მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მინდა, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც სკოლაში მოუხაროდეს; არ ეთმობოდეთ აქაურობა“, - ასე დაიწყო etaloni.ge-სთან საუბარი სულხან საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის შრომა დაუფასებელია და იმაზეც სწყდება გული, რომ მოდური გახდა მოსწავლეების რეპეტიტორებთან მომზადება დაბალი კლასებიდანვე. რა მიღწევები აქვს ბოლნისის N1 საჯარო სკოლას და რას გეგმავენ 80 წლის იუბილეზე - ირმა წაქაძე etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრება.
- ქალბატონო ირმა, რა ვითარებაა ამჟამად თქვენს სკოლაში, თუნდაც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მხრივ და კმაყოფილი ხართ თუ არა მათი შედეგებით?
- მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით, პანდემიის ორი წელი შეიძლება მკვდარ წლებად ჩაითვალოს; ვაღიაროთ, ონლაინ-სწავლება დიდი გამოწვევა იყო სკოლებისთვის და მიუხედავად იმისა, დამაკმაყოფილებლად გავართვით თავი, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცოდნის დონემ საკმაოდ დაიწია... დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით და ახლა, მხოლოდ ახალი მასალის სწავლება კი არ ევალებათ პედაგოგებს, არამედ ძველი მასალაც უნდა გაამეორებინონ მოსწავლეებს - არსებული „ჩავარდნა“ უნდა გამოასწორონ, რაც მარტივი არ არის.
ჩემთან საუბარში მასწავლებლები აღიარებენ, რომ ბავშვებს ბევრი რამ დავიწყებული აქვთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდი ურთულესი იყო სწორედ ბავშვებისთვის.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- სამინისტრომ შემოგვთავაზა ე.წ. რემედიაცია - პედაგოგები ვალდებულნი არიან, მოსწავლეები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას, დამატებით მოამზადონ და გამოწვევებს ასე ვართმევთ თავს... ძალიან კარგია დასწრებითი სწავლება, მით უმეტეს, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ჩვენს სკოლას და ყველას პოზიტიური განწყობა გვაქვს. გარემონტებული სკოლა დამატებითი მოტივაციაა უკეთ სწავლის და მეც ვცდილობ, ყველანაირად გავუხალისო სკოლაში ყოფნის პერიოდი ჩემს მოსწავლეებს...
- გამოგდით, ქალბატონო ირმა?
- ვცდილობ... ახლახან შევიძინეთ პუფები, გავაფორმეთ ბიბლიოთეკა, გვაქვს „მომავლის ოთახი“, სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით, აქტიურად მიმდინარეობს ორი პროექტი, მეწარმეობისა და ეკოლოგიის მიმართულებით; ახლახან, საბუნებისმეტყველო კათედრამ ჩაატარა კონფერენცია... აქტიური სასკოლო ცხოვრება გაქვს... მალე, ჩვენს სკოლას 80 წელი უსრულდება.
ვემზადებით მასშტაბური ღონისძიებისთვის და ვგეგმავთ, მოვიწვიოთ ძველი პედაგოგები, რომლებიც ახლა უკვე პენსიაზე არიან - „სკოლა არ გივიწყებთ“.
- მითხარით, მომავლის ოთახი გვაქვსო, ეს კი ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია... მოსწავლეებს ტელეფონით სარგებლობის უფლებას აძლევთ?
- შინაგანაწესში გვიწერია, რომ მობილურის გამოყენება არასაგაკვეთილო საჭიროებისთვის არ შეიძლება, თუმცა თუ გაკვეთილის თემატიკა ითხოვს, სრული უფლება აქვს მოსწავლეს, ისარგებლოს მოწყობილობით.
- ისე, ემორჩილებიან თქვენი ბავშვები სკოლის შინაგანაწესს?
- 830 მოსწავლე გვყავს და ყველა წესის შესრულება წარმოუდგენელია... სკოლა ცოცხალი სოციუმია, სადაც გადაცოდმებიც იქნება, შეცდომებიც, მაგრამ ჩვენთან კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მშობლებსაც და მოსწავლეებსაც გააცნოს სკოლის შინაგანაწესის ის მონაკვეთი, სადაც საუბარია ბავშვების უფლება-მოვალეობებზე;
- მკაცრი ხართ?
- არა, წავიდა დრო, როდესაც მოსწავლეებს დირექტორის ეშინოდათ... ადრე წარმოუდგენელი იყო დირექტორთან სხვადასხვა თემაზე საუბარი, ახლა კი ხშირად მაქვს შეხვედრები მოსწავლეებთან, მშობლებთან და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ პრობლემაზე შეუძლიათ მომმართონ, უბრალოდ ბავშვებმაც უნდა გაიაზრონ, რომ სკოლას აქვს თავისი კანონები.
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც დისციპლინური სასჯელისთვის მიგიმართავთ, პედაგოგების შემთხვევაში?
- ჩვენთან დისციპლინური კომიტეტი ძალიან კარგად მუშაობს, რომელშიც შედიან, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, თუმცა ერთი მინდა აღვნიშნო - რატომღაც, მოსწავლეები ბევრად მკაცრები არიან, ვიდრე მშობლები თუ მასწავლებლები და ეს გასაგებიცაა - ბავშვები ითხოვენ პედაგოგების შეუცდომლობას. 21-ე საუკუნის მოსწავლეები სხვაგვარად აზროვნებენ, ამიტომ მეტი ურთიერთობაა საჭირო მათთან.
- ქალბატონო ირმა, ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ვისი უფლებებია უზენაესი - მოსწავლის თუ მასწავლებლის?
- სკოლა არის მოსწავლის! თუკი რაიმე პრობლემა ხდება, ყოველთვის ვარ ბავშვის მხარეს. არ შეიძლება, მასწავლებელი მოსწავლეებს შეეჯიბროს. მოსწავლე არის ბავშვი, მასწავლებელს კი აქვს მოვალეობა, აღზრდოს ის. შესაძლოა, ეს სიტყვები პედაგოგებს არ ესიამოვნოთ, მაგრამ ვიმეორებ - ყოველთვის ვარ მოსწავლის მხარეს.
- დიდი ხანია დირექტორი ხართ?
- მეშვიდე წელია... თუმცა დირექტორობამდე გრძელი გზა განვვლე, ამავე სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე, 10 წელი გახლდით დირექტორის მოადგილე, ვმუშაობდი განათლების სამინისტროს განათლების განყოფილებაში... მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ და მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს, მასწავლებელი არ უნდა გაჩერდეს... მუდმივი განვითარება აუცილებელია, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი და ვაპირებ, მენტორობაზე გავიდე.
- მასწავლებლის კარიერულ წინსვლაზეც გკითხავთ... მიუხედავად იმისა, საკმაოდ ბევრი სტატუსიანი პედაგოგი გვყავს, სულ უფრო მეტი მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან.
- ეს მთელი საქართველოს პრობლემაა... თითქოს, მოდად იქცა - დაწყებითი საფეხურიდანვე ამზადებენ ბავშვებს და სულ ვკითხულობ - რატომ?! გასაგებია, მშობელს არ სცალია და ვერ ეხმარება ბავშვს, მაგრამ ყველა პედაგოგმა ახსნილი თითოეულ ბავშვამდე მიიტანოს და შედეგზე თუ ვერ გადის, დამატებით აუხსნას; მოდური გახდა კერძო მასწავლებელთან მომზადება და ეს მხოლოდ განათლების სისტემის კი, არა, ვფიქრობ მშობლების პრობლემაცაა. არადა, უამრავი მაგალითი მაქვს თუნდაც საკუთრი სკოლიდან, რომ რეპეტიტორის გარეშე ჩაუბარებიათ უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლეებს... ძალიან კარგი კარგი პედაგოგები გვყავს.
- თქვენც ფიქრობთ, რომ მასწავლებლის შრომა დაუფასებელია, ქალბატონო ირმა?
- სამწუხაროდ, ასეა... ვფიქრობ, თუ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, განათლებასა და მედიცინაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება, კლასებში კი მოსწავლეთა რაოდენობა იყოს შეზღუდული, ასეთ შემთხვევაში, სასურველ შედეგებზე აუცილებლად გავალთ.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები