| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის 866 231 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვას გეგმავს. ღონისძიება 2026 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიასა და გალა კონცერტს გააერთიანებს.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ღონისძიება მოიცავს სტუმრების ოფიციალურ მიღებას, საზეიმო გახსნას, ოფიციალურ პირთა სიტყვით გამოსვლებს, პედაგოგთა დაჯილდოებას, საკონცერტო და კულტურულ-მუსიკალურ პროგრამას, ფურშეტს, ტექნიკურ და საორგანიზაციო მომსახურებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და პირდაპირ სატელევიზიო და ინტერნეტტრანსლაციას
უწყების განმარტებით, შპს „კოლექტიკას“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია და ბიუჯეტი ყველაზე დაბალი ფასის მქონე შეთავაზება იყო და სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ღონისძიების საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებდა.
შესყიდვის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მომსახურების სავარაუდო ღირებულება 866 231 ლარია. სამინისტროს პოზიციით, ღონისძიების მასშტაბის, მომსახურების სპეციფიკისა და შეზღუდული ვადების გათვალისწინებით, ელექტრონული ტენდერის პროცედურების გამოყენება ვერ მოესწრება, რაც ღონისძიების ჩატარებას შეუშლის ხელს.
ხარჯთაღრიცხვის დეტალური დოკუმენტი
ტექნიკური და დამხმარე მომსახურებების ჯამური ღირებულება 170 027 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის პირდაპირი სატელევიზიო ეთერისა და Facebook Live-ის უზრუნველყოფა, სცენისა და LED ეკრანების მოწყობა, გახმოვანება, განათება, გენერატორის იჯარა და სხვა ტექნიკური მომსახურებები.
მხოლოდ პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფისთვის 31 356 ლარია გათვალისწინებული, სატელევიზიო ხმის ვერსიისა და მრავალხმიანი ხმის მიქსინგისთვის კი — 13 021 ლარი. სცენის ცენტრალური LED ეკრანის მომსახურების ღირებულება 5 936 ლარია, ხოლო გვერდითი ეკრანების — 5 088 ლარი.
ტექნიკური ხარჯების ჩამონათვალში ასევე გვხვდება სხვადასხვა ტიპის პროფესიონალური განათების მოწყობილობა, ხმისა და განათების ინჟინრების მომსახურება და სცენის კონსტრუქციები.
საკონცერტო ნაწილისთვის გათვალისწინებული თანხა 146 510 ლარია. ხარჯთაღრიცხვა მოიცავს მომღერლების, მუსიკალური ანსამბლის, ბენდის, ქორეოგრაფიული ჯგუფის, მსახიობისა და წამყვანების მომსახურებას.
დოკუმენტში ცალკეა მითითებული ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძისა და დუდანა მაზმანიშვილის გამოსვლები - თითოეულის მომსახურების ღირებულება 7 813 ლარია.
ქართული ხმების მრავალხმიანი ანსამბლის მომსახურებისთვის 26 042 ლარია გათვალისწინებული, ქორეოგრაფიისთვის - 19 531 ლარი, ბენდისთვის - 13 021 ლარი, ხოლო ოპერის სოლისტის მომსახურებისთვის - 15 625 ლარი.
ხარჯთაღრიცხვაში ასევე შეტანილია ეკა კახიანის, მაია ჯაბუასა და სხვა შემსრულებლების მომსახურება, აგრეთვე ორი წამყვანის ჰონორარი - თითოეულისთვის 10 417 ლარი.
ღონისძიების ვიზუალური მხარის მოსაწყობად 111 293 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა მოიცავს გარე სივრცის დეკორაციებს, ფოტოზონებს, ბანერებს, ყვავილების კომპოზიციებს, ფოიესა და სხვა სივრცეების გაფორმებას.
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, „დედაენის“ თემატიკის ფოტოზონის მოწყობისთვის, რომელიც საარქივო მასალების გამოყენებასა და ეკრანის განთავსებასაც ითვალისწინებს, 10 033 ლარია გამოყოფილი.
სცენაზე ყვავილების დეკორაციისთვის 12 296 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ფოტოზონების ფლორისტული კომპოზიციებით გაფორმებისთვის — 10 336 ლარი. შესასვლელ სივრცეში განსათავსებელი ყვავილების კომპოზიციების ღირებულება 10 000 ლარია.
დოკუმენტში ცალკეა გათვალისწინებული ფოტოზონებისა და დეკორატიული მიღების სივრცეების დამზადება, პილონები, პრესბანერი და სხვა ვიზუალური ელემენტები.
ღონისძიების კვებითი მომსახურებისთვის ჯამურად 106 270 ლარია გათვალისწინებული. მომსახურება 600 სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს საკვებს, სასმელებს, სამზარეულოს ინვენტარს, მაგიდებს, მომსახურე პერსონალსა და დეკორატიულ ელემენტებს.
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ფურშეტის მენიუსთვის ერთ ადამიანზე 65 ლარია განსაზღვრული, რაც 600 სტუმრის შემთხვევაში 39 000 ლარს შეადგენს.
სასმელებისთვის გათვალისწინებულია ერთ ადამიანზე 45 ლარი, ჯამურად კი - 27 000 ლარი. დოკუმენტში მითითებულია შუშხუნა ღვინო, თეთრი და წითელი ღვინო და გამაგრილებელი სასმელები.
სამზარეულოს მოსაწყობად საჭირო ინვენტარის იჯარის ღირებულება 8 000 ლარია, კვებითი მომსახურების ტრანსპორტირებისთვის -3 500 ლარი, ხოლო ფურშეტის მომსახურე პერსონალით უზრუნველყოფისთვის - 11 000 ლარი.
საკონცერტო ნაწილის დაგეგმვის საორგანიზაციო ჯგუფისთვის 105 055 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის რეჟისორის, რეჟისორის ასისტენტის, მხატვარ-დიზაინერის, აღმასრულებელი და ტექნიკური პროდიუსერების, მუსიკალური პროდიუსერის, სცენარისტის, ფოტოგრაფებისა და სხვა თანამშრომლების მომსახურება. გათვალისწინებულია ასევე საორგანიზაციო ჯგუფისა და მუსიკალური შემსრულებლების განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
ღონისძიების ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ჯგუფისთვის დამატებით 33 889 ლარია გამოყოფილი. ამ კომპონენტში შედის ორგანიზატორის, მთავარი მენეჯერის, მენეჯერების, შრომის უსაფრთხოების მენეჯერისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურება, აგრეთვე განთავსებისა და ტრანსპორტირების ხარჯები.
დეკორაციებისა და ინვენტარის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 4 500 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მათი ტრანსპორტირებისთვის - 5 000 ლარი.
სამინისტრო განმარტავს, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი პედაგოგების ღვაწლის დაფასება და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაა.
2026 წელს ღონისძიების ქუთაისში ჩატარება, უწყების განცხადებით, რეგიონებში საგანმანათლებლო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების გააქტიურებას ემსახურება. ლოკაციის ცვლილებამ კი, სამინისტროს განმარტებით, ტექნიკური და საორგანიზაციო საჭიროებების ხელახალი შეფასება მოითხოვა. უწყების პოზიციით, ღონისძიების მასშტაბისა და შემჭიდროებული ვადების გამო ელექტრონული ტენდერის ჩატარება ვერ მოესწრება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ