სიახლეები
ინტერვიუ

თათული ედიშერაშვილი: „ჩემს შვილს ერთი სული აქვს, სენსორებიანი ტელეფონი ჰქონდეს, მაგრამ არ ვყიდულობ“
29-11-2018
-
+


ახალგაზრდა მსახიობი ქალი თათული ედიშერაშვილი ორი გოგონას – 8 წლის ნანიკოს და 6 წლის სესეს დედაა. აქტიური მუშაობის გამო, თათული შვილებთან ბევრი დროის გატარებას ვერ ახერხებს, თუმცა მათთან ყოფნისთვის განსაზღვრულ დროში ყველაფერი კანონებივით  აქვს გაწერილი. უნდა,  შვილების მესაიდუმლე იყოს და ამისთვის პატარებს საკუთარ ამბებსაც უყვება. თათული ედიშერაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა და მოსწავლეებთანაც მის მიერვე შემუშავებული მეთოდებით ხელმძღვანელობს. მისი თქმით, თუ სტუდენტი არ გენდობა, მას ვერ ასწავლი იმ საგანს, რისი პედაგოგიც თავად ხარ.

– ყველა მეუბნება, რომ ჩემი გოგონები გონიერები და ინტელექტუალები არიან, რაც ძალიან მახარებს. ინტელექტი არ იწყება წიგნით და განათლების მიღებით. დედებისგან ხშირად გამიგონია, არ მისმენს ჩემი შვილიო. არ გისმენს, რადგან მიჩვეული არ არის. მშობელმა უნდა იცოდეს, რითი მიიქციოს შვილის ყურადღება. ეს არ უნდა მოხდეს ყვირილით და დესპოტური დამოკიდებულებით. მისთვის საინტერესო თემებზე უნდა ესაუბრო თავიდან, რომ მიიჩვიო და მომავალში მოგისმინოს. თუნდაც არ გაინტერესებდეს ის, რაზეც მას უნდა საუბარი, უნდა მოუსმინო. მოსმენის კულტურიდან იწყება ბავშვის ინტელექტუალური განვითარება. ადამიანი როდესაც გისმენს, დასკვნასაც აკეთებს და სწორ გადაწყვეტილებას იღებს. მინიმუმ, სწორად აფასებს მოვლენებს. ჩემს შვილებს არასოდეს ვესაუბრები როგორც პატარებს. როგორც დიდებს, ისე ველაპარაკები. არ უნდა მოუჩლიქო ენა და თავი ისე უნდა აგრძნობინო, რომ ის პიროვნებაა, თანასწორები ხართ და შენ ნამდვილად გაინტერესებს მისი აზრი.

შვილებს ჩემს ამბებსაც ვუყვები. თუ გინდა, მომავალში არაფერი დაგიმალოს და შენი მეგობარი იყოს, შენი ამბებიც უნდა მოუყვე. შენი მეგობარი ვერ გახდება და არაფერს მოგიყვება, თუ შენც იგივე არ გააკეთე. ვუყვები სამსახურში მომხდარ ამბებს, ოღონდ იმ დონეზე, რა დონეზეც მათ შეუძლიათ ამის გაგება და აღქმა. მათგან საკმაოდ საინტერესო ჭკუის დარიგებაც მომისმენია. ერთ დღეს განერვიულებული მივედი სახლში. მაშინ ნანიკო 6 წლის იყო. მკითხა, რა გჭირსო. მოვუყევი ნაწილობრივ და საკმაოდ სწორი დარიგებაც მოვისმინე მისგან – მე ვფიქრობ, ამას არაფერი ეშველება, მაგრამ შენ მაინც „სვეცკად“ მოიქეციო. ეს რას ნიშნავს-მეთქი, ვკითხე და მიპასუხა, არ იჩხუბოო. პირი დამრჩა ღია – მიმანიშნა, ღირსეულად მოიქეცი, არ იყვირო და იჩხუბო, დაანებე თავიო, მაგრამ დასკვნაც დამიდო – მაგ საკითხს არაფერი ეშველებაო.

ვფიქრობ, პირველი დღიდან ხდება ბავშვის ჩამოყალიბება და დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში იზრდება. გარემოში ფუფუნებას  და ფუფუნების საგნებს არ ვგულისხმობ და არც იმას, რომ უამრავ წრეზე ვატაროთ ბავშვი. მშობლების სწორი მიდგომაა მთავარი გარემო. სანამ ბავშვი ბაღსა თუ სკოლაში მივა, მისი წრე დედა და მამაა. ბაღში უკვე მომზადებული უნდა გაუშვა, რომ მან შეძლოს მეგობრის არჩევა და მასთან ურთიერთობა. ბავშვებმა რაიმეზე უარის მიღებაც უნდა იცოდნენ. მშობელი რომ არაფერზე უარს არ ეუბნება, მერე ის ბავშვი მცირე წინააღმდეგობას რომ აწყდება, ვერ იტანს, დეპრესიული და აგრესიულიც კი ხდება. უნდა მივცეთ საშუალება, გარკვეულ წინააღმდეგობებს თვითონ მოერიონ. 100%-ით ალბათ ვერ ვახერხებ ამ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ 60% მაინც გამომდის.

– მამის როლი როგორია თქვენი შვილების ცხოვრებაში?

– ვფიქრობ, შვილისთვის დედა და მამა თანაბარი ავტორიტეტები უნდა იყვნენ. მამა დიდი დოზითაა ბავშვების აღზრდა-გაზრდის საქმეებში ჩართული. ნაწნავებსაც კი უწნავს და ფრჩხილზე ლაქსაც უსვამს. მეცინება ხოლმე, რადგან ძალიან შეუსაბამოა მისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ინდომებს. უნდა მოინდომო, რათა უფრო ჯანსაღები იყვნენ შენი შვილები და გაუადვილდეთ მშობლებთან ურთიერთობა. 

– შვილებთან ყოფნის ამდენი დრო და ფუფუნება გაქვთ?

– უფრო ნაკლები დროით ვურთიერთობ მათთან, ვიდრე რეკომენდებულია, თუმცა, ამის კომპენსირებას ვახერხებ. ხანდახან დილით ვხედავ და მერე ღამით, მაგრამ ხდება ისეც, რომ მთელი დღე ერთად ვართ. მთავარია, იმ ერთ საათში, როცა შვილთან ხარ, რას აძლევ და როგორ ალაგებ ურთიერთობას. სულ მათთან რომ ვიყო, ბევრი რამ აღარ გამოვა. რომ ვეუბნები, რეპეტიცია მაქვს ან სპექტაკლი–მეთქი, ეგუებიან, იციან, რომ ეს ჩემი საქმეა. 

– თათული, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევით. ბევრით განსხვავდება მშობლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის აღზრდის საკითხში?

– მეტყველებას ვასწავლი. საერთო, შვილებსა და მოსწავლეებს შორის, მათთან მეგობრობა, მაგრამ დისტანციაზე ყოფნაა. მე და ჩემი შვილები მეგობრები ვართ, მაგრამ დისტანციას მაინც ვიჭერ.

რატომღაც ყველა ჩემი სტუდენტის მესაიდუმლე ვხდები. ძალიან სასიამოვნოა, როცა გენდობიან და გიყვებიან მტკივნეულ თუ სასიხარულო ამბებს, რჩევაც აინტერესებთ. სანამ მეტყველებაზე და მსახიობის ოსტატობაზე საუბარს დავუწყებ, ვცდილობ, მოვიპოვო მათი ნდობა. თუ არ გენდობიან, არ გამოგყვებიან, არ მოგისმენენ. მე მყოლია ცოტა რთული სტუდენტები – ონავარი და ბუნტისთავი ბიჭები. რამდენიმე გაკვეთილი მათთვის საინტერესო თემაზე მისაუბრია, მათი ნდობა მომიპოვებია და მერე ყველაზე მოწესრიგებულად სწორედ მათ უვლიათ ჩემს ლექციაზე და არც გაუცდენიათ. ყველაფერი ურთიერთობიდან იწყება. თუ ურთიერთობა დალაგებულია, მერე ედება ფასი იმ საგანს, რომელსაც ასწავლი. მე თუ საქმისგან სიამოვნებას არ ვიღებ, ვერ ვმუშაობ. თუ რომელიმე პროფესია თუ სამსახური ტანჯვაა და მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობ, არაფერი გამოვა. სულ ვცდილობ, მიხაროდეს მუშაობა და არავის დავამადლო ჩემი იქ ყოფნა.

– სიმკაცრის გამოჩენა შვილებთან უფრო ხშირად გიწევთ თუ სტუდენტებთან?

– საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ ეს წივილ-კივილს არ ნიშნავს. შენ არ იტირო და მე ყველაფერს შეგისრულებ – ასე არ ვეუბნები. დისციპლინა მიყვარს, რის გარეშეც, არ არსებობს, შენს პროფესიაში წარმატებული იყო. მეკამათებიან და მეც ვეკამათები. ხანდახან ვტუქსავ კიდეც, მაგრამ არ ვსჯი. 

– თქვენი ბავშვობა რომ გაიხსენოთ – რა გინდოდათ და რას როგორ განიცდიდით?

– მაშინ სხვა მოთხოვნები იყო. 6 წლის რომ ვიყავი, მინდოდა თოჯინის ხის საწოლი მქონოდა და უზომოდ გახარებული ვიყავი, როცა მიყიდეს – ნამდვილი საწოლი აქვს ჩემს თოჯინას-მეთქი... მყავდა თოჯინა, რომელიც სოსკით წყალს სვამდა... ჩემს შვილს ერთი სული აქვს, სენსორებიანი ტელეფონი ჰქონდეს, მაგრამ არ ვყიდულობ. არ მინდა, გავანებივრო. მირჩევნია, წიგნით შეიქციოს თავი.

წესი გვაქვს ასეთი – როდესაც ნანიკო დაამთავრებს წიგნის კითხვას, მივდივართ წიგნის მაღაზიაში და სხვას ვყიდულობთ. ამით ვაჩვევ წიგნის ყიდვას. ვფიქრობ, ერთ-ერთი კარგი თვისებაა, როცა წიგნის ყიდვა გიყვარს. 20 წლის რომ გახდება და მაშინ დავუწყო ჯუჯღუნი, წადი, წიგნი იყიდე-მეთქი, ფუჭი სიტყვები იქნება, წავა და ტუჩსაცხს იყიდის. ეგეც უნდა იყიდოს, მაგრამ ახლა იმდენად აზარტშია, ერთი სული აქვს, ერთი წიგნი დაამთავროს, რომ ახალი წიგნის საყიდლად წავიდეთ. ბავშვობიდან ვგიჟდები საკანცელარიო მაღაზიებზე, ჭკუიდან გადავდივარ ფერად წიგნებზე... ისეთ სიამოვნებას ვიღებ, მინდა, იგივე სიამოვნებას განიცდიდნენ ჩემი შვილები და მგონი, ნელ-ნელა მივაჩვიე. მინდა, თავისი სურვილით იკითხონ და არა იმიტომ, რომ მე მინდა ასე. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება