სიახლეები
სამასწავლებლო

„ბავშვობაში დამაბრუნეთ...“ - დირექტორები „ეტალონთან“ საახალწლო ტრადიციებს აღწერენ
26-12-2018
-
+


საახალწლო ტრადიციები როგორც ყველასთვის საერთო, ასევე თითოეული ოჯახისთვის კონკრეტულ წეს-ჩვეულებებს მოიცავს, სადაც საქართველოს კუთხეების კულტურული მრავალფეროვნებაც იკვეთება. 2019 წლამდე რამდენიმე დღით ადრე Etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და სწორედ ამ თემაზე ესაუბრა - ახალ წელთან დაკავშირებული რომელი ტრადიცია ასოცირდება მათ ბავშვობასთან? 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლა, დირექტორი დონალდ ძაგანია:

ტრადიცია იყო და არის მეკვლეობა, ასევე, ჩიჩილაკის სპეციალური წესით მორთვა, რომელსაც ბებიაჩემი აკეთებდა: ჩიჩილაკთან დაღერღილ სიმინდს დადებდა და ზედ კვერცხს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ისე მოათავსებდა. შემდეგ, ჩიჩილაკს ზემოთ სუროს და თხილის ყვავილს შემოახვევდა, სადაც სურო მარადმწვანეობასთან ასოცირდებოდა, თხილი კი - სიუხვესთან. ბოლოს კი ამ დაღერღილ სიმინდს ოჯახში მოაბნევდნენ, ბარაქის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ეს პროცესი და ჩვენ მას დღესაც ვაგრძელებთ. აღვნიშნავ, რომ ეს ტრადიცია მეგრელებისთვის დღემდე შენარჩუნებულია. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ბლიაძე:

ძალიან კარგად მახსენდება მეკვლეობის ტრადიცია, როცა ბავშვები უბნებში ბერიკების ფორმით დავდიოდით და ტკბილეულს ვარიგებდით. მე წარმოშობით ხაშურიდან ვარ და სამწუხაროდ, ეს ტრადიცია აქტუალური აღარ არის. 

ცნობისთვის, ბერიკაობა ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრია. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).

ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა, ახალი შინაარსით მდიდრდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ქარციძე:

ზუსტად 12 საათზე იშლებოდა სუფრა, შემოდიოდა მეკვლე (რომელიც ყოველთვის ბაბუა იყო)  და  ახალ წელს გვილოცავდა. დღეს მეკვლეობა მეტ-ნაკლებად დაიკარგა. თუმცა 12-ზე სუფრასთან შეკრება ოჯახში შევინარჩუნეთ. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეჩხეთურის საჯარო სკოლა, დირექტორი კლიმენტი ტაბატაძე:

ოჯახური ტრადიცია, რაც ბავშვობასთან ასოცირდება, იყო მამიდასთან მეკვლედ წასვლა. სპეციალურად გამომაწყობდნენ, ტკბილეულით მომამარაგებდნენ და მამიდასთან მაგზავნიდნენ. იქიდანაც საჩუქრებით ვბრუნდებოდი. ასევე, ტრადიციული იყო ახალი წლის ღამეს მეზობლებთან მისვლა-მოსვლა. 

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ოძელაშვილი:

იმ დროს ტრადიცია იყო ბავშვები ახალ წელს ნაძვის ხის ზეიმზე წაეყვანათ. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო მოგონებად მახსენდება. ასევე, აღვნიშნავ, რომ ოჯახში გოზინაყს ყოველთვის მამა აკეთებდა და ეს ყველას ძალიან მოგვწონდა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ბერნიკ ჰოვსეფიანი: 

ტრადიციად დავასახელებდი  ნაძვის ხის მორთვას,  რომელსაც ყოველთვის ბავშვები ვახორციელებდით. ასევე,  საჩუქრებს მშობლებისგან, რომელიც  სიურპრიზი იყო. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჯოჭოს საჯარო სკოლა, დირექტორი შორენა ხაბაძე:

ახალ წელს პირველად ოჯახის უფროსი  შემოაღებდა კარს და ტკბილეულს შემოიტანდა. ეს ტრადიცია ისევ გრძელდება და  ოჯახის უფროსია კვლავ მეკვლე. 

ქობულეთის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი  ნარგიზ ჯინჭარაძე:

ძალიან საინტერესო ტრადიციები მახსენდება ახალ წელთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება: სახლის ფერხავს, იგივე მეკვლეს, ღამე არა საკუთარ სახლში, არამედ სხვაგან უნდა გაეთენებინა, დილით კი ძალიან ადრე მისულიყო იმ სახლში, ვისი მეკვლეც იყო და იმ ოჯახის მიერ გამზადებული ტკბილეული მიეტანა, რომელთანაც ღამე გაათია. ასევე, მეკვლე ოჯახში შაქარს, როგორც სიტკბოს სიმბოლოს და ბრინჯს, როგორც  ბარაქის სიმბოლოს, ისე ყრიდა. წყალი კი სიწმინდის სიმბოლოდ შეჰქონდა ოჯახში. აღსანიშნავია, რომ ახალ წელს არა გოზინაყი, არამედ ბურნე (ცომის ფენაში გამომცხვარი ნიგოზი და შაქარი), და ბაქლავა  (ასევე ნამცხვარი) მზადდებოდა.  ეს ტრადიციები დღეს აღარ არის და ვცდილობ შვილიშვილებს მოვუყვე, რომ მათ მაინც შეინარჩუნონ. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორის საჯარო სკოლა, დირექტორი დავით კობერიძე: 

ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო ასეთი: 31 დეკემბერს ჩვეულებრივად აღვნიშნავდით, მაგრამ განსაკუთრებულად ძველით ახალ წელს, 14 იანვარს ვზეიმობდით. ბებია და ბაბუა შობამდე ხორცს  პირს არ დააკარებდნენ. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღეს შენარჩუნებული აღარ არის. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მამათის საჯარო სკოლა, დირექტორი ინეზა ჩიკაშუა:

მეკვლის ტრადიცია და ჩიჩილაკი მახსენდება. მეკვლე ახლობელი იყო, რომელსაც  „კარგი ფეხი“ ჰქონდა. ადრე მას წინასწარ არჩევდნენ. დღეს ეს წესი გამარტივებულია და მეკვლე ისაა, ვინც პირველი შევა ოჯახში. 

ონის მუნიციპალიტეტის  ღარის საჯარო სკოლა, დირექტორი ანა მეტრეველი:

ტრადიციად შენარჩუნებული გვაქვს, რომ რაიონში ყველა ნათესავი ვიკრიბებით და ახალ წელს ერთმანეთის ოჯახებში აღვნიშნავთ. მაგალითად, ერთ წელს ერთ ნათესავთან ვიკრიბებით, მეორე წელს- მეორესთან და ა.შ. დაახლოებით, 20 კაცამდე გამოდის სტუმარი.  ეს ტრადიცია ბავშვობიდან მოგვყვება. 

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლა, დირექტორი ნელი სულხანიშვილი:

მეკვლეობა და  საშობაო ალილო იყო ტრადიცია, რა დროსაც ბავშვები ნობათს ვაგროვებდით და გაჭირვებულებს ვურიგებდით. სამწუხაროდ დღეს საშობაო ალილო აქტუალური ტრადიცია აღარაა. 

მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლა, დირექტორი სპარტაკ გვარმიანი:

31 დეკემბერს ჩვეულად, საზეიმო განწყობით ვხვდებით, მაგრამ ახალ წელს ტრადიციულად 14 იანვარს აღვნიშნავთ. ამ დროს  მეკვლეობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, მეკვლემ გამზადებული ტაბლა წყალთან (ეზოში) უნდა მიიტანოს, დაილოცოს, შემდეგ ოჯახში დაბრუნდეს,  სამჯერ შემოუაროს კერიას და ხორაგით სავსე ტაბლა მაგიდაზე დადგას. ბავშვობაში ამ პროცესს გაფაციცებით ვუყურებდი. პირველი მეკვლე ოჯახის წევრი უნდა იყოს, ორი საათის შემდეგ კი ორი სხვა მეკვლე მოდის - ერთი ბარაქისა  და მშვიდობისთვის, მეორე - „საქონლის მფარველი“. სანამ ის ორი მეკვლე არ მოვა, სახლში ფეხს ვერავინ შედგამს. ვისაც „კარგი ფეხი“ აქვს, რამდენიმე ოჯახის მეკვლეც კი შეიძლება იყოს.  მე პირადად 7 ოჯახის მეკვლე ვარ წელსაც. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ელგუჯა როგავა:

ბავშვობასთან ასოცირდება მეკვლეობის ტრადიცია, რა დროსაც  ბაბუა კანფეტებს მაძლევდა, რომელიც დილით ადრე ოჯახის წევრებისთვის უნდა დამერიგებინა. ასევე, შინაურ ცხოველებთან მიმქონდა საჭმელები... თოვლი მახსენდება, ასევე, რომელიც ახლა იშვიათადღაა. ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, დაიკარგა.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება