სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

როგორ მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები თბილისის სკოლებში - დირექტორების კომენტარები
10-04-2020
-
+


ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა არსებულ ვითარებაში და ფლობენ თუ არა მასწავლებლები ტექნიკურ უნარებს ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად? ახერხებენ თუ არა მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებში ჩართვას და აქვთ თუ არა მათ საამისოდ საკმარისი უნარები?

ამის გასარკვევად etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექტორი სარდიონ შაფათავა:

„ჩვენ 18 მარტიდან უკვე ჩავერთეთ ონლაინ სწავლებაში, ყველა მასწავლებელი, მათ შორის სპორტის და სპეციალური მასწავლებლებიც. მოსწავლეებს ყველას არ აქვს საჭირო ტექნიკა, ყველას არ აქვს საშუალება, იყიდოს კომპიუტერი, მაგრამ მაინც არიან ჩართულნი ონლაინ გაკვეთილებში. მასწავლებლები ასეთ მოსწავლეებს ტელეფონით უკავშირდებიან. ყოველ პარასკევს მასწავლებლები ანგარიშს აბარებენ სასწავლო ნაწილს, ის კი მე მაწვდის ინფორმაციას. ამ მხრივ საქმე წინ მიდის და არც თუ ისე ცუდად, ბავშვებს მოენატრათ სკოლა ისეთებსაც კი, რომლებიც გაკვეთილების დამთავრებას ნატრობდნენ ხოლმე. დისტანციურ სწავლებაში ჩვენი ყველა მასწავლებლები აქტიურადაა ჩართული, რომ იტყვიან, პულსზე გვიდევს ხელი“.

თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია ღამბაშიძე:

„პირადად მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ტექნიკური თვალსაზრისით თუკი რამე სჭირდებათ მასწავლებლებს, ნებისმიერს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მე და სხვა თანამშრომლებს (სკოლაში არის გამოყოფილი რამდენიმე ადამიანი ამისთვის) დაგვიკავშირდნენ და ტექნიკური პრობლემები თუ არსებობს, მოვაგვაროთ. არსებობს ვიდეო ინსტრუქციები, რომელსაც ვუზიარებთ ხოლმე მათ და საჭიროების შემთხვევაში, პირადად მეც ჩამიწერია ინსტრუქცია და გამიგზავნია მასწავლებლებისთვის. პედაგოგებს დისტანციურად ვეკონტაქტები და ჯგუფში ვუზიარებ ამ ყველაფერს. ყველას ჰყავს სახლში ერთი ადამიანი, ვინც უფრო მეტად ერკვევა ტექნიკურ საკითხებში და ეხმარებიან. პირველი ორი კვირა ცოტა გაგვიჭირდა, ამ ეტაპზე ჩავდექით კალაპოტში და გაკვეთილების 90% მიმდინარეობს „თიმსში“. გვყავს რამდენიმე პედაგოგი, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ და მესენჯერით უკავშირდებიან მოსწავლეებს, მათთვის ეს უფრო მარტივი ფორმაა კომუნიკაციის. ვცდილობთ, ნელ-ნელა ისინიც გადავიყვანოთ „თიმსში“. თავიდან ვღელავდი, თუმცა ახლა მშვიდად ვარ, ერთმანეთს ვეხმარებით, როგორც კი ახალ რესურსს აღმოვაჩენთ, მაშინვე ერთმანეთს ვუზიარებთ. აღსანიშნავია, რომ მშობელთა თანადგომის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, მაგრამ ყველაზე აქტიურად იქ მიმდინარეობს მუშაობა“.

თბილისის N84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე:

„დისტანციურ სწავლებას მასწავლებლებმა თავი გაართვეს, ნაწილი ახალ პლატფორმას იყენებს, ნაწილი - Facebook-ს და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას, რომ შედეგზე გავიდნენ, ყველა ჩართულია პროცესში. არიან ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის მიღმა არიან დარჩენილნი და ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვთ, მაგრამ მასწავლებლები მათაც უკავშირდებიან.

დისტანციური სწავლება, ოფიციალურად, 1 აპრილიდან დაიწყო, იქამდე ყველა თავის შესაძლებლობას სცდიდა მოსწავლეც და მასწავლებელიც. ვაკეთებთ სტატისტიკას, სკოლა კითხვარს ამზადებს, თუ რა სიხშირით არიან ჩართულები მოსწავლეები სასწავლო პროცესში, მოსწონთ თუ არა, მოსწავლეები ვის როგორ ჰყავს ჩართული თავის საგანში და როგორი მოლოდინები აქვთ. საინტერესოა მშობლების პოზიციაც დაწყებით საფეხურზე, საბაზო საფეხურზე კი კითხვარს თავად მოსწავლეები ავსებენ. რომელ მოსწავლეს ვერ მიაწვდინეს ხმა მასწავლებლებმა და ვინ არ არის ჩართული, ეს პროცენტულობა ჯერ სტატისტიკით არ ვიცი. კვირის ბოლოს მექნება სრული ინფორმაცია. ვცდილობთ 205-ე დადგენილების მიხედვით, რომელიც ახლახანს გამოვიდა, შევასრულოთ ყველაფერი, რადგან, ვფიქრობ, შემდეგ შედეგებზე ანგარიში გვექნება მოსამზადებელი“.

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  N53 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე გახარია:

„მასწავლებლებს, რომლებსაც ნაკლებად ჰქონდათ ტექნიკურ საშუალებებთან შეხება, ოჯახის წევრები ეხმარებიან. ჩვენ, ძირითადად, ვსარგებლობთ „თიმსის“ პლატფორმით. ამ შემთხვევაში მონიტორინგს უფრო ადვილად ვახდენ. ყველა კლასი ჩანს ჩემთან, ასევე ცხრილი, გვაქვს საერთო ჯგუფი და აქტივობებს თვალს ვადევნებ: ვიდეო გაკვეთილებს, ხანგრძლივობას, დავალების ტიპებს და უკუკავშირს და ა.შ. ნელ-ნელა ეს პროცესი იხვეწება. როგორც კი შემოგვთავაზა სამინისტრომ ეს პროგრამა, დავიწყეთ გატესტვა და ახლა უკვე გამართულად მუშაობენ პედაგოგები. რაც მოეთხოვებათ, აკეთებენ. მე თვითონაც ვასწავლი კლასებს და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. პროგრამა ინახავს ვიდეო გაკვეთილს და თუ იმ წუთას ბავშვმა ვერ მოუსმინა, შეუძლია მოუსმინოს სხვა დროს. დავალებას რომელსაც ვაძლევ, მაწვდიან. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულად მოერგნენ  ამ მოდელს. სხვა არაფერი გვიცდია. თავიდან დაწყებითის მასწავლებლებმა სცადეს მესენჯერის გამოყენება, თუმცა ეს ჩემთვის იქნებოდა ძალიან რთული მონიტორინგის მხრივ. ცენტრალიზებულად თავმოყრილი კი ადვილად თვალისმისადევნელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ პირობებში ყველაფერი სწრაფად და მობილურად მოხდა. მე ამასაც არ ველოდი. თანამედროვე ბავშვს ტექნიკური პრობლემა არ ექმნება, ასე რომ, ძალიან მალე ჩამოყალიბდა ჯგუფები და დაიწყო მუშაობა“.

ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი:

„ძალიან კარგად ფლობენ მასწავლებლები ტექნიკურ უნარებს, გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენ სკოლა ჩართული იყო ახალი სკოლის მოდელში, სადაც ტექნიკური უნარების ქოუჩი ცალკე გვყავდა. პრაქტიკულად, 50 მასწავლებელი იყო ჩართული ამ პროცესში, ამან გააადვილა მუშაობა. იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც გაუჭირდათ, მაგრამ თანამშრომლობა ძალიან კარგი გვაქვს და არცერთი სერიოზული პრობლემა არ ყოფილა. „თიმსის“ გზამკვლევიც კარგად არის გაკეთებული და ძალიან მარტივად წავიდა ჩვენთან ეს პროცესი. ბავშვებს რაც შეეხება, იმდენად კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუმცა პრობლემა არის სსსმ მოსწავლეებთან, რომლებიც ჩვენთან მრავლად არიან, მათი მშობლების უმეტესობამ უარი თქვა ჩართვაზე, რადგან ბავშვები ვერ ფლობენ ტექნოლოგიებს და შესაბამის უნარებს. 39 ბავშვიდან 12 ჩაერთო“.

თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა წერეთელი:

„სავსებით მოერგო დისტანციურ სწავლებას ყველა - მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, ორივე მხარე. ეს, რა თქმა უნდა,  სრულყოფილ სასწავლო პროცესს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს, მასწავლებლები ყველა პლატფორმას იყენებენ და ნორმალურ შედეგზეც გადიან. მოსწავლეების მხრიდან ინტერესი და ჩართულობა ძალიან მაღალია. ჩვენ არ გვქონია ტექნიკური პრობლემები. სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლას აქვს საკმარისი უნარები, რომ ეს სწავლება სრულყოფილად განახორციელოს“.

თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა შოშიაშვილი:

„ონლაინ სწავლა/სწავლების პროცესი თავიდან ცოტა გაუჭირდათ მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მაგრამ ახლა აწყობილია ყველაფერი. თავადაც მიკვირს, დაწყებითები როგორ მუშაობენ. არ მოველოდი ასეთ შედეგს. მშობლები აკონტროლებენ და დიდი ინტერესით არიან ჩართული ამ პროცესში. მასწავლებლებთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა ტექნიკური თვალსაზრისით, პირველი ორი დღე იყო ხარვეზი, მაგრამ უკვე სამი კვირაა, გამართულად მუშაობენ. ცხრილიც აქვთ და ასე ვმუშაობთ „თიმსით“ და სკაიპით“.

თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გურაშვილი:

„ყველა მასწავლებელს გავლილი აქვს კომპიუტერთან მუშაობის ტრენინგი. გადამზადებულები არიან ამ კუთხით ანუ მასწავლებლები ფლობენ საჭირო უნარ-ჩვევებს. პატარა ხარვეზები თუ გამოიკვეთა, ერთმანეთის დახმარებით გაართვეს თავი და ყველა მასწავლებელი მუშაობს ძალიან კარგად.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესო გზა მოიძებნა ცოდნის მისაღებად. ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების 100% ფლობს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, მაგრამ ერთმანეთს დაუდგნენ გვერდით. დღეს ყველა მასწავლებელი და მშობელი ჩართულია სასწავლო პროცესში და ერთმანეთს ეხმარებიან. სწავლობენ და ასწავლიან მათაც. ხარვეზები არ გვაქვს. არიან ბავშვები, რომლებიც სოფლებში იმყოფებიან და ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მათ უკავშირდებიან ტელეფონებით, ერთეულები არიან, თუმცა კავშირი არ გვაქვს შეწყვეტილი. ყოველდღიურად უკავშირდებიან მასწავლებლები მათ და აძლევენ დავალებებს, უხსნიან ახალ მასალას. 96% ჩართულია „თიმსში“ აქტიურად. პირველი ეტაპი რთული იყო, თუმცა ერთმანეთის დახმარებით ძალიან მალე დაძლიეს ეს სირთულე. ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ხარვეზი, ტარდება ყველა გაკვეთილი, ცხრილი შედგენილია, სასწავლო ნაწილიც და მეც ვფლობთ ინფორმაციას, რომელ დღეს რომელ კლასში რომელი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს და რა ხანგრძლივობით. ამის აღრიცხვა მიმდინარეობს და მშობლებიც მადლიერები არიან. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რისი საშუალებაც გვაქვს, მაქსიმუმი კეთდება".

თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი:

„მასწავლებლები ძალიან მონდომებულები და შრომისმოყვარეები არიან, ტექნიკური უნარებიც, რა თქმა უნდა, აქვთ. როგორც კი რამე სიახლე დაინერგება, ცდილობენ, სწრაფად აუწყონ ფეხი და ეხმარებიან ერთმანეთსაც. უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და ცდილობენ, რომ ყველანაირი სიახლე სწრაფად დანერგონ. ასევე ბავშვებიც, ცდილობენ ჩაერთონ აქტიურად, თუმცა ზოგი რაიონშია წასული და ვერ ახერხებენ ჩართვას".

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან რეხვიაშვილი:

„როგორც ყველა, ჩვენც იმავე გამოწვევის წინაშე ვართ - გადავედით ონლაინ სწავლებაზე. მასწავლებლების და მოსწავლეების 90% აქტიურობს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. თითქმის ყველა მასწავლებელი ახერხებს დისტანციურ სწავლებას, ყველა დარეგისტრირდა „თიმსში“ და აითვისეს, მაგრამ თუ ვინმეს პრობლემა აქვს, მოსწავლეებს მესენჯერით ან ტელეფონით ეკონტაქტებიან. ჩვენც ვაკონტროლებთ ამ პროცესს, მასწავლებლებს კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. ვსაუბრობთ და ვცვლით ინფორმაციებს“.

 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება