სიახლეები
პიროვნება

თერჯოლის რესურსცენტრის უფროსის ცხოვრების მასწავლებლები და პროზად გადაქცეული პოეზია
15-07-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქეთევან შეყრილაძე 3 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. მისი აზრით, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, ცხოვრებაა.  თავისი ცხოვრების მასწავლებლად მამას მიიჩნევს, რომელიც ხშირად ეუბნებოდა, ისეთ ნავში ნუ ჩაჯდები, სადაც ყოფნა არ ღირსო... ამავე პათოსით გაზარდა შვილები. ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრ სირთულეს წააწყდა, რაზეც ინტერვიუში საუბარი არ სურს, თუმცა,მიაჩნია, რომ როცა მიზნისკენ მიდიხარ, არ უნდა შეჩერდე იმდენჯერ, რამდენჯერაც ძაღლის ყეფას გაიგონებ...

- რაც თავი მახსოვს, განათლების სისტემის ნაწილი ვარ. მე და მამა სკოლაში ერთად შევედით - მე მოსწავლედ, ის დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად, თუმცა მამა არამარტო ისტორიის, ცხოვრების მასწავლებელიც იყო.  დედა ქიმიკოსი გახლდათ, ღვინის ტექნოლოგი და ასევე -  ქართული წიგნიერებისა და პოეზიის უბადლო მცოდნე, თვითონაც წერდა.

მე ფაქტობრივად სკოლაში ვიზრდებოდი. დედ-მამა გვიანობამდე მუშაობდა. პატარა ბავშვს სახლში მარტო ხომ არ დამტოვებდნენ?! ჰოდა, სკოლა იყო ჩემი მეორე სახლი. სკოლა რომ დავამთავრე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, მშობლებმა წინ დამიყენეს და მითხრეს, ცხოვრების ამ დიდ გზაზე ჩვენმა სიმართლემ გიწინამძღვროსო და მოვდივარ მას მერე.

,,წითელი ჯვრის“ საგანმანათლებლო კომიტეტს ჰქონდა სახელმძღვანელო  ,,შეიცან თავი შენი“. ძალიან საინტერესო წიგნი იყო, სკოლებშიც გამოიყენებოდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო. ვფიქრობ, აქედან, საკუთარი თავის შეცნობიდან უნდა დავიწყოთ ადამიანებმა - რანი ვართ, რისთვის ვართ, რატომ მოვედით ამქვეყნად, ან საით მივდივართ და რა უნდა წავიღოთ თან ,,საუკუნო საგზლად“. ამის შეცნობას  ცოდნა სჭირდება, ცოდნა კი სწავლის გარეშე არ არსებობს. სწავლის გარეშე ვერ ვიპოვით ჩვენს ადგილს ამ უკიდეგანო სამყაროში, რომელიც ღვთიურ წესრიგს ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ. აკი რუსთველიც გვეუბნება, - ,,მით ვისწავლებით,  მოგვეცეს შერთვა ზეს, მწყობრთა წყობისაო“.

- ამბობთ, რომ მამა ცხოვრების მასწავლებელიც იყო. რას გულისხმობთ, მამის რომელი შეგონება გახსოვთ მუდამ?

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩემი აღმზრდელი მშობლები, თინათინ მარუაშვილი და მიხეილ შეყრილაძე  და ჩემი კლასის დამრიგებელი ნუნუ აბულაძე. არ ვიცი, რამდენად ,,კარგი ნერგის ხილი“ ვიყავი, მაგრამ ნამდვილად ,,ჩინებულის მებაღის შეწვრთნილი“ და ,,ფრთხილის შემნახავის ბარებული“.  ჩემს სამუშაო ოთახში, მაგიდაზე მუდმივად მიდევს ჩემი მშობლებისა და ჩემი შვილების ფოტოსურათები და ახლა უკვე შვილიშვილებისაც, რათა სულ მახსოვდეს წარსული, შევიგრძნობდე აწმყოს და მქონდეს მომავალის იმედი.

ყველაზე რთული საგანი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, ცხოვრებაა. ცხოვრება მხოლოდ წიგნებით არა, პირადი მაგალითით ისწავლება. სწორედ ამ ცოდნის  მომცემი იყო მამა ჩემთვის და თავისი მოსწავლეებისთვის. თავისი ადამიანობით, პატიოსნებით გასწავლიდა ცხოვრებას. ცხოვრების მასწავლებელი ის არის, ვინც თავისი პირადი ცხოვრებით მაგალითს აძლევს სხვებს და არ არის ისეთი, რომელსაც საკუთარი ცხოვრების სტილი სხვა აქვს და სხვაგვარად გმოძღვრავს.  ძალიან ბევრი შეგონება მახსოვს მამისგან, მაგრამ ხშირად მჭირდება და მახსენდება ერთი - ჯერ არ ვარგა ჯდომა ნავში, მერე - მენავესთან ბრძოლა. ანუ, არ უნდა მოხვდე ისეთ წრეში, რომელიც არ არის მისაღები და თუ ეს მაინც მოხდება, არ უნდა იჩხუბო იქ, მენავესთან, რადგან ამან შეიძლება სულაც დაგღუპოს.

ჩემი მასწავლებელი ნუნუ აბულაძე კი ადამიანობის ეტალონი იყო. ის იყო პედაგოგი, რომელიც უსწრებდა დროს. რაც გვინდა ახლა რომ მასწავლებლებში დაინერგოს, თუნდაც თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ნუნუ მასწავლებელს. თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ ხედვას გვაჩვევდა.

უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ისევ მშობლიურ სკოლას დავუბრუნდი. უიშვიათესი ლექტორები მყავდა: მზექალა შანიძე, რისმაგ გორდეზიანი, ლევან მენაბდე, რევაზ სირაძე, ელგუჯა ხინთიბიძე, ლაურა გრიგალაშვილი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ნათელა ქუთელია, გიორგი რუსია,  ზაურ მეძველია...
ბატონი ზაური გვეხუმრებოდა ხოლმე გოგონებს, გათხოვდით, გოგონებო, სანამ უნივერსიტეტის სტუდენტები გქვიათ, თორემ სოფლის მასწავლებლები რომ დაგერქმევათ, მერე ვინღა გითხოვთო და მეც გავთხოვდი...დღეისათვის პედაგოგობის 20 წლიანი სტაჟი მაქვს,დირექტორობის - ორწელიწადნახევრიანი, რესურსცენტრის უფროსობის - 10-წლიანი.პარალელურად, 3 შვილის დედა ვარ და 4 შვილიშვილის ბებია. 

ორი გოგონა და ერთი ვაჟი მყავს. გოგონები დაოჯახებულები არიან და 2-2 შვილი ჰყავთ. ამჟამად ორივე დეკრეტულ შვებულებაშია. უფროსი ქალიშვილი თერჯოლის მერიაში მუშაობს. უმცროსი არქიტექტორია და ქუთაისში, კერძო არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობს. ჩემი ვაჟკაცი კი ევროპის უნივერსიტეტში სწავლობს ტურიზმის მენეჯმენტს. 

- ბავშვის აღზრდის თქვენეული მეთოდი როგორია, თქვენ რას ითვალისწინებდით შვილების აღზრდისას?

- პირველ რიგში, ვცდილობდი, მათთვის გამეგო, ნებისმიერი რამ მათი თვალით დამენახა იმ დროისა და სიტუაციის გათვალისწინებით, რა სიტუაციაშიც ესა თუ ის ამბავი შეემთხვეოდათ და მხოლოდ ჩემი, როგორც მშობლის გადასახედიდან არ განმესაჯა. იყო რაღაცები მათ ცხოვრებაში, რაც არ მომწონდა, მაგრამ... როგორც წესი, მამებს შვილები არასოდეს მოსწონთ და ეს ოდითგანვე ასეა, მაგრამ სწორედ რომ ეპოქა, სიტუაცია უნდა გაითვალისწინო და შენგან პრობლემად აღქმული თემა, შეიძლება მაინცდამაინც დიდ პრობლემად აღარ მოგეჩვენოს.

- თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლით?

- ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის, ცხოვრების რიტმი 2005 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  წითელი ჯვრის საგანმანათლებლო კომიტეტის მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა დაარღვია - ,,ვასწავლი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - ჩავერთე ამ კონკურსში და სამი საკმაოდ საინტერესო ეტაპის გავლის შემდეგ რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავე. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, ემოციებს ვერ ვმალავდი, ჩემს მშობლიურ სკოლაში მოულოდნელად ჩამოვიდნენ წითელი ჯვრის საგანმანათლებლო კომიტეტის წარმომადგენლები, დიპლომი და მთავარი პრიზი, ფერადი ტელევიზორი ჩამომიტანეს. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ცოდნით და შრომით ყველაფერი მიიღწევა. ამ წარმატებამ გამიმტკიცა რწმენა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო.მალე განათლების განყოფილებები საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა ჩაანაცვლეს და გამოცხადდა კონკურსი უფროსის პოზიციაზე. წინა კონკურსში გამარჯვებით მოტივირებულმა აქაც მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც.სწავლა და სწავლება არასოდეს შემიწყვეტია, რადგან მწამს, რომ ცოდნაზე უფრო დიდი სიმდიდრე არ არსებობს.

სხვადასხვა დროს ვიყავი ,,წითელი ჯვრის“ საგანმანათლებლო კომიტეტის ტრენერი და საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამით რაიონის თითქმის ყველა სკოლა მოვიარე. გახლდით ასევე ქართულ - ამერიკული ორგანიზაციის, ,,ჯუნიორ - ეჩივმენტის“ ტრენერ - ფასილიტატორი,მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ტრენერი...

რა თქმა უნდა, სულ მწვანეზე არ მივლია მთელი ცხოვრება, იყო სირთულეები, იყო წინააღმდეგობები როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურებრივ ასპარეზზე, მაგრამ ყოველთვის მწინამძღვრობდა მშობლების ლოცვა და მფარავდა უფლის ხელი. ასე მოვედი დღემდე.როცა მიზნისკენ მიდიხარ, არ უნდა შეჩერდე იმდენჯერ, რამდენჯერაც ძაღლის ყეფას გაიგონებ. გზა უნდა გააგრძელო, შენი საქმე აკეთო და მიზნამდე მიხვიდე მიუხედავად დაბრკოლებებისა.  

- რა სირთულეა თქვენს რეგიონში, რასთან გამკლავება გაგიჭირდათ?

- ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე რეგიონია. სუფთა გულის ხალხი ცხოვრობს. ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, რომელიც 3500 მოსწავლესა და 630 მასწავლებელს აერთიანებს. რა პრობლემებიც ყველგანაა, იგივეა ჩვენთანაც. ვისურვებდი, რომ ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება, საკუთარი თავი ბოლომდე გამოაჩინოს და დაიხარჯოს. შეიძლება ვიღაცას სწავლის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ვიღაცას სპორტული თუ სხვა... ქალაქში მეტი აქტივობების დაგეგმვა შეიძლება, მეტი საშუალებაა ბავშვის განვითარებისათვის. რეგიონში კი ნიჭი და გონიერება არანაკლებია და ალბათ ბევრად უფრო მეტიც, ასევე, მონდომებაც, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ჩვენთან ძირითადად ფეხბურთია, მაგრამ იქნებ ვინმეს მხატვრული ტანვარჯიშის თუ ცურვის ნიჭი აქვს?! ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი არ არის.

ჩვენი ყოველი სამუშაო დღე მართლაც იწყება ფიქრით იმაზე, რა შევთავაზოთ ახალი და ინოვაციური ჩვენს პედაგოგებსა და მოსწავლე - ახალგაზრდობას, რით გავაუმჯობესოთ და გავამრავალფეროვნოთ მათი ყოველდღიურობა. ჩვენს ძირითად ფუნქციებსა და მოვალეობებთან ერთად ყოველთვის ვპოულობთ ამისათვის დროს და საშუალებას.უკვე 5 წელია ყოველწლიურად ვატარებთ მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ინდივიდუალური საკვლევაძიებო თუ გუნდური მუშაობისა და ჩატარებული სამუშაოს საჯაროდ წარმოდგენის ჩვევების გამომუშავებას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული სწავლების ახლებური მიდგომების პოპულარიზაციას, ინტენსიური კონტაქტის დამყარებას პედაგოგებთან, მათი მიღწევების წარმოჩენასა და  სტიმულირებას.

ასევე ყოველწლიურად გვაქვს ,,დედაენის კვირეული“, ,,ვეფხისტყაოსნის დღეები“, სულ ახლახან სულხან-საბას დღეები დავასრულეთ და საიუბილეო კალენდარიც გამოვეცით ამ ღონისძიების ფარგლებში გამართული ხატვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების ნახატებით.ეს კონკურსები საკმაოდ მრავალფეროვანია და გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ხატვის, კალიგრაფიის, ესსების, მხატვრული კითხვის, თეატრალური ჯგუფების, ინტელექტუალთა გუნდების ჩართულობას. რაიონულ ღია გაკვეთილებს. ყოველივე ეს მოსწავლე-ახალგაზრდობას და ასევე პედაგოგებს, აძლევს საშუალებას მრავალმხრივ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც თქვენი შემოქმედებითი გუნდი აკეთებს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, მართლაც რომ საშური და მამულიშვილური საქმეა. ვთვლი, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი, ადამიანი ვართ,  რამდენად შეგვიძლია მიზნისკენ სწრაფვა, სხვისი სიხარულისა თუ მწუხარების თანაგანცდა, ღირსეული შეხვედრა მარცხთანაც და გამარჯვებასთანაც.მეორე მხრივ, თითქოსდა, რატომ უნდა სჭირდებოდეს მშობელს იმის შეხსენება, რომ შვილებზე იზრუნოს, განა ყოველი დღე შვილებზე ზრუნვის დღე არ უნდა იყოს?! მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ჩვენი შვილების,ჩვენი მოსწავლეების ნაწილს შეიძლება არ აკლია საჭმელი, მაგრამ აკლია სითბო, სიყვარული, მზრუნველობა...დიახაც, რომ გვჭირდებოდა ამის შეხსენება და მიხარია, რომ ჩვენს რესურსცენტრსაც ერგო პატივი თავიდანვე ყოფილიყო ჩართული ამ გუნდის საქმიანობაში. მე-4 კლასის ტესტები სწორედ ჩვენი რაიონის გამორჩეულმა და მზრუნველმა პედაგოგებმა შეადგინეს.

- რა არის თქვენი ჰობი, რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?

- ვქსოვ, ვქარგავ, ვწერ, მეწერინება... ვუკერავდი და ვუქარგავდი შვილებს. შვილიშვილებთან ამის საჭიროება ნაკლებად არის, ყველაფერი ხელმისაწვდომია. მეწერინება, როცა ემოციები იმძლავრებს, თუმცა ეს თავიდან უფრო პოეზია იყო, ახლა კი ცხოვრება ცოტა გაპროზაულდა. ალბათ ასე იცის წლებმა...

 „ადამიანო, შენ ხარ წერტილი,
თვალშეუწვდომელ ამ სამყაროში,
ხან სავსე ხარ და ხან დაწრეტილი
ხან მწვერვალზე ხარ, ხანაც ხაროში,
ვისთვის წყალი ხარ უკვდავების და
ვისთვის საწამლავს დაედარები,
ვისთვის ბოქლომი, თან ჩაჟანგული,
ვისთვის სასახლის ღია კარები.
ვისთვის ყლორტი ხარ, ვისთვის ხარ ფესვი,
ვისთვის ღმერთი ხარ, ვისთვის - სატანა.
დღეს ხელმწიფე ხარ ყოვლის შემძლები,
ხვალ - ოფლით გიწევს თავის გატანა.
ადამიანო, სუნთქავ რადგანაც
უფლის თარგზე ხარ რადგან მოჭრილი,
ემსგავსე ქრისტეს, მისკენ იარე,
მისი მცნებების იყავ მორჩილი!“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება