სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ,მოსწავლეებისთვის მოსაბეზრებელი არ გავხდე“ - იზა ხეცურიანი - მუსიკის ქველმოქმედი პედაგოგი ცაგერიდან
03-06-2020
-
+


მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მამის დაღუპვით დაწყებული, ოჯახის დანგრევით დასრულებული, ბევრი ქარიშხალი გამოიარა, თუმცა განსაცდელმა უფრო მიზანსწრაფული გახადა და რაც თავად ყველაზე მეტად ეამაყება - საკუთარი პროფესიისთვის არასოდეს უღალატია. ბედნიერებას ჩემ მოსწავლეებში, მეგობრებსა და შვილებში ვპოულობო, გამიმხილა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზეც მესაუბრა. Etaloni.ge- სტუმარი იზა ხეცურიანი გახლავთ, ცაგერიდან, რომელიც „ასწავლე საქართველოში“ ფარგლებში დღეს სამ - ცაგერის, რცხმელურისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ბრეძას (ქარელის მუნიციპალიტეტი) სკოლაში მუსიკას ასწავლის, თუმცა ამ ყველაფერს ალბათ ურთიერთობის ხელოვნებასა და სიკეთის სიმფონიას უფრო ვუწოდებდი, რადგან ქალბატონი იზა ძალიან ბევრ მოსწავლეს ეხმარება - ჩუმად, უანგაროდ და ამაზე საუბარი უხერხულობას ჰგვრის - ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, საზოგადოების ნაწილი ვიყო და ვაკეთო კეთილი საქმეო, - მითხრა, ინტერვიუ კი ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შეფასებით დაიწყო.

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ არც ხოტბას ვასხამ ვინმეს და არც რაიმეს მოველი, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნო როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა არსებულ ვითარებაში. ზრუნვას მუდმივად ვგრძნობთ და ამის გამო მადლობელი ვარ. ყველანაირად მხარში დაგვიდგნენ პედაგოგებს, რათა დაგვეძლია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა.

- ქალბატონო იზა, როგორც ვიცი სამ სკოლაში ასწავლით მუსიკას უფროსკლასელებს...

- „ასწავლე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ფაქტობრივად, მთელი საქართველო შემოვიარე, სტარტი მესტიიდან ავიღე შემდეგ ვიყავი კასპში, ახლა ვასწავლი ცაგერის, რცხმელურისა და ბრეძას საჯარო სკოლებში...სადაც უფრო საჭიროა ხოლმე, იქ მანაწილებენ. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ შემძინა ამ პროექტმა, თუ რამეს წარმოვადგენ დღეს განვითარების მხრივ, დიდწილად მისი დამსახურებაა; შემოქმედებითი ადამიანი ვარ და პანდემიის დროს რაც ყველაზე მეტად დამაკლდა, ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა და ის ღონისძიებებია, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა.

- ბავშვებს უყვართ თქვენი საგანი?

- ნამდვილად უყვართ... მუდმივად ვცდილობ, ყველა გაკვეთილსა თუ ღონისძიებას ჩემებური ნიუანსები შევძინო, გაკეთებული გვაქვს მიუზიკლები, საავტორო პროგრამა „ქართული მუსიკის ჰანგები“, საქველმოქმედო საღამოები...

- სამი მუნიციპალიტეტის სკოლებში ასწავლით, როგორ ასწრებთ?

- მანქანა შევიძინე და ეს აღმოჩნდა დიდი შვება... დროს, რომელიც მანამდე არასოდეს მყოფნიდა, ახლა გადასარევად ვანაწილებ. 51 წლის ვარ და ახლა ვისწავლე მართვა... არ ვეპუები სიახლეებს, ვცდილობ განვვითარდე და ვისწავლო. სხვათა შორის, როდესაც მასწავლებლების სერტიფიცირება დაიწყო, ჩვენ რეგიონში პირველი ვიყავი, ვინც მუსიკაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო და საგანი ჩააბარა ათ ქულაზე; გარდა ამისა, საქართველოს საუკეთესო მუსიკის მასწავლებლებს შორის წარმადგინეს და ხუთეულში ვიდექი, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ ლაღიძის უნიკალური სახელმძღვანელოც კი გადმომცა, როგორც რჩეულს, ხოლო გუბერნატორმა დედის დღე პირადად მომილოცა. მიუხედავად იმისა, ჩემი კოლეგებს ეგონათ გამარჯვებული ვიქნებოდი, ასე არ მოხდა, თუმცა მადლობელი ვარ, საუკეთესო ხუთეულში რომ ვიდექი.



- ასეთი წარმატებული პედაგოგი კოლეგებისგან გულწრფელ მილოცვებს იღებთ?

- ვინც მილოცავს, მას გულწრფელად უხარია, ხოლო შურიანი ვინცაა, არც მილოცავს... ეს მათი პრობლემაა, მე კი მაქვს ჩემი სიმდიდრე - მყავს ბევრი მეგობარი, კოლეგა, მაქვს კარგი ავტორიტეტი და იმ სიყვარულში, რომელიც ქალის ბედნიერებას უნდა ახლდეს, მაქსიმალურად ვიხარჯები ჩემს ბავშვებთან, მეგობრებსა და რა თქმა უნდა, შვილებთან ერთად,

- რატომ გადაწყვიტეთ მუსიკის პედაგოგობა, ქალბატონო იზა?

- ბავშვობიდან მქონდა არაჩეულებრივი მონაცემები და სანამ პიანინო მექნებოდა, მაგიდაზე, წარმოსახვაში ვუკრავდი ხოლმე. შვიდი წლის ასაკიდან პროფესია არჩეული მქონდა, მინდოდა მუსიკის მასწავლებლობა და ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, თბილისში, არაყიშვილის სახელობის მუსიკის სასწავლებელში მოვხვდი, ცხრა გამოცდით; კარგი მეგობრები მყავდა და მოტივირებულიც ვიყავი, პროფესიას კარგად დავუფლებოდი; შემდეგ, რაიონში დავბრუნდი, კონსერვატორიაში ვერ ჩავაბარე ოჯახური მდგომარეობის გამო, თუმცა პედაგოგიური მაინც დავამთავრე.

- ადვილი არ არის მასწავლებლობა, ხომ ასეა?

- ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ მთავარია, არ იყო მოსაბეზრებელი, მეც მუდმივად ვცდილობ ვისწავლო, თანამედროვეობას ავუწყო ფეხი, რათა არ დავბერდე ნაადრევად და არ გავხდე მოსაბეზრებელი ჩემი ბავშვებისთვის. კომპიუტერის ხანაში სხვაგვარად მასწავლებელი წარმატებას ვერ მიაღწევს.

- ქველმოქმედი ხართ და ამ თემაზე საუბარი დიდად არ გიყვართ.

- თუ რამე შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ და ამაზე საუბარი ნამდვილად უხერხულობას მიქმნის... ჩემს მოსწავლეებსაც ბევრს ვესაუბრები ადამიანობაზე, მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე... ახლაც ერთი მოსწავლე მყავს, რომელსაც საოცარი მუსიკალური ნიჭი აქვს, ჩემი აღმოჩენაა ეს ბავშვი, მაგრამ სამწუხაროდ, ხელმოკლეობის გამო, ბევრ რამეს მოკლებულია. წარმოიდგინეთ, კომპიუტერიც კი არ ჰქონდა, დისტანციურ სწავლებაში რომ ჩართულიყო და ახლა ვცდილობ, იქნებ როგორმე ეს საკითხი გადავწყვიტოთ.



- თქვენი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იჩენთ, ამის გამო შვილები ხომ არ გსაყვედურობენ?

- ჩემი გოგონა ახლაც მეუბნება, მუსიკაში არაფერი გამიკეთეო; თავად სტომატოლოგია პროფესიით...ისეთი რთული პერიოდი მქონდა, ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩემს შვილებს ბევრი რამ დააკლდათ. მართალია, სწავლა ჩვენ ოჯახში ნომერ პირველი იყო და სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეს, მაგრამ მუსიკას ისეთი სიბეჯითე, თავგანწირვა სჭირდება, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა და ძალიან ვდარდობ, მუსიკის სიღრმისეულად ცოდნისგან შორს რომ არიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება