სიახლეები
სამასწავლებლო

„მოსწავლეს, რომელიც აბარებს უცხო ენებზე, ფიზიკით და გენეტიკით ნუ ვუბურღავთ ტვინს“ - დირექტორები მიმდინარე ცვლილებებს აფასებენ
15-08-2019
-
+


განათლების სფეროში გასულ წელს დაანონსებული რეფორმების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში უმნიშვნელო ცვლილებებითა და სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებით დაიწყო. რეფორმის თანახმად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ნოემბერში კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი სკოლას დატოვებენ. მომავალი წლიდან, ამავე რეფორმის ფარგლებში, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების ნუსხიდან „ზოგადი უნარები“ არჩევით საგანთა ჩამონათვალში გადაინაცვლებს.

მიმდინარე ცვლილებებს etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები აფასებენ:

- საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მაგრამ ალბათ გექნებათ ინფორმაცია თქვენი სკოლის კურსდამთავრებული აბიტურიენტების შესახებ. პირველადი შეფასებით, გაამართლეს თუ არა თქვენი მოლოდინი მოსწავლეებმა, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ? 

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

- ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი შედეგები დადეს, კმაყოფილი ვარ. გრანტებიც გვექნება და ინგლისურ ენაში 80-ქულიანი აბიტურიენტიც ჩვენია. მოლოდინი გაამართლეს. 

სსიპ ქალაქ ვანის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი:

- მოლოდინი ყოველთვის ბევრად მაღალია, მაქსიმუმს ველოდებით და ამ შემთხვევაშიც მაქსიმალური მოლოდინი გვქონდა, თუმცა შედეგები ცუდი არ არის. სავარაუდოდ, ერთი სანდიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გვეყოლება, გვეყოლება გრანტიანი აბიტურიენტები, ინგლისურ ენაში განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს, გვყავდა 75 და 72-ქულიანი აბიტურიენტები. კარგი შედეგები გვქონდა ასევე ქართულში. უნარებში, ვინც ტექნიკურ საგნებს აბარებდა, იმათ დადეს მაღალი შედეგები. ვერ ვიტყოდი, რომ რასაც ველოდით, სრულიად გაამართლეს, მაგრამ კმაყოფილი ვართ და კიდევ მეტი გვინდა.

სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

- სამი მეთორმეტე კლასი გავუშვით წელს, უმრავლესობამ, განსაკუთრებით მედალოსნებმა, გაამართლეს და ჯერჯერობით ბევრია, ვისი იმედიც გაქვს, რომ შესაძლებელია, ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვონ, ნამდვილად კარგი შედეგები ჰქონდათ.

- წელს პირველად, უკლებლივ ყველა მოსწავლემ ატესტატი საატესტატო გამოცდების ჩაბარების გარეშე აიღო. როგორ შეაფასებდით უწყების მიერ განხორციელებულ ამ რეგულაციას და რა შედეგი ექნება მას სამომავლოდ?

სალომე სარალიძე:

- ცვლილებას დადებითად ვაფასებ, რადგან, მთავარია, ადამიანს ჰქონდეს შინაგანი მოტივაცია, დანარჩენად, თუ სურვილი არ გაქვს, მაინც ვერაფერს გააკეთებ. ამ გამოცდებმა თავისი მისია შეასრულა და რესურსიც მთლიანად ამოწურა. სიახლე იყო საჭირო. ნამდვილად დროულია ასეთი სიახლე სამინისტროს მხრიდან, მაინც იზეპირებდნენ. გამოცდების მოხსნის შემდეგ, გაკვეთილებზეც უფრო მეტი ხალისით, დაძაბულობის და სტრესის გარეშე დადიოდნენ უფროსკლასელები, რადგან აღარ ჰქონდათ გამოცდის შიში, ჩვენთან ასეთი სურათი აისახა. 

თეონა ადეიშვილი:

- ცვლილებას დადებითად ვაფასებ, რადგან ამ გამოცდების გამო, უწევდათ ძალიან დიდი რაოდენობის ცოდნის „ჩაყრა“ თავში, შედიოდნენ გამოცდაზე და ის ცოდნა რჩებოდა იქვე. გარდა ამისა, ბავშვები მშობლებს არწმუნებდნენ, რომ გამოცდაზე გასასვლელად, რეპეტიტორთან მომზადება სჭირდებოდათ. ერთგვარ კლიშედ იქცა ეს რეპეტიტორობა. 10 ბავშვი თუ დადიოდა რეპეტიტორთან, დანარჩენი 20 მშობლებს „ახრჩობდა“, რომ გინდა თუ არა, ჩვენც უნდა გვატაროთო, არადა სინამდვილეში, ეს ის ცოდნაა, რასაც ყველა მოსწავლე კლასში იღებს. ნებისმიერ მათგანს, რეპეტიტორის გარეშე შეეძლო იმ 5 ქულის მიღება. დასწრებაზე ეს ცვლილება არ ასახულა. თუ მოსწავლეს ბიოლოგიის ჩაბარება უნდა, ყოველთვის ივლის ბიოლოგიის გაკვეთილზე, ექნება თუ არა მას ეს გამოცდა, მაგრამ მინდა კარგად გამიგოთ, მოსწავლე, რომელსაც არაფერში სჭირდება ფიზიკა და აბარებს უცხო ენებზე, მოდი, ამ კვანტური ფიზიკით და თუნდაც გენეტიკით ნუ ვუბურღავთ ტვინს, არ არის აუცილებელი. ვთვლი, რომ ისეთ დონეზე უნდა ვასწავლოთ, რომ სიტყვაზე, იოდს თუ დაუნიშნავს ექიმი, დასალევად არ გამოიყენოს. არ არის აუცილებელი ასე სიღრმისეულად ჩასვლა, რადგან მოსწავლე, რომელსაც საგანი არ აინტერესებს, კარგავს მოტივაციას და თუ ეს მოხდა, ჩვენი ბრალია მხოლოდ, ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ.

ეთერ ოთარაშვილი:

- ამ შემთხვევაში, ბავშვებშიც კი აზრი ორად გაიყო. გამოცდების გამო მაღალი მოტივაცია ჰქონდათ, ემზადებოდნენ და მათ, ვინც 10 ქულისთვის იბრძოდა, მოტივაცია დაკარგეს. ბავშვების, ისევე როგორც პედაგოგთა გარკვეულმა რაოდენობამ ჩათვალა, რომ მოტივაციისა და თუნდაც მობილიზებისთვის, ეს გამოცდები საჭირო იყო. თუმცა, იმ ფორმით, როგორც აქამდე არსებობდა, არ უნდა ყოფილიყო, ფორმატი ნამდვილად იყო შესაცვლელი, მაგრამ არა საერთოდ გასაუქმებელი. ვგეგმავთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ, სკოლამ მაინც ჩავატაროთ გამოცდები.

- მომავალი წლიდან „ზოგადი უნარები“ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სავალდებულო საგანთა ნუსხიდან, არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლებს. ამ ცვლილებას როგორ შეაფასებდით?

სალომე სარალიძე:

- ზოგადი უნარების ტესტი კი უნარებზე იყო გათვლილი და ყველაფრის ცოდნას მოიცავდა, მაგრამ არის გამოცდები, რომელმაც შეიძლება, უნარების გამოცდა ჩაანაცვლოს. საგნებში ადაპტირებული „უნარები“ უკეთესი ვარიანტია. მაგალითად, წელს ბიოლოგიაში, სააზროვნო უნარებზე იყო გათვლილი ტესტები. და საკმაოდ რთული ტესტი იყო მათთვის, ვინც ზეპირობასაა მიჩვეული. ამიტომ შეიძლება ნებისმიერი საგანი ისე შეადგინო, რომ ზოგადი უნარების ტესტები მთლიანად ჩაანაცვლო.

თეონა ადეიშვილი:

- განყენებულ საგნად ზოგადი უნარები არ უნდა ბარდებოდეს. ის შეუძლიათ,ჩასვან საგნობრივ ტესტებში, მაგალითად, წელს ბიოლოგიის ტესტი დადეს ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკაზე იყო გათვლილი და ძალიან ბევრ უნარს მოიაზრებდა. ეს არ იყო მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე საფეხური, ეს იყო ზუსტად ის საფეხურები, შეფასება, სინთეზი, ანალიზი, რომელიც ზუსტად სჭირდება მოსწავლეს. ანუ, „უნარები“ შეიძლება ადაპტირებულად მივაწოდოთ ისე, რომ ცალკე საგნად არ გამოვიტანოთ.

ეთერ ოთარაშვილი:



- არის აბიტურიენტთა ნაწილი, რომელსაც მოსწონს ეს გამოცდა, ხალისით ასრულებდნენ და ჰქონდათ ინტერესი, მაგრამ ნაწილს გაუხარდა, რომ აღარ იქნება სავალდებულო „უნარების“ გამოცდა. ვისაც სურვილი ექნება, ალბათ აირჩევს კიდევაც, გააჩნია მათ შესაძლებლობებს. რაღაც დოზით,ვფიქრობ, სასურველია, სწორედაც რომ, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა კი არა, უნარებიც იყოს გათვალისწინებული. 

- უკვე თითქმის ცნობილია პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების პირველადი შედეგები. რამდენი პედაგოგი გავიდა თქვენი სკოლიდან გამოცდაზე და რა მოლოდინი გაქვთ მათგან?

სალომე სარალიძე:

- ჩვენი, დაახლოებით, 12 მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე, ბიოლოგიისა და მათემატიკის მასწავლებლებმა 10 კრედიტით ჩააბარეს. არის რამდენიმე მასწავლებელი, რომელთაც ორი ქულა დააკლდათ, მაგრამ ზოგადად, კარგი შედეგები აჩვენეს.

ყველანაირი შანსი ჰქონდათ მასწავლებლებს იმისათვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში გასულიყვნენ გამოცდაზე, აემაღლებინათ კვალიფიკაცია. უამრავი ტრენინგი ჩატარდა, აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა მასწავლებლის სასიკეთოდ და ვინც ეს სიკეთეები ვერ გამოიყენა, სამწუხაროა, მაგრამ მოუწევთ სხვა სპეციალობის არჩევა.ასაკოვანი პედაგოგებისთვის კი, სამინიტროს არაჩვეულებრივი შეთავაზება აქვს. ვერც ერთმა მთავრობამ ეს საკითხი ვერ გადაჭრა ასე კომპეტენტურად. 

თეონა ადეიშვილი:

- ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უმეტესობა სერთიფიცირებულია, დაახლოებით 20 უფროსი მასწავლებელი გვყავს, 5 წამყვანობისთვის ვემზადებით. გვყავდა სადღაც 8 მასწავლებელი, აქედან 5 სტატუსს შეიცვლის, ანუ უმეტესობამ ჩააბარა, კომპეტენცია დაადასტურა. „უნარების“ ქულები ჯერჯერობით არ დადებულა და ალბათ დაგვრჩება ორი ან სამი მასწავლებელი სკოლაში, პრაქტიკოსის სტატუსით, რომლებიც გავლენ ნოემბერში და აუცილებლად შეიცვლიან სტატუსს. ვთვლი, რომ მასწავლებელი, რომელიც ხუთი წლისგანმავლობაში ცდილობს, დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია და ვერ ადასტურებს, და ერთ კრედიტსაც ვერ იღებს, სკოლიდან უნდა წავიდეს. მერე რა, რომ 20 წელი ასწავლის! 20 წელი რომ ასწავლის და ჯერ თვითონაც ვერ ისწავლა, უბედურებაც სწორედ ეგ არის, იმან ბავშვს რა უნდა ასწავლოს?

ეთერ ოთარაშვილი:

- შედეგები თითქმის ცნობილია, „უნარებია“ მხოლოდ დასადები, თითქმის 90 პროცენტი ჩვენი პედაგოგების, სერთიფიცირებულია, გამოცდაზე 4 პედაგოგი გავიდა და სამწუხაროდ, მაინცდამაინც კარგი შედეგი არ გვაქვს. ნოემბერში კიდევ აქვთ შანსი და ვნახოთ, როგორ გაიუმჯობესებენ.

სამწუხაროდ, კანონს ვერ გავექცევით, მაგრამ ისეც, როგორღაც,მასწავლებელმა თუნდაც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უნდა შეძლოს, თუკი 90-95-მა პროცენტმა შეძლო, დანარჩენებმაც უნდა შეძლონ, საპენსიო ასაკისაა თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა, როცა წლები ასწავლი და გამოცდილება გაქვს.

- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, მოსწავლის შემდგომი წარმატებები, რასაც ის ეროვნულ გამოცდებზე მიაღწევს, უშუალოდ სკოლის დამსახურებაა თუ უფრო მეტად რეპეტიტორის?

სალომე სარალიძე:

- ორი შემთხვევა გვაქვს ამ სიტუაციაში, - გვყავს მოსწავლე, რომელიც მთლიანად სკოლაზეა მინდობილი, აბსოლუტურად სტაბილურად მეცადინეობს, მისი შედეგი რეალურად სკოლის დამსახურებაა და მადლობებს იხდიან მშობლები, იმიტომ რომ არ ამზადებენ შვილებს და არის მეორე კატეგორია, რომლებსაც სამწუხაროდ, ცოტა გვიან მოუნდათ სწავლა. რეპეტიტორის ინსტიტუტი ასეთ დროს აპრობირებულია. თუმცა, მოსწავლის წარმატების საფუძველი მაინც სკოლა და დაწყებითების კარგი პედაგოგია, რომელიც ბავშვს აზროვნებას და ანალიზის უნარს აჩვევს.ვისაც დაწყებითში ძლიერი მასწავლებელი ჰყავს, მასთან მუშაობაც ძალიან მარტივია.

თეონა ადეიშვილი:

- მეც რეპეტიტორი ვარ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვრეპეტიტორობდი და ბევრი ბავშვიც მყოლია. ამიტომ, ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და გულწრფელად ვამბობ, რომ მასწავლებელი თეონა ადეიშვილი სკოლაში, გაკვეთილზე ზუსტად იგივეა, როგორიც - რეპეტიტორი თეონა ადეიშვილი სახლში, ბავშვებთან. აქ არაფერი იცვლება, იცვლება მხოლოდ მოსწავლეთა რაოდენობა. სახლში ზის ხუთი მოსწავლე და შედეგზე გადიხარ უფრო სწრაფად, ხოლო ის ფაქტი, რომ მასწავლებელი სპეციალურად არ უხსნის მოსწავლეს გაკვეთილზე, იმის გამო,რომ სახლში დაიბაროს... ასეთი მასწავლებლების კატეგორია ძალიან ცოტაა და მათზე აქცენტს ნუ გავაკეთებთ.

ზოგადად, მოსწავლის წარმატებაში, სკოლის წილი ძალიან დიდია, რადგან რეპეტიტორთან, უმეტესწილად, ბავშვი მიდის ბოლო ერთი წელი. შეიძლება მხოლოდ ინგლისურში მოემზადოს, სხვა საგნებში წლები ვერ ემზადებიან. ერთ წელიწადში შეიძლება დაიდოს შედეგი რომელსაც მოსწავლე გამოცდაზე დებს, 75, ან 70 ქულა? - ეს არის სკოლის დამსახურება. ამიტომ ძალიან დიდია სკოლის წილი, თუმცა ამ ცოდნის დალაგებასა და „დავარცხნაში“ , სისტემაში მოყვანაში, მოსწავლეს ეხმარება რეპეტიტორი. ცოდნის სისტემაში მოყვანა სკოლის მასწავლებელსაც შეუძლია და ჩვენ თუ ამაზე ვიმუშავებთ, რომ სულაც არ არის ძალიან მაგარი, როცა რეპეტიტორთან დადიხარ და სკოლაშიც შეგიძლია იგივე ცოდნის მიღება, ეს ყველაზე კარგი იქნება.

ეთერ ოთარაშვილი:

- ალბათ უფრო სკოლის დამსახურებაა, იმიტომ რომ ერთ და ორ წელში რეპეტიტორთან, რთულია, მაქსიმუმს მიაღწიო. მეტ წილს სკოლას მივაკუთვნებდი, რადგან ცოდნის საფუძველი სკოლაში იდება, მერე კი, შეიძლება იგივე რეპეტიტორმა, ამ ცოდნას მობილიზება გაუკეთოს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება