სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მახსოვს ჩემი მასწავლებლების შეცდომები და ვცდილობ, მოსწავლეებთან ურთიერთობაში იგივე არ გავიმეორო“ - ლაილაშის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო მხეცაძე
02-07-2020
-
+


ლაილაშის საჯარო სკოლაში წლებია რუსულს ასწავლის. გულისტკივილით აღნიშნავს, რო ამ ენის მიმართ ინტერესი განელდა, მაგრამ მაინც იშვიათად შეხვედრია მოსწავლე, რომელსაც რუსულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა. ალბათ ეს იქიდან გამომდინარეა, რომ ბავშვებს ჯერ ნინო მასწავლებელი უყვართ და მასთან ერთად, ის საგანიც, რომელსაც ასწავლის.

როგორ დაძლია ლაილაშის საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლების გამოწვევები და რამდენად გრძნობდა ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომას, Etaloni.ge-ს რუსულის პედაგოგი, ნინო მხეცაძე ესაუბრება.

- პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვენატრება ბავშვები, მათთან უშუალო ურთიერთობა, საკლასო გარემო, ინტერაქტიული გაკვეთილები და ეს ბუნებრივია,რადგან მოგეხსენებათ, გაკვეთილი არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა, სხვა აღმზრდელობითი მუშაობაც ახლავს, რასაც დისტანციურად სრულყოფილად ვერ ვახერხებთ.

უნდა ვაღიარო, თავიდან იყო სირთულეები - ვერავინ იფიქრებდა ასეთი რეალობის წინაშე თუ დავდგებოდით და ერთგვარად, მოუმზადებლები შევხვდით. საბედნიეროდ, ყველა გამოწვევა დავძლიეთ და ისეთი პედაგოგებიც კი წარმატებით მუშაობენ დისტანციურად, რომლებსაც აქამდე თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება ნაკლებად ჰქონდათ; გარდა ამისა, მოგვიწია ახალი აქტივობების მოფიქრება, რომლებიც უნდა მოგვერგო სასწავლო პროცესისთვის, გარკვეული საგნებისთვის, ვიყენებდით ყველა პლატფორმას, თუმცა იმის გამო, რომ მაღალმთიანი რეგიონია და ძირითადად მობილური ინტერნეტით ვსარგებლობდით, ჩვენთან ყველაზე კარგად სოციალურმა ქსელებმა იმუშავა -  შევქმენით საგნობრივი ჯგუფები და დავიწყეთ ონლაინ-გაკვეთილების წარმართვა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ მოსწავლეებს აქტიურობისთვის. მეგონა, სახლში იქნებოდნენ და ჩართვა დაეზარებოდათ, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ყოფილა შემთხვევა, ორი წუთი დამიგვიანია და თვითონ მეხმიანებოდნენ - რას ვშვრებით, არ ვიწყებთო? ასევე დასაფასებელია მშობლების აქტიურობა - ისინი უზრუნველყოფდნენ ბავშვებს ინტერნეტით და არც ერთხელ არ შეგვქმნია პრობლემა.  

- ასეთ დროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომას თუ გრძნობდით?

- ყურადღებას ნამდვილად გვაქცევდნენ, ხშირად რეკავდნენ, გვეკითხებოდნენ, რამე ხომ არ გვჭირდებოდა; თუ რომელიმე მოსწავლე ჩართული არ იყო ონლაინ-სწავლებაში, მზად იყვნენ, დახმარებოდნენ და დარწმუნებული ვარ, თუ საჭირო გახდა, რესურსცენტრიც, ადგილობრივი ხელისუფლებაც მზადყოფნაში იქნება და არანაირი სირთულე არ შეექმნებათ არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს.

 - თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მოსწავლეების ასეთი ენთუზიაზმი?

- სახალისო აქტივობებს ვთავაზობდით, რათა დისტანციური სწავლება მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო; გარდა ამისა, როგორც ჩანს, საკლასო გარემოს მონატრებამ სძლია და კიდევ, ჩემი აზრით, ასეთი ენთუზიაზმი თავისუფალმა გრაფიკმა განაპირობა - არ იყვნენ მოქცეულები საგაკვეთილო ჩარჩოებში, ახლანდელ ბავშვებს კი თავისუფლება ძალიან უყვართ; მით უმეტეს, რომ დისტანციური სწავლებისას განმსაზღვრელი შეფასება არ ხდებოდა.

- ზოგადად არის საუბარი, რომ დამკვიდრდეს განმავითარებელი შეფასება, თუმცა წინააღმდეგობა მოდის მშობლების მხრიდანაც...

- ვფიქრობ, ეს მარტივად გადასაწყვეტი არ არის - ვინც სწავლობს სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად, ის აუცილებლად ისწავლის, მაგრამ თუკი ნიშანი მხოლოდ სადამსჯელო იარაღია, მაშინ მოსწავლეები, ვინც ზარმაცობს ან სწავლა დიდად არ აინტერესებს, აღარ მოინდომებენ, ისწავლონ; იფიქრებენ, რა აზრი აქვს, მაინც არ იწერება ნიშანიო... თუმცა, პირადად, ვემხრობი განმავითარებელ შეფასებას, რადგან მეტის მომცემია, გვაძლევს საშუალებას, მოსწავლე მრავალმხრივ შევაფასოთ, მეტ პოზიტიურ ელემენტს მოიცავს და ბავშვიც არ ითრგუნება. ახლანდელი თაობა ხომ თავისუფლებაში გაიზარდა.

- თქვენ რუსულს ასწავლით... როგორი დამოკიდებულება აქვთ ენის მიმართ?

- რუსული მეხუთე კლასიდან ისწავლება და პირველივე გაკვეთილზე ვიწყებ საუბარს, თუ რატომ უნდა ისწავლოს რუსული ენა. მეც ვემხრობი და ვაღიარებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ვუხსნი, რომ აუცილებელია ენის სწავლა, რადგან ესაა მეორე უცხო ენა. სიმართლე გითხრათ, იშვიათად შემხვედრია მოსწავლე, რომელსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რუსულის მიმართ, თუმცა ფაქტია -  ბოლო პერიოდში საგრძნობლად იკლო მოთხოვნამ და რამდენიმე წელია, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდაზე რუსულს აღარ ირჩევენ. მე კი, როგორც რუსულის პედაგოგს, მეტი მუშაობა მჭირდება, რომ ბავშვებს საგანი შევაყვარო და არ მობეზრდეთ.

- თავად რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, ქალბატონო ნინო?

- მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, როცა რუსული იყო პირველი ენა და  დამთავრებული მაქვს რუსული სკოლა. შემდეგ პედაგოგიურზე ჩავაბარე, თავიდანვე ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მართალია, ახლანდელი თაობა ბევრად მომთხოვნი და განსხვავებულია, მაგრამ თუ მოსწავლე მასწავლებლის მიმართ დადებითადაა განწყობილი, მასში ხედავს მეგობარს, თანატოლს... მერე იმ საგანსაც სწავლობს. მეც მინდა, ასეთი მასწავლებელი ვიყო, რადგან კარგად მახსოვს ჩემი მასწავლებლების შეცდომები და მაქსიმალურად ვცდილობ, იგივე შეცდომები მოსწავლეებთან ურთიერთობაში არ გავიმეორო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება