| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება. უნივერსიტეტები კი ყოველთვის ვერ ახერხებენ ამ ცვლილებების დროულად გათვალისწინებას და მოთხოვნად მიმართულებებზე მეტი აბიტურიენტის მიღებას. შედეგად, პოპულარული სპეციალობის დაუფლების მსურველთა რაოდენობა ხშირად რამდენჯერმე აღემატება მისაღებ ადგილებს.
იმის დასადგენად, თუ რომელი საგანმანათლებლო მიმართულებებზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ონლაინპლატფორმა Studyportals-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3 500 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 200 000-ზე მეტი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და ყველაზე მოთხოვნადი 10 სპეციალობის რეიტინგი შეადგინა.
ყველაზე მოთხოვნადი საბაკალავრო მიმართულებები მსოფლიოში:
1.ევროპული სამართალი
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 28,6%-ით; მოთხოვნა 4,7-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
ევროპული სამართლებრივი სისტემა მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, შესაბამისად, ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი ინტერესი სწორედ ამ სახელმწიფოების მოქალაქეებში შეინიშნება. პროგრამას- „ევროპული სამართალი“ ყველაზე ხშირად ირჩევენ სტუდენტები ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.
2. ხელოვნური ინტელექტი
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 36,1%-ით; მოთხოვნა 4,4-ჯერ აჭარბებს შეთავაზებას.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მრავალ ქვეყანაში ამ სფეროში კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, საბაკალავრო პროგრამების ძირითადი ნაწილი კვლავ აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული. ამ პროგრამების მიმართ ყველაზე მაღალი ინტერესი აზიის ქვეყნების ახალგაზრდებში შეინიშნება, განსაკუთრებით პაკისტანში.
3. UX-დიზაინი
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 32,9%-ით; მოთხოვნა 3,5-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
user experience Design იგივე მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი - მიზნად ისახავს ტექნიკასთან, გაჯეტებთან, ვებგვერდებსა და აპლიკაციებთან კომფორტული ურთიერთქმედების უზრუნველმყოფი ინსტრუმენტების შექმნას. ამ მიმართულების შესასწავლად სტუდენტები ყველაზე ხშირად ბელგიას, შვედეთსა და ნიდერლანდებს ირჩევენ.
4. სტომატოლოგია
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 24,1%-ით; მოთხოვნა 2,9-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
ამ პროფესიის დაუფლებისკენ განსაკუთრებით მიისწრაფვის ახალგაზრდობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და პაკისტანში.
5. მანქანური სწავლება
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 34,1%-ით; 2,9-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტ დარგში გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა ანალიზზეა დაფუძნებული, რის გამოც ხელოვნური ინტელექტის ეს მიმართულება განსაკუთრებულად მოთხოვნადი ხდება. ბოლო პერიოდში მანქანური სწავლებით განსაკუთრებით ინტერესდებიან სტუდენტები გერმანიიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან, მაროკოდან და ნეპალიდან.
6. საერთაშორისო ბიზნესი
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 15,5%-ით; 2,9-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
გლობალიზაციის სამყაროში საერთაშორისო ბიზნესისა და სავაჭრო ურთიერთობების სფეროში სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ისევე როგორც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ ინტერესი.
7. მდგრადი ენერგეტიკა
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 43,6%-ით; მოთხოვნა 2,9-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის პერსპექტივა ამ მიმართულებას სწავლების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სფეროდ აქცევს, განსაკუთრებით ევროპაში. პროგრამები განსაკუთრებით მოთხოვნადია გერმანიაში, სადაც მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე პოპულარული საბაკალავრო პროგრამებია. მსგავსი პროგრამები ასევე ფართოდ არის ხელმისაწვდომი ნიდერლანდებში, იტალიასა და ირლანდიაში.
8. ვებტექნოლოგიები და ღრუბლოვანი გამოთვლები
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 53,6%-ით; 2,7-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
მსოფლიო მასშტაბით სწრაფი ტემპით იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღრუბლოვანი გამოთვლების, ვებგვერდების და აპლიკაციების შექმნისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების შესწავლით. ეს პროცესები წარმოადგენს ბიზნესისა და საზოგადოების უწყვეტი ციფრული ტრანსფორმაციის ბუნებრივ შედეგს.
9. ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 25,7%-ით; 2,7-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
ინფორმაციული ტექნოლოგიები წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესპროცესების საფუძველს, რის გამოც ამ სფეროში სპეციალიზირება მსოფლიოს მასშტაბით კვლავ მიმზიდველი და პრესტიჟულია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
10. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
პროგრამებზე მოთხოვნა 2022 წლიდან გაიზარდა 12,4%-ით; მოთხოვნა 2,6-ჯერ აღემატება შეთავაზებას.
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიმართულებაზე მოთხოვნა შედარებით ნელი ტემპით იზრდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებზე. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ რჩება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საგანმანათლებლო მიმართულებად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით