| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში სათხუთმეტსექტემბროდ გამორჩეული სამზადისია.
სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნებას განსაკუთრებულად ელიან. „სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ შრომას, მიზანდასახულობასა და ურთიერთპატივისცემას“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარტინ ხოცანიანი, რომლისთვისაც 15 სექტემბერი განსაკუთრებით საზეიმო დღეა.
წელს სკოლის კარს სამი პირველკლასელი შეაღებს. როგორც დირექტორი გვიყვება, პატარები სასკოლო გარემოს უკვე გაეცნენ - ისინი მშობლებთან ერთად „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეულნი, სადაც მეთორმეტეკლასელებმა საჩუქრები გადასცეს და ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
მომავალ პირველკლასელებს დამრიგებელმა სკოლა და საკლასო ოთახიც დაათვალიერებინა, ამიტომ 15 სექტემბერს მათთვის სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა აღარ მოუწევთ. თუმცა, დირექტორის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლა პატარებს საზეიმოდ არ დახვდება.
„პირველი სასწავლო დღე ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული უნდა იყოს. პირველკლასელებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს გადავცემთ, სკოლაში მოსვლას მივულოცავთ და ბევრ ლამაზ და წარმატებულ დღეს ვუსურვებთ“, - ამბობს დირექტორი.
მისი თქმით, სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსწავლეების პიროვნულ განვითარებასაც ენიჭება.
„ჩემთვის სკოლა ნამდვილად ცოდნის ტაძარია. აქ მოსწავლეები სწავლობენ შრომას, მიზანდასახულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ურთიერთპატივისცემას. თუ ადამიანს ადამიანი არ უყვარს და მის პატივს არ სცემს, სხვა ღირებულებებს ფასი ეკარგება. სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ სკოლა მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, რასაც მოსწავლეთა მიღწევებით ადასტურებს.
„2026 წლის ექვსი კურსდამთავრებულიდან სამი ოქროს მედალოსანი იყო. მათ მაღალი შედეგებით ჩააბარეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტში სწავლა კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა გააგრძელა. წინა წლების მონაცემებით კი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების დაახლოებით 80% ოქროსმედალოსანი იყო. ეს შედეგები თითოეული მასწავლებლის შრომისა და მოსწავლეების მონდომების შედეგია და ნამდვილად გვეამაყება“, - ამბობს დირექტორი.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში უკვე განთავსებულია მობილური ტელეფონების შესანახი ყუთები. თუმცა, დირექტორის თქმით, ტელეფონების გამოყენება სკოლაში აქამდეც არ წარმოადგენდა პრობლემას.
„იშვიათი გამონაკლისების გარდა, მოსწავლეები სკოლაში ტელეფონებით ისედაც არ დადიოდნენ, თუმცა ამ ინიციატივას სრულად ვესალმები. მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“, - აცხადებს ის.
დირექტორი ასევე დადებითად აფასებს სკოლაში სასკოლო ფორმის შემოღებას და მიიჩნევს, რომ ფორმა ყველა კლასის მოსწავლისთვის უნდა იყოს სავალდებულო.
„ვისურვებდი, მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს ეცვას ფორმა. მშობლებიც ძალიან გახარებულები არიან - ყოველ დილით აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, რა ჩააცვან ბავშვს სკოლაში. ამასთან, ფორმა თანასწორობის განცდასაც ქმნის და მოსწავლეებს შორის აღარ ხდება ყურადღების გამახვილება იმაზე, ვის რა აცვია“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, სკოლა ის სივრცეა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესზე უნდა იყოს მობილიზებული და ამავდროულად თავს დიდი ოჯახის წევრად გრძნობდეს.
„ჩვენი მოსწავლეები ერთი დიდი და ლამაზი ოჯახის შვილები არიან. აქ მათ ყოველთვის სიხარულით ელიან და ცდილობენ, მისცენ ყველაფერი, რაც ცხოვრების რთულ გზაზე გამოადგებათ. სწორედ ამისთვის ვშრომობთ და გვინდა, ჩვენი ყველა კურსდამთავრებული - და ზოგადად ახალგაზრდობა - იყოს მიზანდასახული, შრომისმოყვარე და წარმატებული. ყველას დავულოცავ, წარმატებისკენ მიმავალ გზას ვულოცავ“,- ამბობს დირექტორი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...