| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია კვენეტაძისთვის ხარისიხიან სწავლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს სწავლის სურვილი გაუღვივოს, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა მისცეს და შეცდომებისგან გამოცდილების მიღება ასწავლოს.
15-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის მთავარი საყრდენი მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, მეგობრული გარემო და სწავლების შემოქმედებითი მიდგომებია.
როგორ გეგმავს გაკვეთილს, რა გზებით აღვიძებს ბავშვებში ინტერესს და რატომ მიაჩნია მოსწავლის ბედნიერება მასწავლებლის ერთ-ერთ უმთავრეს ჯილდოდ - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია კვენეტაძე გვესაუბრება.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, პოზიტიური და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობს, რომ მისი შესაძლებლობების სჯერა და მისი წარმატება მნიშვნელოვანია.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეების საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, რათა სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და თითოეული ბავშვისთვის შედეგზე ორიენტირებული.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენს, არამედ სწავლობს ფიქრს, კითხვების დასმას, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შეცდომებისგან გამოცდილების მიღებას. ჩემთვის, როგორც 15-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლისთვის, ნამდვილი წარმატებაა, როდესაც მოსწავლეს უჩნდება სწავლის სურვილი, სჯერა საკუთარი თავის და მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში იყენებს. სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ჩემი შრომა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებას კი არა, მომავალი თაობის განვითარებას ემსახურება.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეების თვალებში დანთებული ინტერესით, გულწრფელი ღიმილითა და აღმოჩენების მოლოდინით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში შევქმნა გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაფასებულად გრძნობს, არ ეშინია შეცდომის დაშვების და აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. მჯერა, რომ საუკეთესო გაკვეთილი ისაა, სადაც მასწავლებელი მხოლოდ ცოდნას კი არ გადასცემს მოსწავლეს, არამედ მასში სწავლის სიყვარულს, ცნობისმოყვარეობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას აღვიძებს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- შემოქმედებით და ინტერაქტიულ მეთოდებს, თამაშით სწავლას, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და ისეთ დავალებებს, რომლებიც მათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებს. როგორც ინგლისური ენის მასწავლებელს, მჯერა, რომ ენის სწავლა ცოცხალი პროცესია, რომელიც მოსწავლემ უნდა იგრძნოს და არა მხოლოდ დაიმახსოვროს. ჩემი მიზანია, თითოეულ მოსწავლეში გავაღვიძო ცნობისმოყვარეობა, შევუქმნა წარმატების განცდა და დავანახო, რომ სწავლა შესაძლებლობების სამყაროს კარს უხსნის.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ჩემი 15-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, ყველაზე კარგად ვიცი, რამდენად დიდ ძალას ფლობს მასწავლებლის ერთი თბილი სიტყვა, გულწრფელი შექება და ბავშვის შესაძლებლობების რწმენა. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა მოსწავლის თვალებში დანახული სიხარული, მისი გულწრფელი ღიმილი და ის სიყვარული, რომელსაც ბავშვები თავიანთი გულწრფელობით გამოხატავენ. სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ჩემი შრომა ნამდვილად ფასობს, რადგან მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდო არა მხოლოდ მოსწავლის წარმატება, არამედ მისი ბედნიერება და ის სიყვარულია, რომელიც წლების შემდეგაც რჩება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება