სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს, სწავლა ეხალისებოდეს - ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - აზავრეთის საჯარო სკოლის დირექტორი სლავიკ ეგიაზარიანი
11-09-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლა 15 სექტემბრისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

ახალ სასწავლო წელს სკოლის კარს ექვსი პირველკლასელი შეაღებს, რომელთაც დირექცია და პედაგოგები საზეიმოდ დახვდებიან. 

როგორც სკოლის დირექტორი სლავიკ ეგიაზარიანი გვეუბნება, პატარებს განსაკუთრებულ ვითარებაში გადასცემენ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს. 

„ვცდილობთ, მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შევუქმნათ და სწავლის დაწყების პირველ დღეს ღირსეულად დავხვდეთ. პირველი დღე თითოეული ბავშვისთვის განსაკუთრებულია და გვინდა, 15 სექტემბერი მათთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს“, - ამბობს სლავიკ ეგიაზარიანი.

მისი თქმით, სკოლაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მოსწავლემ თავი დაცულად, კომფორტულად და ოჯახურ გარემოში იგრძნოს. დირექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებთან ურთიერთობას.

„ჩვენი მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ ყოველთვის თბილი და მშობლიურია და ეს ჩემი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. მიმაჩნია, რომ ბავშვს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს, სწავლა უნდა ეხალისებოდეს და მზად უნდა იყოს იმ ცოდნის მისაღებად, რასაც სკოლა აძლევს, ჩვენ კი ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - აღნიშნავს დირექტორი.

​სკოლის ხელმძღვანელი კმაყოფილია კურსდამთავრებულების მიღწევებითაც.

მისი თქმით, წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა სწავლის გაგრძელება წელს სომხეთში, გადაწყვიტეს, თუმცა წინა წელს სკოლის 11 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საკმაოდ კარგი შედეგებით ჩაირიცხა. დანარჩენებმა კი სწავლა საზღვარგარეთ განაგრძეს.

„ეს შედეგები ბევრის მეტყველია და ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს სკოლაში სწავლების დონე მაღალია. მოსწავლეების წარმატება ძალიან მახარებს და მაბედნიერებს“, - ამბობს სლავიკ ეგიაზარიანი.

სკოლაში სასწავლო პროცესის გასაახლებლად უკვე ყველაფერი მოწესრიგდა. ყველა საკლასო ოთახის წინ განთავსებულია მობილური ტელეფონების შესანახი ყუთები. სიახლეს დირექტორი დადებითად აფასებს. 

„ცვლილებას ორივე ხელით მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ გაკვეთილზე მოსწავლე სწავლაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა გართობაზე. მობილური ტელეფონები სასწავლო პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენდა და ყურადღებას უფანტავდა მოსწავლეებს“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

სლავიკ ეგიაზარიანი ასევე მიესალმება სასკოლო ფორმების შემოღებას. მისი თქმით, პირველკლასელებმა ფორმები უკვე შეიძინეს და სასწავლო წლის პირველ დღეს ლამაზად, მოწესრიგებულები გამოცხადდებიან.

დირექტორის სურვილია, სასკოლო ფორმა ყველა კლასის მოსწავლისთვის იყოს სავალდებულო.

„მინდა, ჩვენს ყველა მოსწავლეს ეცვას ფორმა. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების კონცენტრირებას სწავლაზე და აღარ დაიწყებენ ფიქრს იმაზე, ვინ სხვაზე უკეთესად ჩაიცვამს, გაიპრანჭება ან გარეგნობით გამოირჩევა. ჩემი აზრით, სკოლაში ყველა მოსწავლე თანასწორი უნდა იყოს“, -ამბობს ის. ამასთან, დირექტორი ხაზს უსვამს, რომ თანასწორობა ჯანსაღ კონკურენციას არ გამორიცხავს. „ჯანსაღი კონკურენცია, პირიქით, ძალიან დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეების სწავლის ხარისხზე. მინდა, ისინი ერთმანეთს შეეჯიბრონ სწავლაში, კარგ ადამიანობაში, მიზანდასახულობასა და წარმატების მიღწევაში. სწორედ ეს მოგვცემს საუკეთესო შედეგს“, - აღნიშნავს სლავიკ ეგიაზარიანი.

სკოლის დირექტორის თქმით, როგორც მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი წესი, ისე სასკოლო ფორმების შემოღება დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია.

„გულწრფელად გამახარა ახალმა წესებმა. მინდა, ჩვენი ახალგაზრდები კიდევ უფრო განათლებულები იყვნენ, რადგან განათლება მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზაა. მე ძალიან მიყვარხართ, ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო, და დამერწმუნეთ - სახელმწიფო, სკოლა და მშობლები ყველანი ერთად ვზრუნავთ თქვენს ნათელ მომავალზე“, - ამბობს სკოლის დირექტორი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება