სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ამ გამოწვევას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით“ - დირექტორები წლევანდელ ბოლო ზარზე
07-05-2020
-
+


წელს საქართველოს სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი არ დაირეკება! - ესაა რეალობა, რომელთანაც, გვინდა თუ არა შეგუება მოგვიწევს. რთულია იმის გადმოცემა, რას გრძნობენ მოსწავლეები ასეთ დროს, როდესაც სკოლა ცხოვრების ახალ ეტაპზე სათანადოდ ვერ აცილებს, ან რას განიცდიან პედაგოგები, როდესაც მრავალწლიანი ტრადიციის დარღვევა უწევთ. სწორედ საკუთარ განცდებსა თუ გეგმებზე ესაუბრებიან Etaloni.ge- სკოლების დირექტორები და იმასაც გვიმხელენ, რომ შეეცდებიან, მეთორმეტეკლასელებს გული არ დაწყვიტონ.   

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე:

- ბოლო ზარი ცხოვრებაში ერთხელაა და რთულია, როდესაც ამ ტრადიციის დარღვევა გვიწევს. ორ ათეულ წელზე მეტია, სკოლის დირექტორი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა - ამ გამოწვევას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით, მაგრამ რა გაეწყობა - ვემორჩილებით კანონს, ბავშვებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ყველაფერს, თუმცა შესაძლოა ბოლო ზარი სიმბოლურად მაინც დავრეკოთ.

შმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლის დირექტორი დემურ ძნელაძე:

- ჯერჯერობით ჩამოყალიბებულნი არ ვართ, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, როგორ გავაცილოთ მეთორმეტეკლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე. წარმოუდგენელია, ბავშვები ისე დავტოვოთ - მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ვეცდებით, ყველაფერი ისე მოვაწყოთ, არც კანონი დავარღვიოთ და არც მოსწავლეებს დავწყვიტოთ გული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ცერცვაძე:

 - რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, რაც ხდება. განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის იმის გაცნობიერება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ გააცილებს. რა დააშავა ამ თაობამ?! ზარს დავრეკავთ და ყველაფერს წესისამებრ გავაკეთებთ, ოღონდ რეკომენდაციების გათვალისწინებით. მე იურისტი ვარ და ნამდვილად არ დავარღვევთ კანონს. ამიხსენით, რა დააშავეს ამ ბავშვებმა?! ჰოდა, ჩვენ ტრადიციას არ ვუღალატებთ!

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:

- დიახ, ბოლო ზარი არ დაირეკება ჩვენ სკოლაში და არც არანაირი სიურპრიზის მოწყობას ვაპირებ, იცით, რატომ? - ამ სიურპრიზს მაინც თავშეყრა მოჰყვება! დისტანციურად, რა თქმა უნდა, მივულოცავთ, გზას დავულოცავთ, მაგრამ სკოლაში შეკრებასა  და ღონისძიების ჩატარებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ემოციურად კი, საშინელებაა, რაც ხდება და ცარიელი სკოლის დანახვაც აუტანელია.

ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქვარაია:

- ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია არსებულ რეალობასთან შეგუება. რადგანაც საგანგებო მდგომარეობაა და არ ვიცით, გარკვეულ პერიოდში, რა, როგორ იქნება, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუმცა, რაღაც იდეებს განვიხილავთ და ვაპირებთ, დისტანციურად მაინც მივულოცოთ სკოლის დამთავრება, რათა მათთვისაც დასამახსოვრებელი იყოს ეს დღე. ბოლო ზარი ხომ ცხოვრებაში ერთხელ ირეკება - აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს და გავულამაზებთ ამ დღეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი, კახაბერ შონია:

- პირველ ყოვლისა, რთულია, მონატრებას გავუმკლავდეთ. მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც ძალიან გვენატრება, ბოლო ზარზე კი აუცილებლად სიურპრიზს მოვუწყობთ ბავშვებს... ისე ხომ არ დავტოვებთ?! იცით, სკოლაში ხშირად მიწევს მისვლა, თითქმის ყოველდღე და სოფელიც და სკოლაც დაცარიელებულია. სამსართულიანი შენობა ცარიელია და ამას იოლად ვერ შეხედავს ადამიანი. ზარი კი არც გაგვითიშავს, სკოლის ზარი შენობის ცარიელ კედლებში მაინც რეკავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი, იური მრელაშვილი:

- რა გითხრათ, ჯერჯერობით, არ ვართ ჩამოყალიბებულნი, როგორ მოვიქცევით და არც კონკრეტული ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ფაქტია ამ ექსტრემალურ სიტუაციას ყველანი ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შევხვდით და გამოცდილების გამზიარებელიც არავინაა. ასე რომ, რას, როგორ მოვახერხებთ, არ ვიცი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიხლაძე:

- სამწუხაროა, რომ ბოლო ზარი არ დაირეკება...  ბოლო ზარის ღონისძიებას პომპეზურად ვაწყობდით და ახლა ეს შეუძლებელია. გულისწყვეტის მიუხედავად, ვერაფერს შევცვლით, ბავშვებიც გაგებით მოეკიდნენ, რადგან ახლა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა მნიშვნელოვანი, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვნად მიმაჩნია.  

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორი, ვალენტინა ბაშლიკი:

- ძალიან მინდა, მეთორმეტეკლასელებს სიურპრიზი მოვუწყო, მაგრამ ჯერ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ისე კი, გული მწყდება, სათანადოდ რომ ვერ ვაცილებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე და ემოციურადაც რთულია, ამდენწლიანი ტრადიცია ირღვევა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება