სიახლეები
სამასწავლებლო

რატომ არის განათლება მნიშვნელოვანი ? - დირექტორები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ
19-06-2020
-
+


რას ნიშნავს განათლება? რატომ არის აუცილებელი ცოდნის მიღება? ისწავლება თუ არა სკოლაში ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გამოიყენება? - ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლებზე პასუხიც ბევრ ადამიანს არ აქვს.

მასწავლებლები ბავშვებს სთხოვენ საგნების სწავლას, აკონტროლებენ მათ ცოდნას, ცდილობენ ყველა მოსწავლე ჩართონ საგაკვეთილო პროცესში და მეტ-ნაკლებად მისცენ საბაზისო ცოდნა.

წარმატებული მოსწავლეები ყველა სკოლაში თითით საჩვენებლები არიან, იღებენ მაღალ ქულებს, მონაწილეობენ ოლიმპიადებში, იმსახურებენ ჯილდოს, სკოლას ამთავრებენ ოქროს მედალზე, ასევე წარმატებულად აბარებენ უნივერსიტეტებში და რამდენიმე წლის შემდეგ თითქოს მათი ცოდნა, განათლება და წარმატებულობა სადღაც ქრება, პროფესიის დაუფლების შემდეგ თითქოს თავს ვეღარ იმკვიდრებენ რეალურ ცხოვრებაში, „იკარგებიან“. ამ დროს ოქროსმედალოსნის თანაკლასელი, რომელიც სკოლაში გამორჩეულად არ სწავლობდა, მეტ დროს გართობას უთმობდა და წიგნების კითხვითაც არ იყო დაკავებული თითქოს რეალურ ცხოვრებაში მეტად წარმატებული ხდება, მეტად იმკვიდრებს თავს საზოგადოებაში და შემოსავალიც მეტი აქვს. ასეთი ცხოვრებისეული მაგალითები რეალურად არსებობს და მათ შესახებაც არაერთხელ გვსმენია. 

ჩვენ დავინტერესდით, როგორ უხსნიან მოსწავლეებს სკოლაში რა არის განათლება? როგორ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა მიღებული ცოდნა, რომ ცხოვრებაში რეალიზებულები და წარმატებულები იყვნენ? რას ურჩევენ პროფესიის არჩევისას პედაგოგები მოსწავლეებს?

ამ საკითხზე სასაუბროდ სკოლის დირექტორებს დავუკავშირდით. დირექტორების მოსაზრება განსხვავებულია, თუმცა განათლების აუცილებლობას ყველა არგუმენტირებულად გვიხსნის.

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:

„პრაქტიკულ ცხოვრებაში ნებისმიერი უნარ-ჩვევის განვითარებისთვის სჭიროა ელემენტარული ცოდნა. უნარ-ჩვევების სწორი ფორმირებისთვის განათლება არის ბაზისი, რომელზეც უნდა დააფუძნო შემდეგ როგორ, რა და რა დოზით უნდა განივითარო. განათლებული კაცის თვალთახედვა ამ ცხოვრებაში უფრო დიდია, ვიდრე გაუნათლებლის. ძალიან ხშირად მოგვყავს ხოლმე ცნობილი გამონათქვამები ამასთან დაკავშირებით, იგივე დავით გურამიშვილის „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი“, გონიერ ადამიანს არანაირი სიმდიდრე არ სჭირდება, მას აბია თავი მხრებზე და ნებისმიერ სიტუაციაში თავს გაიტანს. კარგია ამას თუ დაემატება ის მრავალმხრივი უნარ-ჩვევები და ინტელექტი, რომელიც ზოგჯერ განათლებულ ადამიანს არ გააჩნია და ეს სწავლით მიიღება. ძალიან დიდი ფასეულობაა განათლებასთან ერთად ინტელექტი. არიან ადამიანები განათლებულები, მაგრამ უინტელექტონი, არიან განათლებულები, მაგრამ უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და ისინი, ჩემი აზრით, არიან მიწაში დამარხული განძი, რომლებიც არ არიან მოქმედებაში და შეიძლება ქვეყანა და ხალხს არ გამოადგნენ. განათლებული ადამიანის თვალი, გონება, აზროვნება, ქმედება უფრო დიდია, ვიდრე გაუნათლებლის. განათლებული ადამიანი არის პიროვნება ბოლომდე სრულქმნილი, გაუნათლებელი მაინც არის დამოკიდებული სხვაზე და ფორმირებული პიროვნება ვერ ხვდება“.

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიკა დუმბაძე:

„სასკოლო განათლება, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასე თუ ისე იპოვო ის, რაც გინდა მომავალში გააკეთო. რა ცხოვრებას გინდა რომ დაადგე. ლიტერატურის წაკითხვასაც ვურჩევთ ხოლმე, რადგან უფრო მეტად გაიხსნას მათი გონება აზროვნების მხრივ და უფრო მეტად შეძლონ  დამოუკიდებლობასთან შეგუება. ვცდილობთ, რომ მოსწავლეები უფრო მეგობრულები იყვნენ ჩვენთან და დამოუკიდებლები, არ იყვენ შეზღუდულები. აზრის გამოთქმის უფლებას ყველას აქვს, მაგრამ ადრე ამის საშუალება ნაკლებად ჰქონდათ ბავშვებს სკოლაში, ახლა მაქსიმალურად აქვთ თავისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ ბავშვებს მომავალში შეიძლება თავის დამკვიდრება გაუჭირდეთ. ოჯახმაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ბავშვს დავუახლოვდეთ და მეტად მეგობრულები ვიყოთ, მეტად ვიურთიერთოთ. მე ბავშვებისთვის უფრო მეგობარი ვარ, ვიდრე დირექტორი. მასწავლებლისა და ბავშვის ურთიერობა მათ სამომავლო ცხოვრებაზე ძალიან აისახება. მინდა ეს წლები იყოს მათთვის საუკეთესო. რაც უფრო მეტს იკითხავენ და რაც უფრო მეტად ჩაერთვებიან საგანმანათლებლო პროგრამებში, მით უფრო მეტი იქნება მათი თავისუფლების, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და განვითარების შანსი. ოჯახებსაც ვურჩევ ნაკლებად მიეცეთ ბავშვებს ქუჩაში ყოფნის თავისუფლება და არ იყვნენ ისეთ გარემოში, რომელიც მათ შეუცვლის მომავალს. გარემოებას განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში. როგორ გარემოშიც მოხვდები, ისეთი ცხოვრების სტილიც შეგექმნება, ამიტომ ამაზე ოჯახებიც უნდა დაგვეხმარონ, ურთიერთშეთანხმებით ხდება ყველაფერი“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი:

„ჩვენს სკოლაში საპილოტე პროგრამა გვქონდა „კარიერული დაგეგმვა და პროფორიენტაცია“ და ეს ძალიან ეხმარებოდა ბავშვებს. როდესაც განათლებაზე ვუწევთ ბავშვს აგიტაციას, ვცდილობთ, გავაგებინოთ, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც უმაღლესი განათლების მიღებას, მათ საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლიათ დაგეგმონ მომავალი. მე-12 კლასელებს ამ თემაზე საგანგებოდ დავუთმე ერთი გაკვეთილი და ვხედავდი, რომ ბავშვებს თავად აქვთ უფრო საღი მიდგომა, რომ არ არის თვითმიზანი მაინცდამაინც, დაამთავრონ უმაღლესი, მიიღონ დიპლომი იმისდამიუხედავად ეს პროფესია მათთვის მიმზიდველი არის თუ არ არის. ვუხსნიდი ბავშვებს, რომ ყველა პროფესიას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და აუცილებლად სჭირდებათ ამ პროფესიის ფარგლებში განათლება. მითუმეტეს, როდესაც ასე გაზრდილია საბაზრო ეკონომიკის და კონკურენციის პირობები, მით უფრო ფასდება ნებისმიერი პროფესიის ადამიანის კვალიფიკაცია. იყო ასეთი დამოკიდებულებაც, რომ ბავშვი სწავლობდა კარგად, მაგრამ აინტერესებდა გამხდარიყო მზარეული, ვიღაცას საინფორმაციო ტექნოლოგიები აინტერესებდა, ბოლო წლებში ტრადიციად ქცეული, რომ მაინცდამაინც ყველას იურიდიულზე უნდა ჩაებარებინა და საბანკო პროფესიებზე, ასეთი ახირება აღარ არის. ყველა სფეროს თავისი განათლება უნდა, კარგი მეურნე რომ იყო, გინდა განათლება, ისე ვერ იქნები კონკურენტუნარიანი. ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ მშობლებს უფრო აქვთ ახირება, რომ ბავშვი მოამზადონ, სტუდენტი გახდეს, ბავშვებისთვის კი ეს მომაბეზრებელ რუტინად არის ხოლმე ქცეული და შემდეგ რაღაც ეტაპზე ისევ თვითონ ცდილობენ, გააკეთონ არჩევანი“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია:

„ამ საკითხზე მოკლედ საუბარი რთულია. განათლებას ორი მნიშვნელობა გააჩნია სუბიექტური და ობიექტური. ობიექტურით დავიწყებ. პირველი დადებითი გარეგანი ეფექტი არის გრძელვადიან პერსპექტივაში და არა მოკლევადიან პერიოდში, განათლება არის ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი, ეს ძირითადი ფაქტორია. საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა განათლებას არ ეყრდნობა, როგორც ესაა სინგაპურში, იაპონიაში, გერმანიაში...მეორე დადებითი გარეგანი ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის უკეთესი ხელისუფლების გარანტი. რაც უფრო განათლებულია საზოგადოება, მით უფრო ნაკლებად შეძლებენ პოლიტიკოსები მათ მოტყუებას წინასაარჩევნო პერიოდში და შესაბამისად, განათებული ადამიანი უკეთეს ხელისუფლებას ირჩევს. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დემოკრატიის განვითარების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. განათლებული ადამიანი ნაკლებად ჩაიდენს დანაშაულს, რაც უფრო მაღალია განათლების ინდექსი, მით უფრო დაბალია კრიმინალი ქვეყანაში. რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, შენ, განათლებულმა ადამიანმა შეგიძლია წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის განვითარების საქმეში. თუმცა ეს იმდენად მამოტივირებელი არ არის ბავშვისთვის, ადამიანი მაინც საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. რა სუბიექტური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს განათლებას? ცნობილია გამოკვლევა, რომ ერთი წლით მეტი განათლება (ამით არის ნაკარნახები რომ 12 წლიანია ჩვენთან სკოლაში სწავლება) 10%-ით მეტ შემოსავალს ნიშნავს. განათლება განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას. განათლებული ადამიანის ზნეობრივი სრულფასოვნების განცდა უფრო მეტია. პრაქტიკული კუთხით, ვხედავთ ხანდახან კავშირს დიდ განათლებასა და სუსტ პრაქტიკულობას შორის, დაბალანსებას ვურჩევ ბავშვებს პრაქტიკულობასა და თეორიულობას შორის, ეს აუცილებელია“.

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხალვაში:

„ჩემი აზრი ასეთია, რომ თანამედროვე ცხოვრება ყველა ბავშვის წინაშე მრავალ პრობლემას ქმნის და პრობლემებში რომ გაერკვე, გადალახო, წინააღმდეგობები, იპოვოს საზოგადოებაში შენი ადგილი, ამისთვის აუცილებელია დაეუფლო მეცნიერებათა საფუძვლებს, ისწავლო კარგად, რომ მიაღწიო მიზანს და ჩამოყალიბდე როგორც საზოგადოების ღირსეული წევრი“.

თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის საჯარო სკოლის დირექტორი ია ძამუკაშვილი:

„ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტში გვიწერია თითოეული საგნის სწავლების მიზანი. მიზანში კარგადაა განმარტებული, რა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს სწავლობს საგნის დახმარებით ბავშვი და როგორ ეხმარება კონკრეტული საგანი ცხოვრებისეული უნარების ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით ახერხებენ შესწავლილი თემის დღევანდელობასთან დაკავშირებას, პარალელის გავლებას. მე ისტორიის პედაგოგი ვარ და მაგალითად ისტორიაში, როდესაც განვიხილავთ რომელიმე კონკრეტულ მოვლენას, ამ მოვლენას ყოველთვის ვუკავშირებთ ხოლმე დღევანდელობას და ვაანალიზებთ. ჩვენ გვაქვს გამჭოლი კომპეტენციები, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ასეთი დოკუმენტი გაგვაჩნია, სადაც არის მითითებული, რომ თითოეული საგნის სწავლება მოსწავლეს ეხმარება განივითაროს, მაგალითად, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სწავლის სწავლა და ა.შ. ამ ყველაფრის სწავლება კონკრეტულ საგანთან მიმართებაში მიმდინარეობს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ადმიანის სრულფასოვან, აქტიურ, უნარ-ჩვევებით აღჭურვილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზეც, რომ უმაღლესდამთავრებული ადამიანის ცხოვრების პირობები ზოგჯერ შეიძლება ისეთი ვერ არის, როგორიც იმ ადამიანებისა, ვისაც უმაღლესი არ დაუმთავრებია, აკადემიური განათლება არ მიუღია, მაგრამ უკეთეს პირობებში ცხოვრობენ და გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ. ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები არ ისწავლება მხოლოდ სკოლაში, ამას ბავშვი ხშირად საკუთარ ოჯახშიც სწავლობს, არაფორმალური აქტივობებიც ეხმარება. შესაძლოა მოსწავლე სკოლაში არ იყოს აკადემიურად წარჩინებული, მაგრამ ის აქტიური იყოს არაფორმალური აქტივობების კუთხით, საქმიანობდეს დამოუკიდებლად, ოჯახში უყურებდეს პრაქტიკულ მაგალითებს. ბავშვები ფიქრობენ, რომ დღეს უმაღლესი განათლების მიღება არ არის კარგი ცხოვრების გარანტი, მაგრამ მაგალითი სხვადასხვანაირი შეიძლება მოვიყვანოთ. სამოქალაქო განათლება მოსწავლეს ასწავლის, როგორ გახდეს აქტიური მოქალაქე, როგორ გაერკვეს სრულფასოვნად თავის უფლებებში, როგორ დაიცვას თავი რთული სიტუაციის დროს, ხშირად მითქვამს, რომ ამ საგნის დახმარებით ისინი შეიარაღებულები არიან ძალიან კარგი ცოდნით, რომელიც მათ დაეხმარება მომავალში რეალიზება გაუკეთონ საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს, ლიდერული ჩვევები განივითარონ. მოსწავლეს ზოგადი ცოდნა ეხმარება. ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არის პრაქტიკოსი პრაქტიკული გაკვეთილების დროს ისეთ ცოდნას იღებს, შეიძლება 10 ქულა არ უწერია მას ვთქვათ ფიზიკაში, მაგრამ ძალიან კარგად შეძლებს პრაქტიკული უნარების გამოყენებას მომავალში, არის მომენტები, როდესაც ბავშვი ვერ ხედავს, სწავლა რატომ შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ხშირად ბავშვები ხვდებიან, რომ გარკვეული ცოდნა ყველას სჭირდება საკუთარი თავის რეალიზებისთვის“.

ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ენუქიძე:

„კარგი კითხვაა. ბევრნაირად შეიძლება ამ საკითხის გაშლა ბავშვებისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი განათლება მოსწავლისთვის, ეს ერთი სიტყვით ვერ აიხსნება. მე პირადად ხშირად ვეუბნები ხოლმე მოსწავლეებს, რომ განათლებული ადამიანი არ ნიშნავს მაღალი სოციალური კულტურის მაჩვენებლობას. განათლებული ადამიანი არის თავისუფალი, ეს არის ყველაზე მთავარი. მას ყველა ის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევა აქვს მიღებული, სწორად ცხოვრობს, სწორად ვითარდება, გაუნათლებელი ადამიანი ცოდვაა, იმიტომ რომ მან ელემენტარულად არ იცის ის, რისი გაკეთება და მიღწევა შეიძლება ბევრი სხვა იოლი გზით. გაუნათლებელი ადამიანი იჩაგრება, სხვაზეა დამოკიდებული და ის თავისუფალი არ არის, ყოველთვის ვიღაც მართავს. თუ არ გინდა, რომ ვინმემ გმართოს, უნდა იყო განათლებული. იმიტომ უნდა ისწავლონ, რომ განათლებული ადამიანი თავისუფალია “.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯაფარიძე:

„დიდი ძალისხმევა გვჭირდება ხოლმე, ავუხსნათ ბავშვებს, რომ აუცილებელია სწავლა. განათლება არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ყველა პროფესორი გამოვიდეს. განათლება არის თუნდაც რაიმე ხელობის კარგი სპეციალისტი რომ ხარ, ეს უკვე განათლებაა. სკოლა ზოგად განათლებას იძლევა. ამიტომ ბავშვებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ რას გამოიყენებენ, ამისთვის სამოქალაქო გაკვეთილებია, სადაც ზუსტად არის ყველა ის საკითხი, რომელიც შემდეგ სჭირდება ბავშვს, ყველაფერი კარგად არის გაწერილი. ყველაფერი ისწავლება სამოქალაქო განათლებაში, იმდენად წარმატებული მასწავლებელი გვყავს სამოქალაქო განათლებაში, რომ თითქმის ყველა საგანს ეხმარება ხოლმე მაგ მხრივ. როდესაც სკოლის კვლევა ჩავატარეთ შარშან, აღმოჩნდა, რომ კარგი შედეგები გვაქვს. წელს ოთხი ბავშვი გავიდა, რომლებიც კულინარის ხელოვნებას ეუფლებიან, ადრე უფრო ნაკლებად გადიოდნენ ხოლმე. პროფესიული განათლების კურსებიც არის სკოლაში, ესაც ძალიან ეხმარება ბავშვებს. ისინი მიეჩვივნენ, რომ ბაზარზე უფრო სხვა პროფესიებია მოთხოვნადი, ვიდრე იურიდიული. იურიდიულს რომ დაამთავრებ, უნდა იყო ძალიან ძლიერი სპეციალისტი, თუ იქნები ჩვეულებრივი იურისტი, სამსახურს ნაკლებად იშოვი. შემდეგ ისევ კომპიუტერის სწავლა გიწევს, რომ სადმე ელემენტარულ რამეზე დასაქმდე. ამჯერად უფრო პრაქტიკული თაობა მოდის, ვიდრე ადრე იყო. უკვე წინასწარ იციან, რა პროფესიას უნდა დაეუფლონ, რომ შემდეგ სამსახური იშოვონ“.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია:

„სწავლა ადამიანებს ეხმარება თავის დამკვიდრებაში, ღირსება გემატება, საზოგადოება პატივს გცემს. ბავშვებს ვუხსნით, რომ აუცილებლად გაყვნენ იმ პროფესიას, რომელიც უფრო ხელეწიფებათ, რომელიც უფრო კარგად იციან, რომელიც მათი მისწრაფებაა. არ უნდა წავიდნენ ოჯახის გამო პრესტიჟულ არჩევანზე. რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით, სადაც კარგად დაიმკვიდრებენ თავს და გამოხატავენ საკუთარ შესაძლებლობებს, იმ გზით უნდა წავიდნენ, ყოველთვის ამას ვეუბნებით. დღეს უფრო დაფასდა ის პროფესიები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, სტილისტია, მკერავი თუ მღებავი, რადგან გვჭირდება, მათ უფრო მეტი შემოსავალიც იმიტომ აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ფუჭად მუშაობს. სკოლა ბავშვებს წიგნიერების დონეს უმაღლესებს, აუცილებელია წიგნის სიყვარული, ინტელექტი განაპირობებს მის ღირსებას“.

კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გელხაური:

„ასეთი საკითხები ხშირად არის ხოლმე სკოლაში წინ წამოწეული. განათლება წარმატებისთვის არის აუცილებელი, მომავლისთვის და იმ განათლებისთვის, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. განათლებულმა ხალხმა თავისი მხრებით მოიტანა ჩვენამდე ის, რასაც ქვეყნის მშენებლობა, წინსვლა და წარმატება ჰქვია. ახსნის დროს ვიყენებთ ბევრ მაგალითს, რატომ და რისთვის. მიღებულ განათლებას, სხვათაშორის, ჩვენი მოსწავლეები იყენებენ, პროფესიულ სასწავლებლებს ამთავრებენ, სამსახურს იწყებენ, უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებენ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მიღებულ ცოდნას კარგად იყენებენ, პრაქტიკაშიც შეუძლიათ მიღებული განათლების გამოყენება“.

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა:

„განათლება აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ, მიხვდნენ რა არის კარგი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის და აუცილებელი ცოდნა მიიღონ, რომ თავისი უნარ-ჩვევები გამოავლინონ და ადგილი დაიმკვიდრონ. მხოლოდ სწავლა არ კმარა, ადამიანმა ცოდნა უნდა გამოიყენოს“.

 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება