| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო ბაღებში ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია. დაწესებულებები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვებისთვის უსაფრთხო, დაცული და არაძალადობრივი გარემო, ხოლო აღმზრდელებმა და სხვა თანამშრომლებმა ბავშვებთან ურთიერთობისას მხოლოდ არაძალადობრივი აღზრდის მეთოდები გამოიყენონ.
შესაბამისი მოთხოვნების თანახმად, საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღმზრდელ-პედაგოგები, აღმზრდელები და სხვა პერსონალი ფლობდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს. ამასთან, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესაძლო შედეგებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
მოთხოვნები ვრცელდება პერსონალის მომზადებისა და გადამზადების პროცესზეც. სწავლება უნდა მოიცავდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, ძალადობის დაუშვებლობას, ბავშვის ქცევის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებსა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრება თავად დაწესებულებასაც. საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის პრევენცია, მისი გამოვლენა, შეფასება, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება და სათანადო რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება და განათლებაც.
გარდა ამისა, თითოეულმა დაწესებულებამ უნდა გამოყოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის ან ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რეგულაცია ასევე განსაზღვრავს შეზღუდვებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამებთან დაკავშირებით. კერძოდ, დაუშვებელია პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან დაწესებულების თანამშრომლების მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში თუ მის ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პოპულარიზაციისკენ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება