სიახლეები
პიროვნება

„ღმერთმა არ გამითენოს დღე, როცა ვიტყვი, რომ ვასწავლე და არა ვისწავლე“ - ცნობილი ფილოლოგი მესტიიდან ციალა გულედანი
30-04-2020
-
+


საშუალო შეძლების ოჯახში გავიზარდე, დედ-მამა პედაგოგი არ ყოფილა, თუმცა ისტორიკოსმა ბიძამ მიმაღებინა გადაწყვეტილება, ფილოლოგიურზე ჩამებარებინა“,- ასე დაიწყო Etaloni.ge-სთან ინტერვიუ მესტიელმა ფილოლოგმა ციალა გულედანმა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან აწუხებს. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რესურსცენტრი კი ცდილობს, საგანმანათლებლო სიახლეების საქმის კურსში ვიყოთ და პულსზეც  ხელი უჭირავს, მაგრამ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი საათი ბავშვებთან გავატარო, წარმოდგენა არ მაქვს, თუ შეიძლება არსებობა მათ გარეშეო, - გაგვიმხილა და შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზეც გვესაუბრა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მესტიელმა გოგონამ გადაწყვიტა, ისტორიკოსი გამხდარიყო:

- არ ვარ პედაგოგის ოჯახში დაბადებული, მაგრამ ნამდვილად, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახში იყო პატიოსნება, სიკეთე და კეთილშობილება. ოთხი ბავშვი ვიზრდებოდით და  მშობლები, ჩვენი თანდასწრებით, არც კი წაკამათებულან.

ისტორიულზე ჩაბარება კი იმიტომ მინდოდა, რომ მამის ძმა იყო ისტორიკოსი; როდესაც დუშეთიდან ჩვენთან ჩამოდიოდა, ისეთი გარემო იქმნებოდა ოჯახში, თავი ზღაპარში მეგონა და არ მინდოდა, ეს დასრულებულიყო. თუმცა, ბიძაჩემის ფრთხილი რჩევით - გოგოსთვის უფრო მისაღები მგონი ფილოლოგიურიაო - გადავწყვიტე, ამ განხრით წავსულიყავი. საერთოდ კი მიმაჩნია, რომ ფილოლოგმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს ისტორია და პირიქით, ისტორიკოსმა - ენა და ლიტერატურა. ეს ორი, უერთმანეთოდ წარმოუდგენელია და ბედნიერი ვარ, თუ რამეს ვაკეთებ იმისთვის, რაც ვიცი, ჩემს მოსწავლეებს გადავცე.

თავიდან მუშაობა დავიწყე ლენჯერის N1, მშობლიურ სკოლაში. მხოლოდ ერთი კლასი მყავდა და მაინც ბედნიერი ვიყავი. მორცხვი, მორიდებული გახლდით, თუმცა შემდეგ ცხოვრებამ მაჩვენა გზა, როგორ გავხდე საკუთარ გაკვეთილზე პრეზიდენტიც, მინისტრიც, მასწავლებელიცა და მოსწავლეც. მოგვიანებით კი, სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, იძულებული გავხდი ლენჯერის სკოლიდან წამოვსულიყავი და ახლა დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

- როგორი მასწავლებელია ციალა გულედანი?

- მარტივი მასწავლებელი ვარ, რომელსაც მიაჩნია, რომ არ შეიძლება ხმის აწევით ლაპარაკი - ეს სისუსტის ნიშანია. აჯობებს, სხვა მიდგომები გამოიყენო, ვიდრე იყვირო და შიში დანერგო.

- და რას ასწავლით საკუთარ მოსწავლეებს, ქალბატონო ციალა?

- ჩემი მთავარი სათქმელი ესაა - უყვარდეთ სამშობლო! მაგალითად, როდესაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას ვასწავლი, შეუძლებელია, არ ვუამბო, რომ სწორედ სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს გაერთიანებას, ვურჩევ, წაიკითხონ ბარნოვის „ტრფობა წამებული“ და ზოგადად, მიმაჩნია, რომ რეალიზმია აგიოგრაფიული მწერლობა, რადგან თვითმხილველია აგიოგრაფი იმის, რასაც აღწერს.

- კი, მაგრამ რეალიზმია მე-19 საუკუნის მწერლობაც - ილია ჭავჭავაძე...

-  მე-19 საუკუნეში როგორც ლიტერატურული მიმართულება, ჩნდება კრიტიკული რეალიზმი და როდესაც ილია ლუარსაბ თათქარიძეზე გვიამბობს - პირთან საქმე არ გვაქვს, საზოგადო ჭირზე ვწერთო, ეს მაინც მხატვრული ნაწარმოებია - რეალობა, უხვად შემოსილი მხატვრული სამოსელით.

- თუმცა, თათქარიძეები დღესაც არსებობენ...  

- ეს, ალბათ, ქართული სენია... ჩვენ გამოკიდებულები ვართ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წლიხვედრია და ციდან მანანას ჩამოგვაყრის, ამიტომ სიზარმაცე გვძლევს... ზოგადად, მწერლების სასწორზე შეგდება  არ მიყვარს - მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ამბობს და არც იმ მოსაზრებას ვემხრობი, თითქოს, რაც უნდა დაწერილიყო „ბიბლიასა“ თუ „ვეფხისტყაოსანში“ წერია. ამ დროს, შეიძლება, ჩვეულებრივმა მოკვდავმა ერთი ფრაზით გადმოგვცეს მსოფლიო მოვლენის ტოლფასი სათქმელი.

ჩემთვის ასევე განუმეორებელია ჯემალ ქარჩხაძის „იგი“, სადაც პირადაპირ ჩვენი რეალობაა გადმოცემული - თუ საზოგადოებისგან განსხვავებული ხარ, წუხხარ; თუ მას ემსგავსები - გტკივა;  ადამიანად ჩამოყალიბება ხომ იქიდან იწყება, როცა სილამაზეს დაინახავ და თვალი ესთეტიკურ სიამოვნებას იგრძნობს.  ჩვენი ლიტერატურა კი ნამდვილად საოცრებაა და თუ უცხოელები ქართულს იმიტომ სწავლობენ, „ვეფხისტყაოსანი“ ორიგინალში წაიკითხონ, ჩვენ რატომ არ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ქართველები ვართ?!

- სამწუხაროდ, „ვეფხისტყაოსნისსწავლა დიდად არ უყვართ ბავშვებს.

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სკოლა ისე დავამთავრე, „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ „ნახეს უცხო მოყმე ვინმე...“ - მეგონა. შემდეგ თვითონ დავინტერესდი, შევისწავლე საფუძვლიანად და ახლა გააზრებულად შემიძლია ვთქვა - ყოველი ტაეპი არის აფორიზმი, სიბრძნე! და სულ ვამბობ - ვინმემ „ვეფხისტყაოსანი“ ფილმად რომ გადაიღოს, ალბათ თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ეს არის მუსიკა, რომელიც უნდა ისმინო. მითხარით, ბავშვებისთვის რთულია „ვეფხისტყაოსნის“ სწავლაო და ... იცით, მიმაჩნია, რომ ორი რამ არ შეიძლება დაძალებით - სიყვარული და სწავლა.

- თუ ბავშვს სწავლა არ უნდა, არ უნდა დავაძალოთ?

- მახსოვს, ერთხელ ბავშვებს თემა უნდა დაეწერათ გაკვეთილზე. ვინც როგორ ახერხებდა, ისე წერდა, ერთმა ბავშვმა კი რვეულში რაღაცის ხატვა დაიწყო. ეს რომ დავაფიქსირე, თვალით ვანიშნე, განაგრძე-მეთქი და წარმოიდგინეთ, კლდიაშვილის გაღატაკებული აზნაურების სახეები, რომელიც თემად უნდა დაეწერათ, ამ ბავშვმა დახატა. ფაქტია - მას თავისი გზა ნაპოვნი ჰქონდა და თუ იცის, საით წავიდეს, მე რატომ უნდა შევუშალო ხელი - რა მოხდა, თუკი გაკვეთილს ზეპირად არ ჩამაბარებს?! მთავარია, ჩემი გაკვეთილი ტანჯვად ექცეს მოსწავლეებს და ამისთვის ათასნაირი ბერკეტი არსებობს. დირექტორიც ვიყავი, განათლების განყოფილებაშიც ვმუშაობდი და ქუთაისის უნივერსიტეტშიც - მეცნიერ-თანამშრომლად... სულ ვამბობ - ღმერთმა არ გამითენოს დღე, როცა ვიტყვი, რომ ვასწავლე და არა, ვისწავლე.

- რას სწავლობთ ბავშვებისგან, ქალბატონო ციალა?

- ბავშვებისგან ყველაფრის სწავლა შეიძლება, მათ თვალებში იმხელა ბედნიერებას ამოიკითხავს ადამიანი... ბავშვი მართლაც სარკეა, რომელიც გასწავლის, როგორი მიდგომები სჭირდება, ამას მზერით გეუბნება და თუ კარგი პედაგოგი ხარ, აუცილებლად მიხვდები.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება