სიახლეები
სკოლები

გაიცანით, გეზათის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი - იზაბელა გაბუნია, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ
05-12-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ. 

ერთ-ერთი ასეთი მათემატიკის პედაგოგი იზაბელა გაბუნიაა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. სკოლაში მისი ღვაწლი დააფასეს, ის მასწავლებლის ეროვნული პრემიაზე კანდიდატად იყო წარდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ მას პედაგოგიური მოღვაწეობის ოცდათხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს. აქედან, ოცდაცამეტი წელია, რაც გეზეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. მასწავლებელი მოსწავლეთა მიღწევებისა და პიროვნული ზრდის მხარდაჭერისათვის, აქტივობებს, მათემატიკის ოლიმპიადებს, ვიქტორინებს ახორციელებს. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სასკოლო სასწავლო შემოქმედებით და მოსწავლეთა ეროვნული სასახლის კონფერენციებში, სხვადასხვა ოლიმპიადაში, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატში - „ეტალონი“, ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, იზაბელა გაბუნია 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. 

სკოლაში იზაბელა გაბუნიას მიღწევებით ამაყობენ და შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე გვიზიარებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამორჩეულთა ხვედრია დაიმსახუროს ერთნაირი ნდობა და ავტორიტეტი მოსწავლეებში, მასწავლებლებში, მშობლებსა და თემში, უდიდესი სიყვარულით უანგაროდ გიყვარდეს ბავშვები და იღვწოდე მათი საფუძვლიანი განათლებისთვის.

არიან ადამიანები, რომელთათვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია როდია, ის არის მოწოდება, საქმე, ურომლისოდაც უბრალოდ ვერ იცხოვრებ.

ასეთია ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი იზაბელა გაბუნია, რომელსაც პედაგოგიური მოღვაწეობის ოცდათხუთმეტ წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის- ოცდაცამეტი წელი ჩვენს სკოლაში. ის ამ სოფლის მკვიდრი არის, აქ მიიღო საბაზო განათლება. უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თავის სოფელს, მშობლიურ სკოლას, რათა თავისი ცოდნა- განათლება მოეხმარა მომავალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის. 

მასწავლებელი უდიდესი ენთუზიაზმით შეუდგა საყვარელ საქმეს. მას მთელი თავისი პედაგოგიური მუშაობის პერიოდში არაერთხელ უწევდა საყვარელი საქმის უანგაროდ შესრულება. იგი დარსა და ავდარში, უამინდობასა და უშუქობაში ფეხით მოდიოდა სკოლაში, საკუთარი ოჯახიდან მოჰქონდა გათბობისათვის აუცილებელი ელემენტარული საშუალებები, რათა გათოშილ ოთახში მათემატიკის საინტერესო სამყაროსთან ერთად სითბოც მიეტანა უსაყვარლეს აღსაზრდელებთან.

იზაბელა გაბუნია არაერთი ქველმოქმედების ინიციატორი იყო. იგი უანგაროდ ეხმარებოდა შეჭირვებულ მოსწავლეებს და მარტოხელა მოხუცებს. აწყობდა საქველმოქმედო აქციებს. სასკოლო საზოგადოებისა და თემის აქტიური ჩართულობით აგროვებდა სურსათს, ტანსაცმელს, საოჯახო ნივთებს.

მასწავლებელი მოსწავლეთა მიღწევებისა და პიროვნული ზრდის მხარდაჭერისათვის დღესაც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, მათემატიკის ოლიმპიადებს, ვიქტორინებს. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სასკოლო სასწავლო შემოქმედებით  და მოსწავლეთა ეროვნული სასახლის კონფერენციებში, სხვადასხვა ოლიმპიადაში, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“, ინტელექტუალურ თამაშში -„რა? სად? როდის?“. მოსწავლეები საჭიროებისამებრ გაჰყავს სასწავლო შემეცნებითი ვიზიტით, გასართობ ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე.

მასწავლებლის ჩატარებული  გაკვეთილები გამოირჩევა ინოვაციებით. სასწავლო პროექტებითა და კომპლექსური დავალებებით. ის გაკვეთილებზე ხშირად იყენებს მის და მოსწავლეების მიერ შექმნილ რესურსებს, განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და ფორმებს, ქმნის შეფასების რუბრიკებს. მისი მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტფოლიოები არის სანიმუშო და სკოლაში წლის ბოლოს მოწყობილ გამოფენა-კონკურსში  ღებულობენ მაღალ შეფასებას.

გასულ წელს იზაბელა გაბუნია დასახელებული იყო 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლად.

მას გააჩნია კლასის ხელმძღვანელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მთავარი პრიორიტეტი  მისი მუშაობისა არის მაღალი აკადემიური მოსწრება და აღწევს მას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და დირექციასთან თანამშრომლობით. მის სადამრიგებლო მერვე კლასის რვა მოსწავლიდან ოთხი არის ათოსანი. მასწავლებელი კლასში ახორციელებს არაფორმალური განათლების მიმართულებით მრავალფეროვან აქტივობებს. მოსწავლეები აღნიშნავენ ცოდნის დღეს, კლასის დღეს, ბოლო ზარს, აწყობენ აქციებს გარემოს დასუფთავებასა და გამწვანებაზე. წიგნიერების ამაღლების მიზნით კლასში ატარებს წიგნის ერთობლივ კითხვას. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებში: „დაარღვიე დუმილი -არა ძალადობას,“ „მუსიკისა და სპორტის ჰარმონია.“

კლასში გაწეული მუშაობისათვის იზაბელა გაბუნია არაერთხელ იქნა დასახელებული წლის საუკეთესო დამრიგებლად.

მასწავლებელი მუშაობს პრინციპით - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.

პროფესიული განვითარების მიზნით იზაბელა გაბუნიას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, ჩართულია საბაზისო განათლების პროგრამაში. არის ლიდერი მასწავლებელი. სკოლის ბაზაზე ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. გეგმავს და ფასილიტაციას უწევს  სასწავლო ჯგუფის შეხვედრებს, აცნობს ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციებს, ინოვაციებს ნერგავს საგაკვეთილო პროცესში, რისთვისაც ისწრებს და ესწრება კოლეგების გაკვეთილებს და აძლევს კონსტრუქციულ აღწერით უკუკავშირს. მასწავლებელს დაესწრო ქოუჩი აზა ჯოჯუა, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა მის ჩატარებულ გაკვეთილს, ქოუჩი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა მასწავლებლის მიერ ინოვაციური მეთოდების მიზანმიმართულად გამოყენებისა და  მაქსიმალურ შედეგზე გასვლის გამო.

მასწავლებელს ჩაბარებული აქვს წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარის გამოცდა და ამჟამად ემზადება პრაქტიკული ნაწილის შეფასებისათვის.

იზაბელა გაბუნია ხელმძღვანელობს მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგი-ებისა და ჭადრაკის კათედრას. ამ მხრივ მუშაობის საკმაო გამოცდილება გააჩნია. ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, გაკვეთილების ერთობლივ დაგეგმვას, სიახლეების განხილვას, ურთიერთდასწრებებს გაკვეთილებზე. თავად ესწრება კოლეგების გაკვეთილებს, დაგეგმილ აქტივობებს და აძლევს უკუკავშირს. აღნიშნული კათედრა მისი ხელმძღვანელობის დროს რამდენჯერმე დასახელდა სკოლაში წლის საუკეთესო კათედრად.

გასულ სასწავლო წელს მასწავლებელი ხელმძღვანელობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტის პედაგოგიური პრაქტიკის გავლას სამოქმედო გეგმის მიხედვით.

მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან, არის სკოლის ხარისხისა და განვითარების ჯგუფის წევრი.

იზაბელა გაბუნია გარდა პროფესიული აქტივობისა გამოირჩევა პიროვნული ღირსებებით. იგი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს, უფრთხილდება გმირების ხსოვნას. მისმა ოჯახმა პირადად  იწვნია 2008 წლის აგვისტოს ომის ტკივილი. ამ ომს შეეწირა მისი ოჯახის წევრი, დისშვილი მამუკა სამაკაშვილი, მან მოსწავლეებში პატრიოტული აღზრდის მიზნით მოაწყო აგვისტოს ომის გმირების სტენდი და გამართა პრეზენტაცია წიგნისა - „გმირი“. გმირების უკვდავყოფის მიზნით მას ყოველ-წლიურად გაჰყავს მოსწავლეები დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირების მემორიალთან, უკავშირდება მათ ოჯახებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. მზრუნველობს ომის მონაწილეთა საფლავებზე.

იზაბელა გაბუნია აქტიურადაა ჩართული სოფლის კულტურულ ცხოვრებაში. მისი ორგანიზებით მოეწყო ამ სოფლის მკვიდრი პოეტ ვერა შუბლაძის საიუბილეო საღამო. მოსწავლეები ჩართული ჰყავს სოფლის ბიბლიოთეკაში და მონაწილეობას იღებენ ბიბლიოთეკარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. დახმარებას უწევს თემში არსებულ ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელს გასტროლების ორგანიზებაში. იზაბელა გაბუნიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, ის ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა მუშახელის კვებას. იგი არის სასკოლო საზოგადოების ლიდერი. ხელს უწყობს სკოლაში პოზიტიური კულტურის ჩამოყალიბებას. აქტიურად მონაწილეობს სკოლის მისიის შექმნაში, აზიარებს და ზრუნავს მის განხორციელებაზე.

იზაბელა გაბუნია პოპულარიზაციას უწევს პედაგოგის პროფესიას, მისი არაერთი აღზრდილი საუკეთესო მათემატიკოსებად მოევლინნენ ქვეყანას. იზაბელა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობით, მას ძალიან უყვარდა მათემატიკა. მე, როგორც მის მათემატიკის მასწავლებელს თვალწინ მიდგას გოგონა, რომელიც გამუდმებულ კვლევა-ძიებას აწარმოებდა მათემატიკის სამყაროში და დღეს როგორც მისი დირექტორი ვფიქრობ, რომ იგი იმსახურებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს, როგორც სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული მუშაობისათვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

izrune.ge-ს დღე-სასწაული პატარა იზრუნელებისთვის - ღონისძიება 22 ივნისს თბილისში ჩატარდება

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით შეიქმნა სოციალური საწარმო „მერკური“

დირექტორების საყურადღებოდ! - 19 ივნისი ბოლო დღეა გაცდენის ექსტერნებზე მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის

გამოცდის გადაბარების პერიოდი შემცირდა - NAEC დეტალებზე

ინფორმაცია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ ! 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ანა მიხელიძის ფასილიტაციითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით ფინალური გაკვეთილები მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დასრულდა“

მეოთხეკლასელები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მრავალფეროვანი პროგრამით

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება