სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში განათლების მინისტრს უმასპინძლეს - უძველესი საგანმანათლებლო კერა დაარსებიდან 180 წლის იუბილეს აღნიშნავს
27-11-2026
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია. ერთ-ერთმა უძველესმა საგანმანათლებლო კერამ დაარსებიდან 180 წელი იზეიმა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სკოლის STEM კლუბის საქმიანობას გაეცნო, კომპიუტერული ლაბორატორია დაათვალიერა და პედაგოგებს შეხვდა. მან ასევე მოინახულა ანა ბერძენიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელსაც წიგნები გადასცა საჩუქრად და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

გივი მიქანაძე სკოლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. საზეიმო პროგრამაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და გამორჩეული კურსდამთავრებულები.

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„180 წელი - თავისთავად თარიღიც შთამბეჭდავია, თუმცა, ეს მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის. ესაა არაერთი თაობის აღზრდა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების უწყვეტი გადაცემა, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ეს არის სკოლა, რომლის კედლებში არაერთი გამორჩეული, დიდი ქართველის ცხოვრების გზა დაიწყო.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ პედაგოგს, ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც ამ 180-წლიანი ისტორიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მადლობა სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთა წარმატებები ამ სკოლის განვითარების ნაწილია.

ეს წლები დიდი პასუხისმგებლობაც არის – შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებმაც სკოლა ამ სიმაღლემდე მოიყვანა და ამავე დროს, შექმნა უკეთესი, ღირსეული მომავალი.

ვულოცავ ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს! მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და კურსდამთავრებულებს ვუსურვებ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შესაძლებლობებსა და მიღწევებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას სკოლის ისტორია გააცნეს. პროგრამა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებითაც იყო დატვირთული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულო გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, შემოქმედისა და სრულიად გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები, ადგილობრივი ხელისუფლების, საპატრიარქოსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა 1846 წლის 14 აპრილს დაარსდა და რეგიონში ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს. თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში სკოლამ აღზარდა არაერთი ცნობილი მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

სკოლის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა შორის არიან ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, აპოლონ წულაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

დღეს სკოლა აგრძელებს მრავალწლიან საგანმანათლებლო ტრადიციებს და იმავდროულად ნერგავს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს. ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და აკადემიური შედეგების ამაღლებაზე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 
საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება