მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცუდი ყოფაქცევის გამო კლასში ჩატოვების საფრთხე და პედაგოგის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმა - მსგავსი რეგულაციებით იცავს ევროპის სხვადასხვა ქვეყანა პედაგოგებს მოსწავლეთა აგრესიისგან, თუმცა რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? - თამამად ვიტყვით - არაფერი! მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული ბერკეტი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არ არსებობს. არადა, მასწავლებლებისგან არცთუ ხშირად გვსმენია, მხოლოდ მოსწავლეთა უფლებებზე საუბრობენ, ჩვენ კი კანონის წინაშე დაუცველები ვართო...
რეალობაა, რომ სასკოლო წრეებში მოსწავლეთა ყოფაქცევის საკითხი ყოველთვის აქტუალურია. სხვადასხვა მიზეზის გამო, ახალგაზრდების ნაწილი წესებს არღვევს, საგაკვეთილო პროცესს შლის ან უპატივცემულობას გამოხატავს, რაც დომინოს პრინციპით, სხვა მოსწავლეებზეც აისახება ხოლმე. სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური კითხვა - უნდა იწერებოდეს თუ არა ნიშანი ყოფაქცევაში? - რომელსაც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები პასუხობენ.
თინათინ ყულუმბეგაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, ყოფაქცევა ნიშნით არ უნდა ფასდებოდეს, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ბავშვები ზრდილობიანები, კულტურულები უნდა იყვნენ. მათ უფროსების, თანაკლასელების, უმცროსების პატივისცემა უნდა შეეძლოთ. თუ ბავშვს ყოფაქცევის მიხედვით, დადებითად ვერ დავახასიათებთ, რა თქმა უნდა, ის წარმატებული სწავლაშიც ვერ იქნება. ეს მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. ბავშვები თავიანთ უფლებებს კარგად იმახსოვრებენ, თუმცა ზოგჯერ, მოვალეობები ავიწყდებათ. ჩემი აზრით, თუ მოსწავლემ არ იცის, რა ევალება, ის ვერც ყოფაქცევაში იქნება სანიმუშო და ვერც სწავლაში.
ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ყოფაქცევაში ნიშანი არ უნდა იწერებოდეს, თუმცა ადრე იყო ასეთი შეფასება - დამაკმაყოფილებელი, კარგი და სანიმუშო. ასეთი სიტყვიერი შეფასებების არსებობას მივესალმები და ის, რომ ქულები იწერებოდეს, ნამდვილად არაა მისაღები. ყოფაქცევა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე, როგორც დირექტორი ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობ - ვცდილობ, მათი ყოფაქცევა ვაკონტროლო, ასევე გაკვეთილზე დაგვიანებები. სკოლაში უსაფრთხოებას პედაგოგიური გუნდი უზრუნველყოფს. არიან მორიგე მასწავლებლები, რომლებსაც თავიანთი სართულები აქვთ ჩაბარებული და ამ მხრივ, მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ. ყოფაქცევა უკვე უსაფრთხოებასთან ასოცირდება. განსაკუთრებით რთულია გარდატეხის ასაკის მოსწავლეების მართვა და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ.
ირმა გიორგაძე, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
როდესაც მოსწავლე ვიყავი, სკოლაში იყო შეფასების სისტემა - კარგი, დამაკმაყოფილებელი, სანიმუშო... ყოფაქცევასთან დაკავშირებით, ჩემი დამოკიდებულება მაქვს. დღეს ბავშვების ნაწილს ქცევითი დარღვევები აღენიშნება და შესაბამისად არ მიმაჩნია სწორი რომ მათი შეფასება ამ კუთხით ხდებოდეს. ჩემი აზრით, ყოფაქცევაში ნიშანი ამ ბავშვების საკითხს კიდევ უფრო გაამწვავებდა. მოსწავლე თვითონ უნდა გრძნობდეს, რომ წესებს არღვევს. ადრე სკოლა უფრო ავტორიტეტული იყო და მოსწავლე სანიმუშოდ თუ არა, დამაკმაყოფილებლად იქცეოდა. დღეს კი, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები წესებს, წესრიგს არღვევენ და ასეთი მაგალითი ბევრია.
ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ყოფაქცევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს საკითხი ნიშნით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა შეიძლება, რომ სიტყვიერი კომენტარები იწერებოდეს. მაგალითად, კარგი, დამაკმაყოფილებელი, საშუალო და ა.შ. ჩემს სკოლაში, ამ მხრივ, კარგი ვითარებაა, გვყავს ცელქი ბავშვები, თუმცა უზრდელები ნამდვილად არ არიან. ზოგადად, სიცელქე ყველა ბავშვის თანმდევი თვისებაა.
ზალიკო მაისურაძე, თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი:
აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ადრე, როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ყოფაქცევაში ნიშანი იწერებოდა, შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა. ჩემი აზრით, ნიშანი ახლაც რომ იწერებოდეს, კარგი იქნებოდა. ასე გამოიკვეთებოდა, კონკრეტულ ბავშვებს რა საკითხებზე სჭირდებათ მუშაობა და რა არის გამოსასწორებელი. ზოგადად, ეს საკითხი სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს განაპირობებს.
ავთანდილ ვანაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ახლა ნიშანს სპორტში აღარ წერენ და ყოფაქცევაში, ჩემი აზრით, ზედმეტი იქნებოდა. ზოგადად, ყოფაქცევა და აღმზრდელობითი მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიშნის დაწერა მართებული არ მგონია. ვფიქრობ, სკოლა და ოჯახია ვალდებული, ამ საკითხზე იზრუნონ. ამიტომ ხდება, რომ მშობელთა კრებებზე ამ საკითხებსაც ვეხებით. ჩვენთან ძალიან კარგი ბავშვები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო წესებს არ არღვევენ და ამ გამოწვევის წინაშე არ ვდგავართ.
დათო კუტივაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
რასაკვირველია, სასკოლო ცხოვრებაში ყოფაქცევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და კომპონენტია. ამავდროულად, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ყოფა-ქცევა ნიშანზე არ უნდა მოქმედებდეს და მე ამას ვეთანხმები. ადრე იყო ნიშნისა და შეფასების საკითხი, რაც ვფიქრობ, რომ მოძველებულია. ადამიანები არც ფიზიკურად ვგავართ ერთმანეთს და შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნული თვისებები გვქონდეს. ჩემს სკოლაში, ამ მხრივ, კარგი მდგომარეობაა. სასკოლო საზოგადოებაში არავითარი ბულინგი არ იგრძნობა და მეგობრული გარემოა ჩამოყალიბებული.
ცისანა ჩარკვიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, რაიმე შეფასება უნდა იყოს, რადგან ადრე ყოფაქცევას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა და ეს ძალიან კარგი იყო. დღესდღეობით, ეს მიდგომა შეცვლილია და მოსწავლეთა ქცევაზეც აისახა. რასაკვირველია, საკითხი სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 9 ბავშვი გვყავს და საბედნიეროდ, ყოფაქცევის მიმართულებით, არავითარი პრობლემა არ გვაქვს.
მზია ქორიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყოფაქცევაში, ალბათ, ნიშანი არ უნდა იწერებოდეს, თუმცა მოსწავლეები კომენტარით უნდა ფასდებოდნენ. ეს მოსწავლეთა ქცევასა და მოტივაციაზე აისახება. როდესაც მათი დადებითი ქმედება წახალისდება, სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი, რომ ასევე მოიქცნენ. კომენტირება და ქცევის წესების დარეგულირება აუცილებელია. ჩემს სკოლაში მსგავსი გამოწვევა არ დგას, ბევრნი არ ვართ - მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს. სკოლაში ჩაგვრა, ბულინგი და მსგავსი ქცევები არ შეინიშნება. აქ მოსწავლეები და მასწავლებლები ძალიან კეთილგანწყობილები არიან.
ნანა ქაფიანიძე, ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ქცევაში ნიშანი ნამდვილად არ უნდა იწერებოდეს, ამგვარი შეფასება რა შუაშია. ადრე, ჩემს ბავშვობაში მახსოვს, რომ იწერებოდა - დამაკმაყოფილებელი, საშუალო და კარგი. რაიმე ამის მსგავსი რომ იყოს, ალბათ, კარგი იქნებოდა. შეიძლება ბავშვი კარგად სწავლობდეს, თუმცა კარგი ქცევით არ გამოირჩეოდეს და ეს პირიქითაც შეიძლება იყოს. მე მყავდა მოსწავლე, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, ერთი გაკვეთილიც არ გაუცდენია, თუმცა კარგად ვერ სწავლობდა. წახალისების მიზნით კი, დავაჯილდოვეთ, როგორც ყოფაქცევაში სანიმუშო მოსწავლე. ეს კლასის მოტივაციაზეც აისახა, ბავშვები მიხვდნენ, რომ მხოლოდ სწავლა არაა ყველაზე მთავარი. ჩემს მოსწავლეებს ამას ვეუბნები - ქუჩაში რომ მიდიხართ, შუბლზე არ გაწერიათ, ათოსნები ხართ თუ ხუთოსნები. ადამიანში მთავარი ზრდილობა და კულტურაა. ჩვენს სკოლაში გაკვეთილზე რომ შევდივართ, მოსწავლეები წამოდგებიან ხოლმე და გვესალმებიან, შემდეგ ვეუბნებით - დაბრძანდით და გაკვეთილი მერე იწყება.
თამარ მარგველანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, ყოფაქცევაში ნიშანი არ უნდა იწერებოდეს. ეს საკითხი სასკოლო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოსწავლეთა ქცევის გამოსასწორებლად სხვადასხვა საშუალება არსებობს. არის ლიტერატურაც, რითაც შეიძლება ბავშვებს დავეხმაროთ და სწორი მიმართულება მივცეთ. ჩვენს სკოლაში მეგობრული გარემოა, ძალიან ცოტანი ვართ და ოჯახივით ვართ. მსგავსი პრობლემა, საბედნიეროდ, არ გვაქვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები