| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში.
ისტორიის, რწმენისა და სამშობლოს სიყვარულს მიეძღვნა IIIბ კლასის მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტი თემაზე - „სამშობლოს სიყვარული“, რომელის კლასის ხელმძღვანელის - ირმა ბებიას თაოსნობით განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, არსებობს გაკვეთილები, რომელთა მნიშვნელობასაც საკლასო ოთახის კედლები ვერ იტევს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ცოდნას პირად განცდად აქცევს, ისტორიას აცოცხლებს და ბავშვთა გულებში სამშობლოს სიყვარულს კიდევ უფრო აღრმავებს.
სწორედ ასეთი აღმოჩნდა IIIბ კლასის საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიული წარსულის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება იყო.
ლიტერატურული ნაწარმოებებითა და ციხე-კოშკებზე მოთხრობილი ამბებით შთაგონებული მოგზაურობა ნამდვილ შემეცნებით თავგადასავლად იქცა. თითოეულმა მონახულებულმა ადგილმა მოსწავლეებს ახალი საფიქრალი გაუჩინა და კიდევ ერთხელ დაანახა, რომ სამშობლოს სიყვარული მისი ისტორიის ცოდნით, ფესვების პატივისცემითა და ეროვნული ღირებულებების დაცვით იწყება.
სარფში, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედზე, საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილ ქართულ მიწებსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაო-კლარჯეთს, ფერეიდნელ ქართველებსა და საინგილოს - ქართული ისტორიისა და კულტურის იმ მნიშვნელოვან კერებს, რომელთა ხსოვნა ჩვენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია.
ამ საუბარმა ბავშვებში კიდევ უფრო გააღრმავა ინტერესი ისტორიული საქართველოს მიმართ და გულწრფელი სურვილი გაუჩინა, ერთ დღეს თავად მოინახულონ ტაო-კლარჯეთი და საკუთარი თვალით იხილონ ჩვენი წარსულის მნიშვნელოვანი კვალნი.
მოგზაურობის სულიერი ნაწილი წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მონახულებით გაგრძელდა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენი ქვეყნის სულიერ მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს რწმენის მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში.
შემდეგი გაჩერება ისტორიული გონიოს ციხე იყო - უძველესი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც საქართველოს წარსულის მრავალ მნიშვნელოვან ამბავს ინახავს. მოსწავლეებმა მოისმინეს გადმოცემა წმინდა მოციქულ მატათას წმინდა ნაწილების შესახებ და ისტორიული ძეგლის გარემოში კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულს.
დღის დასასრულს ბავშვებმა ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმს - „ბორჯღალოს“ - თავიანთი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ესტუმრნენ. მუზეუმის დამფუძნებელმა, ქემალ თურმანიძემ, პირადად უმასპინძლა მოსწავლეებს, ესაუბრა მათ და ქართული ყოფისა და ტრადიციების მრავალფეროვანი სამყაროს გაცნობაში დაეხმარა.
„ამ დღეს ისტორია ცოცხალ გამოცდილებად იქცა, ლიტერატურა - შთაგონების წყაროდ, რწმენა - სულიერ საყრდენად, ხოლო სამშობლოს სიყვარული - იმ ღირებულებად, რომელიც თითოეული ბავშვის გულში უნდა იზრდებოდეს.
ჩვენი ისტორია ჩვენი ფესვებია, ჩვენი ენა - ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველი, ჩვენი კულტურა კი ის მემკვიდრეობაა, რომელსაც მომავალ თაობებს ვაბარებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან III ბ კლასის მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელს - ირმა ბებიასა და მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„სწორედ ერთობლივი ძალისხმევით იქმნება ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ცოდნასთან ერთად ბავშვებს პასუხისმგებლობას, პატრიოტიზმსა და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს უღვივებს. ვზრდით თაობას, რომელმაც უნდა იცოდეს თავისი წარსული, დააფასოს აწმყო და ღირსეულად შექმნას საქართველოს მომავალი!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება