მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ნოფალ ალიევი, პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამისთვის მრავალფეროვან, მათ შორის გასვლით აქტივობებს საკმაოდ ხშირად ატარებენ.
სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია ექსკურსიაზე, როგორც სასწავლო მეთოდზე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სკოლის, მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება; მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მათში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება;
ამ მიზნების მისაღწევად სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი, საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით უნარებს.
ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპს: სწავლა-სწავლება ხელს უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას (მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას);
„ჩვენი სკოლის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შემეცნებითი ექსკურსიები, რომლებიც მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი უძველესი ისტორიული სოფლის აკაურთის შემოგარენის გაცნობითა და შესწავლით დავიწყეთ, შემდეგ ბოლნისისა და დმანისის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, ვესტუმრეთ დედაქალაქსა და მცხეთას, მუზეუმებს, შემდეგ ვიმოგზაურეთ კახეთში (წინანდალი, ბოდბე, სიღნაღი).წინა წლის შემოდგომით საოცნებო ქუთაისი, გელათი, პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები დავათვალიერეთ.
ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხისა თუ კულტურული ძეგლის მონახულებისას, ჩვენი მოსწავლეები უკან უფრო გაზრდილი, ამაყი და ფრთებშესხმული ბრუნდებიან და მიღებული ცოდნას მეგობრებს უზიარებენ.
ხშირად პრობლემას წარმოადგენს ექსკურსიაში ყველა მოსწავლის ჩართვა. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ საექსკურსიო მასალის სასკოლო სივრცეში გადმოტანა. სწორედ ამ მიზნით, დავით აღმაშენებლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოსწავლეებმა შესწავლილი მასალის, ექსკურსიაზე მიღებული ცოდნის, ნანახისა და განცდილის გადმოსაცემად მოამზადეს პრეზენტაციები“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გელათის აკადემია-საგანმანათლებლო კერა;
სკოლის ფეისბუქ-გვერდზე: ქართული ენის კლუბი (აკაურთის საჯარო სკოლა) განათავსეს შექმნილი რესურსები
დავით აღმაშენებელი- მეფე მწიგნობარი;
საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ;
დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული ომები;
X-XI-XII კლასის მოსწავლეთა შორის გაიმართა დისკუსია თემაზე: „შესაძლებელია თუ არა, დავით აღმაშენებლის რეფორმები რომ განმეორდეს“.
ამავე დროს გელათის ექსკურსიის დროს ნანახი ისტორიული ობიექტების მასალებით შექმნილი რესურსის გამოყენებით, ისტორიის, ხელოვნების, მშობლიური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლების მიერ დაიგეგმა გაკვეთილები დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
სკოლის ფეისბუქ-გვერდებზე განათავსეს შექმნილი რესურსები:
ქართული ენის კლუბი„შეიცან თავი შენი“ (აკაურთის საჯარო სკოლა) https://www.facebook.com/groups/849894402610470
აკაურთის საჯარო სკოლა
https://www.facebook.com/groups/1849718325090215
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სკოლის ხელმძღვანელის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური ჩართულობით სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება – თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.
გიზიარებთ იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რომელიც შეიტყვეს გელათში მყოფი ბერებისა და გიდისგან:
1. სახელწოდება გელათი
მონასტრის ნამდვილი სახელი იყო „გაენათი, ანუ „გენათი“, რომელიც წარმომდგარა ბერძნული სიტყვის „გენაფლიაკონ“-ისაგან, რაც დაბადებას ნიშნავს მონასტრის სახელი „გელათი“ თუ „გაენათი“, შესაბამისად ახლის დაბადებას, ახლის ამობრწყინებას უნდა ნიშნავდეს. გელათის მშენებლობა 1106 წელს დაწყებულა.
2. გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ტაძრის კედლებზე გამოსახული ფრესკები:
დედოფალი რუსუდანი, უფლისწული ბაგრატი, გიორგი II, დედოფალი ელენე, ბაგრატ III, კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე და დავით IV აღმაშენებელი.
ფრესკა განეკუთვნება XVI საუკუნეს და მისი ავტორების სახელები სამწუხაროდ ისტორიამ არ შემოგვინახა.
მთავარი ტაძრის გუმბათზე ჩვენს თვალწინ იშლება დიდებული ინტერიერი და სივრცე, დაგვყურებს XVI საუკუნის ქრისტე პანტოკრატორი (ბერძ. ყოვლისშემძლე) მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი სახარებით.
3. დავით აღმაშენებლის საფლავის ქვის წარწერა
„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვა არ არის ორიგინალი. სავარაუდოდ ის მოდის მხოლოდ XVI საუკუნიდან, ხოლო ნამდვილი საფლავის ქვა ინახება ტაძარში.
დავით აღმაშენებლის საფლავის ქვის ასომთავრულით შესრულებული წარწერა:
„ქ ესეარსგან სასოენე... ბელიჩ[მი] [ოკიოკე] [ესე]მთნა ვსაქადა ვემკჃდრო მე“ - იკითხება ასე: „ქ ესეარსგან სასოენე ბელიჩ[მი] [ოკიოკე] [ესე]მთნა ვსაქადა ვემკჳდრო მე“, - უნდა გავიგოთ ასე:
„ქრისტე! ესე არს განსასოჳენებელი ჩემი ოჳკოჳნითი ოჳკოჳნისამდე. ესე მთნავს, აქა დავემკჳდრო მე“.
აქ არსადაა ნახსენები „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან“… ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ გენიალური ქართველი მწერლისა და პოეტის შთაგონება იყო.
შესაბამისად, ნუ ჩათვლით აუცილებლად დავით აღმაშენებლის საფლავთან მისულებმა ქვაზე ფეხი დადგათ და დაიწყოთ ძებნა, რომელია გულის მხარე.
რატომ?
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვა გაცვდება ან მიცვალებულის საფლავზე არ შეიძლება გადაბიჯება, არამედ იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელი წმინდანად არის შერაცხული, როგორც კეთილმსახური დავით მეოთხე და არავის გვაქვს უფლება მისი საფლავის ქვაზე ფეხის დადგმის“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
4. დავით აღმაშენებლის საფლავი და განჯის კარი
როგორც ცნობილია,დავით აღმაშენებელი ანდერძის თანახმად, ტაძრის შესასვლელში დაკრძალეს, თუმცა საფლავში არ აღმოჩნდა წმინდანის ძვლები. ვარაუდობენ, რომ მტრებისგან დასაცავად გადამალეს ისევე, როგორც თამარ მეფის ცხედარი.
განჯის კარი მონასტრის სამხრეთი კარიბჭის ინტერიერს ამშვენებს და დავით აღმაშენებლის საფლავთან მდებარეობს.
როგორც ვიცით, დავითის მემკვიდრემ დემეტრე I 1138-39 წწ. განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა.
ყურადღებას იმსახურებს მასზე ამოტვიფრული წარწერა, რომელიც შესრულებულია არაბულ ენაზე 1063 წელს და გადმოსცემს შემდეგს:
სახელითა მოწყალისა და მნწყალობელისა ალაჰისა
ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის,
– ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა.
მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამმად ბინ აბდალლას მიერ
– ალაჰმა წყალობა მისცეს.
აგებულია მჭედელი იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალლაქუნის მიერ 455 (1063) წელს.
5. გელათის აკადემია
გელათის მშენებლობა 1106 წელს დაწყებულა. მეფე დავითმა მონასტრის მშენებლობის პარალელურად გელათში დააარსა სასწავლო ცენტრი - გელათის აკადემია.
გელათის აკადემია განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის ხანის საქართველოს პირველი აკადემიაა. დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებს შორის. წყაროებით ამ წლებისათვის საქართველოში სხვა აკადემიის არსებობა არ დასტურდება.
გელათის უმაღლესი სკოლა-აკადემია იმდროინდელი უნივერსიტეტის ბადალი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც მაშინდელ სტანდარტებს შეესაბამებოდა, როგორც სავალდებულო საგნების სწავლებით, ისე ლექტორთა (მოძღვართა) მაღალი დონით. ( იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე, იოანე ტარიჭისძე ....)
გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია და ასტრონომია. აქ არსებობდა ობსერვატორიაც, საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე გელათის აკადემიას ქართულ წყაროებში „მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა“ ეწოდება.
შესასვლელის ოთხივე სვეტი ფორმითა და მოყვანილობით განსხვავდება. რატომ?
გვყავს ოთხი მახარებელი, ოთხი სახარების ოთხი ავტორი – შესაბამისად, სვეტებიც მათ სახელზეა აგებული
მარკოზის, ლუკას, მათესა და იოანეს სახელობის.
აკადემიამ იარსება XVI საუკუნის პირველ ნახევრამდე.
დღეს გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო სასწავლებელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
2. კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
3. მასწავლებლის გზამკვლევი: ექსკურსიის მომზადება, ექსკურსიის ჩატარება;
4. სკოლის ფეისბუქ-გვერდზე გამოყენებული მასალა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა
„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
„თითოეული ბავშვი ბედნიერი, წარმატებული უნდა იყოს, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ წინსვლაში“...
„წელს 6 კურსდამთავრებული გვყავს და მათ შორისაა ჩემი შვილი“
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ