სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეთა განათლება მასწავლებლების დიდი შრომის შედეგია“ - ბაია გაბაიძე, თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი
11-05-2021
-
+


Etaloni.ge თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორის ბაია გაბაიძის ინტერვიუს წარმოგიდგენთ - საქმიანს და მრავლისმომცველს. შევეხეთ ყველა თემას, რომელიც დღეს განათლების სფეროში აქტუალურია, საუბარს კი ლაიტომტივად გასდევდა ქალბატონი ბაიას დიდი სიყვარული ბავშვების მიმართ. იცით, როგორი საყვარლები არიანო? - მითხრა და ისიც გამიმხილა, თუ რა გზა განვლო დირექტორობამდე. ინტერვიუ კი იმ საკითხით დავიწყეთ, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია - როგორ ემზადება თბილისის N26 საჯარო სკოლა მოსწავლეთა შესახვედრად და რამდენადაა დაცული სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოება?

- მასწავლებლებმა კოვიდტესტირება უკვე გაიარეს და შესაბამისად, მომზადებული იქნება ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელი ბავშვების დასახვედრად; სკოლაში უსაფრთხო გარემოა, დეზინფექციაც ჩავატარეთ და მზად ვართ ყველანაირად. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა ყოველთვის იცავს რეგულაციებს - მონიტორინგისას, არც ერთი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, ასე რომ, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგულაციების შესრულებას.

- ქალბატონო ბაია, დაუგეგმავმა ორკვირიანმა არდადეგებმა სკოლები გარკვეული გამოწვევის წინაშე დააყენა - ასწრებთ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულებას?

- არ მგონია, ამ მხრივ პრობლემა შეგვექმნას... თავადაც მათემატიკის მასწავლებელი ვარ და ეს უქმეები მოსწავლეებთან ერთად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ, გვქონდა ონლაინ-შეხვედრები, რათა ფორმა არ დაეკარგათ... თამამად ვიტყვი, ჩვენს სკოლაში ეს პერიოდი არ გაგვიცდენია და ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობდით, დრო არ დაგვეკარგა.

- უკვე ერთი წელია სკოლები ამ რეჟიმშია - ხან იხურება, ხან იხსნება, დისტანციურ სწავლებაზეა ცალკეული კლასები... როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ ამ ერთგვარი „ჩავარდნის“ ამოვსებას?

-  მოხარული ვარ, რომ მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც მალევე ავუწყვეთ ფეხი შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება „ჩავარდნას“, აუცილებლად უნდა შევძლოთ მისი ამოვსება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეულ მოსწავლეზეა ორიენტირებული, ხარვეზები კი უნდა გასწორდეს, რაზეც სკოლამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ასეც იქნება. საქმე ისაა, რომ მასწავლებლებს მანამდე ციფრულ ტექნოლოგიებთან ასეთი დოზით არ გვქონდა შეხება, მაგრამ გაოცებული დავრჩი, იმდენად სწრაფად გადაეწყვნენ; ამას გარდა, ბავშვებში განვითარდა ციფრული უნარჩვევები და მათაც ბევრი რამ ისწავლეს.

- თუმცა, ალბათ, ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებზე მეტი იცოდნენ...

- ეს ხომ 21-ე საუკუნის, ტექნოლოგების ბავშვები არიან... მასწავლებლებს კი მოგვიწია ამ რეალობაზე გადაწყობა. როგორც ჩვენთვის ფურცელი და საწერკალამია, ისეა მათთვის ციფრული ტექნოლოგიები, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მასწავლებლებმა ღირსეული პარტნიორობა გავუწიეთ ჩვენს მოსწავლეებს.

- ამ დროს პედაგოგები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდით; მშობლებმაც ნათლად დაინახეს თქვენი ძალისხმევა. როგორ ფიქრობთ - მეტად დაფასდა მასწავლებლის შრომა?

- ალბათ ასეა... მშობლების დამოკიდებულება შეცვლილია - მეტად თანამშრომლობითი გახდა, ყოველდღიურ ურთიერთობაში რაღაც შეიცვალა და ყველა დარწმუნდა, რომ მასწავლებლებისთვის მარტივად არაფერი მოდის - მოსწავლეთა განათლება დიდი შრომის შედეგია.

- ისე, გყავდათ მოსწავლეები,​ რომლებიც ვერ ერთვებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებში?

- ონლაინ-რეჟიმი მარტივი არ არის. განსაკუთრებით რთული იყო, როდესაც ოჯახში რამდენიმე მოსწავლეს ერთდროულად უწევდა გაკვეთილებზე შესვლა. მიუხედავად იმისა, როგორც დირექტორმა, მაქსიმალურად ვეცადე ცხრილი ისე შემედგინა, გადაკვეთის ნაკლები წერტილი ყოფილიყო, მაგრამ დარეგულირება საკმაოდ რთულია და ეს იწვევდა პრობლემები ტექნიკის თვალსაზრისით; ბავშვებს, რომლებიც ვერ ესწრებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებს, პედაგოგები დავალებებს უგზავნიდნენ, ჰქონდათ მუდმივი კომუნიკაცია და თამამად ვიტყვი - მოსწავლეები ჩვენთან განათლების მიღმა არ დარჩენილან.

- განათლების მიღმა მოსწავლეების დარჩენა ახსენეთ და ამ მიმართულებით განათლების სამინისტრო მუშაობას იწყებს, რაც სოცმუშაკების სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირებას გულისხმობს. რას შეცვლის ასეთი მიდგომები ან 45 დღის გაცდენის შემდეგ მოსწავლის სტატუსის შეჩერება სადამდე მიგვიყვანს?

- სოციალური მუშაკების ჩართვა და მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში უდავოდ სჭიროა. რაც შეხება გაცდენებს, ჩვენ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები არ გვყავს თუმცა ამ ცვლილებაში პირადად ერთგვარ საფრთხეს ვხედავ - არიან მშობლები, ვისაც სკოლაში ბავშვის გაშვების ეშინია, ფრთხილობს და ვერც გავამტყუნებთ; თუმცა ამავე დროს, არც იმის საშუალება აქვთ, მოსწავლე საჭირო ტექნიკით უზრუნველყონ და ამიტომ, ვფიქრობ, ასეთ ოჯახებს მხარში დგომა სჭირდებათ, რათა ბავშვი ბოლომდე არ მოწყდეს სასწავლო პროცესს.

- სკოლებში სამედიცინო კაბინეტიც აუცილებელია, თქვენს სკოლაში თუა ასეთი კაბინეტი, ქალბატონო მაია?

- უკვე 4 წელია ჩვენს სკოლაში სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და ვფიქრობ, ის აუცილებელია, თუმცა ამავე დროს, ბალანსის დაცვაა აუცილებელი - სკოლის ექიმმა, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რის საშუალებასაც გარემო და მისი კომპეტენცია იძლევა.

- თქვენზეც გვიამბეთ - როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N26 საჯარო სკოლას?

- დირექტორობის ხანგრძლივი სტაჟი მაქვს, თუმცა პროფესიით მათემატიკოსი ვარ და მეხუთე კლასს ვასწავლი. წამყვანი მასწავლებელი გახლავართ და მიმაჩნია, რომ წინსვლა აუცილებელია. თუ პროფესიაში არ განვითარდი და ერთ ადგილას გაჩერდი, დისკვალიფიკაცია არ აგცდება. ზოგადად, კარგია, როდესაც დირექტორი მასწავლებელია - გრძნობ პულსაციას, გაქვს საშუალება, სიტუაცია შეაფასო როგორც მოვლენების უშუალო მონაწილემ და არა როგორც დამკვირვებელმა.

როგორი დირექტორი ვარ? - ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ თავისი დირექტორი და მეც ძალიან მიყვარს ისინი; ვარ სამართლიანი, არასოდეს ვატყუებ, ვცდილობ, დავიცვა კანონები და წესები, რომლებიც სკოლის მართვისას საჭიროა, ამასვე ვითხოვ სხვებისგან და როდესაც თავად ხარ მაგალითი, მერე ყველაფერი კარგადაა; აქ ლაპარაკი და სიტყვები ყოველგვარ შინაარსს კარგავს - ბავშვები ხომ საოცრად მგრძნობიარეები არაინ, ვერ მოატყუებ, ვერაფერს გამოაპარებ და ვერც სიყალბეს „შეასაღებ“; ისინი გულწრფელობას აფასებენ და მეც გულწრფელი ვარ მათთან. სხვა რა ვთქვა - ძალიან, ძალიან საყვარლები არიან...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება