სიახლეები
სიახლეები

დედამ ატესტატის აღების ნაცვლად, შვილი რუსეთში სამუშაოდ გაუშვა - რას მალავენ პედაგოგები და როგორია ბავშვთა შრომითი პირობები
06-04-2021
-
+


ბავშვთა შრომა რომ საქართველოში მწვავე და აქტუალური საკითხია, ამაზე სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში, საუბრობს, რომელიც ეხება ბავშვთა შრომას კორონავირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ხშირია შემთხვევები როცა მოსწავლეებს მშობლები თავად აიძულებენ შრომას და ფულის გამომუშავებას, რის გამოც, ბავშვებს უჭირთ როგორც სკოლაში გაკვეთილებზე სიარული და დავალებების მომზადება, ისე დისტანციური სწავლის პროცესში ჩართვა. სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თავად პედაგოგები არ აღრიცხავენ მოსწავლის არას და ამით ცდილობენ პრობლემის „დამალვას“.

„მომუშავე ბავშვებში სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 10.1%-ია, ხოლო სახიფათო შრომით დაკავებულ ბავშვებში ეს მაჩვენებელი 16.1%-ს შეადგენს. შედარებისთვის, აღსანიშნავია, რომ არამომუშავე ბავშვებში სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 1.4%-ია“, - წერია კვლევაში.

სახალხო დამცველმა რეგიონებში ბავშვთა შრომით მდგომარეობასთან დაკავშირებით შინამეურნეობების წარმომადგენლები, არასრულწლოვნები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოკითხა:

„მშობელი შეიძლება არ აძალებდეს ბავშვს, რომ წავიდეს და იმუშაოს, მაგრამ ბავშვი იძულებულია, რადგან მშობელს არა აქვს საშუალება, რო კალამი იყიდოს, რვეული ჰქონდეს სკოლისათვის, რაღაც... აი, სხვა გზა არა აქვს, უყურებს, რომ ოჯახს არ შეუძლია, რომ იძულებული ხდება, რომ წავიდეს“ - შინამეურნეობის წარმომადგენელი კახეთიდან;

„დედამ არ დართო ნება თავის არასრულწლოვან შვილს მონაწილეობა მიეღო ბოლო ზარის ღონისძიებაში, ასევე არ გაუშვა სკოლის დამთავრების გამოცდაზე, რათა აეღო ატესტატი და ის გააგზავნა რუსეთში სამუშაოდ. მე არ ვიცი, კონკრეტულად, რა სამუშაოებს ასრულებს ეს ბავშვი. ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი“ - არასრულწლოვანი სამცხე-ჯავახეთიდან. 

„თოხნაც უნდა შეეძლოს და ბარვაც. ინტერესიც უნდა იყოს, რომ ის პამიდორს რომ მოიყვანს, მერე ის გაყიდოს. დამრიგებელს სახლში არ უნდა მიჰქონდეს, რომ ტომატი გააკეთოს, ამაზე გავცოფდები“ - შინამეურნეობის წარმომადგენელი კახეთიდან.

ფოკუს-ჯგუფების ფარგლებში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესში ბავშვების ჩართულობის კუთხითაც:

„ჩემი არასრულწლოვანი შვილი საერთოდ არ შედის ონლაინ გაკვეთილებზე. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ესწრება მხოლოდ. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, მიპასუხა, რომ ძალიან რთულია ონლაინ გაკვეთილები და არც საინტერესოა მისთვის“, -  შინამეურნეობის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთიდან.

„პანდემიამ ხელი შეუწყო ბავშვთა მიმართ ძალადობის გაზრდას, იქნება ეს აღზრდის მიმართულებით, თუ იმ არასასურველი პრაქტიკის გამოყენებით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ {იგულისხმება ბავშვთა შრომა}, რადგან ბავშვი მოწყვეტილია სასწავლო პროცესს პირდაპირი დასწრების გზით და ონლაინ ჩართულობა არის ძალიან დაბალი“, - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურიიდან.

საქართველოს სახალხო დამცველის კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომის გამო ხშირია სკოლის მიტოვების ან გაცდენების ფაქტები, სკოლების მექანიზმი კი, განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თავიდან ასარიდებლად, საკმაოდ მწირია.

„ჩემს სკოლაში ვიცი ერთი ბიჭი, რომელსაც კარგი უნარები აქვს სწავლაში, მაგრამ ფიზიკური სამუშაო მას სწავლაში ხელს უშლის და ბევრ გაკვეთილს აცდენს. ონლაინ გაკვეთილების პერიოდშიც საერთოდ არ შედის გაკვეთილებზე და აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ სამუშაო სწავლასთნ კოორდინირება არ გამოდის. ამ პირობებში უფრო აუცილებელია სწავლა და არა სამუშაო“ - არასრულწლოვანი სამცხე-ჯავახეთიდან.

„მე-8; მე-9 კლასელ ბავშვებს მშობლები აიძულებენ შრომას, ისინი ვერ ერთვებიან „თიმსის“ პროგრამებში. მშობლები აიძულებენ დავალებები ღამის საათებში გადააგზავნონ და ჩაერთონ მესაქონლეობაში, რაოდენობრივად გამახსენდება და ვიტყვი, რომ 60 პროცენტი ჩართულია იძულებით სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ქობულეთისა და უფრო ქვემოთ დაბებზე, სეზონურად იწევს უფრო ეს მაჩვენებელი და ვერ ვიტყვი, რომ ბათუმის ბავშვები არ არიან ჩართული, რადგან ჩემი ბენეფიციარების 60 პროცენტი მშობლებს წაყვანილი ჰყავთ მანდარინის საკრეფად“ -  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აჭარიდან. 

პრობლემაზე რეაგირების ზომად განიხილება, პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის აღრიცხვა; თუმცა რიგ საქმეებში, პედაგოგები „მალავენ“ მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენას და საკლასო ჟურნალებში ყოველთვის არ აღრიცხავენ.

„როდესაც იტვირთება ქალაქი, სოფლები ტურისტებით, როდესაც რესტორნები, სასტუმროები დატვირთულები არიან, ისინი როგორც იაფ მუშახელს, ესე მოიაზრებენ ამ პატარა გოგო-ბიჭებს. გაცდენების მიზეზი, როგორც წესი, ესეც არის. არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე მოსწავლეს ეძინა, იმიტომ, რომ ის წინა დღეს გვიანობამდე მუშაობდა, მე ვგულისხმობ სასტუმროებს და რესტორნებს, სადაც ეს ბავშვები ჩართულები არიან. თუმცა ამის შესახებ მოსწავლესაც ერიდება, რომ გაგიზიაროს, იმიტომ, რომ ეს სამსახური მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორც შემოსავლის წყარო, უფრთხილდება, ურჩევნია, რომ მოკლედ დამალოს ეს ინფორმაცია“, - პედაგოგი კახეთიდან.

კვლევა 2020 წელს ჩატარდა და 4 რეგიონი მოიცვა: აჭარა, გურია, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი.

„კვლევის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ბავშვები სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონისა თუ სხვა ფაქტორების გამო, სხვადასხვა შრომით აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს ბავშვის ძირითადი უფლებების რეალიზებას, მათ შორის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, განვითარების, თავისუფალი დროისა და დასვენების ხელშეწყობას. მცირე და არასაკმარისია ასევე ბავშვთა შრომის სფეროში მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები; არაეფექტიანი რეაგირების მექანიზმის გამო, ბავშვები ვერ სარგებლობენ საჭირო მომსახურებით.

ბავშვთა შრომის გამომწვევ ფაქტორებს შორის იკვეთება მშობელთა დაბალი ცნობიერების დონეც, არასრულწლოვანთა საჭიროებების კუთხით. ხშირად მშობლებს არ აქვთ სათანადოდ გააზრებული, რა ზიანი შეიძლება მიაყენონ ბავშვს შრომის სხვადასხვა მძიმე ფორმაში ჩართვით, სწავლისთვის განკუთვნილი დროის ხარჯზე ბავშვებისთვის სამეურნეო საქმიანობის დაკისრებით“, - აღნიშნულია კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება