სიახლეები
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური დღესასწაული გაიმართა
24-11-2022
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლაში მორიგი მათემატიკური ოლიმპიადა გაიმართა. ინტელექტუალური ღონისძიება, რომელიც მთელ სკოლას, მის თითოეულ რგოლს - მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და დირექციას აერთიანებს, შთამბეჭდავად წარიმართა. etaloni.ge სრულიად ორიგინალური თამაშის დამსწრე გახდა, რომლის საავტორო უფლება თავად სკოლას და თამაშის შემქმნელს - მათემატიკის მასწავლებელ ინგა სტვილიას ეკუთვნის. 

უკვე ტრადიციად ქცეული მათემატიკური ოლიმპიადა სკოლაში რამდენიმე წელია მიმდინარეობს. წელს სკოლაში ოლიმპიადის მეხუთე სეზონი იმართება. ოლიმპიადა მე-12-დან- მე-5 კლასებს მოიცავს. 23 ნოემბერს კი ინტელექტუალური კონკურსის მორიგი ეტაპი ჩატარდა - ამ დღეს მე-6 და მე-5 პარალელური კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ითამაშეს. 

შეჯიბრი თავად ორგანიზატორმა ინგა სტვილიამ გახსნა, ის იყო ღონისძიების წამყვანიც. მან სკოლის დირექტორ ნინო გახარიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა და პირველი დავალებაც გააცნო. 



ცოდნამ იზეიმა სკოლის სააქტო დარბაზში - მოსწავლეებმა უნარებზე და ლოგიკაზე გათვლილი ამოცანები ამოხსნეს და ეს ყველაფერი საოცარი სიხარულით გააკეთეს.

ბავშვებთან ერთად ითამაშეს დამრიგებლებმაც, ეს კონკურსის ყველაზე სახალისო ეპიზოდი აღმოჩნდა. ეს ტური მონაწილეთა სპორტულ და ინტელექტუალურ უნარებს აერთიანებს. მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად ბოულინგი ითამაშეს და გუნდებს დამსახურებული ქულაც მოუტანეს.



თამაში 8 ტურად წარიმართა.

სკოლის დირექტორ ნინი გახარიას ვკითხეთ, თუ რა მნიშვნელობას ატარებს სასკოლო ცხოვრებაში აღნიშნული კონკურსი.

„ოლიმპიადის იდეა 2016 წელს დაიბადა, პირველად ქალბატონმა ინგა სტვილიამ შექმნა მათემატიკის კლუბი „უსასრულობა“, სწორედ ამ კლუბის მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა. ბავშვების დაკვეთაც იყო, რომ მათემატიკაში ოლიმპიადის ტიპის შეჯიბრი ჩატარებულიყო. ქალბატონმა ინგამ კი მოსწავლეებისგან წამოსულ ინიციატივას ხორცი შეასხა, მხოლოდ, სრულიად განსხვავებული ფორმატით. კონკურსი ავთენტური და ყველასგან განსხვავებულია. არის ორიგინალური და ვფიქრობთ, რომ საავტორო უფლებაც დაცული უნდა ჰქონდეს.

წელს, ამ ოლიმპიადის მეხუთე სეზონი იმართება, პროექტი რომ მდგრადია, ამას ადასტურებს ის რომ, 2016 წლიდან მხოლოდ პანდემიის წლებში გვქონდა ჩავარდნა, დანარჩენი, აბსოლუტურად, ყველა წელს ტარდებოდა. მაქსიმალური ჩართულობა იყო ჩვენი მოსწავლეების და არა მხოლოდ ჩვენი, ერთ წელს წალკის მუნიციპალიტეტიდან არწევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გვსტუმრობდნენ, ჩართულნი იყვნენ 89-ე და 131-ე საჯარო სკოლის ბავშვებიც. შიდასასკოლო კი ჰქვია, მაგრამ გამოვიდა, რომ სკოლებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო და მიზნობრივი პროექტია. ბავშვები ერთმანეთს უკავშირდებიან, აქვთ მეგობრული ურთიერთობა, დაგვაახლოვა დირექტორები, მასწავლებლები, და ა.შ. გამოცდილების გაზიარების კუთხითაც ეფექტური აღმოჩნდა. 

მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართულია პროექტში, დირექტორი, მოადგილე, თვითმმართველობის თავმჯდომარე ჟიურის მუდმივი წევრები არიან, თუ სტუმარი სკოლა გვყავს ჟიურიში მათ წარმომადგენელსაც ვიწვევთ“.

ნინო გახარიას თქმით, კონკურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაცია და იმ მათემატიკური უნარების განვითარება, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. 

„კონკურსის დაფუძნების მიზანი იყო მათემატიკის პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, მათემატიკის შიშის დაძლევა. შემდეგ თავისთავად დამრიგებლებთან ურთიერთობა, არაფორმალური განათლება, მოსწავლეების ჰოლისტური განვითარება, მშობლების ჩართულობა - სკოლა, მშობელი, მასწავლებელი; გუნდურობა, თუნდაც ლიდერობისკენ სწრაფვა, საოცარია, როგორი ემოციები აქვთ ბავშვებს...“

პროექტის შედეგიც შთამბეჭდავია...

„შედეგი არის გუნდურობის შეგრძნება ბავშვებში, ურთიერთთანამშრომლობა - მასწავლებლებში, მოსწავლეებში, სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარება და რაც ყველაზე მთავარია მოსწავლეთა მოტივაცია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის სკოლისადმი ნდობის გაზრდა. მე ვგრძნობ ამ შედეგს ყოველთვის, როცა მშობლებისგან უკუკავშირს ვიღებ, მშობლებსაც და მოსწავლეებსაც მეტი მიკუთვნებულობის გრძნობა აქვთ სკოლისადმი, ენდობიან სკოლას“,- აღნიშნავს ნინო გახარია. 



კონკურსის ორგანიზატორის ინგა სტვილიას თქმით, ოლიმპიადის შექმნის იდეა სწორედ მოსწავლეებმა მიაწოდეს. როგორც კონკურსის სულისჩამდგმელი აღნიშნავს, მისი მიზანი იყო ბავშვებს განსხვავებულად დაენახათ საგანი. 

„ოლიმპიადის იდეა, ფორმატი ბოლო დეტალამდე მე მეკუთვნის, მაგრამ, ინსპირაცია იყვნენ ბავშვები, 2016 -ში მქონდა მათემატიკური კლუბი. სწორედ ამ კლუბის ბავშვებისგან მოდიოდა სურვილი, მათმა სურვილმა მომცა ბიძგი, რომ რაღაც ასეთი შემექმნა. მთავარი მიზანი კი იყო - მოსწავლეებს სხვაგვარად დაენახათ საგანი. მათ, ძირითადად, უნარებზე გათვლილ დავალებებს ვთავაზობ, ეს ამოცანები ბავშვებისგან ითხოვს აზროვნებას და სწორედ ამით უვითარდებათ მათ ის უნარი, რომელიც ცხოვრებაში სჭირდებათ.

საზოგადოებაში ზოგადად არის სტერეოტიპული აზრი, რომ მათემატიკა არის მძიმე და რთული საგანი, ეს ოლიმპიადა არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, ბავშვებს დავუმტკიცოთ, რომ მათ ეს შეუძლიათ და გაართმევენ თავს. მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში არის ყველგან - ხელოვნებაში, ბიზნესში, თეატრში, შესაბამისად ადამიანს, რომელიც მათემატიკურ უნარებს ფლობს გაცილებით ადვილად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების გადაჭრა.

ლოგიკური აზროვნება, რომ განივითაროს მოსწავლემ სწორედ ამიტომ სჭირდება მათემატიკის ფლობა და ცოდნა. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ბავშვები იწყებენ თავისით ჭიდაობას ამოცანებთან. მთავარია არა ის რა მოისმინა მოსწავლემ, არამედ რა გაიგო, აი ამ ყველაფერს ტექნიკური უნარები უწყობს ხელს“.


საინტერესოა თავად კონკურსისთვის მზადების პროცესი. ინგა სტვილიას თქმით, ამაში მას მოსწავლეები ეხმარებიან. 

„ჩემი აქტიური დამხმარეები ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები არიან თუმცა სხვა კლასის მოსწავლეებიც გვეხმარებიან. იმხელა სიამოვნებას იღბენ, იმდენად აინტერესებთ და იმდენად კარგად არიან უკვე გაწაფულები, რომ არც კი მჭირდება თქმა ისე ლაგდება ყველაფერი, ვფიქრობ, ამ დროს ბავშვებს შორის სხვაგვარი ურთიერთობა ყალიბდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ ბავშვებმა, პირველ რიგში, ისწავლონ ადამიანური ურთიერთობები. სწორედ ამიტომ ჩვენი ლოზუნგი არის  - „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“, და აი ამ მონაწილეობაში ვასწავლით სხვისი სიხარულის გაზიარებას. ამას ხომ ღირსება სჭირდება, ეს ღირსება, რომ ჩამოუყალიბდეთ, სრულფასოვანი ადამიანები, რომ ჩამოყალიბდნენ, ამისთვის მათ ნამდვილად სჭირდებათ ურთიერთობა, ასე რომ, არაფორმალური განათლების კუთხით სწორედ ესაა ჩვენი მიმართულება“,- აღნიშნავს ინგა სტვილია.



კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი მშობლებიც. გულშემატკივართა რანგში, ისინი ამზადებენ პოსტერებს, გუნდის სახელწოდების მოფიქრებაში მონაწილეობენ, გუნდები, ხომ ორიგინალური სახელწოდების ნომინაციაშიც ჯილდოვდებიან.

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის - გაბრიელ ფოფხაძის დედა სალომე აბესაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონკურსის დროს მშობლები უფრო ღელავენ ვიდრე ბავშვები. 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო სკოლას, მის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ტიპის ღონისძიება იმართება. ჩემი შვილისთვის ეს პირველ რიგში არის ძალიან დიდი გამოცდილება, სტიმული და მეტი მონდომება. ეს ყველაფერი მისთვის დღესასწაულია“. 

მეექვსეკლასელი საბა მაჩალაძის მშობლის თქმით, მის შვილს საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს, რაშიც ლომის წილი სწორედ ამ კონკურსს მიუძღვის.

„რა თქმა უნდა, მივესალმები ინგა მასწავლებლის აქტიურობას, იშვიათია ასეთი ადამიანი, ბავშვებისთვის თავს არ ზოგავს, ყველაფერს აკეთებს, ჩვენც მშობლები ყველანაირად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ.
ეს კონკურში ჩემი შვილისთვის არის ძალიან დიდი გამოცდილება ცხოვრებაშიც რომ გამოიყენებს. იმ მწვერვალზე რაც უნდა დაიპყროს, ეს არის ერთ-ერთი საფეხური, რომელიც წინსვლაში დაეხმარება. მათემატიკა ძალიან უყვარს, რაშიც ეს კონკურსი დიდ როლს თამაშობს. ჩვენი შვილებისთვის მართლა დიდი ბედნიერება მათივე სკოლაში ხდებოდეს მსგავსი აქტივობა. “,- აღნიშნავს ნანა კიკნაძე. 

კონკურსში ინტერესით მონაწილეობს მეექვსეკლასელი ელენე ფოჩხუა, მისთვის ოლიმპიადა მეტი მოტივაციის მიმცემია. 

„ძალიან მოგვეწონა თამაში, გავერთეთ, კითხვები ძალიან საინტერესო იყო. ვცდილობდით გაგვემარჯვა. ამ კონკურსმა მათემატიკა კიდევ უფრო შემაყვარა“. 

ოლიმპიადა კაპიტნების ტურით დასრულდა.

კონკურსში მონაწილე მე-5-მე-6 კლასის მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. რომლის თავმჯდომარე სკოლის დირექტორი გახლავთ, მისი მუდმივი წევრები კი დირექტორის მოადგილე და თვითმმართველობის თავმჯდომარე.

დეკემბერში კი პრესტიჟის თამაში გაიმართება, შემაჯამებელ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება