სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩვენ მასწავლებლები, ხანდახან მოსწავლეებიც ვართ“  - სარგვეშის დირექტორი ინგა ბერაძე სკოლის მართვის მეთოდებზე გვიყვება 
04-07-2023
-
+


„ჩვენ მასწავლებლები, ხანდახან მოსწავლეებიც ვართ“ - ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ბერაძე, რომელიც უკვე 5 წელია სკოლას სათავეში უდგას და წარმატებით ასრულებს სკოლის ლიდერის ფუნქციებს. როგორც თავად გვიყვება, გუნდურობა ყველაზე მნიშვნელოვანია და სიამაყით აცხადებს, რომ მის სკოლაში ყველა დირექტორია!...

მისთვის დირექტორობა საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა წარმატებულმა მოღვაწეობამ უბიძგა იმისკენ, რომ გამოცდაზეც გასულიყო... ტესტირებაც და გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გაიარა და საბოლოო შედეგს იმ იმედით ელის, რომ ექნება შესაძლებლობა მცირეკონტინგენტიანი სარგვეშის საჯარო სკოლა მეტად მრავალრიცხოვანი და მოთხოვნადი გახადოს.


- ქალბატონო ინგა, როგორ შეაფასებთ წლევანდელ სასწავლო წელს?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სარგვეშის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანი, საბაზო სკოლაა და ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ როგორმე ბავშვები მოვიზიდოთ და ჩვენი სკოლის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ. ვერ გეტყვით, რომ მოსახლეობის რაოდენობა დიდია და ბავშვები არ მოდიან - ასე ნამდვილად არაა! თუმცა, არის მეზობელი სოფლები, სადაც საშუალო სკოლებია და მშობლებს შვილების იქ შეყვანა ურჩევნიათ. მცირე კონტინგენტის მიუხედავად, ჩვენ სკოლაში სრულყოფილად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, აქტიურად ვაწყობთ ღონისძიებებს, ექსკურსიებს, ვცდილობთ გაკვეთილების გამრავალფეროვნებას... დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო იმ საქმიანობების ჩამოთვლა, რასაც ჩემი პედაგოგები აქტიურად ეწევიან სკოლაში, რამდენად ზრუნავენ იმაზე, რომ მოვიზიდოთ მოსწავლეები და შევქმნათ სრულყოფილი სასწავლო გარემო.

რაც შეეხება ჩვენ მიღწევებს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პედაგოგი არის სტატუსიანი. მე თვითონაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. წელს დირექტორის გამოცდა ჩავაბარე, გასაუბრებაც გავიარე და ველოდები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას. მომავალი წლიდან, მეც პედკოლექტივთან ერთად სტატუსის ამაღლებისთვის გამოცდებზე გასვლას ვგეგმავ!

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სკოლის უპირველესი საზრუნავი მოსწავლეთა მოზიდვაა... რომ გვითხრათ რას ჰპირდება თქვენი სკოლა ბავშვებს?

- ჩვენი სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა დაუსვა ეს კითხვა მე - 4 კლასის მოსწავლეს, შესთავაზე ბავშვს შენ სკოლაში სწავლა, რით დააინტერესებდიო? პირველი, რაც მოსწავლემ უთხრა იყო: „საუკეთესო მასწავლებლები მყავს, საუკეთესო სწავლაა და საუკეთესო გარემო“ - ვერ აღვწერ, რამდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის მოსმენა და დავეთანხმები მოსწავლეს, მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი მყავს. ეს არის საყრდენი გუნდი, რომლის იმედი შეგიძლია გქონდეს, და რომლითაც იამაყებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას 9 მასწავლებლიდან ცხრავე 100%-ით ართმევს თავს.

- დიდი მიღწევაა ამდენად შეკრული კოლექტივი... როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?

- პედაგოგთა განათლება და ცოდნა! მართალია ყველა პედაგოგს აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ ალბათ განსაკუთრებული მასწავლებლები არიან ჩვენ სკოლაში და მე ამით გულწრფელად ვამაყობ. 

- თქვენზეც ვისაუბროთ... რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება განათლების სფეროს და რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ დირექტორი? 

- დირექტორობა არ ყოფილა ჩემი მიზანი, მეტიც ამის სურვილიც კი არ მქონია. ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა... 5 წლის წინ, როცა დირექტორი წავიდა სკოლიდან, მთხოვეს, რომ ამეღო ეს პასუხისმგებლობა და ისე გამოვიდა, რომ უკვე წლებია სათავეში ვუდგავარ სკოლას. რადგან პასუხისმგებლობა ავიღე და დღემდე დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ვარ, ვცდილობ ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულო, ამიტომ გადავწყვიტე დირექტორების გამოცდაზე გასვლაც, ტესტირება წარმატებით გავიარე, გასაუბრების ეტაპიც დავძლიე და ველოდები საბოლოო შედეგებს. რაც შეეხება პედაგოგობას, პირველი კლასიდან ვამბობდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი და ასეც მოვიქეცი. 

- რადგან გამოცდებს შევეხეთ, როგორ შეაფასებდით, დირექტორების შერჩევის მეთოდს და ასევე პედაგოგთათვის სტატუსის მინიჭების წესს?

- საკმაოდ რთული პროცესია. მე არც დოკუმენტაციის წარდგენა, არც კვლევა და არც გარე დაკვირვება დამჭირვებია, უფროსის სტატუსი ისე მივიღე, მხოლოდ გამოცდები ჩავაბარე და კრედიტები დავაგროვე. მე და ჩემი პედკოლექტივი ვგეგმავთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ კარიერული ზრდა. მასწავლებელი, რომ უნდა ვითარდებოდეს ამას ყოველთვის აღვნიშნავ, ჩვენ მუდმივად სწავლების პროცესში უნდა ვიყოთ. 

- განათლების სისტემასაც შევეხოთ... ახალი მინისტრი მუდმივად სიახლეებსა და ცვლილებებზე საუბრობს, რამდენად ხართ ამისთვის მზად? 

- მე ძალიან მომწონს, ის ფაქტი, რომ მინისტრი დაუახლოვდა პედაგოგებს და მათთან ხშირად აქვს შეხვედრები, მე არ შევხვედრივარ, მაგრამ აშკარაა, რომ  მასწავლებლებს უსმენს, მათ აზრებს იზიარებს და შეკითხვებზე პასუხობს. ჩვენ გვისმენენ - ეს კი, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 

ჩემი სკოლის მთავარი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა, თან ავტორიზაცია გვაქვს გასავლელი და ამ პრობლემას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. გვაქვს მოვლილი, კაპიტალური შენობა, თუმცა არა ისეთი, რომ თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობდეს. დღეს სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიდის და ეს განათლების სამინისტროს, მთავრობისა და ჩვენი მერიის დამსახურებაა. სექტემბერში, რომ მოვლენ ჩემი მოსწავლეები და მასწავლებლები დახვდებათ იდეალური გარემო - ეს ჩვენი სკოლისთვის დიდი მიღწევაა... მე პირველი კურსიდან მასწავლებლად ვმუშაობ და ამ სკოლაში ამდენად მასშტაბური პროექტი ჯერ არ განხორციელებულა!

- ალბათ ეს სკოლაზე მოთხოვნასაც გაზრდის არა?

- ასე ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სარგვეშში დაბერებული მოსახლეობაა. არ არის ახალგაზრდობა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანეს და ოჯახების სარჩენად სოფლიდან ქალაქებში გაიქცნენ...

- თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს, როდესაც კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა... ეს რამდენად აფერხებს მოსწავლეს სრულფასოვანი სოციალური უნარების განვითარებაში?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა! ბავშვებს სჭირდებათ შესაბამისი სოციალური გარემო. კი ბატონო, სკოლაში ყველა კლასის მოსწავლეები ემეგობრებიან ერთმანეთს და ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ გაკვეთილზე, ხომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლემ ვიღაცის აზრი მოისმინოს? ჩვენ მასწავლებლები ხანდახან მოსწავლეებიც ვართ, მათთან ერთად ვმსჯელობთ, მათთან ერთად ვმუშაობთ, ზოგჯერ დავალებასაც გაკვეთილზე ვაკეთებთ... მოსწავლეს ნამდვილად უფრო მეტი ინდივიდუალური ყურადღება ექცევა, უბრალოდ მათ საგაკვეთილო პროცესში ურთიერთობა აკლიათ. 

- შეიძლება ეს უპირატესობადაც ჩაითვალოს? ალბათ რთულია მართო 25 ბავშვი... შესაძლოა მხოლოდ ერთთან მუშაობა მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს? 

- ვფიქრობ სწავლების ხარისხს მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები გვაძლევს. მოსწავლეს რისი შესაძლებლობაც აქვს იმას სძლევს, ჩვენ მოსწავლეებს იმას ვაკეთებინებთ, რაც მათ უნარებს შეესაბამება. მოსწავლეთა რაოდენობა, ხარისხთან მიმართებაშიც იგივე პრინციპით ისაზღვრება - ის ხარისხი იდება, რის საშუალებასაც იძლევა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები. 

- რადგან სასწავლო პროცესზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოებსაც შევეხოთ... რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული რესურსით?  

- სახელმძღვანელოებში არის გაპარული ლაფსუსები, შეცდომებსაც ხშირად ვაწყდებით. მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და გრამატიკაში ზოგჯერ ისეთი შეცდომები მხვდება მრცხვენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს შეცდომა არ არის ბეჭდვის დროს დაშვებული და აშკარად გრამატიკული უზუსტობაა... მთლიანობაში სახელმძღვანელო არ არის ცუდი, მაგრამ უკეთესი აჯობებს. 

- ჭადრაკზეც ვისაუბროთ... წელს პირველი კლასისთვის სავალდებულო საგანი იყო და უკვე შედეგებზე საუბარიც შესაძლებელია, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? 

- ჩვენ ორი ბავშვი გვყავდა პირველ კლასში და ორივეს ინდივიდუალურად ჰქონდა ჭადრაკის დაფა. მათ არაერთი უნარი განივითარეს... ვფიქრობ პირველ კლასში, ამ მიმართულებით მოსწავლეები სიღრმისეულ ცოდნას ვერ მიიღებდნენ, მაგრამ საფუძვლებს ნამდვილად გაეცნენ და ის ფაქტი, სწავლას მეორე კლასშიც გააგრძელებენ მისასალმებელი და სასიხარულოა. 

- დაბოლოს, ქალბატონო ინგა რა არის თქვენი საქმიანობის ლოზუნგი? 

- ამ სკოლაში, ჩვენ, ყველანი დირექტორები ვართ! მე ვარ მასწავლებელი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, უბრალოდ მაქვს დამატებითი პასუხისმგებლობა... ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ! მიყვარდეს ყველა მასწავლებელი, პატივს ვცემდე მათ, გავითვალისწინო ყველას აზრი და ვიყო ისეთი, როგორიც მათ სურთ -  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

შეზღუდვა, რომელიც ყველა მე-12 კლასელს მეორე სემესტრიდან შეეხება - დეტალები ესგ-დან

ტერმინები, რომელიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ

საკითხები და მიმართულებები რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო განიხილავს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეთა შესრულებული ყველა როლი იყო ძალიან შთამბეჭდავი

მოსწავლეები კონკურსში აქტიურად და დიდი შემართებით ჩაერთნენ

მსგავსი ტიპის შემეცნებითი გაკვეთილები მწვანე კალენდრიდან ხელს უწყობს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება