სიახლეები
სამასწავლებლო

„ვმეცადინეობდით და ვკითხულობდით, მაგრამ გვქონდა დრო ურთიერთობისთვის“ - საჯარო სკოლების დირექტორები ორ ეპოქას ერთმანეთს ადარებენ
17-08-2018
-
+


რით განსხვავდება ეპოქები ერთმანეთისგან, რა კავშირშია ერთმანეთთან ტექნიკური პროგრესი და წიგნიერება? 

Etaloni.ge-სთან საჯარო სკოლების დირექტორებმა თავიანთი ბავშვობა გაიხსენეს, ერთმანეთს ორი, განსხვავებული ეპოქა შეადარეს.

მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი დავით მენაღარიშვილი: 

„ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს, განვითარდა ტექნოლოგიები, პირობებიც უკეთესი გახდა, მაგრამ ცოტა აღმზრდელობითი საკითხი მოიკოჭლებს. ბავშვების მშობლები სამუშაოდ არიან წასულები და ზრდიან ბებია-ბაბუები, ეს კი თავისთავად მოქმედებს აღზრდაზე. მათ დისციპლინა აკლიათ, რასაც სკოლა ბოლომდე ვერ უნაზღაურებს. თანამედროვე თაობა დაშორდა წიგნს. მე ღამის 11 საათზე რომ დავიწყებდი კითხვას, ღამეებს ვათენებდი ხოლმე, ახლა კი ასეთი შემთხვევები ნაკლებადაა. ეს თავის მხრივ ტექნიკამ გამოიწვია, მაგრამ ის მაინც ვერ მისცემს მათ ისეთ ცოდნას, როგორსაც წიგნი გვაძლევდა ჩვენ. ბევრი რამაა შესაცვლელი სკოლებშიც.“ 

ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე: 

„თაობებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. ჩვენ რიგ საკითხებში შეზღუდულები ვიყავით, ახლა კი უფრო ლაღი და თავისუფალი ახალგაზრდობა მოდის. ამას მათ სოციუმი, დრო კარნახობს და ეს ძალიან კარგია. ჩვენი დამოკიდებულებით წიგნი იყო ცოდნის მიღების და ზიარების წყარო, ძირითადი მასაზრდოებელი, ამას კი ახლანდელ თაობაში ვერ ვხედავ. მათი უმეტესობა ინტერნეტზეა დამოკიდებული და წიგნის კითხვა მოდად აქვთ გადაქცეული“. 

ხელვაჩაურის გორას საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე: 

„დიდი განსხვავებაა განვითარების მხრივ. ახლა ყველაფერი წინ მიიწევს, ვითარდება ტექნოლოგიები და ახალგაზრდებიც მნიშვნელოვნად ინფორმირებულები არიან. მათ მეტი მოტივაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა. თუ ჩვენ მხოლოდ სახელმძღვანელოში დაწერილი ტექსტებით ვსწავლობდით და კლასგარეშე ლიტერატურით, მათ ინფორმაციის მეტი წყარო აქვთ. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ახლა მოსწავლემ შეიძლება მასწავლებელზე მეტიც კი იცოდეს. წიგნებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ახლა ნაკლებს კითხულობენ. მე რასაც ვუყურებ, მათ ნამდვილად აქვთ წიგნებისადმი ინტერესი“. 

სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე: 

„მხოლოდ ტექნოლოგიური განსხვავებაა ჩვენს შორის. ახლა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია, რომელიც ულევია ინტერნეტში და წაიკითხო. ჩვენს დროს იყო ცენზურა და ცენზურაგავლილ ამბებს ვისმენდით, ახლა კი მოსწავლეს ისიც კი შეუძლია, მასწავლებელს აღარ მოუსმინოს და თავისით ისწავლოს. მე ვიტყვი ასე, რომ ვისაც აქვს სურვილი, ამა თუ იმ საქმის კეთების, ის ამას გააკეთებს. ასეა წიგნებთან მიმართებაშიც - ვისაც აქვს კითხვის სურვილი, ყველგან მოძებნის წასაკითხ წიგნებს. კი, ტექნიკასთან დიდ დროს ატარებენ, მაგრამ პარალელურად კითხულობენ კიდეც“. 

ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი გურამ დუმბაძე: 

„განსხვავებას უფრო მეტად განაპირობებს ტექნიკური პროგრესი. დღეს ინფორმაციის მოძიების უფრო მეტი საშუალებაა. ჩვენს დროს ასეთი ფუფუნება არ იყო, ამას პლუს დროის სიმცირე. ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია. კითხვას რაც შეეხება, წიგნებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ელექტრონულმა ინფორმაციებმა წიგნი უკანა პლანზე ჩასწიეს და შედეგად, ახალგაზრდები ახლა უფრო ცოტას კითხულობენ, ვიდრე ჩვენ ვკითხულობდით“. 

ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯაში-შაინიძე: 

„ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ და უფრო თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები მოდიან. ვფიქრობ, რომ მართლა კარგი თაობა იზრდება, აზროვნებით, შეგნებით, კულტურით. წიგნიერების დონე თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვისაც წიგნი უყვარს, ის ყოველთვის წაიკითხავს წიგნს. მართალია, ახლა ძირითადად ციფრულ ტექნიკაზე არიან გადასულები, მაგრამ ამას წიგნების კითხვაზე დიდად არ უმოქმედია, რადგან კითხვა ელექტრონულადაც შეიძლება“. 

ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე: 

„ეპოქებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. თუნდაც ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. რა თქმა უნდა, ვმეცადინეობდით და ვკითხულობდით, მაგრამ გვქონდა დრო ურთიერთობისთვის, ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. ახლა კი ცალკე ტექნიკამ, ცალკე კი მშობლებმა, ბავშვებს ეს დრო წაართვეს. მაშინ წიგნიერებაც მეტი იყო, მეტს ვკითხულობდით. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ჩემს მოსწავლეებს დიდ ეკრანზე ფილმი არ აქვთ ნანახი, არ იციან კინოში სიარულის გემო და „მუღამი“, შემდეგ კი აზრების ერთმანეთისთვის გაზიარების სიამოვნება. თითქოს მეტია პროგრესი და განვითარება, მაგრამ ამ დრომ მათ სილაღე და თავისუფლება წაართვა.“

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ქადიეშვილი: 

„განსხვავება ძალიან დიდია ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მე მახსოვს, ტელევიზორის საყურებლად მეზობელთან დავდიოდი და ახლა ყველა ოთახშია უკვე საკომუნიკაციო საშუალებები. ამასთანავე, ბავშვები დაშორდნენ წიგნებს და მიეჯაჭვნენ ტექნიკას. ჩვენ სკოლაში სხვადასხვა პროექტს ვატარებთ, მოსწავლეებში წიგნიერების ასამაღლებლად. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „XXI ს-ის წიგნიერი მოქალაქე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სხვადასხვა პიროვნება ხვდება და უყვება კონკრეტული წიგნის შესახებ. ამის გარდა, ტარდება ვიქტორინები და თვითონ მოსწავლეებიც დგამენ ხოლმე ინსცენირებებს წიგნებიდან. მაგრამ ეს მცდელობა მაინც არაა საკმარისი და უფრო მეტია საჭირო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მათ წიგნის კითხვა შევაყვაროთ“. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება