სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩაილურის წყალი დალია“, „განტევების ვაცი“, „ჩემმა მზემ“, „ბალზაკის ასაკი“... - რა უცნობი ისტორიები დგას ცნობილი ფრაზების უკან
05-02-2020
-
+


ყოველდღე უამრავ ფრაზას ვიყენებთ, რომელთა მნიშვნელობაც და შესაფერის დროს გამოყენება მშვენივრად ვიცით, თუმცა არასდროს გვიფიქრია, საიდან გაჩნდა ეს იდიომები და რა ისტორიები დგას მათ უკან. მაგალითად, გიფიქრიათ, რა შუაშია ხახვი გამონათქვამში - „ხახვივით შერჩა“ ან რატომ ვამბობთ მაინცდამაინც „​მიხუთშაბათებას“?

„ეტალონი“ ცნობილი ფრაზების უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ:

ხახვივით შერჩა - პასუხისმგებლობას გადაურჩა. თურმე ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ნასესხები ხახვის უკან დაბრუნება ცუდის მომტანი იქნებოდა, რადგან ხახვი მწარეა და ხშირად ცრემლებს გვაფრქვევინებს. ამიტომ ხახვის მსესხებელი ვალის დაბრუნების პასუხისმგებლობისგან ყოველთვის თავისუფალი იყო და შეეძლო თავი მშვიდად ეგრძნო.

თავზე ნაცრის დაყრა - როცა ეგვიპტელი ფარაონი კვდებოდა, ეგვიპტელები ნილოსის ნაპირზე გამოდიოდნენ და გლოვის ნიშნად თავზე ნაცარს იყრიდნენ, სწორედ ამ რიტუალს დაუკავშირდა ფრაზა, რომელიც გლოვასთან ერთად დღეს შერცხვენასა და დამცირებას ნიშნავს.

ჩემმა მზემ - ეს განსაკუთრებული დაფიცებაა. ფრაზა იმ პერიოდში გაჩნდა, როცა მზე მთავარი ღვთაება იყო და ადამიანები მას ეთაყვანებოდნენ.

განტევების ვაცი - ადამიანი, რომელიც სხვების მიერ ჩადენილ შეცდომებზე აგებს პასუხს. ებრაელებს სჯეროდათ, რომ ტყეში ვაცის გაშვებით და მგლებისთვის დასაგლეჯად მიგდებით, ის მათ ცოდვებს გამოისყიდდა.

შენს პირს შაქარი - ვეუბნებით ადამიანს, როცა გვინდა, მისი ნათქვამი სინამდვილედ იქცეს.  ჩვენი წინაპრები სასიამოვნო სიახლის მაუწყებელს პირის ჩასატკბარუნებლად შაქრის ნატეხს მიართმევდნენ ხოლმე, რაც მაშინ ადვილი საშოვნელი არ იყო. სწორედ აქედან გაჩნდა ყველასთვის ცნობილი ფრაზა.

ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ დაიკარგა, უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს. ჩაილური მდინარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. იმ დროს, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, თუკი ისინი მოპარული საქონლის ჩაილურის წყლის გაღმა გადაყვანას მოასწრებდნენ, მისი დაბრუნების იმედი უკვე აღარავის ჰქონდა. 

ყურით მოთრეული ამბავი - გამოგონილი, ჭორი. ძველ რომში სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას თუ მოწმე პროცესზე არ გამოცხადდებოდა, მას მისი ნების საწინააღმდეგოდ ყურით მიათრევდნენ მოსამართლესთან. როგორც წესი, ასეთ მოწმეს დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ უნდა ელაპარაკა.

მარცხენა ფეხზე ადგა - უიღბლო დღე აქვს. ძველად ითვლებოდა, რომ ყველაფერი, რაც მარჯვნივაა, სასარგებლოა, მარცხენა მხარე კი უიღბლობის მომტანი იყო.

აინუნშიაც არ აგდებს - ზედაც არ უყურებს. "აინუნ" არაბულად თვალს ნიშნავს, ანუ "აინუნშიაც არ აგდებს" ნიშნავს, რომ თვალში არ მოსდის.

ბეწვის ხიდზე გავლა - სახიფათო სიტუაციაში ყოფნა. იყო დრო, როცა ადამიანებს სჯეროდათ, რომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვედრამდე, ადუღებული კუპრის ზღვაზე გადებულ ბეწვზე გადიოდნენ და სწორედ ამ ხიდზე წყდებოდა, სამოთხეში მოხვდებოდნენ თუ მდუღარე კუპრში ჩაცვივდებოდნენ.

თითზე კბენა - ერთ-ერთი ვერსიით ეს შედარება წამოცდენილი ნათქვამის მონანიებას და უცებ გაჩუმებას გულისხმობს. ხოლო მეორე ვარაუდით, უსუსურობაზე მიუთითებს. ფრაზის გაჩენა, სავარაუდოდ, უკავშირდება პატარა ბავშვის ინსტიქტს, როცა მათ თითი საჭმელი ჰგონიათ და კბენენ. 

ქურდს ქუდი ეწვის - დამნაშავე თვითონ გამოააშკარავებს თავს. არსებობს ასეთი ძველი აღმოსავლური იგავი: ქურდის მაძებარმა სოფელმა მკითხავს მიმართა დახმარებისათვის, მკითხავმა შეკრებილი ხალხის წინ უცებ, ყველასაგან მოულოდნელად, იყვირა - „ქურდს ქუდი ეწვის!“. ქურდმა ხელი თავზე იტაცა და ასე ამხილა საკუთარი თავი.

სათოფეზე არ მეკარება -  მერიდება, არ მიახლოვდება. თოფის მანძილი არის წერტილი, სადამდეც შეიძლება, რომ ტყვია მისწვდეს.

ჭიპი აქ მომიჭრია - ეს სიტუაცია ჩემთვის კარგად ნაცნობია. ჭიპლარის მოჭრა პირველი ოპერაციაა, რომელიც ადამიანს უტარდება, ამიტომ ფრაზას მაშინ იყენებენ, როცა რაღაცაში დიდი გამოცდილება აქვთ.

დაუკრეფავში გადასვლა - ზღვარს გადასვლა. პატარა ისტორია ამ გამოთქმასთან დაკავშირებითაც არსებობს: მაშინ, როცა ვენახებში ყურძენს კრეფდნენ, ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც ვენახს ჩაუარა, მევენახეს სთხოვა, მოკრეფილში შემიშვი, იქნებ პირი გავისველოო. მევენახე დათანხმდა, თუმცა მგზავრს თითო-ოროლა მტევანი ეცოტავა, ნელ-ნელა დაუკრეფავში შეყო თავი და ყურძენს ხარბად დაუწყო ჭამა. ამ დროს მევენახემ შესძახა, დაუკრეფავში ნუ გადახვედიო.

ბალზაკის ასაკი - 30 წელს გადაცილებული ქალი. ტერმინი დამკვიდრდა ონორე დე ბალზაკის რომანის -„ოცდაათი წლის ქალის“ გამოქვეყნების შემდეგ. წიგნში მოთხრობილია რომანტიული ბუნების ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ქორწინების შემდეგ თანდათან განიცდის იმედგაცრუებას და კარგავს ახალგაზრდობის ილუზიებს სიყვარულისა და ქორწინების შესახებ.

მიხუთშაბათება - საქმის ბოლომდე არმიყვანა, საქმის გულგრილად, უგულისყუროდ გაკეთება. ეს გამონათქვამი იმდროინდელია, როცა უქმე დღედ პარასკევი ითვლებოდა და ადამიანები ხუთშაბათი დღის ბოლოს საქმეებს ხელაღებით აკეთებდნენ, რადგან წინ დასვენების დღეები ელოდათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება