სიახლეები
პიროვნება

როგორ აღმოაჩინა ციალა კაკალაძემ ნინო ქათამაძის ნიჭი - ქობულეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორის გულახდილი ინტერვიუ
30-04-2020
-
+


ოთხ ათეულ წელზე მეტია ქობულეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორია და ეს გზა ღირსეულად განვლო. მიუხედავად იმისა, ახლა ქობულეთი წითელი ზონაა და სახლში ყოფნა უწევს, მაინც აქტიურობს, პედაგოგებსაც ამხნევებს და ცდილობს, ამაღლებულმა განწყობამ არც მოსწავლეები დატოვოს. ციალა კაკალაძე თითოეული მოსწავლითა თუ პედაგოგით ამაყობს, ამაყობს იმითაც, რომ მისმა სკოლამ არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი გაუზარდა ქვეყანას, რომელთა შორის არიან ნინო ქათამაძე და ქეთინო მანელიშვილი. როგორი მოსწავლე იყო ნინო, როგორ ატყობს ბავშვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს და რა გზა განვლო დღემდე - Etaloni.ge- ქობულეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორი, ციალა კაკალაძე ესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ სახლებში ვართ, ჩვენ სკოლას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ვმუშაობთ დისტანციურად, რომელ ბავშვსაც სახლში ინსტრუმენტი არ აქვს, თეორიულ მასალას გავდივართ.... მუდმივად მეცადინეობენ, მეც ხშირი კონტაქტი მაქვს მათთან, თუმცა თითოეულ ჩვენგანს ძალიან უჭირს - გვენატრება სკოლაც, ერთმანეთიც... მაგრამ, რას ვიზამთ - ახლა ასეა საჭირო!

- ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას თუ გრძნობთ, სწავლების გადასახადზე რა ხდება?

- ჩვენთან სწავლის გადასახადი ისედაც მიზერულია, რომელიც მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, ინსტრუმენტი შევიძინოთ ან სხვა წვრილმანი ხარჯისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ შევაწუხოთ. დანარჩენ ხარჯებს ხელისუფლება ფარავს და ეს უდიდესი შეღავათია, როგორც ჩვენთვის, ისე მოსწავლეთა ოჯახებისთვის. იცით - ჩვენი ბავშვები, გარდა იმისა, რომ სწავლობენ ფორტეპიანოზე დაკვრას, პარალელურად, ეუფლებიან სხვადასხვა ინსტრუმენტს აბსოლუტურად უსასყიდლოდ. გვაქვს ხალხური, ჩასაბერი ინსტრუმენტები, გვყავს საესტრადო ბენდიც... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ხშირად გვიწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე და იმდენად მრავალმხრივად ვითარდებიან ჩვენი ბავშვები, თამამად შემიძლია გითხრათ, მსგავსი სხვაგან არა მგონია ხდებოდეს. ასე რომ, მუნიციპალიტეტის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ ისევე, როგორც თავად მუნიციპალიტეტს შეუძლია ყოველთვის ჰქონდეს ჩვენი იმედი.    

- იყო პერიოდი, როდესაც ბავშვს ფორტეპიანოზე დაკვრა უპირობოდ უნდა სცოდნოდა და სასწავლებელი დაემთავრებინა. შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა და ინტერესი, შეიძლება ითქვას, საერთოდაც გაქრა...

- მოთხოვნა ნამდვილად შემცირდა და ამიტომაც შევცვალე სწავლების სტილი - დავამატეთ ბევრისხვა  მიმართულება და საბოლოოდ, იმხელა ინტერესი გაჩნდა, რომ ყველა მსურველს ვერც ვიღებთ სასწავლებელში. როგორც გითხარით, ჩვენთან ფორტეპიანოს პარალელურად, ბავშვები ელექტროგიტარაზე, საქსოფონზე, ხალხურ ინსტრუმენტებსა თუ დრამებზე დაკვრას სწავლობენ.

- განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის რა კეთდება თქვენ სკოლაში, ქალბატონო ციალა?

- ვცდილობთ,  მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.  სოფლიდან დადიან ბავშვები და ისე უკრავენ ფანდურზე, სალამურზე... მუდმივად ვფიქრობ, როგორ შეიძლება მათ მდგომარეობაში არ შეხვიდე, მხარში არ დაუდგე.



- და როგორები იზრდებიან ასეთი ბავშვები?

- სულ ვამბობ - ბავშვი, რომელიც ხელოვნებითაა გატაცებული, დანაშაულს არასოდეს ჩაიდენს!

- როგორც ვიცი, თქვენმა სკოლამ არაერთი ცნობილი მუსიკოსი გამოზარდა და მათ შორისაა ნინო ქათამაძე.

- დიახ... ადრე ტარდებოდა სკოლების ოლიმპიადები და რატომღაც, სულ ვიყავი ჟიურიში. ერთხელაც, პირველკლასელი ნინო, ბიძასთან ერთად გამოვიდა. ბიძა ფანდურზე უკრავდა, თავად ნინო კი მღეროდა. მაშინ იმხელა კონკურსი იყო მისაღებ გამოცდებზე, ერთ ადგილზე ოცი ბავშვი მოდიოდა... მართლაც, ძლიერ ბავშვებს ვარჩევდით და ნინოში სწორედ ეს ნიჭი დავინახე.  ბიძამისს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა მოეყვანათ ჩვენთან. ასეც მოხდა და მაბედნიერებს იმის გააზრება, რომ ნინო ქათამაძე კლასიკური მუსიკის სიყვარულს ჩვენთან ეზიარა.

- მაშინაც ასეთი განსხვავებული და საოცარი ხედვა ჰქონდა?

- მუსიკალური მონაცემები ჰქონდა არნახული, მაგრამ ნოტებში ჩახედვა არ უყვარდა. ნაწარმოებს რომ მოისმენდა, ეგრევე, სმენით აწყობდა.  ძალიან თბილი ადამიანია... შეუძლებელია არ ვიამაყო ასევე ქეთინო მანელიშვილით, რომელმაც ასევე დაამთავრა ჩვენი სკოლა და დღეს აჭარის კაპელის ქორმაისტერია.

- ეს მაგალითები თქვენი მოსწავლეებისთვის ალბათ უდიდესი მოტივაციაა...

- რა თქმა უნდა... ჩვენი მუსიკალური სკოლა 1977 წელს გაიხსნა  და მას შემდეგ არაერთი ნიჭიერი თაობა გამოვზარდეთ. 42 წელია დირექტორი ვარ.

- დირექტორად როგორ დაინიშნეთ?

- სკოლა რომ გაიხსნა, თბილისიდან პირდაპირ დანიშნეს დირექტორი, მაშინ N1 სკოლაში მუსიკის მასწავლებელი ვიყავი და გამგებელმა იკითხა - კი, მაგრამ, ადგილობრივი კადრი არ გვყავს, ვისაც კონსერვატორია ექნება დამთავრებულიო? მე სათანადო განათლება მქონდა და ასე დავინიშნე სკოლის დირექტორად. ახლა ხუცუბანში, ჩაქვსა და ბობოყვათში ფილიალები გვაქვს.

- ამდენი წელი უხელმძღვანელო სახელოვნებო სკოლას, ალბათ, ადვილი არაა. არ შეგეშინდათ ამხელა  პასუხისმგებლობის?

- ერთ ისტორიას გიამბობთ -  მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია, რომელიც სამუსიკო სკოლების დახურვის საკითხს წყვეტდა. და ჩვენთან მოსულები იმდენად გაოგნდნენ ნანახითა და მოსმენილით, მითხრეს - თქვენი პედაგოგები მოსკოვის ნებისმიერ პედაგოგს ტოლს არ დაუდებენო. ასე, აღფრთოვანებულები გავუშვით და ზოგადად, ვერ ვძლებ, როდესაც საქმე არ კეთდება. დადებითი მუხტი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობა ნამდვილად არის, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემიძლია - ახლაც რომ ვზივარ სახლში, უფრო ცუდად ვგრძნობ თავს, სკოლაში კი ენერგიაც მეძლევა და არც ჯანმრთელობა მაწუხებს.

- სახელოვნებო სკოლის დირექტორობა იყო თქვენი მიზანი?

- სიმართლე გითხრათ, ვოცნებობდი ექიმობაზე და ვაპირებდი კიდეც სამედიცინოზე ჩაბარებას. იმ პერიოდში მუსიკალურ ტექნიკუმში მესამე კურსიდან აკადემიურიც ავიღე, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო,  მუსიკას დავუბრუნდი... წარმოიდგინეთ, დღეში ათ საათს ვმეცადინეობდი, რათა გამოცდები სათანადო დონეზე ჩამებარებინა.

- მეზობლები როგორ უძლებდნენ ამას, ქალბატონო ციალა?

-  ხუმრობდნენ, არ ათხოვებთ ამ გოგოს? აღარ შეგვიძლია მოსმენაო.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება