სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„სკოლა, უნდა იყოს ვალდებული პატივს სცემდეს სახელმწიფო სიმბოლიკას“ - დირექტორები
18-02-2022
-
+


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში“ ცვლილებებს ეხება და რომელიც ყველა სკოლასა და ბაღს, შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვას დაავალდებულებს.

კანონპროექტის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სავალდებულო უნდა იყოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალის ჩატარება, გერბის აღმართვის ვალდებულება და ჰიმნის შესრულება. 

რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები აღნიშნულ საკითხზე, ხომ არ შეუქმნით ეს დამატებით ვალდებულებებს, რადგან დროშის აღმართვის გარდა, მისი მოვლაც კანონით იქნება განსაზღვრული და რაში დაეხმარება ეს მოსწავლეებს, Etaloni.ge-მ ამ კითხვებით სკოლების დირექტორებს მიმართა.

მიხეილ ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლაში დირექტორად 2007 წელს ამირჩიეს და პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ განვათავსეთ დროშა და მას შემდეგ ვცვლით 3-4 თვეში ერთხელ. ყველა, მით უფრო სკოლა, უნდა იყოს ვალდებული პატივს სცემდეს ამ სიმბოლიკას. ისეთი ლამაზი დროშა გვაქვს, ამას ყველა ბავშვი უნდა ცნობდეს. როცა ეს მოსწავლის მეხსიერებაში ილექება, ამას რა სჯობია. მისასალმებელია და ნებისმიერი ღონისძიება, რაც ქართულ სიმბოლიკას შეეხება, მის გათავისებას და მოსწავლეების აზრის ჩამოყალიბებას შეეხება, ძალიან კარგია. ამ ეტაპზე დროშას სკოლა იძენს საკუთარი ხარჯით, ზოგჯერ გამგეობაშიც გვჩუქნიან და  მუდმივად გვაქვს სკოლის შენობაზე.“


მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

„წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები ამ ცვლილების, მართალია ახლა დროშა არ გვაქვს, მაგრამ არც ვალდებულება შეგვიქმნის პრობლემას. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გვაკისრია, რასაც თავს ვართმევთ და დროშის აღმართვა, რატომ უნდა იყოს სირთულესთან დაკავშირებული. დავინტერესდები, გადავამოწმებ ამ ინფორმაციას  და აზრიც უფრო მკაფიოდ ჩამომიყალიბდება."

ეკა ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჯერ ერთი დროშა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა და ჰიმნიც უნდა იცოდნენ. ეს ბავშვებს დაეხმარება ტექსტის არა მარტო ცოდნაში, არამედ მისი შინაარსის, თითოეული სიტყვის გათავისებაში. დროშის აღმართვა ყველა მამულიშვილისთვის ფრიად სასიამოვნო შეგრძნებაა და სიამაყის გრძნობით ივსები ამ დროს. ასე უნდა შევხედოთ ამ ფაქტს, დროშა ჩვენ ისედაც გვაქვს სკოლის შენობაზე აღმართული, იმის მიუხედავად კანონით დაგვავალდებულებენ თუ არა, ასე იქნება ყოველთვის. გლოვის დღეებშიც, შესაბამისად დაშვებულია ეს დროშა და ყველა შესაბამის წესს ვიცავთ“.

ეკატერინა სუდაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე იმ გაგებით ნამდვილად არ ვეკიდები ამ საკითხს, რომ ეს ზედმეტია და საბჭოთა კავშირთან ასოციაციას უჩენს ზოგიერთს, პირიქით, როდესაც აღარაფერი შემოგვრჩა სახელმწიფოებრივი, აუცილებელი და საჭიროა დროშის ფრიალიც. ნებისმიერ სახელმძღვანელოს როცა გადაშლი, საქართველოს გერბია, ე. ი. საჭიროა, ეს ძალიან ელემენტარულია და მარტო მოსწავლეების და განათლების სისტემას არ ეხება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს ვალდებულია, პატივი სცეს ჰიმნსაც, დროშასაც და გერბსაც. ჩვენს სკოლაში გვაქვს საქართველოს და ევროკავშირის დროშა. მინდა დავამატო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოში, როდესაც განსაკუთრებული დღეებია, მაგალითად გლოვის, დროშის დაშვება სიმბოლურია და ეს გაგვახსენებს მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეებს“.


სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ ისედაც ვაკეთებთ ამ ყველაფერს, დროშაც გვაქვს სკოლის შენობაზე, შეიძლება ჰიმნს ყოველდღე არ ვასრულებთ, მაგრამ მგონია, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის ცოდნა და პატივისცემა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ. ეს რომ სავალდებულო გახდება, ამ საკითხზე შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ მივესალმებით. ამჟამად დროშას სკოლის ბიუჯეტიდან ვყიდულობთ, ვუვლით და ვაახლებთ პერიოდულად“.

თამაზ ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ დროშა გვაქვს, ეს ძალიან კარგია და პატივისცემით ვეკიდებით, როგორც ქვეყნის სიმბოლოს, ბავშვები უნდა იცნობდნენ, უყვარდეთ და პატივს სცემდნენ თავისი ქვეყნის სიმბოლიკას. მოსწავლემ შეიძლება ისე გაიაროს მთელი სასწავლო წლები, არ იცოდეს გერბი, თუნდაც, ამიტომ მე მივესალმები ამ ინიციატივას“.

ნინო მერაბიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლას ყველა ეს ატრიბუტიკა, რაზეც ახლაა საუბარი, ისედაც აქვს, ვიყენებთ და თვალსაჩინოა. ჰიმნსაც ყველა დღესასწაულზე ასრულებენ მოსწავლეები, რამდენჯერმე ხდება ეს სასწავლო წლის განმავლობაში, გაკვეთილზეც შეიძლება, თუ თემატიკა უკავშირდება სამშობლოს. დამატებითი ტვირთი და შეუსრულებელი მისია ნამდვილად არაფერი არ არის, პირიქით, მივესალმებით. პატრიოტული გრძნობის გაღვივება მოსწავლეებში  მნიშვნელოვანია, ამისთვის სიმბოლიკასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და ბავშვობიდანვე ვასწავლოთ“.

ვალერი გოგნაძე, ქალაქ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„გერბი, დროშა და სიმბოლიკები, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს სკოლაში, დერეფანში. ასევე დროშა სკოლის ეზოში აღმართული. თავის სამშობლოს სიმბოლიკა რა თქმა უნდა ყველამ უნდა იცოდეს, ეს გამოხატულებაა ჩვენი ისტორიის, დღევანდელობის და ყველაფრის ერთად“.

ხათუნა მამასახლისი, კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ გვაქვს ყველა ეს ატრიბუტი. ჩემი აზრით, სკოლას უნდა ჰქონდეს ეს ყველაფერი თვალსაჩინო ადგილზე. მოსწავლეებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის სიყვარულსა და პატივისცემას, სწორედ ამ კუთხით განვიხილავ საკითხს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა“.

ზაზა კოკაია, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ დროშაც გვაქვს, ჰიმნსაც ვასრულებთ. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს მოსწავლეებისთვის. შეიძლება გამოჩნდეს კიდეც ადამიანი, ვინც სხვა ინტერპრეტაციას მისცემს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ისტორია ამ სიმბოლიკაშია ჩაქსოვილი, სარწმუნოებიდან დაწყებული და ამიტომ განსაკუთრებულია და პატივს უნდა სცემდეს ყველა.“


პლატონ ძიძიგური, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ დროშა გვაქვს და ყოველთვის გვქონდა, ჩემს დირექტორობამდეც ასე იყო. დროშა გვაქვს უწყვეტად. ევროკავშირის დროშაც გვაქვს აღმართული საქართველოს დროშასთან ერთად. მე არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება და თუნდაც ის, რომ სავალდებულო იყოს დროშის აღმართვა, რაიმე ზედმეტ ვალდებულებას გაუჩენს სკოლებს. ეს არის ქართული სიმბოლიკა და ჩემი აზრით, აუცილებელია. სამასწავლებლოში გერბიც გვაქვს, მაგრამ თუ სხვა ფორმით მოგვთხოვენ, ამასაც გავაკეთებთ სიამოვნებით. ახლა რაც გვაქვს, თითქმის ყოველწლიურად ვცვლით, რადგან იხევა ქარსა და წვიმაში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას დაესწრნენ ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი მზიური კოჩალიძე
სკოლაში ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება მნიშვნელოვანია
სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება