სიახლეები
ინტერვიუ

„სკოლის შეცდომაც ეგაა, რომ ნიშნებზე არიან ორიენტირებულნი და ბავშვებს ცხოვრებისთვის არ ამზადებენ....“
19-10-2018
-
+


მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ სკოლაში დიდი ცოდნა სულაც არ მიუღია, რადგან მასწავლებლები ტექსტებისა თუ ფორმულების  დაზეპირებას სთხოვდნენ, რაც, მისი აზრით, არაფრის მომცემი იყო. გიორგი ფიქრობს, რომ მასწავლებელმა, პირველ რიგში, ბავშვის ინდივიდუალიზმი უნდა შეისწავლოს და მერე იფიქროს მისთვის განათლების მიცემაზე.

- იმის გამო, რომ არეულ პერიოდში მომიწია სწავლა, ვთვლი, რომ საგანმანათლებლო სისტემა ჯანსაღი არ იყო და ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვიდექით. როცა ბავშვი ბაღის მერე სკოლაში მიდის, რაღაც ახალის შემეცნების სურვილი აქვს. ბაღის დროს სხვა განცდა გაქვს და პირველკლასელს - სხვა.

- გახსოვთ ეს განცდები?

- როგორ არ მახსოვს?! ბაღში უფრო თამამად დავრჩი, ვიდრე სკოლაში. მაგალითად, ჩემი 3 წლის შვილი, რომელიც ახლა მივიყვანეთ ბაღში, არ რჩება თამამად. ბავშვს ამ დროს ოჯახიდან პირველად უწევს სოციუმში გასვლა და ეს ადაპტირება რთული პროცესია. ამიტომაც მგონია, რომ მშობლების ჩართულობა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ შეიძლება ბევრი ცუდი რამ გამოიწვიოს ამ ეტაპმა. ამ საკითხებზე ბევრი ფიქრი მიწევს ჩემი შვილის გამო. ჯერ კიდევ ჩვენი დაკვირვების ქვეშ არის, თუ როგორ მიდის შეგუება ახალ გარემოსთან. ხანდახან ითხოვს მარტო იყოს, ხან უნდა, უცბად წამოიყვანო ბაღიდან... უნდა გაიცნო შენი შვილი, თორემ ამ ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად არიან მანიპულატორები და ეს ამბავი და ის გრძნობები, რაც შესაძლოა მართლა აწუხებს, ერთმანეთში არ უნდა აგერიოს. მეც და ჩემი მეუღლეც ჩართულები ვართ.

რაც შეეხება სკოლას, არც ჩემი სწავლის დროს პასუხობდა გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვიდექით და არც ახლა პასუხობს. დაწყებით კლასებში მქონდა თბილი განწყობა სკოლის მიმართ, რაღაც ახალი ხდებოდა და განსაკუთრებული შეგრძნებები გეუფლება ასეთ დროს. შემეცნების სურვილი გაქვს დიდი, მაგრამ  მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მაგალითად, ჩვენ გვაიძულებდნენ რაღაცები დაგვეზუთხა, მერე მივსულიყავით და გაკვეთილი ჩაგვებარებინა. ინფორმაციის დახარისხება და გაფილტვრა უნდა შეძლო. გიწევს დიდი ინფორმაციის მიღება, რისთვისაც რეალურად მზად არ ხარ. ისედაც ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ და მნიშვნელოვანია, ბავშვები ამ პროგრესის ადვილად მიღებისთვის მოვამზადოთ. ახლაც ხშირად მაქვს პროტესტი, რადგან არც მასწავლებლები და არც მშობლები ბავშვებს არ ამზადებენ იმ გამოწვევებისთვის, რის წინაშეც მომავალში დგებიან. სკოლაში დაზუთხული გაკვეთილები ცხოვრებაში არ გადგება. ჩემი თაობის ადამიანებს სწორედ ეგ უჭირთ, გაფილტრონ, რა არის მათთვის საჭირო ინფორმაცია და რა – ზედმეტი.

- თუმცა, ელემენტარული მათემატიკა თუ ბუნების კანონები ხომ უნდა იცოდე, ხომ უნდა წაიკითხო სხვადასხვა მწერალთა ნაწარმოებები?!

- რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა დაგეხმარონ, რომ შეეხო იმ სიღრმეებს, რაც კლასიკურ ლიტერატურაშია მოცემული. გენიოსთა ნაწარმოებები რომ არ წაიკითხო და მათ სიღრმეებში არ იძრომიალო, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბდე. 

- სკოლაში რა ნიშნებს იღებდით?

- კარგი ნიშნები მყავდა, მაგრამ სკოლის შეცდომაც ეგაა, რომ ნიშნებზე არიან ორიენტირებულნი და ბავშვებს ცხოვრებისთვის არ ამზადებენ. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა გაიგონ, რომ მათი ფუნქცია ბავშვებისთვის მხოლოდ სასკოლო წიგნებში მოცემული გაკვეთილების შესწავლა არ არის. ბავშვს უნდა დაეხმარონ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. თითოეულის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს განათლების მიცემა, რომ გვყავდეს განათლებული ადამიანები და არა რაღაც ბრბო, რომლებმაც რაღაც საზეპიროები და ანგარიში კარგად იციან, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ  მოიქცნენ, ვერ ხვდებიან.  ანალიტიკური აზროვნება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. 

მე კარგად ვსწავლობდი და კარგი ნიშნებიც მყავდა მაგრამ გარდატეხის ასაკში ბევრი სისულელე გამიკეთებია. 

- მაგალითად, რას თვლით სისულელედ, რა გაგიკეთებიათ?

- ვერ მოვყვები. ეს ამბები რომ ჩემს მასწავლებელს ან მშობელს მოუყვეთ, არ დაგიჯერებენ, რადგან ვახერხებდი, ჩუმად გამეკეთებინა და ჩემზე არაფერი ეეჭვათ.

- რომელი საგანი გიყვარდათ?

- გამორჩეულად არც ერთ საგანზე არ ვგიჟდებოდი და არც რომელიმე მძულდა. ტექნიკური საგნები უფრო მიჭირდა და ჰუმანიტარულები უფრო მიადვილდებოდა. 

- ძალიან თბილად მახსენდება დაწყებითი სკოლის მასწავლებელი. მერე სკოლა შევიცვალე და ახალ სკოლაში კარგი დამრიგებელი მყავდა. ასევე, კარგად მახსენდება სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ისტორიას გვასწავლიდა და ამ ორ ადამიანზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მათ ჰქონდათ მცდელობები დაგვხმარებოდნენ, რომ კარგ ადამიანებად ჩამოვყალიბებულიყავით და მხოლოდ განათლება არ მიგვეღო, თუმცა, ყველა მასწავლებელთან ფსიქოლოგიური დიალოგი ხშირად არ გვქონდა ხოლმე. 

- კლასელებთან ურთიერთობა როგორი იყო, ჩხუბებში მონაწილეობდით?

ძალიან კარგი კლასი მყავდა და მაშინ ვისთანაც ვმეგობრობდი, დღემდე მეგობრები და ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ვართ. ბავშვობიდან დაწყებული მეგობრობა უფრო გაღრმავდა და ახლა ერთმანეთის შვილების ნათლიები ვართ.

ვჩხუბობდით და ეს ხან ძალიან საშიშიც იყო. შეიძლება, უბრალოდ, არ გაგიმართლოს ადამიანს. მაგ პერიოდში არ იცი სიცოცხლის ფასი, რადგან ამაზე ნაფიქრიც არ გაქვს და შეიძლება ბევრჯერ გარისკო კიდეც როგორც შენი, ისე სხვისი სიცოცხლითაც. მეც გადამხდენია თავს ასეთი რამ და შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა. მოსალოდნელია, ამ დროს კანონსაწინააღმდეგო რამაც ჩაიდინო, ციხეში მოხვდე და ამის გამო საერთოდ შეიცვალოს შენი ცხოვრება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ ასაკის ბავშვებისთვის  იმუშაონ მშობლებმაც და მასწავლებლებმაც – დიალოგი, ურთიერთობა დაამყარონ და აუხსნან, რა რის ფასად ჯდება. 

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებაა, რასაც ადამიანი იღებს. სწორედ სკოლის ფუნქციაა, რომ ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში დაეხმაროს. სკოლას ამთავრებ თუ არა, მაშინვე პროფესიის არჩევა გიწევს და ამისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის პროფესიის არჩევა ადვილი იყო, რადგან ისე მოხდა, რომ ბავშვობიდან შემიყვარდა თეატრი და ბევრი არ მიფიქრია, წავსულიყავი თუ არა ამ კუთხით. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. ბავშვობაში შემიყვანეს მშობლებმა თეატრალურ სკოლა „ბერიკებში“ და მაშინ დავინტერესდი ამ სფეროთი. მაშინ სულ სხვა რამ მეგონა არტისტობა. რაც დრო გადის, შენი წარმოდგენები იცვლება პროფესიაზე, მაგრამ რადგან მოვხვდი ამ მორევში, ჩავყევი, ჩავყევი და ახლაც მივყვები ახალი აღმოჩენების მოლოდინში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება