სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ემოციები, რაც სკოლაში შესვლასთანაა დაკავშირებული, არასოდეს ფერმკრთალდება“- დირექტორების მოგონებები
17-06-2022
-
+


ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სკოლის პირველი დღე და მასთან დაკავშირებული ემოციები დაუვიწყარია. გამორჩეული ადგილი უკავია პირველ მასწავლებელს. ეს თითქოს, ის პერიოდია, რომელიც არ ფერმკრთალდება. ახლაც სასწავლო წელი მიიწურა და მე-4 კლასის მოსწავლეები მასწავლებელს ემშვიდობებიან.

პირველ დღესა და მასწავლებელთან ყველა ადამიანს განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. etaloni.ge-ს საჯარო სკოლების დირექტორებმა ეს მოგონებები გაუზიარეს.

ხათუნა
მამასახლისი, კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემთვის პირველი მასწავლებელი ბებია იყო, რომელმაც სახლში მასწავლა. სკოლაში რომ შევედი, იქ ჩემი მასწავლებელი სწორედ ბებიას მოსწავლე იყო. პირველი დღე ძალიან ემოციური იყო. სკოლაში დაგვსვეს, ჩვენი შესაძლებლობები შეამოწმეს. მახსოვს, რომ მე ასო - ჰ და მასთან დაკავშირებული ტექსტი წამაკითხეს. ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელიც კლასში დამხვდა, დღესდღეობით, ცოცხალი აღარ არის, 2 წლის წინ გარდაიცვალა, რამაც გული დამწყვიტა. ჩემი აზრით, ადამიანის ცხოვრებაში პირველი მასწავლებელი უდიდეს როლს თამაშობს, ის მოსწავლეებს მხოლოდ ქართულს, მათემატიკას ან ბუნებას არ ასწავლის. ის მოსწავლეებს საზოგადოებაში ცხოვრების პირველ აკვანს ურწევს. ემოციების მართვა, ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობა პირველ მასწავლებელთან ისწავლება, ეს ყველაფერი კი მოსწავლეს მე-12 კლასშიც მიჰყვება.

გურამ ნათენაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლა შეიძლება რაღაც დეტალები ვერ გავიხსენო, თუმცა ის პირველი შთაბეჭდილებები და ემოციები, რაც სკოლაში შესვლასთანაა დაკავშირებული, არასოდეს გავიწყდება და ფერმკრთალდება. ეს იყო რაღაც ახლის ნახვა, უდიდესი ემოცია. ოჯახში რომ გვიხსნიდნენ, სკოლაში მიდიხარ, შენ იქ პირველი მასწავლებელი დახვდება, მან უნდა გასწავლოს დედა ენა. ველოდებოდით, რომ რაღაც ზეციური არსება უნდა დაგვხვედროდა, თუმცა ჩვეულებრვი ადამიანი აღმოჩნდა. ძალიან კარგად მახსოვს წინა მერხზე ვიჯექი, ყოველთვის პირველობა მინდოდა. ახლის აღმოჩენა იყო, რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, თუმცა პირველი მასწავლებელი და მეგობრები არასდროს არ დამავიწყდება, ეს ყველაფერი გონებაში ილექება. ახლა თქვენ ამ კითხვით 50 წლით უკან გადამიყვანეთ და სასიამოვნო მოგონებები გამახსენეთ.


დოდო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი პირველი მასწავლებელი, ძალიან კარგი ადამიანი იყო. სკოლის პირველი დღე განსაკუთრებით კარგად მახსოვს, იოსებ ნონეშვილის ლექსი „მასწავლებელი“ ვთქვი. ეს ლექსი ცოტა დიდი იყო და მხურვალე ტაში დამიკრეს. მე კი ტაში ცუდი მეგონა და ვიტირე - ამ მომენტს ვერ ვივიწყებ. ძალიან სასიამოვნო იყო ეს პერიოდი. როდესაც მე-4 კლასი დავამთავრეთ და მიშა მასწავლებელს დავემშვიდობეთ, მე ახალი სასწავლო წლიდან, 1 თვე მე-5 კლასში არ შევდიოდი, მაინც მე-4-ში ვიჯექი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე მიშა მასწავლებელი მინდოდა და არა სხვა. მერე უკვე გავაცნობიერე, რომ სწავლა ასე უნდა გამეგრძელებინა. ჩვენი პირველი მასწავლებელი, მართალია, მამაკაცი იყო, თუმცა ის ჩვენთვის დედაც იყო, მამაც. გვეფერებოდა, გვასწავლიდა, სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს მიმართ. დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ვუყურებ, მამაკაცები დაწყებითი კლასების მასწავლებლები ნაკლებად არიან. ზოგადად, ძალიან კარგი მოგონებები მაქვს პირველ მასწავლებელთან და იმ პერიოდთან დაკავშირებით.


ირმა
ბერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში მისვლისას განცდილი პირველი ემოცია ნამდვილად არ შემიძლია გადმოგცეთ, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი ოლია ალელიშვილი, სათნო, თმაშევერცხლილი, თვალებში სევდაჩამდგარი ქალბატონი, ძალიან თბილი. მახსოვს, ერთხელ საკონტროლო წერა გვქონდა და მე რადგან მარჯვენა ხელი ნაოპერაციები მქონდა, მარცხენა ხელით მომიწია დაწერა და ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ასოებს მარცხენა ხელით კარგად ვერ ვწერდი, ტირილი დავიწყე. შემამჩნია, მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, ნუ ნერვიულობ, მარცხენა ხელით უფრო კარგად გამოგდისო. იმდენად გამათამამა ამ სიტყვებმა, რომ მართლაც საოცრად კარგად დავწერე და კარგი ნიშანიც მივიღე. ყველას მიმართ მოსიყვარულე, დედასავით მზრუნველი - ასეთი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. აღზრდა დაწყებითი კლასებიდან იწყება და გადამწყვეტი სიტყვა პატარების აღმზრდელებს ეკუთვნით. მე მაღალ კლასებს ვასწავლი და მოსწავლეს ყოველთვის ვადარებ ჩირაღდანს, რომელიც უნდა აანთო, მაგრამ რომ აანთო თვითონ უნდა იწვოდე, ვით ჩირაღდანი.


ეკა
ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, პირველ მასწავლებელს ძალიან დიდი როლი უკავია მოსწავლის ცხოვრებაში. მას შეუძლია ადამიანს სკოლა შეაყვაროს ან პირიქით. მე რომ პირველ კლასში შევედი, სხვა ეპოქა იყო, მიდგომები განსხვავდებოდა. მე ძალიან ძვირფასი მასწავლებელი მყავდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. ერთადერთი პრობლემა სუფთად წერასთან დაკავშირებით მქონდა. ჩვენ დროს აუცილებელი იყო, რომ სუფთად გეწერა. ახლაც შემომრჩა ეს ემოცია, კარგად ვერ ვწერდი, ამას ხომ გენეტიკური ფაქტორიც განაპირობებს. კომუნისტების დროს სხვა დამოკიდებულება იყო - ყველას მარჯვენა ხელით და სუფთად უნდა ეწერა, მოხაზულობა ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ამიტომ დამამახსოვრდა, რომ ჩემი ნაწერი არ იყო კარგი და მასწავლებელს არ მოსწონდა.

ზაზა პიტავა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის დირექტორი:

რასაც ვიტყვი შეიძლება თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. სკოლისა და ზოგადად, მასწავლებლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული მქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც სკოლაში მივედი ჩემი მოლოდინები გამართლდა. მას შემდეგ მასწავლებლის, ცოტა დაუფასებელი, მაგრამ ღირსეული პროფესიის სიყვარული მომდევს. პირველი მასწავლებელი მოსწავლეებისთვის განუმეორებელია, რადგან ის მათ იმ უნარ-ჩვევებს ასწავლის, რითაც შემდგომ განათლების მიღება უნდა გააგრძელოს. ამიტომ მათ მიმართ ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არიან განმსჭვალული.

გულნაზი რეხვიაშვილი, ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ კლასში 1959 წელს შევედი. ეს იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კაცხში. სწავლის ძალიან დიდი სურვილი მქონდა. სკოლაში შესვლის დღეს ძალიან მიკვირდა, რომ რამდენიმე მოსწავლემ იტირა, მშობლებს ვერ შორდებოდნენ. დღემდე მახსოვს ის მოსწავლეები, ვინც ასე თვალცრემლიანები იყვნენ. მე დაწყებითი საფეხურიდანვე ძალიან მონდომებული ვიყავი, პირველ დღეს საზეიმო ვითარებაში მიგვიღეს, მეორე დღეს უკვე მასწავლებლებმა რაღაც ელემენტები მოგვცეს - ხაზები უნდა გაგვესვა, მონახაზები გაგვეკეთებინა. არ მავიწყდება როგორ მინდოდა საუკეთესოდ მესწავლა - სახლში როგორც კი მივედი, მეორე სართულზე ავედი, ჩავიკეტე და ერთი 12-ფურცლიანი რვეული გავავსე. ჩემი პირველი მასწავლებელი ვერა კუჭუხიშვილი იყო, საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსწავლეებთან.

ჯუმბერ ბორჯოდაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი პირველი მასწავლებელი არასდროს მავიწყდება, ალბათ, ყველა მოსწავლე ასეა. მისი როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენს სოფელში ბაღიც არ იყო, პირდაპირ ოჯახიდან მივედი სკოლაში. ამასთან შეგუება ცოტა გამიჭირდა. განცდა გვქონდა, რომ რაღაც სხვა გარემოში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერს მალევე მივეჩვიეთ.

 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება