| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველაზე დიდი გამარჯვება და აღიარება, რაც კი სკოლამ და პედაგოგებმა შეიძლება მოიპოვონ, მოსწავლისა და მშობლის გულწრფელი, სიყვარულითა და მადლიერებით სავსე სიტყვებია. სკოლა „ანაბასისი“ ყოველთვის ამაყობდა თავისი აღსაზრდელებით, თუმცა ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ორმა უთბილესმა წერილმა თითოეულ ჩვენგანს თვალზე სიხარულის ცრემლი მოჰგვარა. ეს არ არის უბრალოდ მადლობა, ეს არის დასტური იმისა, რომ „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას.
სკოლის კურსდამთავრებული, ქეთი ცერცვაძე, დღეს სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩარიცხვას ელის და აღნიშნავს, რომ მისთვის აბიტურიენტობის ორი წელი მთელი ცხოვრების საგანძურად იქცა:
„აბიტურიენტობის ყველაზე ტკბილი და დასამახსოვრებელი ორი წელი მქონდა, სავსე გათენებული ღამეებითა თუ ტკბილი მოგონებებით… მთელი ცხოვრება რომ გამყვება, ისეთი სითბო ვიგრძენი ამ ორ წელიწადში და მართლაც, როგორც ადამიანი, ისე გავიზარდე“, - წერს ქეთი სოციალურ ქსელში და განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს თავის გამორჩეულ პედაგოგებს:
შორენა მარაქველიძე - ადამიანი, რომელმაც სულ მოკლე დროში საოცრად გამიცნო, შემიყვარა და უზომოდ შემაყვარა თავიც... მოდუნების საშუალებასაც არ გვაძლევდით, მაქსიმუმს ითხოვდით და თავს უძღვნიდით თქვენს საქმეს. ინგლისურის გამოცდაზე რომ გამოგვყევით და ჭიშკრიდან გამოსული გულში რომ ჩამიხუტეთ გახარებული და აციმციმებული თვალებით, სულ მემახსოვრება!
ელისო ბერაძე - ელისო მასწავლებლის ემოციებით დატვირთული საუბარი და ტკბილი ხმა, რა უნდა მოხდეს, რომ დამავიწყდეს... ქართულის გამოცდის დღეს ატირებული გამოვედი, აკანკალებული ხელით დავრეკე, თქვენ დამშვიდება დაიწყეთ და მითხარით, რომ 60/60-ს მივიღებდი... ასეც მოხდა, მას! თქვენ მასწავლებელთან ერთად ჩემი უახლოესი მეგობარიც ხართ!
ეკატერინე ჩაჩიბაია - ჩემი ეკა მასწავლებელი, რომელმაც შემაყვარა ინგლისური და მასწავლა შრომა მეექვსე კლასიდან მოყოლებული... მაშინ, როცა თბილისში გადავდიოდი, გამოსამშვიდობებელი წერილიც კი მოგწერეთ, ისე მიჭირდა თქვენგან შორს წასვლა. დაღლილს ყავასაც კი მიკეთებდით ხოლმე... არასდროს დამავიწყდება თქვენი წვლილი და ამაგი!
ილია ბარბაქაძე - „ათჯერ რომ მომიწიოს ამ გზის გავლა, მაინც თქვენ აგირჩევდით! ყველაზე ბედნიერი ისტორიის გაკვეთილებზე ვიყავი... გვასწავლიდით, რომ შეუძლებელი არაფერია და სახელსა და დიდებას არაფერი სჯობს! არასდროს დამავიწყდება დილის 6 საათზე გაკვეთილების დაწყება და თქვენი გამამხნევებელი სიტყვები: „ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი“... ამიერიდან ჩემს ადგილზე სხვა იჯდება, სხვა მოისმენს თქვენი სტუდენტობის ამბებს, სხვას მოუყვებით ისტორიას თომას ედისონის შესახებ... ნეტავ კიდევ ერთხელ მომასმენინა, მას! საამაყოა თქვენი მოსწავლეობა.
ამ უდიდეს პროფესიულ აღიარებასთან ერთად, ქეთი მადლობას უხდის თავის ოჯახს, პოსტს კი მშვენიერი სიტყვებით ასრულებს: „მადლობა ჩემს აღმზრდელ სკოლა „ანაბასისს“, რომელმაც ადრეული ასაკიდან მასწავლა შრომის ფასი და ჩამომაყალიბა იმად, რაც ვარ დღეს!“
„ანაბასისის“ კედლებში მიღებული ცოდნისა და სწორი აღზრდის კიდევ ერთი ბრწყინვალე დასტურია ლუკა კობახიძის უდიდესი წარმატება. დედის, ლიზა გუნიავას ემოციური პოსტიდან შევიტყვეთ, რომ ლუკა სწავლას ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონში აგრძელებს და ის უკვე მათი ოჯახის მეორე „კომაროველია“!
ამ უდიდესი სიხარულის ფონზე, მშობელი განსაკუთრებულ მადლობას უხდის „ანაბასისის“ ადმინისტრაციას და თითოეულ პედაგოგს, ვინც ამ რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე მათ გვერდით იდგა:
„ეკა ჯიმშიაშვილი და ხათუნა წითელაშვილი ლუკას მასწავლებლები არიან... მადლობა იმ საძირკვლისთვის, რომელიც ბავშვს პირველივე ნაბიჯებიდან ჩაუყარეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა თინათინ დავითაძეს, ლუკას მათემატიკის მასწავლებელს - თქვენი პროფესიონალიზმით, გულშემატკივრობითა და სიყვარულით უდიდესი როლი ითამაშეთ ლუკას წარმატებაში. თინა მასწავლებელო! თქვენ წარუშლელი კვალი დატოვეთ ლუკას გულში“ - წერს მშობელი და ასევე მადლიერებას გამოხატავს კომაროვის შაბათის სკოლის მასწავლებლის, დათო არაბიძისა და კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულ აჩი მახათაძის მიმართ: „მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გულწრფელად გაუზიარა ჩემს ბიჭებს, მიიყვანა ისინი წარმატებით კომაროვამდე, გახდა მათი მეგობარი, მრჩეველი და მისაბაძი ადამიანი. მინდა ყველა ბავშვს ჩვენსავით გაუმართლოს და შეხვდეს ისეთი სანდო და გულისხმიერი მასწავლებელი, როგორიც აჩია. მეამაყები ლუკა! წარმატებები ჩემო ტკბილო ბიჭო!“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...