| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას ეჭვქვეშ აყენებს გარდაცვლილი პედაგოგის დედა. მისი თქმით, საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია და გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.
გარდაცვლილი მასწავლებლის დედა საგამოძიებო უწყებებს სრულყოფილი პასუხების მიწოდებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილის სასტიკ ცემაში ერთზე მეტი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რომელზეც მშობელი ყურადღებას ამახვილებს, არის 16 წლის გოგო, რომელსაც, მისი თქმით, მასწავლებელზე შეყვარებულმა აეჭვიანა. ამ მოზარდთან ერთად ჯგუფში იყვნენ სხვა არასრულწლოვნებიც, რომლებიც გიგა ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.
დედა ითხოვს, რომ გამოძიებამ საქმეში არსებული ყველა გარემოება თავიდან და ობიექტურად გადაამოწმოს.
„მკვლელობა იგეგმებოდა რამდენიმე დღე. მე მოვაწყობ ბრიფინგს და დეტალებზე ვისაუბრებ. დეტალურად გამოვიტან, რა უდევთ საქმეში და რა არ უდევთ. რატომ დამალეს? პოლიციის უფროსს ჰქონდა სურათი ჩემი შვილის, იაგო ტალახაძეს, სადაც ჩანდა ზუსტად ის დაზიანება, რისი ვიდეომტკიცებულებაც არსებობს და ამას ადასტურებს გაბაშვილი თავის ჩვენებაში, რომ მიაყენა ერთი დარტყმა მარჯვენა ლოყაზე. საქმეში არ არის ყველა დაზიანება აღწერილი, არც ფორმა 100-ში ექიმს და ნიკა ზირაქაშვილს - ექიმს, რომელმაც მიიღო ჩემი შვილი“, - ამბობს ავალიანის დედა
მოგვიანებით, საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 01 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია ბრალდებულ გიორგი რიკაძის ტელეფონში არსებული და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასევე ჩანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ისმის მათი საუბარიც.
ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს. დაკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომელიც დეტალურად იხსენებს ბრალდებულების საუბარს მომხდარი დანაშაულის შესახებ.
დანაშაულებრივი ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს გიგა ავალიანი მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.
ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით.
აქვე განვმარტავთ, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
„დეტალურად გამოვიტან, რა უდევთ საქმეში და რა არ უდევთ. რატომ დამალეს?“
ბათუმსა და თბილისში სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვნის მუშაობის ფაქტები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
ვიქტორინის მიმდინარეობას სკოლაში ხელმძღვანელობდა სოფიკო გვარამაძე
მსოფლიოს ბავშვების ყველაზე საყვარელი მწერლის დაბადების დღე მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებით იზეიმეს