გავლენას განიცდიდა და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს. 



პლატონი და არისტოტელე - სოკრატეს სიკვდილის შემდეგ პლატონმა ცოდნის გასაღრმავებლად იტალიაში, ეგვიპტესა და სიცილიაში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებისას მან ათენში, აკადემოსის ჭალაში, დასავლურ სამყაროში დღემდე ცნობილი ორგანიზებული სკოლა, ათენის აკადემია დააარსა. აკადემია 529 წლამდე ფუნქციონირებდა, სანამ იუსტინიანე I ბიზანტიელმა არ დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ათენის აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის იყო არისტოტელეც. 



არისტოტელე და ალექსანდრე მაკედონელი - არისტოტელე პლატონთან და სოკრატესთან ერთად თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დამფუძნებელია. ის 18 წლის იყო, როცა ათენის აკადემიაში მივიდა სასწავლებლად და თითქმის 20 წლის მანძილზე დარჩა სკოლაში. აკადემიიდან წასვლის შემდგომ არისტოტელე დიდხანს მოგზაურობდა და სხვადასხვა საგანი შეისწავლა. ძვ.წ 343 წელს ის ფილიპე მეორემ, თავის შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია. არისტოტელე მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად დანიშნეს. ამ დროის განმავლობაში ის არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს ასწავლიდა. ისტორიული ცნობების მიხედვით, სწორედ არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ. იმ დროისთვის არისტოტელემ შეისწავლა თითქმის ყველა დარგი და დისციპლინა, ამიტომ ის სამართლიანად მიიჩნევა, რომ იყო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. 



გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი - დავით IV აღმაშენებლის აღმზრდელი და მასწავლებელი, XI საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. როგორც ვარაუდობენ, გიორგი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. ისტორიული ცნობები მოგვითხრობენ, რომ გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახობით დაიბრუნეს ქართველებმა თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს რუსთავი, რასაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა დავით მეფემ ქვეყნის ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით შემოიღო. ის მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სახელმწიფოში, რომლის ხელშიც, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება იყო თავმოყრილი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად დავითმა თავისი ერთგული თანამებრძოლი და აღმზრდელი განაწესა. გიორგი მეფის ყველა წამოწყების თანამონაწილე იყო. მატიანეს ცნობით, მეფე არა მარტო აფასებდა გიორგი ჭყონდიდელს, არამედ ყველაზე დიდ დასაყრდენად მიიჩნევდა. იგი თან ახლდა დავითს ჩრდილო კავკასიაში, ყივჩაღთა გადმოყვანისას, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მეფემ საკუთარ მამასავით იგლოვა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში. 



სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ მეექვსე - „სიბრძნე-სიცრუისას“ და „სიტყვის კონას“ ავტორი, ქართველი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი მრავალმხრივი ნიჭისა და განათლების მქონე პიროვნება იყო. მან კარგი ცოდნა მიიღო, როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. სულხან-საბა შთამომავლობით დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნებოდა და სამეფო კარზე ბავშვობიდანვე იცნობდნენ. ის ახალგაზრდა იყო, როცა  სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში ჩაება და სწორედ ამიტომ მას დაევალა უფლისწული ვახტანგის აღზრდა. მან ამ საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი, ხოლო ვახტანგ VI-ის კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა ცხადყოფს, რომ სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა, რითაც კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. ორბელიანი არა მარტო პირადად ასწავლიდა ვახტანგს, არამედ ხელმძღვანელობდა კიდეც მის აღზრდა-განათლებასა და შეძლებისდაგვარად, ყოველი დისციპლინის შესწავლას თვალს ადევნებდა. მისი ყურადღების გარეშე არ დარჩენილა ისეთი დარგიც კი, როგორიცაა ასტრონომია (ჩვენამდე მოაღწია ვახტანგისათვის განკუთვნილმა კოსმოგრაფიის სახელმძღვანელომ აღმზრდელის მინაწერებით, შენიშვნებითა და განმარტებებით). ალბათ, ამიტომაც იყო გამორჩეული ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა, რომლის დროსაც საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინება დაიწყო. ვახტანგ VI თავის აღმზრდელთან და ანტონ I კათალიკოსთან ერთად ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად მიიჩნევა. 



კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

საგამოცდო ბარათებსა და საგამოცდო პროცესზე დეტალურ ინფორმაციას აპლიკანტებს გააცნობენ

სამინისტრომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯამში 11 ნივთი გადასცა, რომელთა საერთო ღირებულებაც - 84 079,75 ლარია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“

სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება