სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის შინაგანი მოტივაციის ზრდა უნდა იყოს“ -  ნატალია ოთარაშვილი, თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
15-03-2024
-
+


10 წელია მათემატიკას ასწავლის, კარგად იცნობს პედაგოგებს, ახალ თაობას, სკოლის საჭიროებებს... დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის ლიდერია, ჯერჯერობით დირექტორის მოვალეობას ასრულებს, თუმცა კონკურსში მონაწილეობს, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაც გაიარა და გვიმხელს, რომ უმაღლეს შეფასებას ელის. 

ნატალია ოთარაშვილი განათლების სისტემას პედაგოგისა და დირექტორის პოზიციიდან აფასებს, თამამად საუბრობს ცვლილებების აუცილებლობაზე, აცხადებს, რომ ექსპერიმენტები, თუნდაც რისკის ფასად, მნიშვნელოვანია, საუბრობს „უინტერნეტო ბავშვების“ უპირატესობებზე, თანამედროვე ახალგაზრდების თავისებურებებზე, პედაგოგიურ მიდგომებზე; ინტერვიუს დასაწყისში კი გვიამბობს, რა გზა განვლო პედაგოგობიდან დირექტორობამდე:

- ქალბატონო ნატალია, მოგვიყევით გზაზე, რომელმაც სკოლის ლიდერობამდე მიგიყვანათ...

- 10 წელია სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი ვარ, შარშან ჩავაბარე გამოცდა, დავიცავი პორტფოლიო და გავხდი წამყვანი მასწავლებელი; სკოლას კი სექტემბრიდან ვხელმძღვანელობ, ჯერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ; წელს პირველად გავედი გამოცდაზე, ტესტირების ეტაპი გავიარე, რთული არ ყოფილა, პირიქით, უმაღლეს შეფასებას ველი. 

- ახალი მოთხოვნის თანახმად, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ სწავლების გამოცდილების მქონე პირებს შეეძლოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და საჭირო მოთხოვნაა? 

- რელევანტური მოთხოვნა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულია, მართო სკოლა. ადრე დირექტორს თითქოს მხოლოდ მენეჯერის ფუნქცია ჰქონდა, არადა სკოლის მმართველმა სწავლება უნდა იცოდეს, იცნობდეს მასწავლებლების გამოწვევებს, იაზრებდეს მოსწავლეთა საჭიროებებს...

- თქვენს მოსწავლეებს რა საჭიროებები აქვთ?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სოფლად მცხოვრები ბავშვებით არის დაკომპლექტებული და შესაბამისად, გვაქვს უშუალო ურთიერთობები, ჯანსაღი, ურთიერთთანამშრომლობითი გარემოა, მოსწავლეებთანაც, პედაგოგებს შორისაც, კათედრებიც აქტიურად თანამშრომლობენ, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, მოსაზრებებს, ერთმანეთის მაგალითებზე ვსწავლობთ, ერთმანეთს გაკვეთილებზე ვესწრებით, არ ვუშინდებით კრიტიკას და ცხადია, არც პოზიტიურ შეფასებას  - ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მიზნების მისაღწევად. 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა, რომ სკოლა იყოს ორიენტირებული, მომავალ თაობას ჩამოუყალიბოს 21-ე საუკუნის მოტხოვნების შესაბამისი ღირებულებები, ბავშვებს მისცეს ისეთი განათლება, რომ მათ შეძლონ კრიტიკული აზროვნება... პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ მედია თუ ციფრულ წიგნიერებას... მინდა ქვეყანას ეროვნული ღირებულებების მატარებელი ახალგაზრდები აღვუზარდოთ

- ეროვნული ღირებულებების განვითრება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში  პრიორიტეტული საკითხია, თუმცა გულწრფელად გვითხარით - შესაძლებელია პატრიოტიზმის სწავლება, ქალბატონო ნატალია?

- პატრიოტიზმი სულში უნდა გქონდეს ადამიანს, მაგრამ ეს გრძნობა მოსწავლეებს მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს. როცა ბავშვი კარგად ისწავლის ქვეყნის ისტორიას, ეცოდინება საიდან მოვდივართ და როგორ მოვედით დღემდე, გაუჩნდება სურვილი, იბრძოლოს სამშობლოს თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. პედაგოგებმა კი მათ მაგილითი უნდა მივცეთ. 

- გულისხმობთ, რომ მხოლოდ საგნის სპეციალისტობა არ არის საკმარისი? 

- მასწავლებელი თუ თვითონ არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ბავშვსაც ვერ ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას. კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ცინიზმში არ უნდა გადავიდეს და ოქროს შუალედის დაცვა მნიშვნელოვანია.

დიახ! მასწავლებელი მხოლოდ საგანს არ უნდა ასწავლიდეს და იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რომელზეც სურს ბავშვების აღზრდა. არა მხოლოდ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმაც უნდა გაამართლონ ბავშვების იმედები. 

- ფიქრობთ, ამართლებენ პედაგოგები მოსწავლეთა იმედებს? 

- ჩემი სკოლის მაგალითით, რომ ვიმსჯელო 22 მასწავლებელი მყავს და უმეტესობა ნამდვილად არის იმ ღირებულებების მატარებლები, რაზეც ვისაუბრეთ; მაგრამ არიან ისეთი პედაგოგები, რომლებსაც სჭირდებათ ამ კუთხით დახმარება და განვითარება. 

- როგორ უნდა დაეხმაროთ მათ, როგორც სკოლის ლიდერი? 

- როგორც დირექტორი, ვესწრები გაკვეთილებს და ვიცი თითოეული მათგანის სუსტი და ძლიერი მხარეები... კორექტულად, სუსტ მხარეებზე მივუთითებდი და ვთხოვდი, რომ გაევლოთ ის ტრენინგები, რომლებიც ამ პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარებოდათ. იმ ტრენინგებში კი, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი

- ქალბატონო ნატალია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის თანახმად, სტანდარტს უნდა მოერგოს ყველა სახელმძღვანელო, ამხელა ცვლილების ფონზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცუდად გვქონდა საქმე ამ კუთხით? 

- ჩემს ბავშვობაში, ძალიან კარგი სახელმძღვანელოები იყო, ის ცოდნა მომყვება დღემდე, არა მხოლოდ მათემატიკის მიმართულებით, ზოგადადაც... მე რომ მათემატიკის სწავლება დავიწყე, მაშინაც ბევრად უკეთესი სახელმძღვანელო გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს. ნამდვილად მწვავედ დგას ეს პრობლემა - თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას. ჩემს საგანზე რომ ვისაუბრო, არ არის შესაბამისი და საკმარისი სავარჯიშოები შეტანილი, არა არის მასალა ისე დალაგებული, რომ ბავშვმა კარგად გაიგოს ესა თუ ის საკითხი... ამას ემატება ის პრობლემები, რაც ინტერნეტმა შექმნა - ვფიქრობ, უინტერნეტო ბავშვების თაობა მეტად კომუნიკაბელური, მოტივირებული, ჰუმანური იყო და სწავლის სურვილიც მეტად ჰქონდა... ახლახან, დავიწყე კვლევა, რომელშიც მონაწილეობენ მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და პედაგოგებიც, სასწავლო წლის ბოლოს, ვნახავ შედეგს და იმედია გამოიკვეთება ის ფაქტორები, რის საფუძველზეც პრობლემის გადაჭრის გზებს ვიპოვი. 

- ფიქრობთ, მოსწავლეთა დემოტივაცია ტექნოლოგიების ეპოქამ განაპირობა? 

- როგორც ყველაფერს, ასევე ტექნოლოგიებსაც, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მათი მიზნობრივად გამოყენება, პირიქით ძალიან კარგად იმოქმედებს მოსწავლეზე და ზოგადად განათლების ხარისხის ამაღლებაზე, მაგრამ იმდენად დამოკიდებულები გახდნენ მოსწავლეები, რომ ცხადია, ეს ნეგატიურად აისახება მათზე - ბუნებრივია, დემოტივაციასაც განაპირობებს. ჩვენ ტექნოლოგიებს აქტიურად ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში და ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას, ბავშვებს კი სწავლის მოტივაცია ნაკლებად აქვთ; უნდა ვაღიაროთ - ისინი მხოლოდ ნიშნების გულისთვის სწავლობენ, რათა ცოდნა სკოლამდე მოიტანონ და ამაში ქულა მიიღონ - განმსაზღვრელი შეფასება რომ გაუქმდებოდეს, მოსწავლეებში მოტივაცია ამაღლდება. 

- საინტერესო ინიციატივაა, თუმცა სწორედ განმსაზღვრელ შეფასებაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა დაჯილდოება კომპიუტერებითა და მედლებით; ფიქრობთ, ბავშვები ამ ბენეფიტებს შეელევიან?

- ნიშანი მგონია გარეგანი მამოტივირებელი და არა შინაგანი... როცა მოსწავლეს სწავლა უნდა, ყველაფერს აკეთებს, არის მოწესრიგებული და შრომობს, ნიშანიც უნდა, მაგრამ ის უნდა იყოს დამსახურებული. 

- გულისხმობთ, რომ დღეს დაუმსახურებლად იწერება ნიშნები? 

- დღეს თითქოს შედარებით ხდება ნიშნების წერა, ამიტომ ვამბობ, რომ ნიშანი კი არა, ცოდნა უნდა იყოს მთავარი - ბავშვები ერთმანეთს 10-იანებში არ უნდა ეჯიბრებოდნენ. 

- რით შეიძლება განმსაზღვრელი შეფასების ჩანაცვლება? 

- მასწავლებლებთან და კათედრებთან ერთად, შემოვიღებდი ისეთ სისტემას, როცა მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტული დღის, არამედ წლის ბოლოს დაგროვილი ცოდნით შეფასდებოდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის შინაგანი მოტივაციის ზრდა უნდა იყოს. ვცდილობ ყოველი ახალი გაკვეთილი მათ ინტერესებს მოვარგო, მოვიფიქრო აქტივობები, რომლებშიც ყველა ჩაერთვება და კლასში არ მეყოლება „იგნორირებული მოსწავლეები“...

- მათემატიკა ბევრისთვის რთულ საგანს მიეკუთვნება - ახერხებთ, რომ არ გყავდეთ „იგნორირებული მოსწავლეები“? 

- სხვადასხვა მიმართულების მოსწავლეები გვყავს, მაგრამ ვცდილობ და ჩემს პედაგოგებსაც ამას მოვუწოდებ, რომ ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილები დავგეგმოთ, ყველას ერთნაირი სიძლიერის ამოცანას ვერ შევთავაზებ, როცა ვიცი თითოეულის მონაცემები. 

- ემხრობით დიფერენცირებულ სწავლებას?

- მგონია, რომ დიფერენცირებული სწავლება ძალიან კარგ შედეგზე გაგვიყვანს - 9 კლასი სრულებით საკმარისია, რომ მოსწავლემ შეძლოს არჩევანის გაკეთება საკუთარი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით. 

- რეფორმის ფარგლებში არაერთი სიახლე განხორციელდა - ასეთ ტემპს სკოლები აუწყობენ ფეხს?

- ყველა სიახლეს ახლავს რისკები და წინასწარ ყველაფრის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ამის შიშით გაჩერება არ შეიძლება, მით უფრო, როცა საქმე განათლებას ეხება! განათლების ხარისხის ზრდა მნიშვნელოვანია, რისკების ფასადაც, სიახლეებისკენ სწრაფვა, ცვლილებების რეჟიმში ყოფნა და მუდმივად წინსვლა - ამ სფეროს თანმდევი პროცესებია. 

- ბოლოს, როგორია თქვენთვის იდეალური მოდელი - როგორ სკოლას უხელმძღვანელებდით?

- ბავშვობის დროინდელ სკოლას ვუხელმძღვანელებდი. არ იფიქროთ, წარსულს მივტირი... რაც შეეხება იდეალურ სკოლას - შემოვიღებდი ფორმას; სკოლას შშმ პირებისთვის ყველანაირად ადაპტირებულს გავხდიდი; დავნერგავდი კაბინეტურ სისტემას, როგორც ჩემი მოსწავლეობის დროს იყო - ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის კაბინეტებში ცდებს ვატარებდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით სწავლაში; ყველა კლასს საჭირო ტექნიკური ინვენტარით მოვამარაგებდი... მარტივად რომ გითხრათ, ფინური სკოლის მოდელია ჩემთვის იდეალური.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება