სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით ბავშვის განვითარება ვერ ხერხდება“ - ნანა ქარციძე, ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი
18-02-2022
-
+


ნანა ქარციძე, ქართული ენისა და ლიტარტურის მასწავლებელია, თუმცა თავისი პირველი და უსაყვარლესი პროფესიის - მასწავლებლობის დათმობა, სკოლის დირექტორის პოზიციაზე გადასვლის გამო ნაწილობრივ მოუწია. ქალბატონი ნანა ჯერ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2019 წლიდან კი უკვე თავად ხელმძღვანელობს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლას.

გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ფიქრობს, რომ მომავალშიც აუცილებლად სკოლის დირექტორის პოზიციაზე დარჩება.

დირექტორობაზე, მასწავლებლის პასუხისმგებლობაზე, სკოლაში არსებულ ვითარებაზე და ბევრ საინტერესო საკითხზე ნანა ქარციძე Etaloni.ge-ს ესაუბრა.

- დირექტორობაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან ჩემთვის მასწავლებლობა ყოველთვის უსაყვარლესი პროფესია იყო. ჯერ დირექტორის მოადგილედ დავინიშნე, შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი გავხდი და წელიწადნახევარი ვიმუშავე ასე, 2019 წლიდან კი უკვე სკოლის დირექტორი ვარ.

- განათლების სამინისტროს დაგეგმილი ჰქონდა სკოლის დირექტორების გამოცდები, რომელიც გადაიდო. როდესაც ეს გამოცდები გაიმართება, მიიღებთ მასში მონაწილეობას?

- რა თქმა უნდა, მე დარეგისტრირებულიც ვარ. როდესაც უნდა ჩატარებულიყო, ორი წლის წინ მარტში, მსურდა მონაწილეობის მიღება. კი ვიცი, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ეს პროცესი გადაიდო, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

- რა პასუხისმგებლობაა სკოლის დირექტორობა ადამიანისთვის, რა ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკლავება გიწევთ?

- საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, ფაქტობრივად პირადი ცხოვრებაც არ გაგვაჩნია. ერთის მხრივ მასწავლებელი ვარ, მართალია ცოტა საათი გვაქვს, მაგრამ მაინც ხომ უნდა იმუშაო, ამავდროულად პროფესიულადაც უნდა განვითარდე. სკოლაში აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ. მენეჯმენტი და მართვა ძალიან რთული პროცესია და ბევრი რამის ნულიდან დაწყება დაგვჭირდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მოადგილედ მუშაობამაც შემიწყო ხელი და როცა დირექტორი გავხდი, უკვე თითქმის გარკვეული ვიყავი, მაგრამ დამერწმუნეთ, დირექტორობა აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც არის. ყველაზე მთავარი, ეს არის ბავშვის სწორი აღზრდა, შესაბამისად მასწავლებლის ქმედებაზე, საგაკვეთილო პროცესზე, სასწავლო რეჟიმზე - ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. დიდი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია და წლიდან წლამდე ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი, იქნება ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული თუ  შემოქმედებითი ღონისძიებები, ასევე, სასწავლო რესურსებისა და სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეძენა, რომ ბავშვებში კითხვის უნარები განვავითაროთ.

7 სსსმ მოსწავლე  გვყავს და მათი ახალი რესურსებით მომარაგება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, შეცდომებიც დამიშვია ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ისეთი საგანგაშო არა. ჩემთვის უმთავრესია, რომ ადამიანური რესურსები არ დაზარლდეს და ამ მხრივ სიტუაცია იყოს ძალიან მოწესრიგებული. საკუთარი თავით კმაყოფილი ბოლომდე არასოდეს არ ვარ, ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო მოთხოვნები, რასაც ჩვენ განათლების სამინისტრო და სახელმწიფო გვიყენებს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მშობელთა კომიტეტთან, სამეურვეო საბჭოსთან, პედაგოგიურ კოლექტივთან, ნებისმიერ დიდ გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმებით ვიღებთ. ასეთი კოლეგიალობა ძალიან მეხმარება.
- თქვენ ფინანსური რესურსების მართვა ახსენეთ, საკმარისია ის ბიუჯეტი რაც სკოლებს აქვთ, ყველა საჭიროებისთვის? ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაუჩერული დაფინანსება გადასახედია და სკოლების ბიუჯეტი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით უნდა განისაზღვროს?

- საკმარისი ნამდვილად არ არის, ელემენტარულად სკოლაში სველი წერტილების შენახვა მაქსიმალურ კარგ დონეზე, საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. სამინისტროდან ძალიან ბევრი მოგვეწოდება, თუნდაც პირბადეები და ხსნარები, მაგრამ სკოლას მაინც სჭირდება დამატებითი სახსრები ამისათვის. ვახსენე ბიბლიოთეკა - ბავშვებს თანამედროვე ლიტერატურა აინტერესებთ, რომელიც სკოლაში არ არის, კლასიკოსებსაც კითხულობენ, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურასთან კავშირს ითხოვენ. კრიტიკულ სიტუაციაში ნამდვილად არა ვართ, ჩვენთან 240 ბავშვია და მათი დაფინანსებიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე ეს თანხა გვყოფნის. ჩვენ სკოლის ბიუჯეტით პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოების გაკეთებასც ვახერხებთ, მაგრამ თუ გაიზრდება კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. ძალიან ბევრი პრობლემაა, მთავარის მოგვარებას ყოველთვის ვახერხებთ და გაზრდა ნამდვილად არ იქნება ცუდი.

- ჩვენი საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ მასწავლებლობა თქვენი უსაყვარლესი საქმიანობაა, რისი დათმობაც ნაწილობრივ მოგიწიათ. ამ პროფესიაზე რას გვეტყვით?

- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ხელოვნება და ზოგადად, ლიტერატურა ძალიან მიყვარს, წიგნის კითხვასაც ამიტომ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ჩემი საგანი ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს და ვფიქრობ, ეს ჩემი დამსახურებაცაა. მე ვდებ მასში იმდენად დიდ სიყვარულს, რომ ეს ბავშვებზეც გადადის. სახელმწიფო ენას ვასწავლი და ძალიან კარგად მინდა შეითვისონ.

- ზაფხულში დაგეგმილ მასწავლებლების გამოცდაში თუ მიიღებთ მონაწილეობას?

- დიახ, აუცილებლად. თავიდანვე მზად ვიყავი. მე ვფქირობ, რომ მასწავლებელმა აუცილებლად გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდა გაძლევს საფეხურობრივი ზრდის საშუალებას, ვიდრე დოკუმენტალურად, შაბლონურად გაკვეთილის ჩატარება. გამოცდა მირჩევნია, მე ვიქნები პირველი მაგალითი ჩემი მასწავლებლებისთვის, რომ აუცილებლად გავიდნენ გამოცდაზე და აიმაღლონ სტატუსი, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და განათლება. ვფიქრობ, გამოცდა უნდა იყოს ისეთი, სადაც მთელი სასწავლო პროცესი იქნება გათვალისწინებული და უნდა დააყენოს ის მოთხოვნები, რაც აუცილებლად მასწავლებელს სჭირდება. მე გამოცდით არანაირი დისკომფორტი არ მექმნება და ჩემმა მასწავლებლებმაც იციან. იყო შემთხვევები, რომ არ უნდოდათ გამოცდაზე გასვლა, რადგან აკმაყოფილებდათ სტატუსი ან ვერ ასწრებდნენ გამოცდისთვის მომზადებას, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ.

- რა სირთულე შეუქმნა სკოლებს პანდემიამ, თქვენ როგორც სკოლის მენეჯერები რა პრობლემების წინაშე დადექით?

- ონლაინ სწავლება ძალიან ხელს გვიშლის, ხელი გევშლება სასწავლო პროცესის სწორ წარმართვაში. თუნდაც ის, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ძალიან ბევრ ბავშვს არ აქვს. ინტერნეტი კი არის სოფელში, მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ვერ ერთვებიან, იმიტომ რომ არ აქვთ ტექნიკა. მოსწავლეს კი არა, ზოგჯერ მასწავლებელსაც არ აქვს საშუალება. სკოლაში კაბინეტი გვაქვს და მასწავლებლები ამ კაბინეტიდან ატარებენ გაკვეთილებს, რომ არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი. ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემებია მთელი საქართველოს მასშტაბით, არა მარტო ჩვენთან. შარშანდელთან შედარება რომ გავაკეთოთ, მაქსიმალურად გამოსწორებულია ეს პროცესი. როდესაც პანდემია დაიწყო, არც სკოლები და არც მოსწავლეები, არ ვიყავით ამისთვის მზად. დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, გაიზარდა თიმსში ჩართული ბავშვების რიცხვი, პარალეურად მშობლებმაც მოახერხეს და შეიძინეს ტექნიკა. ყველაფრის მიუხედავად, მასწავლებლისთვის საკლასო ოთახი უფრო მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ ბავშვთან და ჯგუფთან, ვიდრე ეს ხდება ონლაინ სწავლების დროს. მიხარია, როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ და ბავშვები გაკვეთილზე მესწრებიან.

- სკოლაში როგორი ეპიდვითარება გაქვთ?

- ერთ-ერთი სკოლა ვართ, რომელიც სრულად არასოდეს არ დახურულა. იყო რამდენიმე კლასი იზოლაციაში, მაგრამ სკოლა არ დახურულა და მაქსიმალურად ვმუშაობდით, არც სოფელში შექმნილა ისეთი ეპიდვითარება, რომ ამის აუცილებლობა ყოფილიყო.

- ხელფასების ზრდის პოლიტიკას როგორ აფასებთ, არის ეს მასწავლებლის შრომის შესაბამისი?

- ამან სტიმული მისცა მასწავლებელს. როდესაც იციან, რომ სტატუსთან ერთად ხელფასიც მოემატებათ. ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდა და ძალიან კარგია. ჩვენთვის, დირექტორებისთვისაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა, რადგან ვითვალისწინებთ მასწავლებლის სტატუსს საათების განაწილების დროს, მის გამოცდილებას და მხოლოდ ამის საფუძველზე ხდება მისი დატვირთვა. რაც შეეხება ადმინისტრაციის ანაზღაურებას, ძალიან მიზერულია ჩემი აზრით, თუმცა გვპირდებიან, რომ ეს საწყისი ეტაპია, რადგან ძალიან დიდი ხანია არ გაზრდია ადმინისტრაციას ხელფასი, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება არ ხერხდება და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ იქნება ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებები.

- ჩვენი საუბრის ბოლოს, არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ, როგორც მივხვდი, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა ანიჭებთ.

- ნამდვილად, ძალიან დიდს. ახლა მხატვრული კითხვის ღონისძიებას ვატარებთ, ეს ძალიან ეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ასევე გვქონდა წიგნის საჯარო კითხვის კვირეული კლასების მიხედვით, ორი-სამი ბავშვიც რომ იყოს ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ. მხიარული სტარტები გვქონდა, მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით ბავშვის განვითარება ვერ ხერხდება და ვერ ვაღწევთ იმ მიზანს, რაც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი.

აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ „ეტალონის“, ამ პროექტში რამდენიმე წელია ჩართული ვართ, სიგელებიც გვაქვს. ამის გარდა, ძალიან მომწონს, რომ ყველა სიახლეს აშუქებთ და ესეც ერთგვარი იმიჯია ჩვენი სკოლისთვის. ვფიქრობ, რომ რასაც აკეთებ, ის უნდა დაინახოს საზოგადოებამ -  კარგი იქნება თუ ცუდი და შესაბამისი შეფასებაც მისცეს, აი ამისთვის მთლიანად თქვენს კოლექტივს მადლობას გიხდით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება