მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N152 საჯარო სკოლა არის ოჯახი, სადაც ერთმანეთის წარმატება უხარიათ, პატივს სცემენ, ზრუნავენ და სწავლობენ - გვეუბნება, სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი და აღნიშნავს, რომ იმ 4 ათწლეულის განმავლობაში, რომელიც სკოლის დირექტორის პოზიციაზე აქვს გატარებული მთავარი რაც ისწავლა და გაიგო, არის ის, რომ შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გახადოს სკოლა წარმატებული. წარმატებისთვის მთავარია მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი მუშაობა და მონდომება.
- გვიამბეთ, რა გზა განვლეთ სკოლის დირექტორობამდე?
- დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი და მუშაობა დავიწყე მათემატიკის მასწავლებლად, სამი წლის შემდეგ, 25 წლის ასაკში, დავინიშნე სკოლის დირექტორად და ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი და ვმუშაობ, სხვადასხვა სკოლებში, ხოლო თბილისის N152 საჯარო სკოლაში დირექტორად 2010 წელს დავინიშნე.
- როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი, და რა არის ის თვისებები, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს?
- სკოლის ხელმძღვანლად მუშაობის თითქმის 4 ათეული წლის გამოცდილება მაქვს, ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. წარმატებული სკოლის დირექტორს ბევრი თვისება და უნარ-ჩვევა უნდა გააჩნდეს, რომლის ჩამოთვლასაც არ შევუდგები, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა - ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისა და საქმის სიყვარული, მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მოპოვება. როგორი გამოცდილი, საქმის მცოდნე დირექტორიც არ უნდა მოვიდეს სკოლაში, ის მარტო ვერ შეძლებს პრობლემების მოგვარებას, თუ მას გვერდით არ დაუდგნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ მოსწავლეებთან და მათგან რას გრძნობთ ?
- ბავშვმა უნდა დაინახოს რომ ხარ სამართლიანი, შეგიძლია მოსმენა და ნდობის გამოხატვა და რომ ცდილობ, პრობლემის მოგვარებაში დაეხმარო. თუ შენგან გრძნობენ სიყვარულსა და პატივისცემას, მაშინაც ისინიც შეგიყვარებენ და გენდობიან. ჩვენი დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზეა დამყარებული.
- სწავლის თანამდეროვე მიდგომებმა სასწავლო პროცესში კომპიუტერის გამოყენების საჭიროებები გააჩინა. რამდენად იყენებენ თქვენი სკოლის პედაგოგები ელექტრონულ რესურსებს სასწავლო პროცესში?
- სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ჩვენს სკოლაში ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ მასწავლებლებს გამოეყენებინათ ელექტრონული რესურსები, თუმცა მიწისძვრით დაზიანების გამო მოგვიწია სხვა სკოლის შენობაში გადასვლა, სადაც იკვეთება პრობლემები და მასწავლებლები სასწავლო პროცესში კომპიუტერის გამოყენებას ვერ ახერხებენ, თუმცა სახლიდან სოციალური ქსელისა და teams-ის საშუალებით აწვდიან მოსწავლეებს ელექტრონული რესურსებს.
- რა არის სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- ინტერნეტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეთა ცხოვრებაში. მას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები;
დადებითი - ინტერნეტის მოხმარება იოლია, მასში ფართოდაა წარმოდგენილი გამოსახულებითი და ინტერაქტიული დავალებები, იგი საშუალებას იძლევა სწრაფად მიიღო ინფორმაცია, ზრდის მოტივაციას, გაკვეთილიც საინტერესოა და გავლენას ახდენს მათ სასწავლო უნარ-ჩვევებზე.
უარყოფითი - ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან კომპიუტერსა და ინტერნეტზე. ინტერნეტმიჯაჭვულობა მოზარდების ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა მოსწავლეებს ეკარგებათ კითხვისა და წერის სურვილი, კომპიუტერული რესურსების ხშირი გამოყენება ხელს უშლის პატარის წარმოსახვის განვითარებას და სთავაზობს მზა, ფრაგმენტულ მასალას, შესაბამისად მათ აღარ რჩებათ ადგილი საკუთარი ფანტაზიისთვის.
- აღსანიშნავია ისიც, რომ მიდგომებთან ერთად საკმაოდ ბევრი აქტივობა შემოიტანა სამინისტრომ სკოლებში, სადიაგნოსტიკო ტესტირება, განმავითარებელი ტესტირება, კომპლექსური დავალებები და პროექტებით სწავლება.. როგორ აფასებთ აღნიშნულ აქტივობებს, რამდენად ხედავთ თითოეული მათგანის საჭიროებას და რომ გვითხრათ, რეალურად რისი მიმცემია ეს აქტივობები მოსწავლეებისთვის?
- სადიაგნოსტიკო და განმავითარებელი ტესტირება ადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ რა დახმარება სჭირდება მოსწავლეს, რომელი უნარები აქვს განვითარებული; კომპლექსური დავალება - გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებაა, რომელიც გულისხმობს სამიზნე ცნებების საშუალებით სასწავლო საკითხებისა და თემების სწავლა-სწავლების და ცხოვრებისეულ სიტუაციაში რეალიზებას. პროექტით სწავლება - არის მეთოდი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ტრადიციული სწავლების მეთოდისგან. ის ავითარებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ა. შ. მისი გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს ქმნის საინტერესო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.
- რას ურჩევდით პედაგოგებს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
- გაითავისონ თითოეული მოსწავლის სიხარულიც და ტკივილიც, იყვნენ მათი აღმზრდელებიც და მასწავლებლებიც.
- თქვენი აზრით რა არის სკოლის უპირველესი მისია მოსწავლეთა წინაშე?
- აღვზარდოთ ღირსეული ადამიანი, ისეთი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც დაეხმარება მას სწორი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღებაში, ნათელი მომავლის განსაზღვრაში.
- რა განსაზღვრავს სკოლის წარმატებას?
- ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს სკოლის წარმატებას, სკოლა უნდა იყოს ორიენტირებული თითოეულ მოსწავლეზე. მშობელი, სასწავლო გარემო, მაღალკვალიფიციური კადრები, ინფრასტრუქტურა და რესურსები, ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი მაჩვენებელი, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების სიმრავლე, კურსდამთავრებულთა გრანტები, მიღწევები ეროვნულ თუ სასწავლო ოლიმპიადაში, სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაში და ა.შ.
- გვითხარით, რით არის გამორჩეული თქვენი სკოლა, რა წარმატებები აქვს და რით ამაყობთ როგორ ამ სკოლის ხელმძღვანელი?
- სკოლა ერთი დიდი ოჯახია. გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, მშვიდი სასწავლო გარემო, ნაყოფიერი თავდაუზოგავი მუშაობა გვაძლევს ჩვენი შრომის შედეგს. ყველა მათგანის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია არ დავასახელო ოლიმპიადებში და სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა სიმრავლე, „ფლექსის“ პროგრამაში გამარჯვებული მანანა გაჩეჩილაძე, რომელმაც სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან ოქროს მედლით დაბრუნდა, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში „გალფისა“ და „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაციაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე100 მაღალქულიანი პირველკურსელთა შორის შეირჩა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები თეკლა ბაბლიშვილი და ანასტასია ლობჟანიძე, რომლებიც დაჯილდოვდნენ ყოველთვიური 300 ლარიანი სტიპენდიით. ასევე, „ეტალონისა“ და izrune.ge პროექტში გამარჯვებული ოჯახი ალექსანდრე ქერეჭაშვილი და მისი დედა მარიამ მიქელაძე.
2021-2022 მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მონაწილეობას ვღებულობდით არაფორმალურ განათლებაში. განვახორციელეთ ორი საერთაშორისო პროექტი eTwinning-ის პლატფორმაზე. მე-8 და მე-11 კლასებში.
2022 წლის 21 იანვარს თბილისის N152 საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით „Love Letters 2/სიყვარულის წერილები 2“. პროექტში მონაწილეობდა 53 მასწავლებელი და 222 მოსწავლე 15 სხვადასხვა ქვეყნიდან (ჩეხი, ქართველი, სლოვაკელი, რუმინელი, უკრაინელი). პროექტის მიზანი იყო წმინდა ვალენტინობის დღის შემოქმედებითად აღნიშვნა. ამ პროექტში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო, შევიძინეთ ახალი ცოდნა, მეგობრები, შევქმენით წერილები, სასაჩუქრე სასიყვარულო ყუთები, ბარათები, სურათები, ფოტოები, ილუსტრაციები, გავაუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის ცოდნის დონე, გამოვაქვეყნეთ პროექტის ყველა მასალა და პროდუქტი. მუშაობა მიმდინარეობდა Zoom, WhatsApp, eTwinning პლატფორმებზე. დიდი მოწონება დაიმსახურა ZOOM პლატფორმაზე დაგეგმილმა საინფორმაციო შეხვედრამ, სადაც მოსწავლეები გაეცნენ მათ თანატოლ ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტრადიციებს, საყვარელ რომანტიკოს პოეტებს, თარგმნეს ინგლისურად საყვარელი ლექსები, ჩაწერეს ვიდეოები, თავიანთი ცოდნა გაუზიარეს უცხოელ თანატოლებს. პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპული ხარისხის ნიშანზე და 2022 წლის სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ჯილდო.
მეორე საერთაშორისო პროექტი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა დაიწყო 2022 წლის მარტიდან. ჩავრთე 11 კლასი, პროექტის სახელწოდება „Our happy future/ ჩვენი ბედნიერი მომავალი“, რომლის ავტორია იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ირმა ღანიაშვილი. პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის (ქართველი, თურქი) 42 მასწავლებელი და 290 მოსწავლე. პროექტის მიზანი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება; პატივი სცეს ადამიანის ღირსებასა და ადამიანის უფლებებს; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას; სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანაგრძნობას.პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე და სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ნიშანი. ასევე სპორტში მიღწეული წარმატებები, გაცვლითი პროგრამები, წლების განმავლობაში მოსწავლეთა მიწვევა თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში...
ვამაყობ იმით, რომ მყავს ძლიერი შემოქმედებითი გუნდი, საუკეთესო მოსწავლეები და მშობლები, რომელთა გვერდში დგომით აღვზრდით ღირსეულ თაობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და შრომითი პირობების გაუმჯობესება - კიდევ რას ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩვენს სკოლაში“
სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები