სიახლეები
სამასწავლებლო

რა პროფესია აქვთ საქართველოს სკოლების დირექტორებს და როგორ დაიკავეს ხელმძღვანელის პოზიცია
25-07-2018
-
+


სკოლების მმართველობა ერთ-ერთი რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა განათლების სისტემაში მუდმივი რეფორმები მიმდინარეობს. Etaloni.ge დაინტერესდა, რა პროფესია აქვთ სკოლის დირექტორებს, როგორ მივიდნენ აღნიშნულ პოზიციამდე და რატომ გადაწყვიტეს კონკრეტული თანამდებობის დაკავება. 

ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი დიასამიძე: 1993 წლიდან დირექტორი ვარ. მაშინ ცვლილება მოხდა სკოლაში, კადრი არ იყო და შემომთავაზეს კანდიდატურა დამეყენებინა. პროფესიით ფიზიკოსი ვარ და სკოლაში ამ განხრით საათებიც მაქვს აღებული.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თოხაძე: პროფესიით მათემატიკოსი ვარ. ჩვენი სკოლის დირექტორი უძვირფასესი ადამიანი იყო, რომელსაც ოჯახური პირობების გამო საქართველოდან წასვლა მოუწია. მე დირექტორის მოადგილე გახლდით და ამ პასუხისმგებლობის აღება დამეკისრა. ვაღიარებ, მეშინოდა. მანამდე ვინმეს რომ ეთქვა, სკოლის დირექტორი იქნებიო, ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ, ფაქტის წინაშე დავდექი. სკოლის დირექციის მხრიდანაც ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. ახლა უკვე თითქმის 2 წელი სრულდება, რაც ამ პოზიციაზე ვარ. 

ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მშვიდობაძე: ჩვენი სკოლის დირექტორი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა დირექტორის პოზიციაზე დროებით ვარ. ერთი წელიც არ იქნება ჯერ. პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი გახლავართ და ბავშვებს ახლაც ვასწავლი. 

სასაშის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ონიანი: სპეციალობით მათემატიკოსი გახლავართ. იმ სოფლის სკოლის დირექტორი ვარ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოულოდნელად არ დამიკავებია ეს პოზიცია-გამოცდები და გასაუბრებები გავიარე. კანდიდატურა დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ადამიანური შესაძლებლობებიდან გამომდინარე წარვადგინე. 2007 წლიდან ამ პოზიციაზე ვარ. 

ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე: 2002 წლიდან დირექტორი ვარ. მაშინ უფრო მეტი შემართება და სტიმული მქონდა, მსურდა ჩემი წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში. მასწავლებლობა საპატიო პროფესიაა, მაგრამ მინდოდა საზოგადოებრივი საქმიანობით უფრო დატვირთული ვყოფილიყავი და ჩემი პოტენციალი და სკოლის ხელმძღვანელობის მიმართ შემართება ამომეწურა. ვფიქრობ, რომ შევასრულე ის, რაც მსურდა. სიახლეებს დღემდე მივყვები. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და გაკვეთილებს დღემდე ვატარებ. 

შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუროშვილი: 2001 წელს დავინიშნე სკოლის დირექტორად. შემდგომში გამოცდა ჩავაბარე. სკოლის დირექტორობა ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რიგით მასწავლებლად ვმუშაობდი და ამ პოზიციაზე ჩემი წარდგენა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა. პროფესიით ისტორიკოსი ვარ. 

თელავის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნინა როსტომაშვილი: სკოლაში მასწავლებლად დიდი ხანი ვმუშაობდი. 2007 წელს პირველად ჩავაბარე სკოლის დირექტორთა შესარჩევი გამოცდები წარმატებით, მივიღე სერთიფიკათი, 2011-ში ხელმეორედ ჩავაბარე (გამონთავისუფლებული ვაკანსია იყო), შევიტანე განაცხადი და დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად. 2014 წლიდან არჩეული დირექტორი ვარ. პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი და მოსწავლეებს სკოლაში გაკვეთილებს ვუტარებ. 

ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხმალაძე: პროფესიით გერმანისტი ვარ. 2007 წელს დირექტორების შესარჩევი გამოცდები გავიარე და ჩავაბარე. სკოლაში ჩემი პროფესიით გაკვეთილებსაც ვატარებ. განათლება ნაწილობრივ გერმანიაში მაქვს მიღებული და სპეციალობას არ ვივიწყებ. 

თბილისის N127 საჯარო სკოლის დირექტორი ლია სამადაშვილი: პროფესიით კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორი ვარ, ასევე, დამთავრებული მაქვს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი ფილოლოგიის განხრით. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ იყო ასეთი თანამდებობა-პიონერთა ხელმძღვანელი და ჩემმა სკოლის დირექტორმა სკოლიდან არ გამიშვა, დარჩი ჩვენთან და ამ თანამდებობაზე იმუშავეო. ასე მოხდა ჩემი პროფილის შეცვლა. შემდეგ უკვე ფილოლოგიის კუთხით გადავედი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც ვიყავი, შემდეგ უკვე დირექტორის მოადგილე და ბოლოს-დირექტორი. სკოლის დირექტორობა ისეთი რამ არის, რომ პროფესიას პრაქტიკულად იყენებ. პარალელურად, გაზეთი „წიქარა“ მქონდა, რომელიც საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოდიოდა. ასე, რომ ჩემი პროფესიითაც ვახერხებ დავკავდე. 

მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი სახვაძე:
პროფესიით ისტორიის მასწავლებელი ვარ. დირექტორის პოზიცია რაიონის ხელმძღვანელობამ 1994 წელს შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არ ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, უარი ვერ ვთქვი. დღემდე სკოლის დირექტორი ვარ. ჩემი სპეციალობით სკოლაში გაკვეთილებსაც ვატარებ. 

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ დირექტორი ნინო გერგიძე:
მე ვარ ფილოლოგი, ამ პროფესიით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასპირანტურა დავამთვარე. რაც შეეხება კერძო სკოლის იდეას, 20 წლის წინ გამიჩნდა. ვფიქრობდი, რომ სასწავლო პროცესში რაღაც უნდა შეცვლილიყო. ასე ჩავუდექი ამ საქმიანობას მეუღლესთან ერთად და დღემდე მოვდივართ. 1997 წლიდან დავიწყეთ და 1999 წელს ლიცენზია ავიღეთ.  რაც მიყვარს, იმ საქმეს ვაკეთებ და ვემსახურები. ამით, ვფიქრობ, რომ მიზანს გარკვეულად მივაღწიე. 

ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი: პროფესიით მშენებელ-მეტალურგი გახლავართ. დირექტორობამდე სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი-სამხედრო ფიზკულტურას ვასწავლიდი. შემდეგ გამგეობაში გადამიყავნეს, ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე გახლდით. მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანულ სოფლებში ქართველი დირექტორები არ ჰყავდათ, იქ გათავისუფლდა პოზიცია და მთხოვეს, კანდიდატურა წარმედგინა, რადგან სკოლაში მუშაობის გამოცდილება მქონდა. ასე დავიკავე ეს პოზიცია. უკვე 6 წელია ამ თანამდებობაზე ვარ. 

ოშორის საჯარო სკოლის დირექტორი დავით კობერიძე: 23 წელია დირექტორის პოზიციაზე ვარ. ეს საქმის სიყვარულმა გამოიწვია. პროფესიით მათემატიკოსი გახლავართ. განათლების განყოფილებამ არჩევნები გამოაცხადა და დირექტორად მე ამირჩიეს. ეს ჩემი სურვილი არ იყო. 40 წელზე მეტია ვასწავლი და გაკვეთილებს ჩემი პროფესიით დღემდე ვატარებ. 

იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სოხაძე: დირექტორი 2007 წლიდან გახლავართ. ჩავაბარე შესაბამისი გამოცდები. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ რა მიზანიც მქონდა: სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლის პროცესის გაუმჯობესება და ა.შ.- მიღწეულია. მყავს 4 უფროსი მასწავლებელი, რომლებიც მალე წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ და ასევე 5 პრაქტიკოსი მასწავლებელი გახდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე. 2001 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი-ქიმია-ბიოლოგიას ვასწავლი და გაკვეთილებს დღემდე ვატარებ. 

ჩაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მალვინა ოსეფაიშვილი: პროფესიით ფიზიკოსი ვარ. დირექტორის მოადგილედ ვიყავი დანიშნული, შემდეგ დირექტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა და გამოცდები ჩავაბარე. ამირჩია სამეურვეო საბჭომ. 12 წელია ამ თანამდებობაზე გახლავართ. ჩემი პროფესიით გაკვეთილებსაც ვატარებ. 

წინანდლის საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ჩიკვაიძე:
პროფესიით პედაგოგი ვარ-მათემატიკის სპეციალობით. წინანდალში ვარ დაბადებული და გაზრდილი. უზომოდ მიყვარს ბავშვები, სკოლა და თანამშრომლები. დირექციის შეთავაზება და სურვილიც იყო, რომ ეს პოზიცია დამეკავებინა. 29 წელია რაც სკოლაში ვარ, აქედან 23 წელი სასწავლო ნაწილს წარმოვადგენდი, ხოლო დირექტორის სტატუსი მე-4 წელია მაქვს. ბავშვებს გაკვეთილებსაც ვუტარებ. 

ჭეჭლის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბლიაძე: პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. ჭეჭლის სკოლაში 10 წლის მუშაობის სტაჟი მქონდა, რა დროსაც დირექტორის თანამდებობა ვაკანტური დარჩა და სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა მე ამირჩია. 4 წელია უკვე ეს სტატუსი მაქვს. გაკვეთილებს პროფესიის მიხედვით არ ვატარებ, ახლა ხელოვნებისა და მუსიკის საათები მაქვს აღებული, რადგან დაწყებითი კლასების პედაგოგების საათებზე მასწავლებლები მყავს დატვირთული.

ღორთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი რომან მარკოიძე:
2007 წელს დირექტორის პოზიციაზე განაცხადი შევიტანე და გამოცდები ჩავაბარე. სამეურვეო საბჭომ ამირჩია. ამ თანამდებობით დაინტერესება უკავშირდებოდა ახლის ძიებას, ცხოვრებისეული სირთულეების გადაჭრის სურვილს და ა.შ. ჩვენ მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობთ, რაც პრობლემებს თავისთავად გულისხმობს. ყველასთვის ცნობილია, რომ 2015 წელს ჩვენი სკოლა დაიწვა. აქედან გამომდინარე, მეტი სამუშაო მოგვემატა. კვლავ განახლების პროცესში ვართ. პროფესიით პედაგოგი გახლავართ და მოსწავლეებს გაკვეთილებსაც ვუტარებ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება