სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„სკოლებში ცოტა მეტი მოთმინება რომ ასწავლოთ, კარგი იქნება“ - გაიცანით ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით გატაცებული იაპონელი ქართველოლოგი
19-01-2020
-
+


საქართველო და ქართული კულტურა თენგიზ აბულაძის ფილმით აღმოაჩინა. „მონანიება“ ტოკიოს უნივერსიტეტის პირველკურსელი ქართველოლოგისთვის მძიმე სანახავი იყო, თუმცა საქართველოსადმი ინტერესი გაამძაფრა.

იაპონელი ჰაიატე სოტომე 9 წელია საქართველოში საცხოვრებლად პერიოდულად ჩამოდის. XIX საუკუნის ქართული მწერლობით გატაცებული ახალგაზრდა ტოკიოს უნივერსიტეტში დისერტაციას ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იცავს.

ამბობს, რომ იაპონიაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ლიტერატურა და კულტურა რუსული კულტურის ნაწილად ითვლება, რაც მისი აზრით, ძალიან არასწორია. ქართულის სწავლაც ამიტომ გადაწყვიტა.

საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვიდა. მაშინ მესამეკურსელი იყო და ქართულად საერთოდ ვერ საუბრობდა.

- საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?

- საქართველოში ქართულის სასწავლებლად ჩამოვედი. თბილისში 10 თვე გავატარე და ენა გარკვეულწილად ავითვისე. მერე სურვილი გამიჩნდა, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა უფრო ღრმად შემესწავლა. მეორედ მაგისტრატურაზე სწავლის დროს ჩამოვედი და თსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის საზაფხულო სკოლაში მივიღე მონაწილეობა. რაც დოქტორანტი გავხდი, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიწევს ჩამოსვლა.

- როგორც ვიცით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით ხართ გატაცებული. თქვენი დაინტერესება რამ გამოიწვია?

- საქართველოში რომ ჩამოვედი, ქართული ენის გაკვეთილზე პირველად „ჩხიკვთა ქორწილი“ წამაკითხეს. ინტერესი აქედან გამიჩნდა. საბაკალავრო დისერტაციაში „სტუმარ-მასპინძელზე“ დავწერე. სამაგისტრო ნაშრომში ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე გადავედი, რადგანაც ვაჟას ენა რთულია და იმ დროს ჩემთვის ადვილი წასაკითხი არ იყო. თანაც ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების აღქმისთვის მისი თანამედროვეების ლიტერატურული ნაწარმოებების და ზოგადად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების გაგებაც აუცილებელია. 

- საქართველოში ცხოვრება გაგიჭირდათ?

- თავიდან რთული იყო. 2011წელში ხან შუქი ქრებოდა, ხან წყალი წყდებოდა. მაგრამ ეს არაუშავს. ენის პრობლემა მქონდა და ეს უცხოეთში ცხოვრებას ართულებს. მაგალითად, ფილმს ვერ გაიგებ, ტელევიზორს ვერ უყურებ, მეგობართან საუბარიც გიჭირს.

- ქართული კულტურასა და ტრადიციებზე რას ფიქრობთ? იაპონურ კულტურასთან მსგავსება აღმოგიჩენიათ?

- საქართველოში ტრადიციები ძალიან კარგადაა შენარჩუნებული. მაგალითად ცეკვა, ხალხური სიმღერა. ლიტერატურაც ძალიან განვითარებული გაქვთ. რაც შეეხება იაპონურთან მსგავსებას, მე დაწერილი მაქვს სტატია, სადაც ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომ ვაჟა ან ვაჟას ნაწარმოებებში წარმოდგენილი შინაარსი ემსგავსება ერთ იაპონელ პოეტს, რომელსაც მიაძავა კენძი ჰქვია. სტატია იაპონურადაა და ქართულად თუ გამოიცემა, წაკითხვას შეძლებთ. ქართველების შეფასებები მაინტერესებს.

- იაპონელები და ქართველები რით გვანან ერთმანეთს?

- მგონი ძალიან არ გვანან. ქართველები პირდაპირი ხალხია, იაპონელები პირიქით არიან, საქმის დაწყებამდე ბევრი რამის გათვალისწინება უყვართ. საერთო ღირებულებებიც გვაქვს - მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა და ა.შ.

- საქართველოში ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ და ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

- ჩამოსვლისთანავე გამიკვირდა ქუჩაში მოძრაობა, მისი სიჩქარე, უხეშად ტარება, მაგრამ მივეჩვიე. ერთმანეთთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გაქვთ, რაც იაპონიაში ძალიან იშვიათია და ეს ყველაზე მეტად მომეწონა.

- ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე რას ფიქრობთ?

- სიმართლე რომ გითხრათ, საგანმანათლებლო სისტემის პრობლემები კარგად არ ვიცი. თუმცა, თსუ-ის ქართველოლოგიის ცენტრი ძალიან უყურადღებოდ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებიც ჩამოდიან სასწავლებლად. ადრე თსუ-ში ვაჟა-ფშაველას კაბინეტი იყო, მაგრამ გაუქმდა და ამ გაუქმების გამო მნიშვნელოვანი მასალები დაიკარგაო. მაინტერესებს, ნეტავი როდის აღდგება.

- რა არის ყველაზე დიდი განსხვავება ქართულ და იაპონურ სკოლებს შორის?

- როგორც გადავხედე ქართულ სკოლებში, სხვა პედაგოგიური მიდგომა გაქვთ. ერთი სიტყვით, მითმინებას ვერ ასწავლით. ჩვენთან პირიქით, ნამეტანი მოთმინებაა საგანმანათლებლო სისტემაში, რაც იაპონურ საზოგადოებას ახასიათებს. ვერ გეტყვით, რომელია უკეთესი, მაგრამ სკოლებში ცოტა მეტი მოთმინება რომ ასწავლოთ, სადღაც 30 წლის შემდეგ უკეთესი საზოგადოება შეიქმნება.

იაპონელებისთვის დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიდგომა მოსწავლეთა შესაძლებლობას ზღუდავს. ქართულ სკოლებში, თუ არ ვცდები, სიტუაცია პირიქითაა და სადღაც ამ ორის შუაში შესაბამისი ადგილი რომ ვიპოვოთ, კარგი იქნება.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ახლა სადოქტორო ნაშრომს ვამზადებ. ამავდროულად ტოკიოში ჩამოსულ ქართულ დელეგაციებს, ქართველ სპორტსმენებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, როგორც თარჯიმანი, ვეხმარები. წელს რაგბის ნაკრების თარჯიმანი ვიყავი. მომავალ წელს ძიუდოისტებსა და პარაოლიმპიური თამაშების სპორტსმენებთან ერთად ვიქნები.

-თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება?

- სადოქტორო დისერტაცია რაც შემიძლია ადრე უნდა დავიცვა. იაპონურად ვწერ და მერე წიგნად შეიძლება გამოიცეს. ამისთვის გრანტი უნდა ვიპოვო. იაპონურად თუ გამოიცემა, მერე ქართული ვარიანტის გამოცემა მარტივი იქნება. ეს არის ჩემი უახლოესი გეგმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება